Accessibility links

სანდრო ბრეგაძე იმუქრება: "ქართული მარში" LGBTQI პრაიდს არ დაუშვებს


სანდრო ბრეგაძე

"ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერი, სანდრო ბრეგაძე ამბობს, რომ ის და მისი ორგანიზაცია არ დაუშვებს თბილისში გეი მარშის, ჩატარებას. ბრეგაძეს მხედველობაში აქვს "თბილისი პრაიდი", რომლის გამართვასაც ლგბტქი აქტივისტები 18-23 ივნისს გეგმავენ.

" ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ საქართველოს ხელისუფლება, არაერთხელ გავაფრთხილეთ "სოროსის ფონდი", არაერთხელ გავაფრთხილეთ "გეი ორგანიზაციები", რომ ნუ აწყობენ პროვოკაციებს და ნუ ცდილობენ გარყვნილების პროპაგანდა მასობრივი გახადონ და საქართველოს მოსახლეობას თავს მოახვიონ თავიანთი გარყვნილი იდეები და იდეალები." - ამბობს სანდრო ბრეგაძე 19 თებერვალს გაკეთებულ ვიდეოჩანაწერში, რომელსაც ის Facebook-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

სანდრო ბრეგაძის თქმით, მას შემდეგ რაც ორგანიზაციამ გამოაცხადა სტრუქტურული ცვლილებები, შესაძლოა, ბევრს გაუჩნდა შეგრძნება, რომ "ქართული მარში" დაიშალა, თუმცა ეს ასე არ არის და ისინი ყველაფერს გააკეთებენ რათა არ დაუშვან თბილისში გეი პრაიდის ჩატარება. სანდრო ბრეგაძე ასევე ამბობს, რომ მიმდინარე პროცესები იმის შედეგია, რომ ხელისუფლება და კერძოდ შსს მინისტრი ლობირებს გეი ორგანიზაციებს, პარალელურად კი "ქართულ მარშს" ავიწროებენ.

სანდრო ბრეგაძე ემუქრება პოლიციასაც. იმ შემთხვევაში თუ კი სამართალდამცველები იზრუნებენ ორგანიზატორთა უსაფრთხოებაზე "ისევე მოგეპყრობით როგორც ეპყრობოდნენ ჩვენი წინაპრები მოღალატეებს. არ გვეშინია არც თქვენი ნიღბიანების და არც თქვენი სპეცრაზმის." - მიმართავს სანდრო ბრეგაძე პირადად შინაგან საქმეთა მინისტრს.

უფლებადამცველი ლევან ბერიანიძე თვლის, რომ სანდრო ბრეგაძის განცხადება მუქარას შეიცავს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედებისკენ მოუწოდებს.

"განცხადება არის მუქარა და ქმნის ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიან შიშს ამ ადამიანის და მასთან დაკავშირებული ხალხის წარსული ქმედებები. დამატებით, ეს ადამიანი იმუქრება ჯგუფურად და ემუქრება ჯგუფს, თავად სახელმწიფო ინსტიტუტებსაც! იქიდან გამომდინარე, რომ მათ ძალადობრივი ქმედებები ადრე არაერთხელ განუხორციელებიათ, მუქარის ადრესატებს სიცოცხლის მოსპობის და/ან ჯანმრთელობის დაზიანების საფუძვლიანი შიში გვიჩნდება.

შესაბამისად, მუქარის ადრესატების განცხადების საფუძველზე შსს-მ უნდა დაიწყოს გამოძიება და დააკავოს სანდრო ბრეგაძე. შსს-ს ასეთ რეაგირებას პრევენციული ხასიათი ექნება არამარტო ამ კონკრეტული მუქარის შემთხვევაში, არამედ სხვა მოძალადე პირებსაც გაუქრობს ძალადობის ჩადენის მოტივაციას."

რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ პრაიდის ორგანიზატორებს მათთვის ოფიციალური წერილით არ მიუმართავთ, სანდრო ბრეგაძის მიერ გავრცელებულ მუქარის შემცველ განცხადებაზე კი კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

ლგბტქი აქტივისტები თბილისში 18-23 ივნისს პრაიდს გეგმავენ სახელწოდებით "თბილისი პრაიდი". თბილისი პრაიდის ფარგლებში სხვადასხვა სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ღონისიძიება იგეგმება.

ორგანიზატორები წერენ, რომ 23 ივნისს კვირეულს დაასრულებს ღირსების მარში, რომლის ფორმაც არ იქნება საზეიმო, რადგან მათი თქმით, „საქართველოში დღეს ქვიარებს არ ეზეიმება".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG