ავტორი: თიკო ცომაია
საქართველოს ახლგაზრდებზე ფიქრში, პირველ რიგში, ჩემი შვილები და სტუდენტები მახსენდებიან. თავში აკაკი წერეთლის ლექსის სტრიქონი მიტრიალებს: „ ახალგაზრდებო, აწ კი თქვენ, გამოდით, თქვენი ჭირიმეო!“. ალბათ გულისხმობს, მე ჩემი გავაკეთე და ახლა კი თქვენი ჯერიაო. უკვე ბევრჯერ დავიჭირე ჩემი თავი, რომ „ის აღარა ვარ რაც ადრე ვიყავ“, და რომ მალე ჩემს ადგილს ახალგაზრდა დაიკავებს, ან ჩემს გზას ახალგაზრდა გააგრძელებს. რა მემკვიდრეობა დავუტოვე, ვინ არის ის ახალგაზრდა, რომელმაც ჩემი საქმე უნდა გაგრძელოს, საით წაიყვანს ის ქვეყანას? აი ეს კითხვები მაწუხებს. ახლა ვცდილობ გავიაზრო, რომ ჩემს ოჯახში ოთხი ახლაგზარდადან (14-29) წლის ასაკის ადამიანი) ერთი მილენიალი(1980-1996) და სამი Z თაობის წარმომადგენელი(1997-2012 წლები) ცხოვრობს, ჩემი სტუდენტების უმრავლესობაც მილენიალია, მე თავად X თაობას მივეკუთვნები,( 1965-1980) ხოლო მომავალ თაობას მეცნიერები ალფა თაობას უწოდებენ. მათი აზრით, ამ თაობის ბავშვები, რომლებიც 2010-2024 წლებში დაიბადებიან, სხვა თაობებთან შედარებით, იქნებიან ყველაზე განათლებული, ტექნოლოგიურად ძალიან განვითარებული, შეძლებული, ხოლო ბავშვობის უმეტეს წლებს, ისინი თავიანთ ბიოლოგიური მშობლებისგან განცალკევებით გაატარებენ. ეს მახასიათებლები წამით უფსკრულს აჩენს ჩვენს შორის, მაგრამ მერე ვუფიქრდები, რომ შესაძლებელია, სულ მალე ამ თაობის წარმომადგენელთა ბებია გავხდე და მათ იავნანას ვუმღერებ. რა კარგია. სიმღერაზე მახსენდება ქართული მრავალხმიანი ხალხური სიმღერა და ჩემი ბებია.(რომ ეცოცხლა, ახლა 102 წლის იქნებოდა) ვიხსენებ, როგორ ვმღეროდით სახლში უშუქობასა და სიცივეში, მძიმე 90- იან წლებში, რომ თავი გაგვერთო და დრო გაგვეყვანა გათენებამდე, რომ მერე ჩავმდგარიყავით გრძელ რიგში პურის საყიდლად. ჩვენ სახლში მეგრულ და ქართულ სიმღერებს სამ ხმაში ვმღეროდით. ბებია ბანს გვაძლევდა თან ამბობდა, რომ მისი „ბანი სულ სხვა“ იყო. ზოგადად, ეს სამხმოვანება ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია ქართული ხალხური სიმღერისათვის. ქართველებისთვის სრული ხმა სამხმიანია, როცა ქართველები ერთად შეიკრიბებიან, და თუ ერთი სიმღერას იწყებს, მეორე ცდილობს მეორე ხმა მისცეს, და მერე აუცილებლად საიდანღაც ბანიც აღმოცენდება და სიმღერა, ერთმანეთის მოსმენა და ურთიერთობაც სწორედ მაშინ იწყება. ჩვენც ასე ვმღეროდით სამ ხმაში: „ ოუ ნანა, დიდა ოუ ნანააა, დიდა ოუ ნაანინა“.
ამ ნაშრომსაც სამის პრინციპზე ავაგებ: გაგიზიარებთ ახალგაზრდებზე მინიმუმ სამ მნიშვნელოვან კვლევას, სამი მეცნიერის მოსაზრებას, მოვიყვან სამ ციტატას, გაგიზიარებთ სამ დაკვირვებას და სამ რეკომენდაციას წარმოგიდგენთ იმაზე, თუ როგორ უნდა შეეწყოს ხელი ახალგაზრდების პოტენციალის განვითარებას თანამედროვე საქართველოში.
შესავალი
დროის პასაჟი მრავლისმთქმელია: საქართველოში მილენიალებისა და z თაობის უმრავლესობას არ უცხოვრია საბჭოთა კავშირში, ისინი არ იცნობენ გარბაჩოვის გარდაქმნას, არც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებს, არც ბერლინის კედლის დაშლას მოესწრნენ, მათ მემკვიდრეობით მიიღეს, რომ საკუთარ ქვეყანაში შეზღუდული აქვთ გადაადგილება და არ იცნობენ აფხაზებს და ოსებს, მაგრამ იძახებენ ჩინურ ან ტაილანდურ საჭმელს GLOVO-თი, ერთმანეთს ხვდებიან მაკდონალდსა და ვენდისში, სმენიათ კორონავირუსის, ემიგრაციის და ტერორიზმის საფრთხეების შესახებ, არ გაუკვირდებათ, თუ ბათუმსა და თბილისში შეხვდებიან განსხვავებული კანის ფერის და სხვა ენაზე მოსაუბრე ადამიანებს.
სხვადასხვა დეფინიციების მიხედვით ახალგაზრდობის პერიოდი ბავშვობიდან ზრდასრულობამდე გრძელდება, ახალგაზრდად 14- დან 25 წლის ადამიანი ითვლება. ახალგაზრდები ნებისმიერი ქვეყნისათვის უდიდესი საყრდენია, ქვეყნის დემოკრატიული და სოციო -ეკონომიკური განვითარება მათზეა დამოკიდებული. ახალგაზრდები ყველაზე ხშირად არიან ცვლილების კატალიზატორები, ინოვატორები. ახალგაზრდების განვითარებაში საკუთარი წვლილი შეაქვთ ოჯახებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, საქართველოში არსებობს საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც 2014 წელს დამტკიცდა[1]. რომელიც ითვალისწინებს ახალგაზრდების( მათ შორის, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების) საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურ ჩართვას, მათ განათლებას, მათ შორის სამოქალაქო უფლება-ვალდებულებების შესახებ ცოდნის ამაღლებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვასა და უსაფრთხო გარემოს შექმნას.
თუმცა იმ კვლევების მიხედვით, რაც ქვეყანაში ჩატარებულა, ჩანს, რომ ახალგაზრდებს ბევრი პრობლემა აქვთ:
2018 წელს იუნისეფის მიერ ჩატარებული კლასტერული კვლევის[2] მიხედვით, მთლიანი პოპულაციის 86 % და სოფლის მაცხოვრებელთა მხოლოდ 19 პროცენტს მიუწვდება ხელი სუფთა საწვავსა და საკვების დამზადებისათვის, გასათბობ და გამანათებელ საშუალებებზე. 15-19 წლის გოგონების 3 % კი განუცდია გენდერული დისკრიმინაცია და სექსუალური ძალადობა.
2014 წელს ჩატარებული ეროვნული კვლევის [3]მიხედვით, ახალგაზრდები ცუდად არიან ინფორმირებული თავისი უფლებების შესახებ, განსაკუთრებით, განვითარების, დაცულობისა და მონაწილეობის უფლებების კატეგორიებზე. ისინი ცუდად არიან ინფორმირებული ჯანმრთელობის საკითხებზეც, მაგალითად ახალგაზრდების 17,2%-ს ჯერ კიდევ მიაჩნია, რომ შიდსი შეიძლება კოღოს ნაკბენით გადავიდეს. ამ კვლევის თანახმად, საქართველოში ახალგაზრდების 43,3% შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებულ სტიგმას სოციალურ ნორმად აღიქვამს. ფიზიკური და სპორტული აქტივობა 15-29 წლის ახალგაზრდებში ძალიან დაბალია, თუმცა 40%-ს აქვს სპორტით დაკავების სურვილი. ეროვნულმა კვლევამ საქართველოში ახალგაზრდებს შორის არსებული სიღარიბის მნიშვნელოვანი დონე გამოავლინა. ხუთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად ახალგაზრდები ჯანდაცვის გაუმჯობესებას, ხელმისაწვდომ და სრულფასოვან საკვებს, ხარისხიან განათლებას და კეთილსინდისიერ, პასუხისმგებლობის მქონე მთავრობას ასახელებენ. 2017 წელს UNICEFF- ის საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევი[4]ს მიხედვით,
სავალდებულო განათლების საფეხურზე სკოლაში დასწრების მაჩვენებელი 97% იყო, თუმცა განათლების სისტემას ტოვებდა 15-18 წლის ყოველი მეოთხე ბავშვი. გოგონები უფრო ხშირად ტოვებდენ სკოლას ბიჭებთან შედარებით. ამასთან, საქართველოს გამოცდების ეროვნული ცენტრის საიტზე[5] გამოქვეყნებული 2016 წლის უახლესი კვლევის მიხედვით, რომელიც 9-10 წლის მოზარდების წიგნიერების დონეს აფასებს, საქართველო წიგნიერების მიხედვით საშუალო მაჩვენებლების ქვეყნის რეიტინგში მოხვდა. 2011 წლის მონაცემებით, საქართველოში წიგნიერების დონე 2006 წელთან შედარებით 4%-ით გაუმჯობესდა. 2011 წლის კვლევიდან 2016 წლამდე მონაცემები არ გაუმჯობესებულა.
ოფიციალური ინფორმაციით საქართველოში მატულობს სუიციდის რიცხვი. დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ 2016 წლის STEPS[6] კვლევის მიხედვით, გამოკითხული ორივე სქესის 18-69 წლის ასაკის ადამიანების თანახმად, უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში 1.8.% -ს სერიოზულად უფიქრია სუიციდის განხორციელებაზე. ამასთან, სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით 18-29 წლის ასაკობრივი ჯგუფის ყველაზე მეტმა წარმომადგენელმა დაგეგმა თვითმკვლელობა.
ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა ნარკოტიკის მოხმარების შემსწავლელი სასკოლო კვლევის (ESPAD) [7]მიხედვით, საქართველოში, სკოლის მოსწავლეების მიერ ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება უფრო მეტადაა გავრცელებული, ვიდრე ევროპის 35 ქვეყანაში 8 დან 5 შესწავლილი კატეგორიის მიხედვით. საქართველოში ახალგაზრდები სმას უმეტესად 13 წლიდან იწყებენ, ყველაზე ხშირად ღვინოს მოიხმარენ და ალკოჰოლის მიღების ყველაზე გავრცელებული ადგილი მათივე სახლია.
როგორც ვხედავთ, საქართველოში მცხოვრები ახალგზარდები მნიშვნელოვან პრობლემებს აწყდებიან, მაგრამ როგორია მათი მისწრაფებები და ღირებულებები? ამ მხრივ კვლევების რაოდენობა მწირია, თუმცა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ 2016 წელს 14-29 ასაკის ახლაგაზრდებში ჩატარებული კვლევა[8] გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის მოცემულ საკითხებზე. ამ კვლევის მიხედვით, ახალგაზრდების 65% - ზე მეტი მხარს უჭერს ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაციას, ინტეგრაციის მსურველთა რიცხვი უფრო მაღალია ქალაქში, ვიდრე სოფელში, ახალგაზრდების აზრით, აღნიშნულ ინსტიტუტებში შესვლა დაკავშირებულია ეკონომიკურ განვითარებასთან და ცხოვრების უკეთეს პირობებთან. თუმცა, გამოკითხული ახალგაზრდების მიხედვით, ევროკავშირთან ინტეგრაციის არასასურველი შედეგი შეიძლება იყოს რუსეთის მხრიდან აგრესიის ზრდა, რაც შეიძლება კონფლიქტური რეგიონების სრული დაკარგვით დასრულდეს. ახალგაზრდებს სჯერათ, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაცია პოტენციურად გაზრდის ქართველი ჯარისკაცების დანაკარგს ნატოს სამხედრო ოპერაციებში (85%), ასევე, ახალგაზრდების 45%-ს სჯერა, რომ ევროკავშირთან ინტეგრაცია გამოიწვევს ქვეყნიდან ახალგაზრდების და განსაკუთრებით ინტელექტუალური რესურსების გადინებას.
კვლევამ წარმოაჩინა, რომ გამოკითხული ახალგაზრდებისათვის ყველაზე მყარ სოციალურ კონსტრუქციას ოჯახი წარმოადგენს. გამოკითხულთა მიხედვით, კარგი ოჯახის ქონა პრიორიტეტებს შორის ყველაზე მაღლა დგას. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ახალგაზრდები აქტიურად არიან გატაცებული ქართული კულტურის შენარჩუნებისა და ტრადიციული ფასეულობების აღდგენის იდეით. ეკლესიას, რომელიც ამ ღირებულებებს ასახავს, ყველაზე სანდო ინსტიტუტად აღიქვამენ. ამავე დროს, ტოლერანტობის დონე და მრავალფეროვნების მიმღებლობა საკმაოდ დაბალია, განსაკუთრებით სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებში.
საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების ღირებულებების საკითხს სწავლობს კავკასიის კვლევისა და რესურსების ცენტრის პროექტი, PLACE (Memory, Youth, Political Legacy and Civic Engagement)რომელიც ევროკავშირის მხრადაჭერით ხორციელდება. ეს პანევროპული პროექტი შეისწავლის ახალგაზრდების სოციალურ მონაწილოებაზე ტოტალიტარიზმისა და პოპულიზმის აჩრდილების გავლენას ევროპაში. 2015 წელს ჩატარებული თემატური ანგარიშების მიხედვით, ახალგაზრდებს სამ კითხვაზე უნდა გაეცათ პასუხი: პოლიტიკოსებს აინტერესებთ ჩემი მსგავსი ახალგაზრდები, პოლიტიკოსები არიან კორუმპირებულები და მდიდრებს დიდი გავლენა აქვს პოლიტიკაზე. ამ კითხვებზე საბერძნეთის, პორტუგალიის და ხორვატიელ ახალგაზრდებს ყველაზე ნეგატიური განწყობა ჰქონდათ პოლიტიკოსების მიმართ, ხოლო საქართველო, დანიასთან და ფინეთთან ერთად ყველაზე პოზიტიურ დამოკიდებულებებს გამოხატავდნენ. ინსტიტუციებსა და ორგანიზაციების ნდობის საკითხის გამოკითვისას, იგივე გადანაწილება იყო, საქართველო დანიასა და ფინეთთან ერთად მოხვდა იმ ქვეყნების ქვეჯგუფში, რომლებსაც სხვადასხვა ინსტიტუციების ( გაერო, ევროკომისია, პარლამენტი, ამნესტი ინტერნეშენალი, გრინფისი, რელიგიური ინსტიტუტები), ყველაზე მაღალი ნდობა აქვს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ შეკითხვაზე ენდობით თუ არა ევროკავშირს, 32 ქვეყანასთან შედარებით ყველაზე მაღალი ნდობის მაჩვენებელი საქართველოს ახალგაზრდებმა გამოხატეს. თემატური ანგარიშების ფარგლებში პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის აქტიურობის შესაფასებლად ახალგაზრდებს ჰკითხეს თუ რამდენად იყვნენ ჩართულები სხვადასხვა პოლიტიკურ ღონისძიებებში, მაგალითად ბროშურების დარიგება, ხელმოწერების შეგროვება. მთლიანად, ახალგაზრდების მონაწილეობა დაბალი იყო, ქართველიახალგაზრდებმაც დაბალი მაჩვენებლები აჩვენეს. დემონსტრაციებსა და გაფიცვებში მონაწილეობის მიღებაზე კითხვას ქართველმა ახალგაზრდებმა ძალიან დაბალი აქტივობით უპასუხეს. შედარებისათვის, მაღალი აქტივობა და მონაწილეოება აღნიშნეს ესპანელმა, ბერძენმა და გერმანელმა ახალგაზრდებმა.
საქართველოს ახალგაზრდებმა მაღალი მაჩვენებლები აჩვენეს დემოკრატიული სისტემის ზოგადი შეფასებისას, ამ საკითხზე ყველაზე დაბალი შეფასება, მაგალითად ჰქონდათ რუსეთის, ლატვიისა და სკლოვაკეთის ახალგაზრდებს.
გამოკითხულ მონაწილეებს შორის ქართველი ახალგაზრდები აღმოჩნდნენ ყველაზე რელიგიურები, მათ შოროს გოგონები უფრო რელიგიურები არიან ვიდრე ვაჟები, კითხვაზე თუ რამდენად რელიგიურები არიან 100 დან 82 ქულა აიღეს ქართველმა ახალგაზრდებმა, მათ ასევე აღნიშნეს, რომ ესწრებიან რელიგიურ დღესასწაულებსა და რიტუალებს.
დებულების შეფასებისას, რომ კარგ პოლიტიკოსებს სწამთ ღმერთის. აქაც ქართველები რუსები და ბერძნები დაწინაურდნენ. ყველაზე უარყოფითი განწყობა დანიის, გერმანიისა და ფინეთის წარმომადგენლებს ჰქონდათ. ესპანეთი, ხორვატიისა და გერმანიის წარმომადგენლებს სჯერათ, რომ რელიგიური პირები არ უნდა ერეოდნენ სახელმწიფო გადაწყვეტილებებში. ამ დებულებას ყველაზე ნაკლებად ეთანხმებიან დიდი ბრიტანეთის, ესტონეთისა და საქართველოს ახალგაზრდები.
ფინეთის, ესპანეთის და პორტუგალიელ ახლაგაზრდების განცხადებით არცერთ დიდი რელიგია არ არის ჭეშმარიტი none of the major religions have any truths to offer. . ყველაზე ნაკლებად ამ დებულებას ქართველები, უნგრელები და ბრიტანელები ეთანხმებიან.
ისტორიასთან და მეხსიერებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ქართველ ახალგაზრდებს სჯერათ, რომ წარსული არ უნდა იყოს დავიწყებული. ქართველები ასევე დიდი ინტერესს იჩენენ უახლესი ისტორიის მიმართ, თუმცა ყველაზე იშვიათად ერთვებიან უახლესი ისტორიის შეცნობის აქტივობებში(მაგალითად, ისტორიული ნოველის და ისტორიული ფილმის ნახვა, მუზეუმში გამოფების ნახვა. და. აშ. უმცირესობათა ჯგუფების წარმომადგენელების მიმართ ტოლერანტულობა საქართველოს ახლაგზრდებში საშუალოზე მაღალი იყო. ყველაზე არატოლერანტული დამოკიდებულებები განმოამჟღავნეს, რუსეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის მოქალაქეებმა.
ნანა სუმბაძის ნაშრომში, -თაობები და ღირებულებები( სუმბაძე, 2012) სადაც მან სამი თაობის ღირებულებები შეისწავლა, გამოიკვეთა ღირებულებების ცვლილების პროცესი ახალგაზრდებში, რაც გამოიხატება კოლექტივისტური ორიენტაციის შემცირებაში და ნაკლები ოდენობით პოსტ-მატერიალისტურ ღირებულებების ზრდაში. კვლევის მიხედვით, ახალგაზრდებში უფრო მეტად შეიმჩნევა გენდერულ თანასწორობისა და უმცირესობებისადმი ტოლერანტობის ზრდა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება, რომელიც თაობებს შორის აღინიშნა რელიგიასთან მიმართებაში გამოვლინდა, რელიგია გაცილებით უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს ახალგაზრდა თაობაში.
ავტორი ამ ფენომენს იმით ხსნის, რომ ახალგაზრდა თაობა პიროვნული ზრდისა და ფორმირების პროცესში იყო, როცა ეკლესია ძლიერ და ავტორიტეტულ ინსტიტუციად ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ საქართველოში, შესაბამისად მისი გავლენა უფრო დიდი აღმოჩნდა ამ თაობაზე.
სხვადასხვა კულტურაში ჩატარებული კვლევების მონაცემების თანახმად რელიგიისადმი ინტერესი ყველაზე მეტად უფროს თაობაშია გამოკვეთილი, საქართველოში კი რელიგიას ყველაზე დიდ მნიშვნელობას ახალგაზრდები ანიჭებენ.
თამარ ხოშტარიას კვლევა“ What are the vaues of young people and how are these different from the values of older generations in Georgia” Khoshtaria, 2017,
ერთერთი კვლევის შედეგად, რომელიც ადარებდა ახალგაზრდებისა და სხვა თაობების ღირებულებებს ერთმანეთს, აღმოჩნდა, რომ შვარცის კონსერვაციისა და თვითრანსცენდენტურობის ღირებულებები ყველა თაობისათვის მნიშვნელოვანია, ხოლო ცვლილებებისადმი ღიაობა და თვითგაძლიერება კი უფრო მეტად ახალგაზრდებისათვის არის დამახასიათებელი. კვლევამ ასევე გამოკვეთა, რომ ახალგაზრდები უფრო მეტად ტოლერანტულები არიან სხვადასხვა უმცირესობათა (რასის, რელიგიის, იმიგრანტებისა და სექსუალური უმცირესობების) ჯგუფების მიმართ.
ეს კვლევები გვიჩვენებენ, რომ ერთის მხრივ საქართველოს თაობები ერთმანეთისგან განსხვავდებიან და ახალგაზრდა თაობას უფრო მეტად აქვს გამოხატული ტოლერანტულობის გრძნობა სხვადასხვა უმცირესობათა ჯგუფების მიმართ, რაც პროგრესული და კარგია. რამაც განსაკუთრებით გამაკვირვა, ის იყო, რომ ქართველ ახალგაზრდებს აქვთ მაღალი ნდობა პოლიტიკოსების მიმართ, ისეთივე ნდობა, როგორც ძალიან ძლიერი დემოკრატიის ქვეყნების ახალგაზრდებს. რით შეიძლება ეს აიხსნას? ერთის მხრივ იმით, რომ ცდებიან, და ვერ აფასებენ რეალისტურად გარემოებებს, ხოლო მეორეს მხრივ მათი ეს მიამიტური ნდობის გამოხატულება და თავდაჯერება, ამაღელვებელია, რადგან ირაციონალურია, ისევე, როგორც მათი ნდობა ევროკავშირის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ მათ არ უცხოვრიათ ევროკავშირში და არ უსარგებლიათ იმ სიკეთეებით, რითაც სხვა ევროპელი ახლგაზრდები სარგებლობენ მათი ლტოლვა საუკეთესოსკენ, მათი ქვეცნობიერი არჩევანი ევროპული ღირებულებების მიმართ არის მკაფიო და ნათელი. აქ მინდა მოვიყვანო გამოჩენილი ფოილოსოფოსის მერაბ მამარდაშვილის ციტატა"ქართულ კულტურაში არის ერთი კოდირებული ელემენტი. მას მხიარულ ტრაგიზმს დავარქმევ. ერი რომელიც სულს ღაფავდა საუკუნეთა მანძილზე ტრაგიკულია, და ტრაგიკულია მისი კულტურაც მაგრამ მასში არსებობს სიცოცხლის ტალანტი - კულტურის ერთ ერთი უდიდესი მონაპოვარი. სიხარულის ძახილი ჩქეფს ჩვენს სისხლძარღვებში და ეს არის ჩვენი გამოწვევა ბედისწერის მიმართ." არ ვიცი როგორ ავხსნა, უკეთესად, მაგრამ ეს ნდობა და მისწრაფება ევროკავშირისკენ, ევროპული ღირებულებებისკენ ჩემთვის არის სწორედ სოცოცხლის ტალანტის გამოხატულება. მისრაფება პროგრესისკენ, მიუხედავად იმისა, რომ შენი ტანი გახლეჩილია, ოკუპირებულია, სიღარიბესა და გაჭირვებაშია ჩაძირული და ამჟამად ცოდნა და განათლებაც არ გაქვს. მაინც მიისწრაფი სინათლისაკენ, თან ამას აკეთებ დიდი ნდობით და სიხარულის ძახილით, უკეთესად ვერ ვიტყვი, ვიდრე მამარდაშვილი.
ასევე ძალიან საინტერესოა ქართველი ახალგაზრდების გამორჩეული რელიგიურობა. ეს ფენომენი გამოარჩევს მათ თავის ევროპელ ახალგაზრდებისგან და თავისი ქართველი წინაპრებისგანაც, რომლებიც უფრო ნაკლებად რელიგიურები არიან. შესაძლოა ქართველი ახალგაზრდები ამ ფორმით გამოხატავენ თავის ერთგულებას მორალური ღირებულებების მიმართ და ასე აბამენ ძაფებს თავის ღირსეულ წინაპრებთან, რომლებმაც თავისი ბრძოლითა და შრომით შეინარჩუნეს საქართველოს იდენტობა, და რომელთა იდენტობის ერთერთი მთავარი საყრდენი იყო ქრისტიანული რწმენა.
ჩემ საყვარელ ქართველ მწერალს რევაზ ინანიშვილ უთქვამს ასე: „თქვენ შეგიძლიათ თვით ჩემი თანდასწრებით ლანძღოთ ქართველი ხალხი იმის გამო, რომ იგი მარცხენა ხელით მუშაობას არის მიჩვეული და მომხვეჭელობაზე დახარბებულს გაჭუჭყიანებული აქვს სული, მაგრამ მე უფლებას არ მოგცემთ იგივე გაიმეოროთ ერზე, ქართველ ერზე. ხალხი ესაა, რასაც ახლა უყურებ, ერი კი სხვაა. ისაა მთლიანობა ხალხისა და დროისა, რომელიც საუკუნეებით იზომება მხოლოდ და მხოლოდ." შესაძლოა ქართველი ახალგაზრდების ეს რელიგიურობა არის ის კავშირი, რომელიც მას აქვს ქართველ ერთან, რომელიც საუკენეებს გაუძლო და გადარჩა ფიზიკურად და სულიერად?
ბოლოს მინდა გავიხსენო დიდი ქართველი მეცნიერის, უნივერსიტეტის დამაარსებლის ივანე ჯავახიშვილის მიმართვის სიტყვები ქართველი ახალგაზრდებისადმი. 1938 წელს იგი შემდეგი სიტყვებით მოძღვრავდა სტუდენტ-ახალგაზრდობას: “მხოლოდ საფუძვლიანი ცოდნა მისცემს მათ შესაძლებლობას, ღირსეული ადგილი დაიკავონ საზოგადოებაში. უნდა ახსოვდეთ, რომ სიყვარულის გარეშე არ გაკეთდება არასოდეს დიდი საქმე. გულცივი, გულგრილი ადამიანი ვერ გააკეთებს ვერასოდეს დიდ საქმეს; უნდა უყვარდეს ყოველ მათგანს თავისი ხალხი, უნდა უყვარდეს მეცნიერება, უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას, რომ შეალიოს თავისი ძალა მეცნიერებასაც და ხალხსაც. სამეცნიერო მუშაობა ბედნიერებაა. ეს ისეთი ბედნიერებაა, რომელიც ყველას ხვედრს არ წარმოადგენს და ვინც ისეთი ბედნიერია, რომ ბუნებისაგან დაჯილდოებულია ნიჭით, რომ მას აქვს ნებისყოფა, აქვს აგრეთვე გატაცება, ის უნდა გრძნობდეს, რომ ვალდებულია სამაგიერო გადაუხადოს იმ ერს, რომლისგანაც ის წარმოშობილია”. ვიმედოვნებ, რომ ქართველი ახალგაზრდების მომავალი თაობა შეისმენს კარგი წინაპრის ამ შეგონებას და ქართული მრავალხმიანი გალობის შემსრულებელთათვის დამახასიათებელი ოსტატობით, ჰარმონიული ინტელექტითა და იმპროვიზებული ვირტუოზობით წინ გაუძღვება თავის ერს.
[1] http://msy.gov.ge/files/veko/2014%20weli/marti/_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%9D_%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%92%E1%83%90%E1%83%96%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90.pdf
[2] https://www.unicef.org/georgia/findings-multiple-indicator-cluster-survey-mics-georgia?fbclid=IwAR33ZFv-0GqyMWXB-TIKZVDrG9ysmb2tsE40zdHXOrXcPOLrs3jifdrZL4c
https://www.unicef.org/georgia/sites/unicef.org.georgia/files/2019-11/adolescents_en.pdf
[3] https://www.unicef.org/georgia/media/1131/file/%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%92%E1%83%90%E1%83%96%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%99%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90.pdf
[6] STEPS 2016 [Internet]. Ncdc.ge. 2016 [cited 9 December 2019]. Available from:https://www.ncdc.ge/Pages/User/LetterContent.aspx?ID=4c75881d-2438-4c39-a5f7-00d58cf326a2
[7] Georgian national report of the ESPAD (the European School Survey Project on Alcohol and Other Drugs). 2016.
[8] Generation in Transition, Youth Study 2016, Georgia, Fredrich Ebert Stiftung