Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ მართავს გუნბას და აფხაზეთს? საკადრო ცვლილებები დე ფაქტო მთავრობაში

ბადრა გუნბა და დე ფაქტო მთავრობის ახალი წევრები
ბადრა გუნბა და დე ფაქტო მთავრობის ახალი წევრები

სოხუმში დაწყებული საკადრო გადაადგილებები ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე ჩვეულებრივ როტაციას. დე ფაქტო მინისტრების გათავისუფლება და ახალი დანიშვნები აშკარას ხდის, თუ ვინ იღებს გადაწყვეტილებებს. სოხუმში დიდი საკადრო წმენდა მოჰყვა “მოსკოველი კურატორის“, სერგეი კირიენკოს აპრილის სტუმრობას.

ოკუპირებულ აფხაზეთში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებებია: 5 მაისს დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ თანამდებობიდან გადააყენა ე.წ. თავდაცვის მინისტრი ვლადიმირ ანუა, "მინისტრად" კი დანიშნა 56 წლის ბესლან ცვიჟბა, 1992-93 წლების ომის მონაწილე და „ლეონის“ ორდენის კავალერი, რომელსაც რუსეთის გენშტაბის აკადემია აქვს დამთავრებული. ასევე შეიცვალნენ ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოცუზრუნველყოფის ე.წ. მინისტრები. გუნბამ "ვიცე-პრემიერის" თანამდებობაზე ე.წ. რუსული კვოტით დანიშნა მაია ციბულევსკაია. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მონაწილე ალიას ავიძბა კი დე ფაქტო პრეზიდენტის თანაშემწე გახდა.

2026 წლის აპრილში სოხუმში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილისა და ე.წ. აფხაზეთის კურატორის, სერგეი კირიენკოს ვიზიტის შემდეგ, ადგილობრივმა მიმომხილველებმა და ოპოზიციურმა Telegram-არხებმა დაწერეს, რომ „კურატორის ინსპექციის“ შემდეგ ბადრა გუნბა დაიწყებდა თავისი გუნდის მასშტაბურ წმენდას და რომ თანამდებობას დაკარგავდა რამდენიმე მინისტრი.

ბადრა გუნბას 5 მაისის გადაწყვეტილებით, ე.წ. მინისტრების თანამდებობაზე დაინიშნნენ:

  • ასტამურ გუნია - ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო;
  • კამა აძინბა - ე.წ. სოციალური უზრუნველყოფისა და დემოგრაფიული პოლიტიკის სამინისტრო;
  • ბესლან ფერცხელია - ე.წ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
  • ბესლან ცვიჟბა - ე.წ. თავდაცვის სამინისტრო.


მნიშვნელობიდან გამომდინარე, ახალი "თავდაცვის მინისტრი" უწყების თანამშრომლებს თვითონ ბადრა გუნბამ წარუდგინა (სხვები - ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ დელბამ):

„ბესლან ცვიჟბა თქვენთვის კარგად ნაცნობია. მრავალი წლის განმავლობაში ერთად იმუშავეთ, იყო თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე. დარწმუნებული ვარ, რომ მისი გამოცდილება და პროფესიონალიზმი გამოადგება აფხაზეთს შეიარაღებული ძალების მშენებლობასა და რეფორმირებაში. საფრთხეები არსად არ გამქრალა, პირიქით, საფრთხეები იზრდება, რომელთა წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას სჭირდება გადამჭრელი ნაბიჯების გადადგმა“.

ბესლან ცვიჟბა, 56 წლის, გენერალ-პოლკოვნიკი: მონაწილეობდა 1992-93 წლების ომში, დაჯილდოებულია „ლეონის“ ორდენით. 2010 წლიდან – აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე; 2011 წელს სწავლობდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის აკადემიაში.

ბადრა გუნბამ მადლობა გადაუხადა ყოფილ "მინისტრს", ვლადიმირ ანუას, რომელიც "მინისტრის" თანამდებობაზე 2020 წლის ივნისიდან იმყოფებოდა და წინა ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გუნდის წევრი იყო.

ბჟანიას "მთავრობის" წევრი იყო 2021 წლის მაისიდან, ჯანდაცვის "ყოფილი მინისტრი" ედუარდ ბუთბა, რომელიც ასტამურ გუნიამ - სოხუმის ინფექციური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა - შეცვალა.

ასლან ბჟანიას დე ფაქტო მთავრობაში იყო (2020 წლის ივნისიდან) სოფლის მეურნეობის აწ უკვე "ყოფილი მინისტრი" ბესლან ჯოპუა, რომელიც ბადრა გუნბამ ბესლან ფერცხელიათი შეცვალა. ბესლან ჯოპუა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა.

50 წლის ბესლან ფერცხელია ოჩამჩირელია. დამთავრებული აქვს აფხაზეთის უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 2000-იანი წლების დასაწყისში - ოჩამჩირის "საკრებულოს თავმჯდომარისა" და ოჩამჩირის "გამგეობის თავმჯდომარის" მოადგილე. 2023 წლიდან აფხაზეთის საზ. პალატის წევრი.

აფხაზეთის სოციალური უზრუნველყოფისა და დემოგრაფიული პოლიტიკის ე.წ. მინისტრის თანამდებობა დაიკავა კამა აძინბამ, რომელმაც ასევე ბჟანიას გუნდის წევრი რუსლან აჯბა შეცვალა ჯერ როგორც მოვალეობის შემსრულებელმა (2025 წლის ოქტომბრიდან), 5 მაისიდან კი როგორც "მინისტრმა".

44 წლის კამა აძინბას დამთავრებული აქვს ო. კუტაფინის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო იურიდიული აკადემია და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის ასპირანტურა. იყო ასტრახანის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების კათედრის ლექტორი.

გუნბას "მთავრობის" ახალი წევრია 40 წლის მაია ციბულევსკაია, რომელიც ე.წ. ვიცე-პრემიერად დაინიშნა.

ციბულევსკაიამ 2002 წელს დაამთავრა სოხუმის მე-14 სკოლა, 2007 წელს - აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგია-გეოგრაფიის ფაკულტეტი; 2009 წლიდან ამავე ფაკულტეტის მასწავლებელია, 2018-2021 წლებში - აფხაზეთის "განათლების სამინისტროს" მეთოდისტი, 2025 წლიდან - დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. განათლების სამინისტროს საშუალო და პროფესიული განათლების სამმართველოს უფროსი.

როგორც ადგილობრივი მიმომხილველები შენიშნავენ, ციბულევსკაია დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის რიგით მესამე თუ მეოთხე ვიცე-პრემიერია და, შესაბამისად, მისი დანიშვნის არანაირი აუცილებლობა არ იყო, რომ არა აქაც, სავარაუდოდ, მოსკოვის მითითება, ხელისუფლებაში მხოლოდ ტიტულოვანი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები არ ინიშნებოდნენ.

„კიდევ ერთი ვიცე-პრემიერი? რატომ? რა აზრი აქვს? რა მიზნები და ამოცანებია? რა სფეროები უნდა იყოს ზედამხედველობის ქვეშ? რამდენი მოადგილე? რამდენი მდივანი, მრჩეველი და თანაშემწეა ახალ ვაკანსიაზე? ფლობს თუ არა აფხაზურ ენას ასეთი თანამდებობისთვის შესაფერის დონეზე? კაბინეტი კიდევ უფრო დიდი ხდება? რატომ და ვისთვის ატარებთ ასეთ საშიშ ექსპერიმენტებს? უკვე გყავთ უსარგებლო ვიცე-პრემიერები; მათი განთავისუფლების ნაცვლად, კიდევ სხვას ასაქმებთ. ხალხის რისხვას ელოდებით?“ - ასეთი კომენტარით გამოეხმაურა ერთ ერთი ოპოზიციური Telegram-არხი კიდევ ერთი ვიცე-პრემიერის თანამდებობის შემოღებას.

41 წლის ალიას ავიძბასაც, რომელიც 5 მაისს დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა, ასევე მდიდარი „რუსული წარსული“ აქვს: 2009-2014 წწ. – სწავლობდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებულ რუსეთის სახელმწიფო ადმინისტრირების აკადემიაში, 2022 წლიდან კი მონაწილეობდა რუსეთის უკრაინაში შეჭრაში (ბრიგადა „პიატნაშკის“ შემადგენლობაში მეთაურობდა ერთ-ერთ ბატალიონს). 2023-2025 წწ.-ში იყო რუსეთის ფედერაციის განათლების მინისტრის მრჩეველი.

მოსალოდნელი ცვლილებები

ბევრი ადგილობრივი მიმომხილველი ვარაუდობდა, რომ 2026 წლის აპრილში სერგეი კირიენკოს სოხუმში სტუმრობას მოჰყვებოდა მნიშვნელოვანი "სამთავრობო" ცვლილებები. АМРА-life-მა ჯერ კიდევ 10 აპრილს დაწერა, რომ თანამდებობას დაკარგავს რამდენიმე მინისტრი და მათი მოადგილეებიო.

დე ფაქტო რესპუბლიკაში 5 მაისს დაწყებული სამთავრობო ცვლილებები იწინასწარმეტყველა კიდევ ერთმა Telegram-არხმა, რომლის „პროგნოზი და ინსაიდერული ინფორმაცია მათემატიკურად ზუსტი გამოდგა“:

„დიდი ხანია ვლაპარაკობთ, რომ ეს სისტემა გამოლპა და მართლაც, ჩვენ ვხედავთ, როგორ ერთი-მეორის მიყოლებით ათავისუფლებენ მინისტრებს. მაგრამ რა არის ეს? მართლა წმენდა თუ მორიგი მცდელობა, გადაარჩინონ ჩასაძირად განწირული გემი? <...> მინისტრების შეცვლა მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ გვინდა სისტემის შეცვლა. მინისტრს უნდა ეშინოდეს ხალხის და არ უნდა იყოს მორიგი როქის იმედად. <...> არა უბრალოდ გათავისუფლება, არამედ აუდიტი! ყველამ საჯაროდ ჩააბაროს ანგარიში საზოგადოებას: სად წავიდა ჯანდაცვაზე გამოყოფილი მილიარდები? სად არის დაპირებული შსს რეფორმა? არანაირი ჰორიზონტალური გადაადგილებები! საკმარისია ერთი და იმავე ადამიანების გადაყვანა-გადმოყვანა. თუ ადამიანმა ერთ ადგილზე გააფუჭა საქმე, მან სხვაგან არ უნდა ამოყვინთოს. პასუხისმგებლობა და არა პენსიაზე გაშვება“.

პოლიტიკის ანალიტიკოსებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ეს საკადრო ცვლილებები შეთანხმებულია მოსკოვთან (კირიენკოსთან), რის ვარაუდის საშუალებას იძლევა როგორც თავად ახალი კადრების ბიოგრაფიები, ასევე სერგეი კირიენკოს ჩართულობის მაღალი ხარისხი შიდააფხაზურ პოლიტიკურ პროცესებში.

სერგეი კირიენკო, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებს, 2025 წლიდან ოკუპირებული აფხაზეთის მთავარი კურატორია კრემლში. 2025 წლამდე ამ ფუნქციას დმიტრი კოზაკი ითავსებდა.

სწორედ კირიენკოს უშუალო ჩართულობითა და მხარდაჭერით მოახერხა გუნბამ 2025 წლის თებერვლის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება. კირიენკო პირადად სტუმრობდა რეგიონს საარჩევნო კამპანიის პერიოდში და გუნბას "მოსკოვის ფავორიტად" წარმოაჩენდა.

აფხაზეთში კირიენკოს გავლენა განსაკუთრებით თვალსაჩინოა ეკონომიკურ საკითხებში: სწორედ მისი ინიციატივითა და ზედამხედველობით შევიდა აფხაზეთში რუსული "პრომსვიაზბანკი" (PSB), რაც რუსული საბანკო ბარათების დანერგვასა და ფინანსური სისტემის რუსეთთან სრულ სინქრონიზაციას ისახავს მიზნად.

სერგეი კირიენკო (მარცნივ) და ბადრა გუნბა
სერგეი კირიენკო (მარცნივ) და ბადრა გუნბა

კირიენკო ასევე აქტიურად ლობირებს ენერგეტიკული ქსელების მოდერნიზაციას რუსული ინვესტიციებით, რაც დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან რუსული ენერგოგიგანტებისთვის კარის გახსნას გულისხმობს.

კირიენკო კურირებს სოხუმის აეროპორტის რეაბილიტაციისა და რკინიგზის პროექტებს, რაც რეგიონის რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას კიდევ უფრო ზრდის.

კირიენკო ადგილობრივ დე ფაქტო ხელისუფლებაზე დაყრდნობით, აფხაზეთში ატარებს პოლიტიკას, რომელიც მიმართულია აფხაზეთის საზოგადოების რუსულ იდეოლოგიურ სივრცეში უფრო ღრმა ინტეგრაციისკენ, რაც მოიცავს კულტურულ და სპორტულ პროექტებს, სადაც აქცენტი კეთდება რუსეთთან ერთიანობასა და რუსეთის რეგიონებთან კავშირების გაბმაზე.

კირიენკო რეგულარულად ჩადის სოხუმში (2025 წელს ექვსჯერ ეწვია სოხუმს), რათა პირადად შეამოწმოს, როგორ სრულდება მისი დავალებები და მოსკოვიდან გამოყოფილი ფინანსების ხარჯვა.

ექსპერტთა შეფასებით, ბადრა გუნბა კრემლისთვის უკიდურესად ხელსაყრელი ფიგურაა, რომლის მეშვეობითაც კირიენკო აფხაზეთს სრული ეკონომიკური და პოლიტიკური ანექსიისთვის ამზადებს. თუ ადრე აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერები გარკვეულ "თვითმყოფადობას" ინარჩუნებდნენ მოსკოვთან ურთიერთობაში, გუნბას პერიოდში კირიენკოს (მოსკოვის) გავლენა პრაქტიკულად შეუზღუდავი გახდა.

ბადრა გუნბას ე.წ. პრეზიდენტობაც მთლიანად სერგეი კირიენკოს ძალისხმევის ნაყოფია. რომ არა კირიენკო, ასლან ბჟანიას, მაღალი ალბათობით, ოპოზიციის ლიდერი და აფხაზეთში რუსული ინიციატივების მოწინააღმდეგე ადგურ არძინბა შეცვლიდა. თუმცა კირიენკომ გუნბას “გაპრეზიდენტებაზე” მეტსაც მიაღწია. სწორედ მის ძალისხმევას უკავშირებენ იმას, რომ “შეურიგებელი და რადიკალი” ოპოზიციონერი ადგურ არძინბა ე.წ. კონსტრუქციულ ოპოზიციად აქცია.

2026 წლის თებერვალში ადგურ არძინბამ ბევრისთვის მოულოდნელად საჯაროდ გამოუცხადა მხარდაჭერა მოქმედ ე.წ. პრეზიდენტს, ბადრა გუნბას.

“მე მოგმართავთ არა როგორც პოლიტიკოსს ან კანდიდატს, არამედ როგორც აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეს. ამ რანგში მზად ვარ თქვენ გვერდით დავდგე და წინააღმდეგობა გავუწიო ნებისმიერ გარე და შიდა ზეწოლას, დავიცვა აფხაზეთის პოზიცია ყველა დონეზე“, — დაწერა არძინბამ, რომლის თქმითაც, ურთიერთბრალდებები და შიდა ომები დღეს “მიუღებელი ფუფუნებაა“, როცა “რესპუბლიკა გარე და შიდა გამოწვევების წინაშე დგას”.

2026 წლის 5 მაისს ჟურნალისტ ინალ ხაშიგისათვის მიცემულ ინტერვიუშიც გაიმეორა, რომ აფხაზეთს სჭირდება შიდა პოლიტიკური სტაბილურობა და ყველა პოლიტიკური ძალის გაერთიანება გარე საფრთხეების წინაშე და რომ თვითონ მზადაა დიალოგისა და პრეზიდენტ ბადრა გუნბასთან აქტიური თანამშრომლობისთვის.

ადგურ არძინბამ, რომელიც 2025 წლის არჩევნებში დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. მოქმედი პრეზიდენტის, ბადრა გუნბას მთავარი კონკურენტი იყო, მეორე ტურში ხმების 42% მიიღო.

რაც შეეხება ჯერ კიდევ შემორჩენილ ე.წ. არაკონსტრუქციულ ოპოზიციას, მათ წინააღმდეგ განსაკუთრებული გულმოდგინებით მუშაობს მოსკოვი, რის მაგალითადაც გამოდგება დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტის წევრი კან კვარჩია, რომლის წინააღმდეგ რუსეთის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და რომლის გასამართლებასაც რუსეთის ფედერაციის (ქ. სოჭის) სასამართლო აპირებს.

Telegram-არხ „აფხაზია ცენტრის“ მიხედვით, აფხაზეთის "პარლამენტის" წევრი კან კვარჩია რუსეთში სასამართლოს წინაშე წარდგება. 28 აპრილს სოჭის პროკურატურამ დაამტკიცა საბრალდებო დასკვნა რუს პოლიტტექნოლოგებზე თავდასხმის საქმეში, რომელშიც ბრალდებულია კან კვარჩია. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, კვარჩიას 8-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG