არის რამდენიმე „ბუნტის ძაღლი“, რომლებსაც უკვე მთელი მსოფლიო იცნობს - ლოუკი და კანელოსი ათენიდან, ჩილელი მატაპაკოსი - "პოლიციელების მკვლელი", ჩილო - მიმიტინგეების თანამგზავრი სომხეთიდან და თბილისელი, უსახელო თავისუფალი ძაღლები.
ქუჩის ძაღლები აქციების უცვლელი წევრები არიან, ამას ყველა შეამჩნევდა, ვისაც ოდესმე რამე გაუპროტესტებია. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს თბილისშიც, სადაც საპროტესტო გამოსვლებიც ბევრია და ქუჩის ძაღლებიც მრავლადაა.
ისინი ხან პოლიციის მანქანებს მისდევენ, ხან ხელკეტიან სპეცრაზმელებს უყეფენ.
ხან „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ, ეგზოტიკური ცხოველების მოყვარულ, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილისათვის მიტანილ ზებრას ეპატრონებიან.
ხან უბრალოდ აქციის მონაწილეებთან ერთად არიან.
ზოგი აქციაზე თავის ძაღლთან ერთად მოდის.
ზოგი ფანჯრიდან შესცქერის დემონსტრაციას.
2024 წლის ოქტომბერში, როდესაც რუსთაველის გამზირზე მმართველი პარტიის აქცია უნდა გამართულიყო, მერიამ ძაღლები დროებით ტერიტორიიდან გაიყვანა, ბევრ ხალხში შეიძლება დაიბნენ და ვინმე დაკბინონო.
სახელწოდება „ბუნტის ძაღლი“ ათენის საპროტესტო გამოსვლების დროს წარმოიშვა.
2008 წლის დეკემბერში საბერძნეთის პოლიციამ მოკლა ბერძენი მოსწავლე, 15 წლის ალექსის გრიგოროპოულოსი. ამ ამბავმა ათასობით ადამიანი გამოიყვანა ქუჩაში. მოგვიანებით აჯანყებამ საბერძნეთის სხვა ქალაქებიც მოიცვა და პროტესტის მიზეზებიც გაიზარდა: კორუფცია, ეკონომიკური მდგომარეობა და ა.შ. აქციის მონაწილეები და პოლიცია ხშირად უპირისპირდებოდა ერთმანეთს. ისროდნენ მოლოტოვის კოქტეილებს, გაზის ფლაკონებს...
ამ არეულობაში აქციის მონაწილეებს მუდმივად ახლდათ ქუჩის რამდენიმე ძაღლი.
ყველაზე მეტად აქციის მონაწილეებს თავი წითურმა ლოუკანიკოსმა, შემოკლებით ლოუკიმ დაამახსოვრა. ეს სიტყვა ბერძნულად სოსისს ნიშნავს. ძაღლი მუდამ იმათ „მხარეს“ იყო, ვინც აპროტესტებდა. ბევრჯერ სტუდენტებთან ერთად ყლაპა პოლიციის მიერ აქციების დასაშლელად გამოყენებული გაზი.
ერთ აქციაზე პოლიციელების ნაწილიც გაიფიცა. როდესაც ორივე მხარეს ფორმიანი ხალხი დაინახა, ლოუკანიკოსი ჯერ დაიბნა, მაგრამ შემდეგ კვლავ იმათ „მიემხრო“, ვისაც უტევდნენ.
ათენის აქციებიდან დაიმახსოვრეს ხვადი მეტისი კანელოსიც (დარიჩინი, ბერძ.) და თოდორისი, რომელზეც ეჭვობდნენ, რომ კანელოსის ლეკვი იყო. ეს ძაღლები თითქმის ყველა იმ მედიასაშუალების კადრებში მოხვდნენ, ვინც იმ დროს პროტესტს აშუქებდა.
კიდევ ერთი ბუნტის ძაღლი მსოფლიომ ჩილეს სტუდენტური გამოსვლებიდან გაიცნო - ნეგრო მატაპაკოსი (ნეგრო ესპანურად შავს ნიშნავს, მატაპაკოს - პოლიციელების მკვლელს). ძაღლი 2011-2013 წელს პროტესტის მონაწილეებს დაჰყვებოდა და მათ თავდამსხმელებისგან იცავდა.
წითელყელსახვევიანი შავი ძაღლის სახე პოპულარული გახდა 2019 წელსაც, როდესაც ჩილეში მორიგი აქციები იმართებოდა.
დღეს ჩილეში ნეგრო მატაპაკოსის გამოსახულებას ბევრგან წააწყდებით. მასზე მულტფილმიც არის შექმნილი.
ჩილეს პროტესტიდან დაიმახსოვრეს კიდევ ერთი ძაღლიც - ელ ვაკიტა, რაც ესპანურად პატარა ძროხას ნიშნავს. ნაცრისფერი, შავხალებიანი ძაღლი ხშირად ებმებოდა ორთაბრძოლაში და ცდილობდა აქციის მონაწილეები პოლიციელებისგან დაეცვა.
ბუნტის ძაღლი გამოჩნდა სომხეთის 2018 წლის აქციებისაც - ჩილო. ის ძალიან ჰგავდა ელ ვაკიტას - რუხი, შავი ხალებით. ჩილო სომხეთის ახლანდელი პრემიერის ნიკოლ ფაშინიანისა და მისი მომხრეების მარშს გიუმრიდან გამოჰყვა და ერევნამდე იარა. ამ ორ ქალაქს შორის კი დაშორება 200 კილომეტრია. ერევანშიც 14 დღე მომიტინგეებთან იყო. ერთხელ ჩილოს მანქანამაც დაარტყა, მაგრამ აქციის მონაწილეებმა უმკურნალეს.
საპროტესტო აქციების შემდეგ ბუნტის ძაღლები ბოლომდე რჩებოდნენ საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ხალხმა მათზე ზრუნვა პროტესტის შემდეგაც გააგრძელა.