Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო და ჩინეთი პატივს სცემენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას - საგარეო მინისტრი

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი (მარცხნივ) და ჩინეთის ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი. 2023 წლის 5 ივლისი
საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი (მარცხნივ) და ჩინეთის ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი. 2023 წლის 5 ივლისი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი აცხადებს, რომ „საქართველო და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.

მინისტრის თქმით, ეს ქვეყნების „ურყევი და თანმიმდევრული პოზიციაა და გაჟღერებულია მრავალჯერ, მათ შორის უმაღლეს დონეზე, და გაჟღერდა პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროსაც“.

საქართველომ და ჩინეთმა სტრატეგიული პარტნიორობა 2023 წლის ზაფხულში დაამყარეს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტისას.

შეთანხმების პირველსავე პუნქტში წერია, რომ მხარეები ადასტურებენ პატივისცემას „ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“.

ამას მოსდევს ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, „საქართველო მტკიცედ ემხრობა ერთიანი ჩინეთის პრინციპს“, - ანუ აღიარებს, რომ ტაივანი, - რომელიც 1949 წლიდან კონტინენტური ჩინეთისგან დამოუკიდებლად იმართება, - ჩინეთის განუყოფელი ნაწილია.

დეპუტატმა "რეფორმების ჯგუფიდან" თეონა აქუბარდიამ მინისტრ დარჩიაშვილს ჰკითხა, რატომ ვერ მიიღო საქართველომ ამაზე პასუხად ჩანაწერი, რომელიც ცხადად იტყოდა, რომ ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

დარჩიაშვილის თქმით, „ორ ქვეყანას შორის დეკლარირებული სტრატეგიული პარტნიორობის პირობებში ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის პრინციპი კიდევ უფრო მყარი ხდება“.

საგარეო საქმეთა მინისტრის თანახმად, ეს „გარკვეულწილად პოზიტიურად იმოქმედებს სხვა ქვეყნების პოზიციებზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებასთან დაკავშირებით“.

ილია დარჩიაშვილი ასევე გამოეხმაურა რუსეთ-ჩინეთის პარტნიორობას და განაცხადა, რომ „ჩინეთის სხვა სახელმწიფოებთან და, კონკრეტულად, რუსეთთან ურთიერთობების ხასიათისა და განვითარების მიმართულებების განმსაზღვრელი ჩვენ ვერ ვიქნებით“.

„ერთი რამ არის ცხადი: ჩინეთის ხელისუფლებას არასოდეს დაუყენებია საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. მათ კარგად მოეხსენებათ, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის ფედერაციას დღემდე ოკუპირებული აქვს და რომ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია მშვიდობიანი პოლიტიკური მეთოდების გამოყენებით მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს“, - განაცხადა დარჩიაშვილმა პარლამენტში.

სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის მიღების შემდეგ, 2023 წლის სექტემბერში, ჩინეთის ელჩმა საქართველოში, ჭოუ ციენმა განაცხადა, რომ ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ტექსტის შესახებ „ზოგიერთებს“ საზოგადოება „მიზანმიმართულად შეჰყავთ შეცდომაში“.

„ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეს ორი ქვეყნის მთავრობას შორის გაფორმებულ არაერთ შეთანხმებაშია გამეორებული“, - განაცხადა მან.

მინისტრი დარჩიაშვილი ასევე აცხადებს, რომ საქართველოს და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი განცხადების „დეკლარირებული მიზნები არ გულისხმობს საგარეო პოლიტიკური კურსის მოდიფიკაციას“.

XS
SM
MD
LG