Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მკვლელების მფარველობა: პროკურატურის როლი პარლამენტშიც აინტერესებთ


მარცხნიდან: ოთარ კახიძე, სერგი კაპანაძე და ელენე ხოშტარია
მარცხნიდან: ოთარ კახიძე, სერგი კაპანაძე და ელენე ხოშტარია

პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი და ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე არაერთხელ ახსენეს იმ შეხვედრის მონაწილეებმა, რომელიც 7 ივნისს პარლამენტში გაიმართა. ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის რამდენიმე წევრი ხუთშაბათს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებოდნენ. მხარეები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ და ითქვა, რომ კომისია გამოააშკარავებს ყველა იმ პირს, რომელმაც გამოძიების ხელშეშლითა და რეალური დამნაშავეების დაფარვით თავადაც ჩაიდინეს დანაშაული. კომისიის მიერ დასაკითხ პირთა შორის შესაძლოა ვიხილოთ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

7 ივნისს წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების 20-ზე მეტ წარმომადგენელს „ევროპული საქართველოს“ იმ წევრებმა უმასპინძლეს, რომლებიც დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობაში არიან და მათ შორის იყო კომისიის თავმჯდომარე, ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე. მხარეები შეთანხმდნენ აუცილებლობაზე, რომ საგამოძიებო პროცესი გამჭვირვალე იყოს და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი დაკმაყოფილდეს.

პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის მირზა სუბელიანის გვარი შეხვედრის თითქმის ყველა მონაწილემ ახსენა. ეს სწორედ ის პირია, რომლის შვილიც მონაწილეობდა ხორავას ქუჩასთან დაკავშირებული მოვლენების საწყის ეპიზოდებში, ხოლო მისი მეუღლის დისშვილი უშუალოდ მკვლელობის ადგილასაც იყო და არასრულწლოვანმა სასამართლოზე რამდენჯერმე შეცვალა თავისი ჩვენება. მირზა სუბელიანს გამოძიების ხელშეშლასა და კვალის დაფარვაში მხოლოდ დაზარალებული მხარე არ ადანაშაულებს.

მირზა სუბელიანის სავარაუდო დანაშაულებრივ აქტიურობაზე, რომელიც, დიდი ალბათობით, ყოფილი მთავარი პროკურორისთვისაც იყო ცნობილი, „ადამიანის უფლებათა ცენტრიც“ ლაპარაკობს. სწორედ ამ ორგანიზაციიდან არის ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანი დავით სარალიძის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე. „ადამიანის უფლებათა ცენტრიდან“ 7 ივნისის შეხვედრაში მონაწილეობდა ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, კვალი შესაძლოა ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტამდეც მივიდეს, რადგანაც მირზა სუბელიანი აშკარად ფლობდა რაღაც ბერკეტს, რომლის გამოც მას წინ ვერავინ აღუდგა.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს აქვთ მოლოდინი, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობამ შესაძლოა რეალური შედეგები მოიტანოს. მესამე სექტორის წარმომადგენლები გარკვეული პერიოდულობით შეხვდებიან კომისიის წევრებს და ისინი შესაძლოა კომისიის ფარგლებში შექმნილ ჯგუფებშიც ჩაერთონ.

კომისია პირველ, ტექნიკური ხასიათის, სხდომას 8 ივნისს გამართავს. მანამდე კი მოსამზადებელ პროცესში კომისიის თავმჯდომარე, ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე, არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, 7 ივნისს უკვე შეხვდა ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანი დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს, მის ადვოკატსა და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას. როგორც დაზარალებულისგან, ასევე ომბუდსმენისგან, დროის მოგების მიზნით, კომისიამ უკვე დაიწყო საქმის მასალების გამოთხოვაც.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG