Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპოლიციო გამშვები პუნქტები კასპის მუნიციპალიტეტში, სამ სოფელში ეპიდვითარება მძიმდება


კასპის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. იგოეთში, სამთავისსა და ქვემო ჭალაში პოლიციელები დილიდან გამოჩნდნენ და საკონტროლო გამშვები პუნქტები მოაწყვეს. აღნიშნული სოფლების ტერიტორიაზე შემსვლელ-გამომსვლელ მოქალაქეებს ადგილზე უტარდებათ თერმოსკრინინგი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - ტესტირება. ადგილობრივებმა უკვე იციან, რომ ინფიცირების შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება. კასპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა 128 პირს უკვე მისცა თვითიზოლაციაში გადასვლის რეკომენდაცია.

მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული მდგომარეობის შესახებ განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ სოფლებში შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არ წესდება სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები.

ადგილზე იმყოფებოდა შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კობა ცერცვაძე, რომელმაც განაცხადა, რომ გამშვები პუნქტების მოწყობა მხოლოდ პრევენციულ ხასიათს ატარებს.

კასპის მუნიციპალიტეტში სამხარეო ხელისუფლების წარმომადგენლებიც ჩავიდნენ და ადგილზე გაეცვნენ ვითარებას. რეგიონის ვიცე-გუბერნატორი ნუგზარ სამხარაძე ამბობს, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

კასპის რაიონის სამ სოფელში - იგოეთში, სამთავისსა და ქვემო ჭალაში - 6 დღეში კორონავირუსი 81 პირს დაუდასტურდა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შიდა ქართლის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსმა, ლევან ბაიდოშვილმა, მიაწოდა.

მისი თქმით, სოფლებში, დაახლოებით, 1500 პირი ცხოვრობს და ინფიცირების შემთხვევების ეს რაოდენობა საკმაოდ მაღალია.

"ამ დაავადებულ პირთაგან საკმაოდ ბევრი არის ეკლესიის მრევლი, მსახურები. ამ მრევლში შედიან პედაგოგები, მოსწავლეები, კულტურის სახლის თანამშრომლები და ა.შ. მძიმე შემთხვევები არ არის და, აქედან გამომდინარე, მათი აბსოლუტური უმრავლესობა არის ბინაზე მკურნალობის რეჟიმზე", - უთხრა ბაიდოშვილმა რადიო თავისუფლებას.

მისივე თქმით, ინფიცირებულები 25 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით გამოვლინდნენ და სწორედ მათი რეკომენდაციით მოეწყო ამ სოფლების შესასვლელებში კორონავირუსის პრევენციისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს საკონტროლო პუნქტები. ადგილობრივების თქმით, ინფიცირების პირველი შემთხვევები სამთავისის ეკლესიის სასულიერო პირებსა და მრევლს შორის გამოვლინდა. კორონავირუსით ინფიცირებულია კასპი-სამთავისის მიტროპოლიტი დამიანეც.

ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევიდან 30 შიდა ქართლიდან არის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG