Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სარმატი“ - ყველაზე მძლავრი რაკეტა მსოფლიოში თუ ნიღაბი, რითაც პუტინი სისუსტეს მალავს?

რუსული საკონტინენტთაშორისო რაკეტა "სარმატი"
რუსული საკონტინენტთაშორისო რაკეტა "სარმატი"

პუტინი აცხადებს, რომ „სარმატი“ ყველაზე ძლიერი რაკეტაა, რომელსაც ნებისმიერი სისტემის გარღვევა შეუძლია. თუმცა წარუმატებელი გამოცდები, გაჭიანურებული პროგრამა და ISW-ის შეფასებები აჩენს კითხვას: ეს რეალური სამხედრო უპირატესობაა, თუ პოლიტიკური ნიღაბი, რომელიც კრემლის რეალურ პრობლემებს მალავს?

სარაკეტო კომპლექსი „სარმატი“ დასავლურ ანალოგებზე ოთხჯერ ძლიერია, ხოლო მისი მოქმედების რადიუსი 35 ათას კილომეტრს აღწევს — ამტკიცებს რუსეთის პრეზიდენტი. ვლადიმირ პუტინის თქმით, „სარმატი“ საბრძოლო მორიგეობაზე 2026 წლის ბოლომდე დადგება".

პატაკი

12 მაისს რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა ვებსაიტმა გამოაქვეყნა ვიდეოკადრები, რომლებშიც რუსეთის სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების (РВСН) სარდალი, გენერალ-პოლკოვნიკი სერგეი კარაკაევი დისტანციურად უპატაკებს ვლადიმირ პუტინს:

“ამხანაგო უმაღლესო მთავარსარდალო! დღეს, 11 საათსა და 15 წუთზე, სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარებმა გაუშვეს უახლესი მძიმე თხევადსაწვავიანი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა „სარმატი“. გაშვება წარმატებული იყო. დასახული ამოცანა შესრულებულია!”

გენერალ-პოლკოვნიკი სერგეი კარაკაევი დისტანციურად აბარებს პატაკს ვლადიმირ პუტინს. 2026 წ. 12 მაისი
გენერალ-პოლკოვნიკი სერგეი კარაკაევი დისტანციურად აბარებს პატაკს ვლადიმირ პუტინს. 2026 წ. 12 მაისი

გენერალ კარაკაევის თქმით, სარაკეტო კომპლექს „სარმატის“ წარმატებული გამოცდა საშუალებას მისცემს რუსეთს, მიმდინარე წლის ბოლომდე საბრძოლო მორიგეობაზე დააყენოს ამ კომპლექსით აღჭურვილი პირველი სარაკეტო პოლკი კრასნოიარსკის მხარის უჟურის შენაერთში: „სარმატის“ განთავსება „მნიშვნელოვნად გაზრდის“ სახმელეთო სტრატეგიული ბირთვული ძალების საბრძოლო შესაძლებლობებს. „სარმატის“ მახასიათებლები რაკეტას საშუალებას მისცემს, გარანტირებულად გადალახოს როგორც არსებული, ასევე პერსპექტიული ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემები“.

პატაკის მიღებისა და რუსეთის სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების დახვეწაზე ზოგადი საუბრის შემდეგ, ვლადიმირ პუტინმა კონკრეტულად „სარმატის“ მნიშვნელობაზე ილაპარაკა:

"პირველ რიგში, ეს არის მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სარაკეტო კომპლექსი, რომელიც სიმძლავრით არ ჩამოუვარდება ჩვენს შეიარაღებაში არსებულ „ვოევოდას“ სარაკეტო კომპლექსს, რომელიც საბჭოთა წარმოებისაა. “სარმატის” მიერ გადატანილი საბრძოლო მუხტის საერთო სიმძლავრე ოთხჯერ მეტია ყველაზე ძლიერი დასავლური ანალოგის სიმძლავრეზე.

მეორე — და ეს მთავარია — რაკეტას შეუძლია იმოძრაოს არა მხოლოდ ბალისტიკური, არამედ სუბორბიტალური ტრაექტორიითაც, რაც უზრუნველყოფს 35 ათას კილომეტრზე მეტ მოქმედების რადიუსს. ამასთან ერთად, სიზუსტის მახასიათებლები ორჯერ არის გაუმჯობესებული და, ბოლოს, მას შეუძლია გადალახოს ყველა არსებული და პერსპექტიული ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა. მიმდინარე წლის ბოლოს „სარმატი“ მართლაც დადგება საბრძოლო მორიგეობაზე".

სუბორბიტალური, ჰიპერბგერითი, ძვირადღირებული

35 ათასი კილომეტრის მოქმედების რადიუსი საშუალებას იძლევა, რაკეტა სამიზნისკენ ნებისმიერი ტრაექტორიით გაიგზავნოს და არა მხოლოდ უმოკლესი გზით. ეს მნიშვნელოვნად ართულებს მის ჩამოგდებას, რადგან ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემები გათვლილია რაკეტების ფრენის განსაზღვრულ პარამეტრებზე.

დიდი ტვირთამწეობა (10 ტ) საშუალებას იძლევა, რაკეტაზე ბევრი საბრძოლო ბლოკი განთავსდეს ან მათი ნაწილი ცრუ სამიზნეებით ჩანაცვლდეს, რაც მის გამოჭერას კიდევ უფრო გაართულებს. გარდა ამისა, ასეთი მახასიათებლების მქონე რაკეტას შეუძლია ჰიპერბგერითი პლანირებადი ბლოკის გაშვებაც.

ასეთი ბლოკები დიდ სიმაღლეზე ადიან, რის შემდეგაც იწყებენ დედამიწისკენ პლანირებას და ჰიპერბგერითი სიჩქარით სამიზნეებთან მიახლოებას. ამის გამო ძალიან რთულია მათი გადაჭერა.

სახელმწიფო საიდუმლოებაა, თუ რამდენი „სარმატის“ გაკეთებას გეგმავს რუსეთი. ექსპერტების შეფასებით, შესაძლოა საუბარი იყოს რამდენიმე ათეულ რაკეტაზე. ამგვარი ვარაუდის საფუძველს იძლევა იმ შახტების რაოდენობა, რომლებიც მძიმე საბჭოთა რაკეტების, Р-36-ის შემდეგ დარჩა.

როგორც შეიარაღების ექსპერტები განმარტავენ, ახალი რაკეტის შექმნა ძალიან ძვირადღირებული პროექტია და მისი ფასი, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებაა, დიდად არის დამოკიდებული საცდელი გაშვებების რაოდენობაზე.

საცდელი წარუმატებლობები

რუსული შორი მოქმედების მძიმე საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა „სარმატი“ სტრატეგიული ბირთვული შეკავებისთვის არის განკუთვნილი. რუსეთის ახალი თაობის ბირთვული შეიარაღების პროგრამის თანახმად, „სარმატმა“ უნდა ჩაანაცვლოს საბჭოთა რაკეტა Р-36М - იგივე „ვოევოდა“, ნატოს კლასიფიკაციით SS-18 - Satan.

„სარმატი“ თხევადსაწვავიან ძრავას იყენებს, მას დაცული შახტებიდან უშვებენ და შეუძლია ატაროს ინდივიდუალური დამიზნების რამდენიმე საბრძოლო ბლოკი — ანუ ერთ რაკეტას შეუძლია სხვადასხვა სამიზნეზე რამდენიმე ქობინი მიიტანოს. ღია მონაცემებით, „სარმატის“ მოქმედების რადიუსი დაახლოებით 18 ათას კილომეტრს აღწევს, რაც სხვა კონტინენტებზე მდებარე სამიზნეების განადგურების შესაძლებლობას იძლევა.

ვლადიმირ პუტინი „სარმატის“ საბრძოლო მორიგეობაზე „უახლოეს მომავალში“ დაყენებას ჯერ კიდევ 2023 წელს ჰპირდებოდა, თუმცა „სარმატის“ გამოცდების სერიას წარსულში არაერთი წარუმატებლობა ახლდა. ღია წყაროებისა და სატელიტური ფოტოებით გავრცელებული მონაცემების მიხედვით, 2024 წლის სექტემბერში, სავარაუდოდ, ავარიით დასრულდა რაკეტის ერთ-ერთი საცდელი გაშვება პლესეცკის პოლიგონზე: შახტის ადგილზე დიდი კრატერი გაჩნდა, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ რაკეტა სტარტიდან მალევე ან უშუალოდ გამშვებ დანადგარში აფეთქდა, რამაც, თავის მხრივ, პროგრამის სანდოობასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გააჩინა.


ღია წყაროებიდან ასევე ცნობილია, რომ „სარმატი“ მხოლოდ სამჯერ გამოცადეს, რომელთაგან წარმატებული მხოლოდ ერთი აღმოჩნდა.

„როგორც წესი, საბჭოთა პერიოდში გამოცდების სერია დაახლოებით 10 გაშვებისგან შედგებოდა, ზოგჯერ უფრო მეტისგანაც, — განუცხადა BBC-ს რუსულ სამსახურს პროექტ „რუსეთის ბირთვული შეიარაღების“ ხელმძღვანელმა, პაველ პოდვიგმა, - მეორე მხრივ, როდესაც ასეთი რაკეტა უკვე მიღებულია შეიარაღებაში და შახტებში დგას, ვერავინ ვერასდროს გაიგებს, რეალურად რამდენად საიმედოა ის, რადგან ასეთი რაკეტების რეალური ფუნქცია მოწინააღმდეგის შეკავებაა“.


"სარმატის" გამოცდა. 2018 წ. 19 ივლისი
"სარმატის" გამოცდა. 2018 წ. 19 ივლისი


მყარი თუ თხევადი?!

რუსეთში ახალი მძიმე საკონტინენტთაშორისო რაკეტის შექმნა 2010-იანი წლების დასაწყისში დაიწყეს. ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ უკრაინულმა კომპანია „იუჟმაშის“ კონსტრუქტორებმა უარი თქვეს რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალების შეიარაღებაში არსებული რაკეტების, Р-36М-ების („ვოევოდას“ - ნატოს კლასიფიკაციით Satan) ტექნიკურ მომსახურებაზე. ამ ტიპის რაკეტებს თხევადსაწვავიანს უწოდებენ. მათი საწვავი ორი კომპონენტისგან შედგება — უშუალოდ საწვავისა და დამჟანგველისგან. როგორც წესი, საწვავი და განსაკუთრებით დამჟანგველი ძლიერ ტოქსიკური და ხანძარსაშიში ქიმიური ნივთიერებებია.

თხევადსაწვავიანი რაკეტები საწვავით სტარტამდე ივსება და შახტებიდან ეშვება, რაც რთული და სახიფათო პროცესია.

ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ „სარმატში“ ასევე იყოს გამოყენებული მყარი საწვავი. ასეთი რაკეტებია „ტოპოლი“, „იარსი“. მყარსაწვავიანი რაკეტების უპირატესობა მათი მობილურობაა, რადგან, შახტისგან განსხვავებით, იოლად ხდება გამშვები დანადგარის როგორც გადაადგილება, ასევე მისი დამალვა სადაზვერვო საშუალებებისგან.

თუმცა სარაკეტო შახტები, როგორც წესი, კარგად არის გამაგრებული და მიიჩნევა, რომ მათ შეუძლიათ გაუძლონ ბირთვული ქობინებით განხორციელებულ პრევენციულ დარტყმასაც კი. რუსეთის სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების სარდალმა თავის პატაკში პუტინს უთხრა, რომ 12 მაისს წარმატებული გამოცდა გაიარა სწორედ თხევადსაწვავიანმა „სარმატმა“.

საკონტინენტთაშორისო ნიღაბი - ISW-ს ანგარიში

პუტინმა სატელევიზიო მიმართვაში „სარმატი“ მსოფლიოში ყველაზე ძლიერ რაკეტად მოიხსენია. მისი თქმით, „სარმატის“ ქობინის სიმძლავრე ოთხჯერ აღემატება ნებისმიერ დასავლურ ანალოგს, ხოლო მოქმედების რადიუსი 35 ათას კილომეტრს აჭარბებს. შედარებისთვის, დედამიწის ეკვატორის სიგრძე ოდნავ მეტია 40 ათას კილომეტრზე.

დასავლელი უსაფრთხოების ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პუტინი აზვიადებს რუსეთის ახალი თაობის ბირთვული შეიარაღების ზოგიერთი სისტემის შესაძლებლობებს. ომის შესწავლის ინსტიტუტში (ISW) მიიჩნევენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი „ბირთვული იარაღის ჟღარუნით“ ცდილობს 9 მაისის აღლუმის შემდეგ შელახული იმიჯის აღდგენას. ასე შეაფასა ISW-მა „სარმატის“ სარაკეტო კომპლექსის წარმატებული გამოცდის შესახებ კრემლის მიერ გავრცელებული ცნობა.

2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ პუტინი არაერთხელ შეახსენებდა საერთაშორისო თანამეგობრობას რუსეთის ბირთვული არსენალის მასშტაბსა და სიმძლავრეს. როგორც წესი, ეს ხდებოდა უკრაინისადმი დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერის გააქტიურების ან უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატების ფონზე.

ანალიტიკოსების შეფასებით, ამჯერადაც კრემლის ბირთვული რიტორიკის მიზანია „სამხედრო ძალის დემონსტრირება იმ აშკარა უუნარობის შემდეგ“, რომელიც თვალსაჩინო გახდა ე.წ. გამარჯვების აღლუმის მომზადებისას, როცა ვერ მოხერხდა უსაფრთხოების უზრუნველყოფა უკრაინასთან ამერიკის შუამავლობის გარეშე.

ISW იხსენებს, რომ რუსეთის ხელისუფლება „სარმატის“ შეიარაღებაში მიღებას ჯერ კიდევ 2021 წლის დეკემბერში, შემდეგ 2022 წლის ივნისში, მოგვიანებით კი 2023 წლის ივნისში აანონსებდა. შემდეგ იყო, სავარაუდოდ, კომპლექსის წარუმატებელი გამოცდა 2024 წლის ნოემბერში. ანალიტიკოსები ასევე იხსენებენ პუტინის 2026 წლის მარტის განცხადებებს ბალისტიკური სარაკეტო კომპლექსის, „ორეშნიკის“ საწყისი გამოცდების შესახებ.

„სარმატთან“ დაკავშირებით პუტინის განცხადებების მიზანი იმ სისუსტის დამალვაა, რაც აშკარა გახდა 9 მაისის აღლუმის წინ, როცა მოსკოვმა უკრაინას სთხოვა, იერიში არ მიეტანა წითელ მოედანზე. უკრაინის დარტყმებმა რუსეთის ღრმა ზურგში აჩვენა რუსეთის სისუსტე და უუნარობა, საიმედოდ დაეცვა თავისი რეგიონები, მათ შორის საკუთარი დედაქალაქი, რის შედეგადაც რუსეთმა მნიშვნელოვნად შეკვეცილი აღლუმი ჩაატარა“, — ნათქვამია ISW-ის ანგარიშში.

ISW-ის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტის მიერ „სარმატის“ ტიპის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის შეიარაღებაში მიღების საჯარო დემონსტრირება შესაძლოა ასევე უკავშირდებოდეს ბრძოლის ველზე შექმნილ არასახარბიელო ვითარებას, რომელიც 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის შეტევის ფონზე შეიქმნა. პუტინი ცდილობს, ფრონტზე წარუმატებლობა გადაფაროს ახალი, სუპერიარაღების წარმატებული გამოცდით.

ანგარიშში ნათქვამია, რომ, მიუხედავად 2026 წლის დასაწყისიდან რუსეთის არმიის მიღწევების გაძლიერებული პროპაგანდისტული წარმოჩენისა, რუსეთის წინსვლის ტემპი 2025 წლის ოქტომბრიდან ყოველთვიურად მცირდებოდა. ამავე დროს, უკრაინულმა ძალებმა გააძლიერეს საშუალო სიშორის დარტყმების ინტენსივობა, რითაც რუსეთის არმის წინსვლას დამატებითი დანახარჯები შეექმნა:

„ეს დანახარჯები იმდენად გაიზარდა, რომ 2026 წლის აპრილში რუსეთის ჯარებმა ფაქტობრივად ტერიტორიები დაკარგა — პირველად მას შემდეგ, რაც 2024 წელს უკრაინა კურსკის ოლქში შეიჭრა. ამასთან, 2026 წლის იანვარში რუსეთის არმიის დანაკარგებმა პირველად გადაასწრო რეკრუტირების მაჩვენებელს“.

ინსტიტუტი ასევე მიუთითებს, რომ უკრაინულმა კონტრშეტევებმა 2026 წლის ზამთარსა და გაზაფხულზე სამხრეთ უკრაინაში 400 კვ. კმ-ზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლა, ხოლო 2026 წლის აპრილის ბოლოს დასავლეთ ზაპოროჟიეს ოლქში რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიბრუნა.

„უკრაინულმა ძალებმა რუსეთი აიძულეს, არჩევანი გაეკეთებინა უკრაინული კონტრშეტევების მოგერიებასა და ადამიანური რესურსებისა და ძალების ფრონტის პრიორიტეტულ სექტორებზე გადანაწილებას შორის — ეს არის არჩევანი, რომელიც პუტინს უხერხულ მდგომარეობაში აყენებს, რადგან მისი „გამარჯვების თეორია“ ეფუძნება იმ მოსაზრებას, რომ რუსული ძალები ერთდროულად მიიწევენ წინ მთელი საომარი თეატრის მასშტაბით და ახლოს არიან ფრონტის უკრაინული ხაზების გარღვევასთან“, — ნათქვამია ანგარიშში.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG