Accessibility links

site logo site logo

სანდუ-გავრილიცას ტანდემის „ყველაზე მნიშვნელოვანი მისია“


მოლდოვის ვიცე-პრემიერი ანდრეი სპინუ, პრეზიდენტი მაია სანდუ და პრემიერ-მინისტრი ნატალია გავრილიცა. 2021 წლის 6 აგვისტო

6 აგვისტოს მოლდოვის პოლიტიკურ ცხოვრებაში ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა მოხდა - ქვეყნის ახლად არჩეულმა პარლამენტმა უმრავლესობით, 63 ხმით, დაუჭირა მხარი პრემიერ-მინისტრის პოსტზე პრეზიდენტ მაია სანდუს მიერ წარდგენილ ნატალია გავრილიცას კანდიდატურას. ამგვარად, ესტონეთის შემდეგ მოლდოვა გახდა მსოფლიოში მეორე ქვეყანა, სადაც ქალი პოლიტიკოსები ერთდროულად იკავებენ პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის პოსტებს.

მაგრამ, ეკონომიკურად წელში გამართული და პროგნოზირებადი, ნატოსა და ევროკავშირის წევრი ესტონეთისგან განსხვავებით, მოლდოვის ქალ ლიდერებს სამართავად მემკვიდრეობით ერგოთ ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური პრობლემების წინაშე მდგარი ქვეყანა. პირველ ყოვლისა, ესაა პოლიტიკური ცხოვრების სფეროში ფესვებგამდგარი უზარმაზარი კორუფცია და გავლენიანი ოლიგარქიულ-კლანური სისტემა, რომელმაც, მაია სანდუს თქმით, ქვეყანა ღრმა კრიზისში შეიყვანა.

მაგრამ ფაქტია ისიც, რომ კრიზისის დასაძლევად და აუცილებელი რეფორმების გასატარებლად პროევროპელი მაია სანდუ უკვე სრულად აკონტროლებს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას, რაც სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას იძლევა.

„პატიოსანი მთავრობის“ პრიორიტეტები

თუ 11 ივლისის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პროსაპრეზიდენტო „მოქმედებისა და სოლიდარობის“ პარტიამ 101-მანდატიან პარლამენტში 63 მანდატი მოიპოვა, ერთ თვეზე ნაკლებ ვადაში მმართველ ძალას უკვე თავისი პრემიერ-მინისტრიც ჰყავს, ჰარვარდის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებული ნატალია გავრილიცას სახით, რომელმაც ახალ მინისტრთა კაბინეტთან ერთად საქმედ უნდა აქციოს პრეზიდენტ მაია სანდუს მთავარი საარჩევნო პროგრამა - დაასრულოს მოლდოვაში ხაზინის ქურდების ეპოქა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი მისია იმის ჩვენებაა, რომ პატიოსანი მთავრობა სასარგებლოა ქვეყნისთვის და მოლდოვას აქვს შანსი, დაბრუნდეს ღირსეული სახელმწიფოების რიგში. ეს მთავრობა არ მოიპარავს, პროცენტებად არ დაინაწილებს სახელმწიფოს თანხებს, არ დააფარებს ხელს ბანდიტებსა და ქურდებს. ჩვენ გავწმენდთ სახელმწიფო ორგანოებს კორუმპირებული ადამიანებისგან, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიბრუნოთ თანხები სხვადასხვა სქემით გაუჩინარებული მილიარდებიდან. ჩვენ შევეცდებით კორუმპირებულთა ქონების კონფისკაციას და ამ ფულით გავარემონტებთ სკოლებს, კულტურის სახლებსა და გზებს“, - განაცხადა 6 აგვისტოს, პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, მოლდოვის ახალმა პრემიერ-მინისტრმა.

ასეთი ჩანაფიქრი სანდუ-გავრილიცას ტანდემს 2 წლის წინაც ჰქონდა, როდესაც მოლდოვის დღევანდელი პრეზიდენტი კოალიციური მთავრობის პრემიერ-მინისტრი იყო, ხოლო მისი თანამოაზრე, ნატალია გავრილიცა - ფინანსთა მინისტრი.

მაგრამ ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში დაწყებული დაპირისპირების გამო 2019 წლის ნოემბერში მოლდოვის პარლამენტში დაიშალა პრორუსულად განწყობილი მოლდოველი „სოციალისტებისა“ და პროდასავლურ ბლოკ „ACUM“-ის კოალიცია, რასაც პრემიერ-მინისტრ მაია სანდუს მთავრობის გადადგომაც მოჰყვა.

მაგრამ ამ კრიზისმა სანდუს წინაშე ახალი შესაძლებლობა გააჩინა, დაანახვა, რაოდენ ფუჭია „ძველ ტიკებში ახალი ღვინის ჩასხმის“ მცდელობა - ოლიგარქიულ სისტემასთან შეზრდილ „სოციალისტებთან“ ერთად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და რეფორმების გატარება, და მან პოლიტიკურ ველზე დამოუკიდებლად მოქმედების მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო.

პრემიერ-მინისტრის პოსტზე განცდილი მარცხიდან ზუსტად 1 წლის თავზე მაია სანდუმ პრეზიდენტის არჩევნებში დამაჯერებლად დაამარცხა პრორუსულად განწყობილი ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი იგორ დოდონი და ქვეყნის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი ქალი გახდა.

ევროკავშირის დახმარების იმედად

სანდუს ამ ისტორიული გამარჯვების შემდეგ, 11 ივლისის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პროსაპრეზიდენტო „მოქმედებისა და სოლიდარობის“ პარტიას ამომრჩეველთა 52,80-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი, ხოლო მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტების, ვლადიმირ ვორონინისა და იგორ დოდონის, მეთაურობით მოქმედი კომუნისტებისა და სოციალისტების საარჩევნო ბლოკი 27,17 პროცენტით მეორე ადგილს დასჯერდა.

„მოქმედებისა და სოლიდარობის“ პარტიის ამ გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მოლდოვის პროსაპრეზიდენტო პარტიის ვიცე-თავმჯდომარემ, საკმაოდ შთამბეჭდავი ბიოგრაფიის მქონე 43 წლის ნატალია გავრილიტამ, რომელსაც მაია სანდუმ ახალი მთავრობის ფორმირება დაავალა.

„გავრილიცა განათლებით იურისტია, სწავლობდა ჰარვარდის სამართლის სკოლაში. იგი მუშაობდა განათლების სამინისტროში სახელმწიფო მდივნად. გავრილიტას რეზიუმეში გვხვდება ასევე ლონდონში გლობალური ინოვაციების ფონდში საქმიანობა, ორი წლის წინ კი მაია სანდუს მთავრობაში მას ეკავა ფინანსთა მინისტრის პოსტი. ასე რომ, ნატალია გავრილიცა არის ძლიერი ფიგურა და, შესაბამისად, ხალხში არის დიდი მოლოდინი, რომ იგი თავს გაართმევს წარმოდგენილ პროგრამას და შეძლებს წარმატების მიღწევას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასა და იუსტიციის სფეროს რეფორმირებაში“, - ამბობს ვალენტინა ურსუ, რადიო თავისუფლების კიშინიოვის ბიუროს თანამშრომელი.

სანდუ-გავრილიცას ტანდემს აქვს მძლავრი მოტივაცია, მწყობრი პროგრამა, კომპეტენცია და საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობის მხარდაჭერა მოლდოვის კრიზისიდან გამოსაყვანად და სწრაფი რეფორმების განსახორციელებლად, მაგრამ, აღმოსავლეთის პარტნიორობის სხვა ქვეყნების - უკრაინისა და საქართველოს - მსგავსად, კორუფციაში ღრმად ჩაფლული პოლიტიკური და სასამართლო სისტემების რეფორმირება მოლდოვაშიც ვერ მოხდება ერთბაშად და უმტკივნეულოდ.

მოლდოვის ახალი მთავრობის წევრები
მოლდოვის ახალი მთავრობის წევრები

„ამას მნიშვნელოვანი წინაღობები აქვს: უპირველეს ყოვლისა, სასამართლოსა და პროკურატურაში გამეფებული "სისტემა" - ის, რასაც საქართველოში "კლანს" ვუწოდებთ ხოლმე - ძირითადად ოლიგარქ ვლად პლახოტნიუკის ხალხითაა დაკომპლექტებული. მათი მოშორება გაჭირდება თუნდაც იმიტომ, რომ კანონიერად ამის გაკეთება რთულია და, თან, არც კადრებია საკმარისი. მეორე პრობლემა საჯარო სამსახურის სრული დემოტივაცია და კვალიფიციური მოლდოველების ქვეყნიდან გადინებაა. მოკლედ, სანდუს მოსვლა არის შანსი მოლდოვისთვის, მაგრამ ამ შანსის რეალიზების შესაძლებლობები არც ისე მაღალია“, - ამბობს „ევროპის მოამბის“ რედაქტორი ჯაბა დევდარიანი.

ერთი სიტყვით, კორუფციის დამარცხება შეუძლებელია კორუმპირებული სასამართლო სისტემით.

ამ გამოწვევას ხედავს მოლდოვის მმართველი ტანდემი, რომელსაც დიდი რეფორმებისთვის სურვილი უფრო დიდი აქვს, ვიდრე ფინანსური შესაძლებლობები. ევროპის უღარიბესი ქვეყნის ბიუჯეტს ჯერ კიდევ მძიმე ტვირთად აწევს პროევროპული კოალიციის მმართველობის დროს, 2009-2013 წლებში, კორუფციული სქემის შედეგად ბანკებიდან გამქრალი 1 მილიარდი დოლარი, რაც მოლდოვის მთლიანი შიდა პროდუქტის, დაახლოებით, 10 %-ს შეადგენს.

მაგრამ მოლდოვის პროდასავლური ტანდემი, როგორც ზემოთ ითქვა, დარწმუნებულია, რომ შეძლებს დაიბრუნოს მოლდოვიდან გამქრალი თანხა და დაამარცხოს კორუფცია, რაშიც ნატალია გავრილიცას მთავრობას, მოსახლეობის მხარდაჭერის გარდა, ევროკავშირის ფინანსური დახმარების იმედიც აქვს.

სისტემური რეფორმების განსახორციელებლად 2022-2024 წლების განმავლობაში მოლდოვას ევროკავშირი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი 600 მილიონი ევროს ($708 მილიონი) გამოყოფას ჰპირდებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG