Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სადავო მატჩი ბაქოში


ჰენრიხ მხითარიანი
ჰენრიხ მხითარიანი

უსაფრთხოების ოფიციალური გარანტიის მიუხედავად, ფეხბურთელი ჰენრიხ მხითარიანი არ აპირებს ჩასვლას ბაქოში - ქალაქში, სადაც 29 მაისს იმართება ლონდონის ორი კლუბის, „არსენალისა“ და „ჩელსის“, მატჩი.

არადა, მხითარიანის რანგის სპორტსმენსაც კი იშვიათად თუ ეძლევა შანსი, ითამაშოს უეფას ევროპის ლიგის ფინალში. რატომ აირჩია უეფამ მატჩის მასპინძლად აზერბაიჯანი - ქვეყანა, ადამიანის უფლებების დამრღვევის რეპუტაციითა და მეზობელ სომხეთთან მოუგვარებელი კონფლიქტით?

კონფლიქტის კვალი

„შეგვიძლია გავუგზავნოთ კერძო თვითმფრინავი ორი F16, საბრძოლო თვითმფრინავის თანხლებით... სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი? არ ვიცი, კიდევ რა გავაკეთოთ?“, - გაოცებული ეკითხებოდა აზერბაიჯანის სპორტის მინისტრი აზად რაჰიმოვი CNN-ის ტელეწამყვანს.

ცალკე აზერბაიჯანის მთავრობის წევრები, ცალკე უეფა (ევროპული ფეხბურთის ფედერაციათა ასოციაცია) ამაოდ ცდილობდნენ 30 წლის სომეხი ფეხბურთელის დარწმუნებას, გამგზავრებულიყო ფინალში მონაწილეობის მისაღებად. გასულ კვირაში მხითარიანმა გამოაცხადა, რომ „მძიმე გადაწყვეტილება“ მიიღო, რომ ძალიან სწყდება გული და რომ თანაგუნდელებს უქომაგებს.

საქართველოს სამხრეთკავკასიელი მეზობლები ათწლეულებია ვერ აგვარებენ ტერიტორიულ უთანხმოებას. აზერბაიჯანში შემავალი რეგიონის, მთიანი ყარაბაღის გარშემო სისხლისმღვრელი კონფლიქტითა და ასიათასობით ადამიანის ლტოლვილებად ქცევით დაგროვილი წყენა, უნდობლობა ხელს უშლის ორი ქვეყნის ერთმანეთთან დაახლოებას, თანამშრომლობას.

ბოიკოტი - ხო თუ არა?

თუმცა სომეხ სპორტსმენებს არაერთხელ უასპარეზიათ აზერბაიჯანში. ასე იყო, მაგალითად, 2015 წელს, როცა ევროპულ თამაშებში მონაწილეობა მიიღო 25-მა სომეხმა ათლეტმა.

სტადიონზე გამაყრუებელი სტვენა ატყდა, როცა სომეხ მოჭიდავე მიჰრან ჰარუთიუნიანს ვერცხლის მედალი ერგო, მაგრამ საქმეში თვით აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ჩაერია: მან საკუთარი ხელით დაჰკიდა მედალი ჰარუთიუნიანს და სტადიონს მოუწოდა, პატივისცემა გამოეჩინა ათლეტების მიმართ.

მხითარიანი ბოიკოტს ამჯობინებს: ის უკვე მესამედ ამბობს უარს ბაქოში თამაშზე.

გაერთიანებულ სამეფოში აზერბაიჯანის ელჩის ტაჰირ თაგიზადეჰის აზრით, მხითარიანი რასაც აკეთებს, არის სპორტის პოლიტიკური მესიჯისთვის გამოყენება. სხვები კი ფიქრობენ, რომ სომხეთის ისტორიაში ეს ერთ-ერთი საკუეთესო ფეხბურთელი სწორად იქცევა: მან არაფერი უნდა გარისკოს და არც დისკომფორტი შეიქმნას, როცა ფეხბურთის თამაში უწევს.

საფიქრალი ფეხბურთის მოყვარულისთვის

„წასვლა აზერბაიჯანში, როგორც წასვლა ნებისმიერ სხვა ავტორიტარულ ქვეყანაში, საბოლოოდ ... პირადი გადაწყვეტილებაა“, ასე ფიქრობს რონან ევენი, ორგანიზაცია „ფეხბურთის ევროპელ მხარდამჭერთა“ მმართველი.

მისი აზრით, უეფამ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა ფეხბურთელებიც და მათი გულშემატკივრებიც, რადგან, ერთი მხრივ, მიდიხარ იმისათვის, რომ მატჩით სიამოვნება მიიღო და, მეორე მხრივ, არ გინდა თვალი დახუჭო ეთიკურ პრინციპებზე, არ გინდა იდარდო უსაფრთხოებაზე.. ეს არის პრობლემა, როცა მატჩს მართავ ქვეყანაში, რომელშიც ადამიანის უფლებების მხრივ ისეთი ვითარებაა, როგორიც აზერბაიჯანში“, ამბობს ევენი.

მან იცის, რომ როგორც მხითარიანის „არსენალის“, ისე მოწინააღმდეგე „ჩელსის“ ათასობით გულშემატკივარმა გადაწყვიტა ბაქოში არ გაფრინდეს ბილეთების სიძვირის, მოუხერხებელი რეისებისა და დაბინავების სირთულის გამო. თითოეულ გუნდს გაუყიდავი დარჩა მათთვის განკუთვნილი 6000-მდე ბილეთი.

„ჩელსი“ უჩივის ბაქოში „ჩარტერული ავიარეისების“ არარსებობას, არასაკმარის რეისებს მატჩამდე და მატჩის შემდეგ. აზერბაიჯანელმა ოფიციალურმა პირებმა „ჩელსის“ ქომაგებს ალტერნატივად თბილისი შესთავაზეს - საქართველოში ჩაფრენა და ღამის მატარებლით 12-საათიანი მგზავრობა ბაქოში. „ჩელსის“ აღტაცება არ ეტყობა.

ბრიტანელები უჩივიან ვიზების მიღების პროცედურებსაც. ნაწილი სოციალურ მედიაში წერს, რომ ვიზაზე უარი მიიღეს მარტო იმიტომ, რომ სომხური გვარები აქვთ. უნდა ითქვას, რომ ეს განცხადებები დამოუკიდებელ წყაროებს არ დაუდასტურებიათ.

უეფა ახალ საფეხურზე?

აზერბაიჯანი 3 საერთაშორისო საფეხბურთო შეხვედრას უმასპინძლებს 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, რის შემდეგაც, ევენის აზრით, შესაძლოა ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდეს.

უეფამ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მოთხოვნებიც შეიტანა მასპინძლობაზე განაცხადისათვის აუცილებელ კრიტერიუმებს შორის. ამდენად, ქვეყანას, რომელსაც ევროპის ლიგის ფინალის ან ევროპის ჩემპიონატის მატჩის ჩატარება სურს, მოუწევს ადამიანის უფლებების მხრივ გარკვეული სტანდარტების დაცვა. „ჩემი აზრით, აზერბაიჯანი ასეთ მოთხოვნებს ვერ შეასრულებდაო“, ამბობს ევენი.

მოლოდინი

სხვათა შორის, 2 წელიწადში შესაძლოა თბილისში გაიმართოს ევროპის ლიგის ფინალური მატჩი - ამ დღეებში გაირკვევა, რომელი ქალაქები უმასპინძლებენ 2021 წლის ევროპული საკლუბო ტურნირების ფინალებს. თბილისს, მართალია, ძლიერი კონკურენტები ჰყავს ვენისა და სევილიის სახით, მაგრამ, ალბათ, არც უშანსოდაა მას შემდეგ, რაც 2015 წელს „დინამოარენაზე“ უმასპინძლა სუპერთასის მატჩს „ბარსელონისა“ და „სევილიის“ მონაწილეობით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG