Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატები


ფოტოგამოფენა
ფოტოგამოფენა

ვინ ამყარებდა პირველ დიპლომატიურ კავშირებს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1918-21 წლებში, რომელ სახელმწიფოებთან ჰქონდათ კავშირი და რა რესურსით უწევდათ ქვეყნის ლობირება დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან ქართველ დიპლომატებს? საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ფოტოგამოფენა მოეწყო. ექსპოზიციაზე დამოუკიდებელი საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა მოკლე ბიოგრაფიებთან ერთად იმ უცხოელი დიპლომატების ფოტოებიც გამოიფინა, ვინც დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას ედგა გვერდში.

საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის დე იურე აუღიარებლობა, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ქვეყნის სამეზობლოში არსებული კრიზისი (ომის შემდეგ გამარჯვებულმა სახელმწიფოებმა სრუტეების სრული ბლოკადა განახორციელეს), საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პროგერმანული ორიენტაცია (პირველ მსოფლიო ომში გერმანიის მარცხის ფონზე), რუსეთში მიმდინარე სამოქალაქო ომი, 1918 წლიდან ამიერკავკასიაში დაწყებული სომხეთ- აზერბაიჯანის მუდმივი სისხლისღვრა - ასეთ ვითარებაში უწევდათ ახალბედა დამოუკიდებელი სახელმწიფოს გამოუცდელ და, თანაც, ოფიციალური დიპლომატიური სტატუსის არმქონე ელჩებს ქვეყნის სახელის გატანა საერთაშორისო ასპარეზზე.

და, აი, ამ დროს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას გადაწყვეტილებას შეეცვალა საგარეო საქმეთა მინისტრი აკაკი ჩხენკელი (სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. დაამთავრა ლაიფციგის უნივერსიტეტი. 1918 წლის 26 მაისს დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრად, მალევე დაინიშნა საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლად გერმანიაში. 1920 წელს ხელმძღვანელობდა დამფუძნებელი კრების სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციას. 1921 წლის დასაწყისში დაინიშნა საქართველოს წარმომადგენლად (ელჩად) საფრანგეთში, იტალიასა და ბრიტანეთში. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, 1933 წლამდე, იკავებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩის პოსტს საფრანგეთში), პროგერმანული ორიენტაციის ხისტი დიპლომატი, ნეიტრალური ევგენი გეგეჭკორით (1918 წლის ნოემბრიდან ეკავა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრისა და მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის პოსტი, 1919 წელს ითავსებდა იუსტიციის მინისტრის პოსტსაც. მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიასთან ერთად ცდილობდა ერთიანი კავკასიური კავშირის შექმნას. 1920 წლის ოქტომბრიდან 1921 წლის იანვრამდე ევროპის სახელმწიფოს ლიდერებთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს საქართველოს აღიარების შესახებ) სწორ ნაბიჯად მიიჩნევს ირაკლი ირემაძე, თსუ-ს ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელი, რომლის თქმითაც, იმჟამად პრობლემა იყო ევროპელი პოლიტიკოსების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ.

„საქართველოს ნაკლებად იცნობდნენ დასავლეთში, გაურკვეველი სტატუსი და ტერიტორიების გადანაწილების პრობლემა საქართველოს საკითხის განხილვას ძალიან უშლიდა ხელს. პრობლემა იყო ბრიტანეთის ნაკლები ინტერესი. ამიერკავკასიით იტალიის დაინტერესება მაღალი იყო, თუმცა მას თავად არ ჰქონდა საქართველოს დასახმარებლად საკმარისი რესურსები“, - ამბობს ირაკლი ირემაძე.

კარლო ჩხეიძე
კარლო ჩხეიძე

ეკონომიკური სიდუხჭირე იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორი. როგორც კარლო ჩხეიძე (საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ- ერთი დამაარსებელი და ლიდერი. 1918 წელს აირჩიეს ამიერკავკასიის სეიმის თავმჯდომარედ. 1918-1921 წლებში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა (პარლამენტის) და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე. 1919-1920 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაციას პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე) წერდა, ნოე ჟორდანიას საქართველოს ძალიან გაუჭირდებოდა კომუნიკაცია ევროპელ პოლიტიკოსებთან, რომ არა ერთეული პოლიტიკოსების მხარდაჭერა - ძირითადად სოციალ-დემოკრატიული პარტიების წარმომადგენლების, ფრანგი და ბელგიელი პოლიტიკოსების.

ირაკლი ირემაძის თქმით, 1918-21 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის უდიდეს ღირსებად უნდა შეფასდეს მათი საკადრო გადაწყვეტილებები.

სიმონ მდივანი
სიმონ მდივანი

„მთავრობა და პარლამენტი მუდმივად ცდილობდა, რომ დიპლომატებად ყველაზე კვალიფიციური კადრები გაეგზავნათ, ბევრი დიპლომატი სულაც არ იყო სოციალ-დემოკრატი. მაგალითად, დამფუძნებელი კრების საგარეო საქმეთა კომისიას ხელმძღვანელობდა არა სოციალ-დემოკრატი, არამედ სოციალ-ფედერალისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, სიმონ მდივანი (სოციალისტ-ფედერალისტი. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. 1921 წლიდან დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად ემიგრაციაში აგრძელებდა პოლიტიკურ ბრძოლას საქართველოს დამოუკიდებლობისათვის), რომელიც ჯერ სომხეთში იყო ელჩად, შემდეგ თურქეთში, და ეს რესპუბლიკის პოლიტიკურ კულტურაზე მიუთითებს. მიუხედავად ფორმალური და პოლიტიკური, იდეოლოგიური დაპირისპირებისა, საერთო საქმის კეთების დროს ეს ფაქტორი ხელის შემშლელი არ იყო. პირიქით, მათ ანდობდნენ უმთავრეს საქმეს - საქართველოს ინტერესების დაცვას ყველაზე რთულ რეგიონში. ბრიტანეთში წარმომადგენელი იყო დავით ღამბაშიძე, (დიპლომატი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელი დიდ ბრიტანეთში. 1919-1920 წლებში დიდი ბრიტანეთი დავით ღამბაშიძის ელჩად დანიშვნას ოფიციალურად არ აღიარებდა, რადგანაც საქართველო არ იყო მის მიერ დე იურედ აღიარებული. ბრიტანეთში ყოფნისას გამოსცა რამდენიმე ნაშრომი საქართველოს ეკონომიკური რესურსების შესახებ) რომელიც ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას თანაუგრძნობდა“.

ირაკლი ირემაძე
ირაკლი ირემაძე

ქართველ დიპლომატებს, ოფიციალური ელჩის სტატუსის უქონლობის პირობებში, მწირი სახსრებით უწევდათ ლობისტური საქმიანობის წარმოება და სტატიების წერა ევროპულ გამოცემებში. საგარეო უწყებაც ძალიან მწირი საშტატო ერთეულით უძღვებოდა საქმეს.

ირაკლი ირემაძე ჰყვება ერთი საინტერესო მიმოწერის შესახებ. ნოე ჟორდანია საფრანგეთში 1921 წელს, უკვე საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, აკაკი ჩხენკელსა და ვლადიმერ ახმეტელაშვილს სთხოვდა, როგორმე არ შეეწყვიტათ სტუდენტური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საქართველოდან გაგზავნილი 100-მდე წარჩინებული სტუდენტი დასავლეთ ევროპაში განათლებას იღებდა:

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, ფაქტობრივად, აღარ გვაქვს დამოუკიდებელი სახელმწიფო, მნიშვნელოვანია საელჩოებმა შეძლოთ ამ სტუდენტების დაფინანსება, თუნდაც საელჩოების ავეჯის და ქონების ნაწილის გაყიდვით, და გავაფრთხილოთ სტუდენტები, დამატებითი სამუშაო იშოვონ, რომ მაისის ბოლომდე, სემესტრის ბოლომდე გადავიხადოთ სწავლის საფასური და სტიპენდიაო“.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG