Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგანგებო მდგომარეობა და პაციენტების გზა ოკუპირებული აფხაზეთიდან


ენგურის ხიდი
ენგურის ხიდი

COVID-19-ის მასობრივად გავრცელების შესაჩერებლად, საქართველოს მთავრობამ სამეგრელოს რეგიონში კონტროლი 29 მარტიდან გაამკაცრა. ერთ მიზეზად დასახელდა მოქალაქეების ნაწილის მიერ საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული შეზღუდვების იგნორირება და მეორე მიზეზად „აფხაზეთის რეგიონში გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება“. ზომების გამკაცრებიდან რამდენიმე საათში, 29 მარტს ღამით, ზუგდიდის ინფექციურმა საავადმყოფომ მიიღო ცნობა, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან მოჰყავთ პირველი პაციენტი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით.

პაციენტი გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრი 50 წლის ქალია, რომელიც რუსეთიდან აფხაზეთში 29 მარტს დაბრუნდა. „სიცხე ჰქონია მოსკოვშიც, წამოსულა და სოჭში დახვედრია ძმისშვილი, იმან ჩამოიყვანა და პირდაპირ გადაიყვანა ზუგდიდში ისე, რომ არავისთან შეხება არ ჰქონია“, - უამბო რადიო თავისუფლებას გალელმა რესპონდენტმა, რომლის ვინაობას მისივე უსაფრთხოების მოტივით არ ვასახელებთ.

შემოყვანილია ჩივილებით: ცხელება, ხველა. ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია. მასალა გაგზავნილია ლაბორატორიაში კვლევის მიზნით. პაციენტი ჩამოსულია მოსკოვიდან.
ლალი დარახველიძე

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, პაციენტი თავდაპირველად ოკუპირებული საბერიოს ამბულატორიაში მიიყვანეს, საიდანაც ადგილობრივი ექიმის ინიციატივით მოხდა მისი გადაყვანა საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.

პაციენტი საბერიოს სასწრაფო დახმარების მანქანამ მიიყვანა სოფელ ფახულანთან, სადაც მას უკვე სამეგრელოს რეგიონის სასწრაფო დახმარების მანქანა ელოდებოდა.

„შემოყვანილია ჩივილებით: ცხელება, ხველა. ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია. მასალა გაგზავნილია ლაბორატორიაში კვლევის მიზნით. პაციენტი ჩამოსულია მოსკოვიდან. ის არ აღნიშნავს ვინმესთან კონტაქტს“, - უთხრა 30 მარტს, დღისით მედიას ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა ლალი დარახველიძემ.

30 მარტს, დღის ბოლოს პაციენტს COVID-19-ით ინფიცირება დაუდასტურდა.

რადიო თავისუფლებას გალში მცხოვრებმა რესპონდენტმა შეატყობინა, რომ ოკუპირებული რეგიონიდან დანარჩენ საქართველოში გამომგზავრება სურდა კიდევ ერთ ქალს, რომელსაც ასევე ჰქონდა ცხელება და ხველა, თუმცა ის ე.წ. მესაზღვრეებმა არ გაატარეს. ინფორმაცია ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა ექიმმა ლალი დარახველიძემ: „ორნი მოდიოდნენ. აქედან ერთი გადაიყვანეს სოხუმის საავადმყოფოში, მეორე კი ჩვენთან“.

ოკუპირებული გალის რაიონიდან დანარჩენ საქართველოში გადმოსვლა მოქალაქეებს მხოლოდ ჯანდაცვის სერვისების მისაღებად არ სურთ. დიდი ნაწილი პენსიას სამეგრელოს რეგიონში იღებს, შემწეობის თანხასაც და პროდუქტს და მედიკამენტებსაც ძირითადად იქ ყიდულობს. გალელი რესპონდენტი გვეუბნება, რომ 14 მარტის შემდეგ, როცა დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვარი დაკეტა, იზოლაციაში აღმოჩნდნენ: „გარეთ ვერავის ვერ ნახავ, მოძრაობა არ არის, ბაზარი დაკეტილია, მაღაზიებიც დაკეტილია და ამას როგორ უნდა გავუძლოთ?! რომც გააღონ, რით ვიყიდით?! პენსია ჩვენთვის აღარ არის და არაფერი“.

საოკუპაციო ხაზზე რუსი სამხედროების მიერ გამკაცრებული კონტროლის მიუხედავად, მოქალაქეთა ნაწილი შემოვლითი გზით სამეგრელოს რეგიონში გადასვლას მაინც ახერხებს. ასეთი უკონტროლო მოძრაობა კი, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გათვალისწინებით, საზიანო ხდება. ამიტომ, ქართულმა პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიის კონტროლიც გააძლიერა. ზუგდიდის მერის გიორგი შენგელიას ინფორმაციით, „აფხაზეთიდან ზუგდიდში გადმოსული ყველა მოქალაქე ჯერ გადის თვითიზოლაციას და თუ საჭირო იქნება, კარანტინს. 2 კვირის შემდეგ კი, მათ თავისუფლად გადაადგილება შეუძლიათ“.

XS
SM
MD
LG