Accessibility links

საია რუსთავში მომხდარ ძალადობას რასობრივ დისკრიმინაციად მიიჩნევს


ჯორჯ უემსი

კამერუნელ ჯორჯ უემსს 28 ნოემბერს რუსთავის N17 შიდასაქალაქო მარშრუტით მოძრავ მიკროავტობუსში სცემეს. მან პოლიციას გამოუძახა, თავად კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა კლინიკა იმ დღესვე დატოვა.

“ჩემს გვერდით იჯდა ერთი მამკაცი. მკითხა, რას აკეთებ, რატომ ჩამოხვედი საქართველოშიო. მე არაფერი მითქვამს, იმიტომ რომ ის ნასვამი იყო და მასთან საუბარი არ მსურდა. შესაძლოა, აგრესია გამოევლინა. ის ცუდ სიტყვებს ამბობდა, მაგრამ არაფერი მითქვამს. შემდეგ მხარზე მომიჭირა და მითხრა „შენ გეუბნები, ბიჭო!.“ ქართულ ენაზე მივმართავ: „რას აკეთებ, ძმა, რას აკეთებ?.“ ამაზე მიპასუხა: „ესე იგი ქართულიც იცი? რატომ არ მიპასუხე?!“ და დაიწყო ცემა - თავში მირტყამდა. შევეცადე თავი დამეცვა ცალი ხელით და, ამავე დროს, 112-ში ვრეკავდი დასახმარებლად. ის აგრძელებდა ჩემს ცემას, სანამ მერიიდან ახალ რუსთავამდე მივიდოდით. 112-ში დარეკვის შემდეგ მოვიდა პოლიცია და როდესაც მძღოლმა შეამჩნია, რომ სერიოზული ჩხუბი მიმდინარეობდა, გადაწყვიტა მაკდონალდსთან გაჩერებულიყო, მეგობრობის ქუჩაზე“.

ჯორჯ უემსი ასევე ჰყვება, რომ მიკროავტობუსიდან ჩამოსულს თავდამსხმელიც ჩამოჰყვა მეგობართან ერთად.

თითქმის ყოველდღე გვესმის ისეთი სიტყვები, როგორიცაა „ზანგო“, "მაიმუნო“, მაგრამ ამას სერიოზულ ყურადღებას არასოდეს ვაქცევთ... მე მყავს ბევრი ქართველი მეგობარი, ვიცნობ ბევრ ქართველს. მე აქ იმისთვის არ ჩამოვსულვარ, რომ პრობლემები შევქმნა...
ჯორჯ უემსი

„მაგ მომენტში ისევ ტელეფონზე ვსაუბრობდი და ეს კაცი ისევ მირტყამდა. გამიმართლა, რომ ქუჩაში იდგა ერთი გოგო, რომელმაც დაინახა ყველაფერი და გადაიღო ვიდეო“, - იხსენებს ჯორჯ უემსი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას. მისი თქმით, პოლიციამ დაკითხვის შემდეგ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზაზე გადაიყვანა. შედეგები არ იცის. არც ის იცის, დაკავებულები არიან თუ არა ინციდენტის მონაწილენი. რადიო თავისუფლების კითხვას, იყო თუ არა მიკროავტობუსში ვინმე, ვინც თავდამსხმელს შეაჩერებდა, უპასუხა, რომ მას ქალი გამოესარჩლა.

„ქალი მას [თავდამსხმელს] ეუბნებოდა: „გაჩერდი! გაჩერდი!.“, მაგრამ არავის შეეძლო მისი დაჭერა, მარტო შევრჩი“, - ამბობს ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი.

ჯორჯ უემსი 8 წელია, რუსთავში ცხოვრობს. აქვს საკუთარი ბიზნესი - ინგლისურ ენას ასწავლის; დამატებით, ნახევარ განაკვეთზე ინგლისური ენის შემსწავლელ ცენტრში მუშაობს, რომელიც რუსთავშია გახსნილი. ამბობს, რომ რასიზმი ყველა ქვეყანაში არსებობს, ამას მიჩვეულია, მაგრამ პირველად მოხდა, რომ საქართველოში მისი კანის ფერის გამო სცემეს.

„თითქმის ყოველდღე გვესმის ისეთი სიტყვები, როგორიცაა „ზანგო“, "მაიმუნო“, მაგრამ ამას სერიოზულ ყურადღებას არასოდეს ვაქცევთ. ის სიტყვები, რაც ინციდენტის დღეს მიკროავტობუსში მითხრეს, „რატომ ჩამოხვედი ჩემს ქვეყანაშიო“, ესეც ყოველდღე გვესმის. ზოგმა ადამიანმა არ იცის სხვაობის მნიშვნელობა. მე მყავს ბევრი ქართველი მეგობარი, ვიცნობ ბევრ ქართველს. მე აქ იმისთვის არ ჩამოვსულვარ, რომ პრობლემები შევქმნა“, დანანებით ამბობს კამერუნელი ემიგრანტი.

იმთავითვე ეტყობოდათ, რომ ნასვამები იყვნენ. მანქანაში ამოსვლამდეც ხმაურობდნენ. მე საჭესთან ვიჯექი და ვერ ვხედავდი, უკან რა ხდებოდა. ბოლოს, ძალიან დიდი ხმაური რომ ატყდა, მანქანა მაკდონალდსთან გავაჩერე. მალე პოლიციაც მოვიდა...
მიკროავტობუსის მძღოლი

რადიო თავისუფლებამ მიაგნო იმ მიკროავტობუსს, სადაც კამერუნელს სცემეს. მძღოლი, რომელიც მერაბის სახელით გაგვეცნო, ამბობს, რომ თავდამსხმელები გორგასლის სახელობის ეკლესიასთან ამოვიდნენ, იქ, სადაც მე-17 ნომერი მიკროავტობუსები გადიან.

„იმთავითვე ეტყობოდათ, რომ ნასვამები იყვნენ. მანქანაში ამოსვლამდეც ხმაურობდნენ. მე საჭესთან ვიჯექი და ვერ ვხედავდი, უკან რა ხდებოდა. ბოლოს, ძალიან დიდი ხმაური რომ ატყდა, მანქანა მაკდონალდსთან გავაჩერე. მალე პოლიციაც მოვიდა“, თქვა მიკროავტობუსის მძღოლმა, რომელმაც დასძინა, რომ არ იცის, ქუჩაში როგორ გაგრძელდა კონფლიქტი.

შს სამინისტროს რუსთავის პოლიციის მთავარ სამმართველოში საქმე სს კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) აღძრეს. პოლიციას ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალები და თავდამსხმელის ფოტოც აქვს, რომელიც გამოძიებას ძალადობის მსხვერპლმა მიაწოდა დაკითხვის დროს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ (საია) მიაჩნია, რომ ჯორჯ უემსი რასობრივი დისკრიმინაციის მსხვერპლია. საიას რუსთავის ფილიალის სისხლის სამართლის ადვოკატი ეკატერინე მიდოდაშვილი ამბობს, რომ, ყველა ნიშნის მიხედვით, ჯორჯ უემსი დისკრიმინაციის მსხვერპლია.

ეკატერინე მიდოდაშვილი
ეკატერინე მიდოდაშვილი

„სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე პრიმა მუხლი მოიცავს დანაშაულის ჩადენას რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული ნიშნით, ასევე დისკრიმინაციული კუთხით. ასეთ შემთხვევაში ეს ითვლება დამამძიმებელ გარემოებად”.

საიას ადვოკატმა თქვა, გამოძიება, რამდენადაც ვიცი, დაწყებულია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და, ალბათ, ბრალის ფორმულირებაში ბრალდებული პირის მიმართ აუცილებლად იქნება მითითება დისკრიმინაციულ მოტივზეო. ეკატერინე მიდოდაშვილმა აქვე განაცხადა, რომ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მზადაა იურიდიული დახმარება აღმოუჩინოს ჯორჯ უემსს გამოძიების პროცესში და მისი ინტერესები დაიცვას სასამართლოშიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG