შავებში ჩაცმული ჟურნალისტები, რედაქტორები და ტექნიკური პერსონალი მთავრობის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელიც ქვეყანაში საზოგადოებრივი მაუწყებლების დაფინანსების სისტემას სრულიად ცვლის.
ჩეხეთის მთავრობამ 15 ივნისს დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი რადიო და ტელევიზია აღარ დაფინანსდება ლიცენზიის გადასახადით - ამის ნაცვლად ისინი ფულს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღებენ. ცვლილება, ბაბიშის პოპულისტური მთავრობის გეგმით, მომავალი წლიდან უნდა ამოქმედდეს.
„გამაფრთხილებელი გაფიცვა“, როგორც რადიოსა და ტელევიზიის თანამშრომლები უწოდებენ საკუთარ პროტესტს, გულისხმობდა მაუწყებლობის ერთწუთიან დაგვიანებასა და მედიის სოციალურ პლატფორმებზე მინიმალურ აქტივობას მთელი დღის განმავლობაში.
მაუწყებლების თანამშრომლების თქმით, ანდრეი ბაბიშის მთავრობა ცდილობს, საზოგადოებრივი რადიო და ტელევიზია მოაქციოს პოლიტიკური კონტროლის ქვეშ და შეზღუდოს მათი სარედაქციო დამოუკიდებლობა.
მთავრობის გეგმის საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, საზოგადოებრივი მაუწყებლების დაფინანსება დაახლოებით 15%-ით შემცირდება, რაც გამოიწვევს პროგრამების შემცირებას, თანამშრომელთა გათავისუფლებას და სარედაქციო რესურსების შეზღუდვას.
რადიო თავისუფლების ქართული სამსახური გაფიცულ ჟურნალისტებსა და აქციის ორგანიზატორებს ესაუბრა, რომლებმაც კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარი შეშფოთება და მოლოდინები გაგვიზიარეს. მათი თქმით, მსგავსი ცვლილებები უკვე განხორციელდა მეზობელ სლოვაკეთსა და უნგრეთში, სადაც პრემიერ-მინისტრებმა რობერტ ფიცომ და ვიქტორ ორბანმა საზოგადოებრივ მედიაზე პოლიტიკური გავლენა მნიშვნელოვნად გააძლიერეს.
„ვნერვიულობთ, რომ პოლიტიკოსების მხრიდან ზეწოლა გაიზრდება“
რადიო თავისუფლებასთან საუბარში დღევანდელი გაფიცვის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, დენიელ სტახმა, განაცხადა, „ჩეხეთის ტელევიზია და ჩეხეთის რადიო ყველაზე სანდო ინსტიტუტებია ჩეხეთის რესპუბლიკაში“. მისი თქმით, საპროტესტო აქციისა და გაფიცვის მიზანი სწორედ ის იყო, რომ „ხალხს უკეთ გაეგო, რას აკეთებენ ჩეხეთის ტელევიზია და ჩეხეთის რადიო ჩეხი ხალხის დასახმარებლად“
ორგანიზატორის თქმით, ყველაზე დიდი შიში არის ის, რომ საზოგადოებრივი მედია, რომელიც ახლა ჩეხეთის თითოეულ მოქალაქეს ეკუთვნის, შესაძლოა პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოექცეს. „ვნერვიულობთ, რომ პოლიტიკოსების მხრიდან ზეწოლა გაიზრდება, თუ ეს ცვლილება მართლაც გავა პარლამენტში. ჩვენ ვშიშობთ, რომ დემოკრატიის ერთ-ერთი საყრდენი - ჩეხეთის საზოგადოებრივი ტელევიზია და საზოგადოებრივი რადიო დასუსტდება და პოლიტიკოსების მხრიდან ბევრად უფრო ადვილად მოექცევა გავლენის ქვეშ“
მისი თქმით, „არ არსებობს გარანტიები, რომ არ იქნება პოლიტიკოსების გავლენა იმაზე, თუ რა მოხდება ჩეხეთის ტელევიზიაში, რადგან ისინი შეძლებენ ფულის კონტროლს…ჩვენ მოვისმინეთ პარლამენტის ერთ-ერთი წევრისგან, რომ ფინანსებზე ზრუნვის შემდეგ, მათ სურთ მედიის შინაარსზე საუბარიც. აი, ეს მოვისმინეთ ჩვენ.“
„ეს არის თავდასხმა ჩეხეთის საზოგადოებრივ მედიაზე“, - ასე შეაფასა ჩეხეთის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა და რედაქტორმა, დუშან შულცმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში მთავრობის გეგმა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლების დაფინანსების წესს ცვლის. მისი თქმით, დაფინანსებასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სათანადოდ არ განხილულა არც ექსპერტებთან, არც მედიის წარმომადგენლებთან და არც ჩეხეთის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორებთან და ახლა ამ ფორმით უწევთ, რომ მთავრობას შეეწინააღმდეგონ. „ეს არის პირველი გაფიცვა ჩვენთვის მრავალი წლის განმავლობაში. იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლება ამ ხმას მაინც მოისმენს.“
საკუთარ პროფესიასა და მედიას იცავდა გაფიცვაზე დანიელა სკობკოვაც, ჩეხეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალგაზრდა ჟურნალისტი, რომელიც აშუქებს ჩეხეთის პოლიტიკას, დემონსტრაციებსა და ქვეყნის შიდა პოლიტიკურ მოვლენებს. გვეუბნება, რომ ჩეხმა ხალხმა კარგად იცის, რა როლი აქვს დამოუკიდებელ მედიას ქვეყნისთვის, თუმცა ასევე „ბევრი რამ ვიცით იმის შესახებაც, თუ რას ნიშნავს, როცა არ გაქვს თავისუფალი საზოგადოებრივი მედია, არ გაქვს აზრის გამოთქმის თავისუფლება და ინფორმაციულ სიბნელეში ხარ. ჩვენთვის ეს ისტორიული გამოცდილება მნიშვნელოვანია, რადგან ეს აქ ხდებოდა... ახლა გვსურს, დავიცვათ ჩვენი პოზიცია. ვიმედოვნებთ, რომ არ მოგვიწევს უკან დაბრუნება და წინ წავალთ.“
დანიელას თქმით, დაპირების მიუხედავად, რომ ისინი არ ჩაერევიან სარედაქციო პოლიტიკაში, მთავრობას „არ სურს ამის კანონში ასახვა. ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების განცდა მაშინაც კი, თუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვფინანსდებით, გვჭირდება, გვქონდეს გარანტია, რომ ჩვენი საქმიანობა მთავრობისგან დამოუკიდებელი იქნება.“
ამელია კუნოვაც თავის კოლეგებთან ერთად იცავს იმ იდეას, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ემსახურება - დამოუკიდებელ და საზოგადოებრივ ინტერესზე დაფუძნებულ მედიას. ის ჩეხეთის საზოგადოებრივ მაუწყებელში ვიდეომემონტაჟედ მუშაობს. „ჩვენ იქ უკვე ვიყავით, გამოვიარეთ ეს წლების წინ, კომუნისტური რეჟიმის დროს. ვგრძნობთ, რომ რაღაც მსგავსი ბრუნდება და ჩვენ ამის წინააღმდეგი ვართ“, - ამბობს ამალია. მას, ისევე როგორც მისი თანამშრომლების უმრავლესობას, არ სჯერა, რომ საქმე მხოლოდ ფულს და დაფინანსების მოდელის ცვლილებას ეხება და ფიქრობს, რომ მთავრობას ქვეყნის მთავარ მედიასთან დაკავშირებით უფრო შორეული და პოლიტიკური მიზნები აქვს. „ფულის შემდეგ მოდის მთავრობის ძალაუფლება, რომ გვითხრან, რისი თქმა შეგვიძლია და რისი - არა. ახლა ისინი ამას არ გვეუბნებიან. ამბობენ: „ოჰ, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ“, მაგრამ ჩვენ ვიცით, ვინ არიან ისინი.“
მისი თქმით, ჩეხეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკუთვნის ჩეხ ხალხს და არა ხელისუფლებებსა და მთავრობებს. „ჩვენ საუკეთესოდ ვემსახურებით საზოგადოებას და გვაქვს შედეგები, რომლებიც ადასტურებს, რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ.“
საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხის სამსახურშია, ხალხი კი ცდილობს, ის დაიცვას
გაფიცვამდე, კვირას გამართული აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ათობით პლაკატი და ბანერი, რომლებზეც ეწერა, რომ ისინი არ დათმობენ საზოგადოებრივ მაუწყებელს და სკანდირებდნენ: „ხელები შორს დამოუკიდებელი მედიისგან“ ადგილზე მისულებს ჩეხეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობიდან გადმოფენილი მადლობის წერილები და პლაკატები დახვდათ. იქვე, დიდ ბანერზე, ფრიალებდა პროტესტის სლოგანად ქცეული ფრაზა - „Pro vás. Ne pro politiky“ - ქართულად ნიშნავს: „თქვენთვის, არა პოლიტიკოსებისთვის“
აქციის მონაწილეებს შორის იყო 19 წლის ნატალია, რომელსაც სჯერა, რომ ხალხმა უნდა დაიცვას და მარტო არ დატოვოს დამოუკიდებელი მედია. „აქ იმიტომ ვარ, რომ უბრალოდ ვზრუნავ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიასა და თავისუფლებაზე. მჯერა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი ცხოვრების, ჩვენთვის, ახალგაზრდებისთვის“
26 წლის ტერეზაც ერთ-ერთია, რომელიც პრაღის ქუჩებში საზოგადოებრივი მედიის დასაცავად გამოვიდა. რადიო თავისუფლებას მან უთხრა, რომ „ძალიან მნიშვნელოვანია მედიას ჰქონდეს მხარდაჭერა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი ადამიანი მუშაობს აქ და რამდენი ადამიანი დგას გათავისუფლების საფრთხის წინაშე“, - მისი თქმით, მრავალი წელია, ჩეხეთის საზოგადოებრივი რადიო და ტელევიზია ხალხს ემსახურება და ახლა მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა მათ აჩვენოს სოლიდარობა და მხარდაჭერა.
„დემოკრატიულ სისტემაში ყველაზე მნიშვნელოვანია თავისუფალი მედიის ქონა, რომელიც მუშაობს საზოგადოებისთვის, რომელიც არ ეკუთვნის კერძო მფლობელს. ისინი ახლა დამოუკიდებლები არიან, ამიტომ გამოხატავენ ბევრ აზრს - მათ არ აქვთ მხოლოდ ერთი, „სწორი“ აზრი, იქიდან ჩვენ ბევრ ინფორმაციას ვიღებთ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ლუსიამ, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ და აღნიშნა, რომ ჩეხ ხალხს არ სურს, ჰქონდეს ისეთი საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელსაც მთავრობა აკონტროლებს.
აქციაზე გამომსვლელები და აქციის მონაწილეები ერთმანეთს დაჰპირდნენ, რომ ბრძოლას გააგრძელებენ გამარჯვებამდე.
რას ამბობს ჩეხეთის ხელისუფლება?
„ჩვენ არასდროს დავმუქრებივართ ჩეხეთის ტელევიზიის დამოუკიდებლობას და ამას არც მომავალში გავაკეთებთ“, - განაცხადა ანდრეი ბაბიშმა. მან ასევე თქვა, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლები არანაირ ხარჯებს არ ზოგავენ და მათ არავინ აკონტროლებს.“ ხელისუფლება ჩეხეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ფორმის ცვლილებებს ძირითადად ფინანსური და მართვის ეფექტიანობის არგუმენტით ხსნის, თუმცა ანდრეი ბაბიში და მისი ულტრამემარჯვენე, პოპულისტი კოალიციური პარტნიორები ხშირად ღიად აკრიტიკებენ ჩეხეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს, რადიოსა და მის ჟურნალისტებს. მათ ადანაშაულებენ არაობიექტურ გაშუქებაში, ცენზურასა და „ბრიუსელის პროპაგანდის“ გავრცელებაში.
თუ ჩეხეთის მთავრობის მიერ წარდგენილ კანონპროექტს პარლამენტის ორივე პალატა დაამტკიცებს და პრეზიდენტი ხელს მოაწერს, ლიცენზიის ამჟამინდელი გადასახადი 2027 წელს გაუქმდება და საზოგადოებრივი მაუწყებლების დაფინანსება სრულად გადავა სახელმწიფო ბიუჯეტზე.
საერთაშორისო მედიაორგანიზაციები და მედიის უფლებადამცველები მთავრობის კანონპროექტს კრიტიკულად აფასებენ. მათი თქმით, ცვლილებამ შესაძლოა საზოგადოებრივი მაუწყებლები ფინანსურად დაასუსტოს, შეამციროს მათი დამოუკიდებლობის დაცვის გარანტიები და ევროპის მედიის თავისუფლების აქტის (EMFA) დარღვევის რისკიც შექმნას.