2018 წლის 29 აგვისტოდან 2026 წლის აპრილამდე საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე იყო. მიმდინარე წლის 28 აპრილს ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ დაამტკიცეს - პატარაძე ამ თანამდებობას 2016-2018 წლებშიც იკავებდა.
ზაქარაშვილის ბიოგრაფია
სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის პირველ ოქტომბერს გიორგი ზაქარაშვილს ეწურება როტაციის ვადა უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და სუამ-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე, რომელსაც 2021 წლიდან იკავებდა.
ელჩმა ზაქარაშვილმა კიევი 2023 წლის ივლისში დატოვა. ამას წინ უსწრებდა პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილება - ელჩს „გადამჭრელი პროტესტი“ გამოუცხადეს და 48 საათში ქვეყნის დატოვება შესთავაზეს. მიზეზი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქის - მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საპატიმროში.
2026 წლის იანვარში საგარეო უწყებაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ 2023 წლის ივლისის დასაწყისიდან ელჩი ზაქარაშვილი დისტანციურად, თბილისიდან მუშაობდა.
2016-2019 წლებში ზაქარაშვილი რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციაში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის თანამდებობას იკავებდა.
2012-2016 წლებში ის უკრაინაში საქართველოს საელჩოსა და სუამ-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი იყო.
ზაქარაშვილს სხვადასხვა წლებში ეკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების სამმართველოს უფროსის თანამდებობები. მას მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
ურთიერთობები აზერბაიჯანთან
საქართველოსა და აზერბაიჯანს სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ. მას შემდეგ, რაც საქართველოს ურთიერთობები დასავლეთთან მკვეთრად გაუარესდა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლიდერები და მინისტრები პირველი საგარეო ვიზიტით, როგორც წესი, ბაქოს სტუმრობენ.
ქვეყნები არაერთ ეკონომიკურ, მათ შორის საერთაშორისო ენერგეტიკულ პროექტში თანამშრომლობენ.
2026 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, აზერბაიჯანი საქართველოს რიგით მეხუთე სავაჭრო პარტნიორია. საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტმა 408,6 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო აზერბაიჯანიდან იმპორტმა – 416 მილიონი დოლარი.
აზერბაიჯანს დღემდე შეზღუდული აქვს ტურისტებისთვის სახმელეთო საზღვრების გადაკვეთა. ამის მიუხედავად, ამ ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობით მეხუთე ადგილს იკავებენ: 2026 წლის ორ კვარტალში საქართველოს აზერბაიჯანის 133 345 მოქალაქე ეწვია.
ფორუმი