Accessibility links

logo-print logo-print

სად წავიდა ბატონი ბიძინა


ტელეკომპანია “იმედი” ოკუპაციის 100 წლისთავს აღნიშნავს; ეთერში იწვევს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის თანამშრომელს, ირაკლი ხვადაგიანს. ელოდება, რომ ირაკლი ისაუბრებს დაკარგულ ისტორიაზე, 37 წელზე, რეპრესიებზე, სტალინზე. მაგრამ ისტორიკოსი “კარტოგრაფების საქმეს” იხსენებს. “მოდით, წარმოვადგინოთ სიუჟეტი”, აწყვეტინებს წამყვანი... ანუ არ გვინდა აწმყოზე საუბარი, ამისთვის არ მოგვიწვევიხართ, გადავიდეთ წარსულზეო.

ჩაუშალა ხვადაგიანმა “იმედს” წარსულის, როგორც დასრულებული ისტორიის განხილვის გეგმა. ჩაუშალა გამიჯვნა ისტორიისგან. სახელისუფლებო გზავნილები “რა დროს რუსეთია”, “რა დროს საბჭოთა კავშირია”, ირაკლი ხვადაგიანმა სახელისუფლებო ტელევიზიის სტუდიაში დაშალა და გააცამტვერა. ახლა “იმედი” იძულებული გახდება ოკუპაციის 100 წლისთავი (“მეოცნებეები” თურმე სიტყვა “ოკუპაციას” უკვე ცვლიან სიტყვით “გასაბჭოება”... ასე უფრო ნაკლებად გაღიზიანდება მეზობელი?) სხვა ისტორიკოსების მოწვევით აღნიშნოს, იმ ხალხით, ვინც ჯიუტად გაიმეორებს, რომ დღევანდელ საქართველოს არაფერი, აი, მართლა არაფერი აქვს საერთო სტალინურ წარსულთან.

მეორე დღეს “იმედის” მთავარი კონკურენტის, ხელისუფლების კრიტიკოსი ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი ასევე შეეხო რეპრესიების და “კუდიანებზე ნადირობის” თემას. ოღონდ სივრცე არ დაუტოვა “ოცნების” იდეოლოგებს ქილიკისათვის (“ რა დროს სტალინია!”). იაგომ გაგვახსენა, რომ “კუდიანებზე ნადირობა” და რეპრესიები საბჭოთა ეპოქაში არ დაწყებულა. იმ ხალხს, ვინც ხელისუფლებაშია არაერთხელ გამოუყენებია ჩვენივე, ადამიანური ბნელი ინსტინქტები ოპონენტების გასანადგურებლად. ხშირად ხდება ასე - ხელისუფალი გვერდზე გაიწევა, ან გაუჩინარდება და ბრძოლის ველს მშიერ, აგრესიულ, ყველაზე და ყველაფერზე გაბრაზებულ ბრბოს დაუტოვებს. ეს ანალოგიები არაა. სტალინი, რა თქმა უნდა, სტალინია და აღარც საბჭოთა კავშირი არსებობს. მაგრამ ადამიანთა ინსტინქტებზე თამაში ყოველთვის შეიძლება. ეგ არის, რომ როცა განვითარებას არ, ან ვერ აღიარებ, როცა ძველ დროში ხარ გაჭედილი (თან იძახი “რა დროს საბჭოთა კავშირია”), გგონია ხოლმე, რომ ანალოგიები ისევ იმუშავებს. მაგრამ ასე არ გამოდის; ამ შემთხვევაში გვაქვს ის, რაც დღეს გვაქვს - იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, არა ავტორიტარიზმი, არამედ ავტორიტარიზმის კარიკატურა.

არის თუ არა “ქართული ოცნების” მმართველობა კარიკატურა, რომელმაც კი არ უნდა გაგვაბრაზოს, არამედ უნდა გაგვაცინოს? რა თქმა უნდა, რამდენიც უნდა ვიძახოთ “კარიკატურა! კარიკატურა!”, ამით ვერ შევუმსუბუქებთ მდგომარეობას ადამიანს, რომელსაც ლამის სახალხო სასამართლო მოუწყონ მთლად “ალტა-ოკეის” მაღაზიაში, “პანასონიკის” გაიაფებული ბლენდერების ფონზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ზვარაკი სჭირდებათ ძალაუფლების განსამტკიცებლად. რამდენიც უნდა ვიქილიკოთ მეოცნებეთა სურვილზე შეინარჩუნონ ძალაუფლება ადამიანთა მანიპულაციის გამოცდილი ხერხების გამოყენებით, ჩვენი ქილიკი მაკო გომურის დაზიანებულ თვალს ვერ აღადგენს. მაგრამ ის კი შეგვიძლია გავაცნობიეროთ, როგორ... მე ვიტყოდი ვირეშმაკურად ცდილობენ “ოცნების” იდეოლოგები სწორედ იმ მოდელების დამკვიდრებას, რომლებსაც იკვლევს “იმედის” სტუდიაში შეცდომით მოწვეული ირაკლი ხვადაგიანი და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია.

ისტორიკოსებმა კარგა ხანია, მიაქციეს ყურადღება იმას, თუ რამდენად განსხვავებული იყო ორი ტოტალიტარული რეჟიმის, სტალინიზმის და ნაციზმის ლიდერების დამოკიდებულება კინოკამერების მიმართ. ჰიტლერი ჭკუას კარგავდა კამერების წინ პოზირებაზე, უყვარდა დოკუმენტური კინო და კატეგორიული წინააღმდეგი იყო იმის, რომ მისი სახე რომელიმე მსახიობს წარმოედგინა. სტალინი, პირიქით, ყოველთვის გაურბოდა კამერას. იგი, თუ არ ვცდები, პირველი ხელისუფალი იყო, რომელიც სიცოცხლეშივე გახდა მხატვრული ფილმების პერსონაჟი. და არა მარტო მხატვრული ფილმებისა. მოსწონდა, როცა ხატავდნენ (გულაგებში ისინიც იხდიდნენ სასჯელს, ვინც ბელადის პორტრეტს “უდიერად მოექცნენ”). იმდენად მოსწონდა, რომ 1953 წლის მარტში, მისი დაკრძალვის წინ, “სახალხო პანაშვიდზე” პოლიტბიუროს წევრებმა 30 მხატვარი (!) მოიწვიეს; იქვე, კუბოსთან გამოუნახეს ადგილი და აიძულეს დაეხატათ, როგორ განისვენებს ბელადი.

რეალური სტალინი, მისი სხეული, მისი ტანი, თითქმის მთლიანად ჩანაცვლებული იყო ბელადის ხატით. მასებს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაენახათ ბელადი ახლოდან (ღმერთმა იცის, რას აღმოაჩენდნენ)... მიხეილ კალატოზიშვილის ფილმში “ვალერი ჩკალოვი” სურათის მთავარი გმირი სტალინთან შემთხვევით შეხვედრის შემდეგ შეუძლოდ ხდება - გული უჩქარდება და ისტერიულია. ასეთ ისტერიკაში, თუ ექსტაზში ბრუნდება სახლში და სტალინთან შეხვედრის ამბავს ცოლს უყვება. ისტერიკა გადაედება ცოლსაც. სთავაზობს ქმარს იქვე, პარკში გასეირნებას, რათა ორივე ბოლომდე ჩასწვდეს ბედნიერებას და გაიხაროს.

რუსეთში ძალაუფლებას ყოველთვის ჰქონდა მიდრეკილება ანონიმურობისკენ. მიხეილ გორბაჩოვი პირველი იყო, ვინც უარი თქვა კამერებთან დამალობანას თამაშზე და თავისი იმიჯის “გავარსკვლავება” სცადა. ვფიქრობ, ამან დააზარალა კიდეც. რუსეთში ძალაუფლებას ქმნის “ხატი” (“იკონა”) და არა რეალური, კონკრეტული ადამიანი, თავისი სახელით და გვარით, თავისი რეალური ბიოგრაფიით. უფრო სწორად რუსეთში, ხელისუფალი ამ გზით ინარჩუნებს ხოლმე ძალაუფლებას. ვფიქრობ, ნავალნი, რომელმაც ახლა “ვარსკვლავის” იმიჯი აირჩია, სერიოზულ წარმატებას სწორედ ამიტომ ვერ მიაღწევს. ამ ქვეყანაში იღგზნებიან ანონიმურ ძალაუფლებაზე.

საქართველოში იგივე განმეორდა. “ვარდების რევოლუციის” წინ მიხეილ სააკაშვილმა ხალხში სიარული დაიწყო. დაცვის გარეშე. კაფეებში, პარკებში, მაღაზიებში... დადიოდა და ხალხს ელაპარაკებოდა. გარკვეულ ეტაპზე ამან იმუშავა. მაგრამ “პოპ-ვარკვლავი” ნელ-ნელა ასაკში შევიდა, წონაში მოიმატა, სიარულის მანერა შეეცვალა, შეცდომების დაშვება დაიწყო, ხალხში ხშირ გასვლას მოერიდა და ბოლოს წააგო. იგი შეცვალა კაცმა, რომელმაც ძალაუფლებაში მოსვლიდან სულ ცოტა ხანში... “უარი თქვა” ძალაუფლებაზე. ფორმალურად, ცხადია. იმისათვის, რომ ხალხის წარმოდგენაში დარჩენილიყო “ხატი” - კეთილი, უანგარო, სადა, მოკრძალებული, „გველეშაპზე გამარჯვებული“, თან წარმატებული და თან “ჩვენებური” კაცი, რომელიც არა ვარ დარწმუნებული, რომ მხოლოდ ნიცშეს კითხულობს. უფრო სწორად, “ნიცშეს კრიტიკას”... და არა ვარ დარწმუნებული, რომ მხოლოდ თავის იაფფასიან მრჩევლებს უსმენს. მას, წესით, უფრო ჭკვიანი და ძვირად ღირებული იმიჯმეიკერებიც უნდა ჰყავდეს.

დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში, მთლად გორბაჩოვამდე, “ზასტოის” დროს, ერთ კარგ კაცს, ფილოსოფოსს და ლოგიკოსს, მიხეილ ბეჟანიშვილს კერპთაყვანისმცემლობის ამ ინსტინქტზე ვესაუბრე. ვკითხე: “თუ ეს მართლა რაღაც წარმართული ინსტინქტია, რატომ გაქრა ასე ადვილად დასავლეთში?”... ვინ გითხრა, რომ გაქრაო. არ გინახავს შენი საყვარელი “Led Zeppelin”-ის კონცერტებზე ფანატიკოსები რა დღეში არიანო? მაისურებს სთხოვენ პლანტს და პეიჯს, სახლში მიაქვთ და არ რეცხავენ, თავიანთი კერპების სუნი რომ შეინარჩუნონო.

ვცადე დამეცვა პლანტის და პეიჯის ფანები. ეგ ხალხი კონკრეტული მუსიკოსების კონკრეტულ “ტანზე” იღგზნება. და ეგ მაისურები უფრო სექსუალური ფეტიშია, ვიდრე უნახავის (რა კარგი სიტყვაა ისე, “უნახავი”) კერპად ქცევა-მეთქი.

“მაშინ ასე ვთქვათ. აღმოსავლური დესპოტია უნახავი კერპის კულტზე იგება. დღევანდელი დასავლური კი ფულის კულტზეო”...

“ფული”, “დოლარი”. აი ეს კი დამამახსოვრდა და ყოველთვის მემახსოვრება მიშიკო ბეჟანიშვილის სიტყვები. ისიც მახსოვს, რაც მითხრა ბოლოს: “ფულის კულტი ნამდვილად უკეთესია, ვიდრე ხელისუფლის გაღმერთებაო”.

ახლა მას იმისათვის, რომ სტალინის კარიკატურად არ იქცეს (“ რა დროს სტალინია”!) ორივე აქვს, ფულის კულტიც და „გველეშაპზე გამარჯვებული“ ჩვენებური კაცის სახელიც. ვფიქრობ, ამიტომაც წავიდა. დისტანციიდან (აბასთუმნის ყოფილი ობსერვატორიიდან?) უფრო კარგად დაგვაკვირდება და გაიხარებს. გაერთობა. მათ შორის სასოწარკვეთილი ოპოზიციით, რომელიც პარლამენტში ბრძოლის ნაცვლად ქუჩა-ქუჩა დადის და კომენდანტის საათს აპროტესტებს პანდემიის ეპოქაში.

“ოცნების” გაუჩინარებულმა დირექტორმა აბსოლუტურად ყველა “დაგვტროლა”.

იმისათვის, რომ ჩვენ თავად არ ვიქცეთ კარიკატურად ( პირველ რიგში ოპოზიცია, მერე კი მთელი ქართული საზოგადოება), იმისათვის, რომ თავად არ გავხდეთ დასაცინი, ჩვენს ისტორიას უნდა გადავხედოთ და არ ვიმეოროთ ივანიშვილის, ამ შემთხვევაში უკვე მართლა “იაფფასიანი იმიჯმეიკერების” მიერ შემოგდებული იდიოტობა: “რაღა დროს სტალინია!”, “რაღა დროს საბჭოთა კავშირია!”

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG