Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საით მიდის სომხეთი?


ხალხი ზეიმობს სერჟ სარგსიანის გადადგომას, ერევანი, 23 აპრილი
ხალხი ზეიმობს სერჟ სარგსიანის გადადგომას, ერევანი, 23 აპრილი
  • ჯერ ისევ დაუზუსტებელია, რა მოჰყვება სომხეთში 23 აპრილს მიღწეულ გამარჯვებას, რომელიც 11-დღიანი მასშტაბური საპროტესტო აქციების მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან სერჟ სარგსიანის გადადგომის შემდეგ იზეიმეს.
  • 24 აპრილს სომხეთში ერთდღიანი აპოლიტიკური ტაიმ-აუტი იყო გამოცხადებული. ამ დღეს ქვეყანაში აღნიშნავენ ტრაგიკულ თარიღს პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა ხოცვა-ჟლეტისა, რაც არაერთი ქვეყნის მიერ გენოციდად არის აღიარებული.
  • 23 აპრილს მიღწეული გამარჯვების სამომავლო პერსპექტივები 25 აპრილიდან გამოიკვეთება, როცა სომხეთი კვლავ პოლიტიკურ ცხოვრებას დაუბრუნდება და ოპოზიციონერი დეპუტატი, პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი მოლაპარაკებებს დაიწყებს ქვეყნის ჯერ ისევ მოქმედ ხელისუფლებასთან.
  • წინასწარი ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანი 23 აპრილს მიღწეული გამარჯვების შენარჩუნებასა და განმტკიცებას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გზით გეგმავს. მედია და ანალიტიკოსები სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე სამომავლოდ სწორედ საპროტესტო აქციების სულისჩამდგმელს, ნიკოლ ფაშინიანს, ხედავენ.
  • ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ, დიდწილად მთიანი ყარაბაღის პრობლემის გათვალისწინებით, სომხეთი, ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში, კვლავაც ძველებურ ურთიერთობებს შეინარჩუნებს რუსეთთან, თუმცა ფაშინიანის მმართველობის პირობებში შესაძლებელი იქნება ურთიერთობების გაღრმავება დასავლეთთან.
  • ანალიტიკოსების ნაწილს ეჭვი ეპარება, რომ რუსეთი დაუშვებს სომხეთის ურთიერთობების მნიშვნელოვან გაღრმავებას დასავლეთთან და ამიტომ ხელი შეეშლება ქვეყნის რეალურ განვითარებას.

სომხეთის სამომავლო პერსპექტივები დიდწილად იქნება დამოკიდებული მოლაპარაკებებზე, რომელიც 25 აპრილს დაიწყება. ერევანში, სასტუმრო „სომხეთი-მერიოტში“, ერთმანეთს შეხვდებიან ოპოზიციონერი დეპუტატი, „ხავერდოვანი რევოლუციის“ საპროტესტო აქციების სულისჩამდგმელი ნიკოლ ფაშინიანი და პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი კარენ კარაპეტიანი. „მოლაპარაკებების მეორე რაუნდად“ დასახელებული ეს პროცესი, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეს გაგრძელდება. ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რა სცენარით განვითარდება მოვლენები, მაგრამ მიზანი ნიკოლ ფაშინიანმა საზოგადოებას 24 აპრილს გავრცელებულ ვიდეომიმართვაშიც განუმარტა:

ნიკოლ ფაშინიანი
ნიკოლ ფაშინიანი

„ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდი უნდა გაიმართოს ხვალ (25 აპრილს) და ეს მოლაპარაკებები უნდა შეეხოს ხელისუფლების ურყევად გადაბარებას. ხვალ საღამოს, 7 საათზე, ჩვენ ისევ გავმართავთ მიტინგს რესპუბლიკის მოედანზე, რათა მოგაწოდოთ ინფორმაცია მოლაპარაკებათა მიმდინარეობის შესახებ და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ლოგიკურად და სრულყოფილად დავასრულოთ ჩვენი ხავერდოვანი, არაძალადობრივი, სახალხო რევოლუცია“.

მასობრივი ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად, 24 აპრილს სომხეთში ჟურნალისტებთან პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას თავს არიდებდნენ როგორც მოქმედი ხელისუფლების, ასევე ოპოზიციური ფლანგის წარმომადგენლები. მასმედიასთან კონტაქტს გაურბოდა თავად ნიკოლ ფაშინიანიც, თუმცა, როგორც მან 23 აპრილს სერჟ სარგსიანის გადადგომის შემდეგ გამართულ საზეიმო მიტინგზე განაცხადა, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ხალხის რჩეულის არჩევა ერთი კვირის ვადაში უნდა მოხდეს, ხოლო შემდეგ, კანონმდებლობით დაშვებულ უმოკლეს ვადაში, ვადამდელი არჩევნებიც უნდა გაიმართოს.

თუკი რესპუბლიკური პარტია პრემიერ-მინისტრის პოსტზე თავის კანდიდატურას წამოაყენებს, რომელიც ხმების საჭირო რაოდენობას ვერ მოაგროვებს და ჩავარდება წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამა, კანონმდებლობის თანახმად, დღის წესრიგში დადგება პარლამენტის დათხოვნისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხი...
ჰარი ტამრაზიანი

მართალია, 24 აპრილი პოლიტიკოსების მიერ აპოლიტიკურ დღედ იყო გამოცხადებული, მაგრამ მედია და ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები აქტიურად განიხილავდნენ სავარაუდო სცენარს, რომლის მიხედვითაც, სამომავლოდ პრემიერ-მინისტრის პოსტი, როგორც ხალხის რჩეულმა, თავად ნიკოლ ფაშინიანმა უნდა დაიკავოს.

როგორც რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის უფროსმა ჰარი ტამრაზიანმა განაცხადა პროგრამა „დილის საუბრებში“ სატელეფონო ჩართვისას, შესაძლებელია, რომ მმართველ პოლიტიკურ ძალას - „რესპუბლიკურ პარტიას“- საკანონმდებლო ორგანოში ბევრი მომხრე ჩამოშორდეს და უმრავლესობა დაკარგოს. ასეთ შემთხვევაში იოლი იქნება პრემიერ-მინისტრის პოსტზე ნიკოლ ფაშინიანის არჩევა. თუმცა არის სხვა სცენარიც:

„თუკი რესპუბლიკური პარტია პრემიერ-მინისტრის პოსტზე თავის კანდიდატურას წამოაყენებს, რომელიც ხმების საჭირო რაოდენობას ვერ მოაგროვებს და ჩავარდება წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამა, კანონმდებლობის თანახმად, დღის წესრიგში დადგება პარლამენტის დათხოვნისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხი. ეს არის სცენარი, რომელსაც თავად ნიკოლ ფაშინიანი ემხრობა”.

სამომავლო ურთიერთობა რუსეთთან

სომხეთში ანალიტიკური წრეებისა და მედიის უდიდესი ნაწილი დარწმუნებულია, რომ არც ფაშინიანის გუნდის მმართველობის პერიოდში გადაიხედება ამჟამად არსებული მჭიდრო ურთიერთობები სომხეთსა და რუსეთს შორის. ამის დასტურად შეგვიძლია გავიხსენოთ 23 აპრილს საზეიმო მიტინგზე თავად ნიკოლ ფაშინიანის მიერ წარმოთქმული სიტყვები. მან გამოკვეთილად ახსენა რუსეთი:

„ეს არის თავიდან ბოლომდე წმინდა სომხური ხავერდოვანი რევოლუცია და აქ კომენტარი ზედმეტია. მსოფლიოს ქვეყნებმა მიიღეს ეს მესიჯი და სიტუაციასაც ამ ჭრილში აღიქვამენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა (მარია ზახაროვამ) განაცხადა: „სომხეთო, რუსეთი შენთან არის“. ვიმედოვნებ, რომ ამასვე მოვისმენ სხვა ქვეყნების წარმომადგენელთა მხრიდანაც“.

მარია ზახაროვა
მარია ზახაროვა

მარია ზახაროვა, ფაშინიანის მიერ ნახსენებ ფეისბუკ-მიმართვაში, სომეხ ხალხს ერთმანეთის პატივისცემის შენარჩუნებისა და „კატეგორიული უთანხმოების“ ღირსეულად გადალახვისკენ მოუწოდებს. პარალელურად, რუსეთი ხაზგასმით მიანიშნებს, რომ მოსკოვი ყურადღებით აკვირდება სომხეთში მიმდინარე მოვლენებს. ასე მაგალითად: რუსეთის მხარის მოთხოვნით, გაიმართა სატელეფონო საუბარი სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ კარენ კარაპეტიანსა და რუსეთის პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევს შორის. ოფიციალური ინფორმაციით, საუბრის დროს განხილულ იქნა „ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში ინტეგრაციული ურთიერთქმედების“ თემაც.

რუსეთი შეეცდება, რომ ამ შემთხვევაში მხარი დაუჭიროს აზერბაიჯანს, რომელსაც ასევე აქვს ძლიერი პრეტენზია მთიანი ყარაბაღის დაქვემდებარების კუთხით...
ნიკა ჩიტაძე

ახლო მომავალში სომხეთის მიერ რუსეთთან ურთიერთობების გადახედვას არც ქართველი ანალიტიკოსები მოელიან. პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის თქმით, რუსეთის განაწყენების შემთხვევაში, სომხეთი მნიშვნელოვან დარტყმას მიიღებს:

„თუკი სომხეთი უარს იტყვის პრორუსულ ორიენტაციაზე, ანუ გადაწყვეტს, რომ, მაგალითად, დატოვოს რუსეთის ევრაზიული კავშირი და მიემხროს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, ამ შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ რუსეთი სომხეთს შეუქმნის პრობლემებს მთიან ყარაბაღზე კონტროლის შენარჩუნების მიმართულებით. რუსეთი შეეცდება, რომ ამ შემთხვევაში მხარი დაუჭიროს აზერბაიჯანს, რომელსაც ასევე აქვს ძლიერი პრეტენზია მთიანი ყარაბაღის დაქვემდებარების კუთხით“.

ვინც არ უნდა მოვიდეს ქვეყნის სათავეში, ნიკა ჩიტაძე ერევნის მხრიდან ანგარიშგასაწევ ფაქტორად მიიჩნევს იმასაც, რომ სომხეთის ქალაქ გიუმრიში ფუნქციონირებს რუსეთის მასშტაბური სამხედრო ბაზა და,სწორედ ამ ბაზის მოქმედების ვადის გახანგრძლივების ჭრილში, რუსეთმა თავის სტრატეგიულ მოკავშირე სომხეთს სამხედრო დახმარების პირობაც დაუდო. გიუმრის ბაზას 2010 წლის აგვისტოში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მოქმედების ვადა 2044 წლამდე გაუხანგრძლივდა,

სამომავლო ურთიერთობა დასავლეთთან

რუსეთთან ძველებური ურთიერთობების შენარჩუნების პარალელურად, ადგილობრივი მედია და ანალიტიკური წრეები მოელიან ასევე, რომ ფაშინიანის გუნდის მმართველობის პირობებში გაღრმავდება ურთიერთობები დასავლეთთან. თუმცა, თუკი პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს მოვუსმენთ, რუსეთის მარწუხებში მოქცეული სომხეთი ვერასოდეს შეძლებს მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.

ნიკა ჩიტაძე
ნიკა ჩიტაძე

„ქვეყნის სათავეში დემოკრატიული ძალების მოსვლის შემთხვევაში, შესაძლებელია, რომ სომხეთში განმტკიცდეს დემოკრატიული ინსტიტუტები და გაძლიერდეს კორუფციასთან ბრძოლა, მაგრამ არ უნდა ველოდოთ რადიკალურ ცვლილებას ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსში. სხვათა შორის, ერთი პერიოდი სერჟ სარგსიანის მმართველობის დროსაც სურდა სომხეთს, რომ ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისთვის, მაგრამ რუსეთმა ის დააშინა და აიძულა, რომ არჩევანი ევრაზიულ კავშირზე გაეკეთებინა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნიკა ჩიტაძემ.

თავისუფლების მოყვარული ადამიანი, რომელიც ვერ იტანს შეურაცხყოფასა და ტყუილს პოლიტიკოსების მხრიდან და მზად არის დაიცვას თავისი პოზიცია, გრძელვადიან პერსპექტივაში ვერც რუსულ მარწუხს აიტანს...
გიორგი რუხაძე

ხოლო როგორც პოლიტოლოგმა გიორგი რუხაძემ განაცხადა რადიო თავისუფლების პროგრამა „დილის საუბრებში“ სტუმრობისას, „რუსეთის მარწუხებში განვითარება შეუძლებელია“, მაგრამ ამის გასათავისებლად სომხეთს გარკვეული დრო დასჭირდება:

„თავისუფლების მოყვარული ადამიანი, რომელიც ვერ იტანს შეურაცხყოფასა და ტყუილს პოლიტიკოსების მხრიდან და მზად არის დაიცვას თავისი პოზიცია, გრძელვადიან პერსპექტივაში ვერც რუსულ მარწუხს აიტანს“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ, რომლის აზრითაც, მართალია, ბოლო დღეებში წინსვლისა და განვითარების სურვილთან მიმართებით სომხეთის მოქალაქეებმა მტკიცე ნება აჩვენეს, მაგრამ ეს ყველაფერი საბოლოოდ გეოპოლიტიკის ჭრილში რომ გადაითარგმნოს, ამას არა მხოლოდ დრო და ემოცია, არამედ საწვავიც სჭირდება. გიორგი რუხაძის თქმით, სომხეთი ამ ეტაპზე რუსეთთან მიმართებით „ყარაბაღის საკითხის მძევალია“ და ამ გამარჯვების შესანარჩუნებლად მზად არის დათმოს ბევრი რამ, მათ შორის - ევროპული პერსპექტივის სიკეთეებიც.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG