Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ელჩი ჩინეთში: უახლოეს პერიოდში განხორციელდება საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია უჰანიდან


საქართველოს ელჩი ჩინეთში, არჩილ კალანდია, რადიო თავისუფლებასთან აცხადებს, რომ უჰანში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია უახლოეს მომავალში განხორციელდება. თუმცა, არ აკონკრეტებს ევაკუაციის გეგმასა და ზუსტ დროს. მისი თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები პარტნიორ ქვეყნებთან და ასევე საქართველოს იმ ხუთ მოქალაქესთან, რომლებიც ამჟამად კორონავირუსის ეპიდემიის ეპიცენტრში, უჰანში იმყოფებიან:

„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ უახლოეს პერიოდში განხორციელდება საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია უჰანიდან. როგორ მოხდება და რა მექანიზმებით, ამას ახლა ვაზუსტებთ. ამ ეტაპზე, არანაირი თვითმფრინავი უჰანში არ გაფრენილა. დღეს მცდარი ინფორმაცია გავრცელდა, მაგრამ როდის გაფრინდება თვითმფრინავი, ამას ჯერ ვერ გეტყვით, რადგან ამ ყველაფერზე მუშაობა მიდის. ის, რომ ჩვენს თანამემამულეებს უახლოეს მომავალში გავუკეთებთ ევაკუაციას, ამას გიდასტურებთ“.

არჩილ კალანდიას თქმით, ჩინეთში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქე უსაფრთხოდ არის და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც არჩილ კალანდია აცხადებს, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები უჰანში მცხოვრებ საქართველოს ხუთ მოქალაქესთან:

„როგორც კი საბოლოოდ გადაწყდება ევაკუაციის საკითხი, ჩვენ მათ გავაცნობთ იმ პირობებს, თუ რა პირობებით იქნებიან ევაკუირებულნი და ვინც დათანხმდება ევაკუირებას, მოხდება მათი ჩამოყვანა. რაც შეეხება ევაკუირების პროცესს, ეს ყველაფერი მოხდება ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის, ჩინეთის ადგილობრივი ხელისუფლების და ყველა საერთაშორისო უსაფრთხოების ნორმების დაცვით“.

რადიო თავისუფლება ორი დღის წინ ელაპარაკა უჰანში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც უარს ამბობს უჰანიდან ევაკუაციაზე. მას მიაჩნია, რომ იქ გაცილებით უსაფრთხოდ არის.

ახალი სახეობის კორონავირუსი პირველად ჩინეთში 2019 წლის დეკემბრის ბოლოს, ქალაქ უჰანში დაფიქსირდა. 30 იანვრის მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულია 7000-ზე მეტი მოქალაქე. ინფიცირებულთა უმრავლესობა სწორედ უჰანიდან არის. გარდაცვლილთა რიცხვი 170-ს აღწევს.

XS
SM
MD
LG