Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტი სადიგოვი იმავე საქმეზე დააკავეს, რაზეც სტრასბურგს აკრძალული ჰქონდა ექსტრადიცია

აფგან სადიგოვის სავარაუდო დაკავების შესახებ 8 ივნისს საღამოს ექვსი საათისთვის გაავრცელა ინფორმაცია მისმა მეუღლემ, სევინჯ სადიგოვამ.
აფგან სადიგოვის სავარაუდო დაკავების შესახებ 8 ივნისს საღამოს ექვსი საათისთვის გაავრცელა ინფორმაცია მისმა მეუღლემ, სევინჯ სადიგოვამ.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი, რომელიც საქართველოდან გააძევეს, აზერბაიჯანში დააკავეს იმაზე საქმეზე, რომლის საფუძველზეც მის ექსტრადიციას ითხოვდნენ, - აცხადებს მისი ადვოკატი, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორი თამთა მიქელაძე.

აფგან სადიგოვის სავარაუდო დაკავების შესახებ 8 ივნისს საღამოს ექვსი საათისთვის გაავრცელა ინფორმაცია მისმა მეუღლემ, სევინჯ სადიგოვამ. მისი თქმით, იგი სამოქალაქო ტანისამოსში გამოწყობილმა რამდენიმე ნიღბიანმა პირმა წაიყვანა, თუმცა არაფერი განუმარტავთ.

მოგვიანებით აზერბაიჯანში რაიონულმა სასამართლომ სადიგოვის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო.

9 ივნისს მისი ინტერესების დამცველმა, თამთა მიქელაძემ დაწერა, რომ აფგან სადიგოვის პატიმრობა ოფიციალურად დადასტურდა.

„იმავე საქმეზე დააკავეს“

ადვოკატის ცნობით, „იმავე საქმეზე, რომლის საფუძველზეც აზერბაიჯანი მის ექსტრადიციას ბაქოში ითხოვდა“, აზერბაიჯანმა გამოძიება და დევნა განაახლა, - „თითქოს დაზარალებულის მიერ სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველზე“.

„აპრილის დასაწყისში აზერბაიჯანის ოფიციალური პოზიცია იყო, რომ ამ საქმეზე ჟურნალისტის მიმართ გამოძიება და დევნა შეწყვეტილი იყო და, შესაბამისად, ექსტრადიციის მოთხოვნაც შეჩერდა, რადგან ამის სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობდა.

ახლა კი, აზერბაიჯანში დეპორტაციიდან 65 დღეში, ის იმავე საქმეზე, იმავე საფუძვლით დააკავეს“, - წერს ჟურნალისტი.

აფგან სადიგოვი 5 აპრილს, დილის საათებში გააძევეს საქართველოდან.

„წინასწარ დაგეგმილი სპეცოპერაცია“

თამთა მიქელაძის შეფასებით, გარემოებები აჩვენებს, რომ „ეს პროცესი წინასწარ დაგეგმილი, კოორდინირებული და ფაბრიკაციული სპეცოპერაცია იყო, რომელშიც „ქართული ოცნების“ რეჟიმიც ღიად მონაწილეობდა“.

„შეგახსენებთ, რომ მანამდეც აფგან სადიგოვი ამ საქმეზე არაერთხელ შეაჩერა აზერბაიჯანის პოლიციამ და ყოველ ჯერზე ჰპირდებოდნენ, რომ ეს ტექნიკური პრობლემა იყო და მისი შეჩერების მიზეზი მხოლოდ ის გახლდათ, რომ ბაზებში მონაცემები უნდა განახლებულიყო“, - წერს მიქელაძე.

26 მაისს, ნაშუაღამევს აფგან სადიგოვმა, რომელიც ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდა, ფეისბუკზე დაწერა, რომ ქვეყნის დატოვების საშუალება არ მისცეს:

„ქვეყნის დატოვება აკრძალული მაქვს. საბაჟოზე მითხრეს, რომ ეს აკრძალვა რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არის დაწესებული“, - დაწერა მან.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის დალოდებაც კი არ მოინდომა აზერბაიჯანმა და ორ თვეში ჟურნალისტი იმავე საქმეზე, იმავე საფუძვლით დააკავა“, - წერს მიქელაძე.

აფგან სადიგოვი საექსტრადიციო მიზნით საქართველოში რამდენიმეთვიან პატიმრობაშიც იყო. ის ამ მიზნით 2024 წლის 4 აგვისტოს დააკავეს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრესასთან ურთიერთობის სამსახურმა რადიო თავისუფლებას 8 აპრილს განუცხადა, რომ 2025 წელს საქართველოს მთავრობას აცნობეს, - აზერბაიჯანელი დისიდენტი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი საქართველოდან აზერბაიჯანში არ უნდა გაიყვანონ საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე.

შს სამინისტროს დასაბუთება

მანამდე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ:

  • „აზერბაიჯანის პროკურატურამ გამოიყენა დისკრეციული უფლებამოსილება და იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც სტრასბურგის სასამართლოს გაცემული ჰქონდა დროებითი ღონისძიება, სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა”;
  • „შესაბამისად, საქართველოშიც შეწყვეტილია ყოველგვარი საექსტრადიციო პროცედურები“;
  • „ამავდროულად, სადიგოვმა ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელიც სახდელის სახით, ჯარიმასთან ერთად, ითვალისწინებს საქართველოდან გაძევებას“.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები სავალდებულოა და მათი უგულებელყოფა შესაძლოა, სახელმწიფოსთვის საერთაშორისო პასუხისმგებლობის საფუძველი გახდეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG