თუმცა მრავალვექტორულობა გულისხმობს ძალთა ცენტრებს შორის ლავირებას და არა რომელიმე მხარის არჩევას და მასზე ჩამოკიდებას. შესაბამისად, მრავალვექტორულობაზე განცხადებების მიღმა, პრაქტიკაში ვხედავთ დასავლეთისადმი ზურგის შექცევასა და მზარდ დამოკიდებულებას რუსეთსა და ჩინეთზე“, - ამბობს ევრაზიისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებზე მომუშავე ამერიკელი ანალიტიკოსი, თურანის კვლევითი ცენტრის დირექტორი ჯოზეფ ეპსტინი.
ეპსტინი წლების განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა, მათ შორის „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდშიც.
რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ის აფასებს ირანის ომის გავლენას სამხრეთ კავკასიაზე, საქართველოს წინაშე მდგარ ახალ რისკებს, ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის გაუარესებას და საგარეო პოლიტიკის ფასს, რაც ქვეყანამ, მისი თქმით, შესაძლოა საბოლოოდ სუვერენიტეტის სახით გადაიხადოს.
ბაქო წლების განმავლობაში აფრთხილებდა თბილისს ამ პრობლემის შესახებ, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ამას სერიოზულად არ ეკიდებოდა."
რადიო თავისუფლება: რეგიონული სურათით დავიწყოთ - რა გავლენას ახდენს ირანის ომი რეგიონზე და საქართველოზე? რა დევს სასწორზე ამ ომში სამხრეთ კავკასიისთვის?
ჯოზეფ ეპსტინი: საკმაოდ ბევრი რამ. პირველ რიგში, რეგიონი აღარ არის უბრალოდ ამ კონფლიქტის პერიფერია, არამედ ფაქტობრივად ომის ე.წ. გადმოღვრის ზონაშია მოქცეული.
აზერბაიჯანს, ვიტყოდი, ყველაზე მძაფრად შეეხო ეს ყველაფერი. ვიხილეთ დრონით შეტევა ნახიჩევანის აეროპორტზე, ასევე, ბაქო აცხადებს, რომ აღკვეთა თავდასხმები როგორც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გაზსადენზე, ასევე ქვეყანაში ებრაულ სამიზნეებზე. რაც შეეხება საქართველოს, ვიტყოდი, რომ რისკები ოდნავ განსხვავებულია, თუმცა არანაკლებ სერიოზული.
არსებობს გავლენის აქტორების, ე.წ. proxy კრიზისის რისკი. ირანი წლების განმავლობაში რუდუნებით ქსოვდა გავლენის ქსელს საქართველოში მცხოვრებ, ეთნიკურად აზერბაიჯანელ შიიტებში, განსაკუთრებით ქვეყნის სამხრეთში. შემთხვევითი სულაც არაა, რომ ომის დაწყების შემდეგ ამ ჯგუფების მხრიდან მკვეთრად პროირანული განწყობების გამოვლინება ვიხილეთ. ვნახეთ, როგორ გამოვიდა მარნეულის იმამი და აშშ-ს სამყაროს ყველაზე დიდი ტერორისტი უწოდა, როგორ გამოიფინა ხამენეის პორტრეტები, ასევე იყო პროტესტები ირანის საელჩოსთან ხამენეის ლიკვიდაციის შემდეგ, სადაც საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფი აცხადებდა, რომ მზად იყვნენ აიათოლას ბრძანებებს დამორჩილებოდნენ.
ბაქო წლების განმავლობაში აფრთხილებდა თბილისს ამ პრობლემის შესახებ, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ამას სერიოზულად არ ეკიდებოდა. თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ახლახან უსაფრთხოების სამსახურებმა ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის ქართული ფილიალის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს. ასე რომ, შესაძლოა, რაღაცები იცვლება.
ვფიქრობ, საქართველოში ნამდვილად არსებობს ებრაულ და ისრაელის ინტერესებზე რაიმე სახის თავდასხმის რისკი. ეს წარსულშიც მომხდარა, ომის გარეშეც, და ახლა ეს რისკი კიდევ უფრო მაღალია. თუმცა, proxy საფრთხის მიღმაც, ქაოსით მოცულმა ირანმა შეიძლება გამოიწვიოს ლტოლვილთა მასშტაბური ნაკადები, რაც სამივე კავკასიურ ქვეყანას შეეხება.
რადიო თავისუფლება: რაც შეეხება სომხეთს, რომელიც ასევე ესაზღვრება ირანს - რამდენად მძაფრია ირანის ომის გავლენა, განსაკუთრებით TRIPP-ის (The Trump Route for International Peace and Prosperity - ტრამპის მარშრუტი მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის) პროექტის გათვალისწინებით, რომელთან მიმართებაშიც სომხეთს საკუთარი სტრატეგიული გათვლები და დიდი იმედები აქვს?
ჯოზეფ ეპსტინი: წარსულში ირანი სომხეთის მოკავშირე იყო. თუმცა გარკვეულწილად, ირანის დასუსტება შესაძლოა, სასარგებლოც კი აღმოჩნდეს პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის მიზნებისთვის რეგიონში, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ირანი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა TRIPP-ს. აიათოლა ალი ხამენეიმ პირდაპირ განაცხადა, რომ ეს პროექტი მისთვის მიუღებელი იყო, რომ ამერიკას კავკასიაში არაფერი ესაქმებოდა. ასევე მისი უფროსი მრჩეველი, ალი ველაიათი, ამბობდა, რომ TRIPP-ს დონალდ ტრამპის დაქირავებული მებრძოლების სასაფლაოდ გადააქცევდნენ. ასე რომ, გარკვეულწილად, ირანის დასუსტებამ შესაძლოა, სომხეთს მეტი სივრცე გამოუთავისუფლოს დასავლეთისკენ მოძრაობისთვის.
ირანი იყენებს „დაჭრილი ცხოველის“ სტრატეგიას."
რადიო თავისუფლება: არსებობს თუ არა სცენარი, სადაც დასუსტებული ირანი, მას შემდეგ, რაც (ან თუ) აშშ რეგიონს დატოვებს, საკუთარი გავლენის აღდგენასა და თავის ხელახლა დამკვიდრებას სუსტი მეზობლების წინააღმდეგ აგრესიის ხარჯზე შეეცდება?
ჯოზეფ ეპსტინი: ცხადია, არსებობს. უკვე ვნახეთ, რომ ირანი იყენებს „დაჭრილი ცხოველის“ სტრატეგიას და გარშემო ყველას ესხმის თავს. ეს ვნახეთ არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში, ასევე სამხრეთ კავკასიაშიც, აზერბაიჯანის წინააღმდეგ. ასე რომ, დიახ, ისეთი ირანი, რომელიც დასუსტდება - მაგრამ არა საკმარისად - ახალი საფრთხეების საწინდარია.
რადიო თავისუფლება: ზემოთ საქართველოში პროირანულ განწყობებზე საუბრობდით - განხილვის საგნად იქცა საქართველოში ირანის ელჩის განცხადება, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს, პრემიერ კობახიძესთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გაკეთდა. ბევრმა ეს აღიქვა, როგორც არც თუ ისე გულმოდგინედ შენიღბული მუქარა - მაგალითად, ელჩი ამბობდა, რომ არცერთი ქვეყანა არ არის დაცული რეგიონული კრიზისის შედეგებისგან და რომ „ვინც გუშინ დონალდ ტრამპს უჭერდა მხარს, ახლა იძულებულია გადაიხადოს ამ ნაბიჯის ფასი“. თქვენ როგორ „წაიკითხეთ“ ეს გზავნილი?
ჯოზეფ ეპსტინი: ამაში არაფერია ახალი - ირანი რეგიონული „ბულერია“, რომელიც ცდილობს მეზობლებს თავისი ნება თავს მოახვიოს, თუ საჭირო გახდება, ძალადობრივი გზითაც. გზავნილი საკმაოდ ნათელია: არ ითანამშრომლოთ შეერთებულ შტატებთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი სამიზნე გახდებით. საინტერესო იყო ის, რომ ჩვეულებრივ, ასეთი ხისტი განცხადებები ოფიციალური არხებით არ კეთდებოდა ხოლმე - როგორც წესი, ამას აკეთებენ ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის მეშვეობით ან, მაგალითად, Tasnim-ის ან სხვა სახელმწიფო მედიასაშუალებების საშუალებით, რათა შემდგომში უარყოფის შესაძლებლობა დარჩეთ. მაგრამ ის ფაქტი, რომ ეს თავად ელჩმა თქვა, გაცილებით უფრო მძაფრი გზავნილია. ეს აჩვენებს, რომ ირანი გაცილებით უფრო სერიოზულად არის განწყობილი.
ირანი თვლის, რომ მიზნის მიღწევა - საქართველოს თავისი ადგილი მიუჩინოს - მხოლოდ მუქარით შეუძლია. ეს არ არის დიპლომატიური წკიპურტი - ეს უფრო სილის გაწვნაა."
რადიო თავისუფლება: საგულისხმოა, რომ ამ გზავნილის ადრესატი, სავარაუდოდ, ხელისუფლებაა - და ეს იმ ფონზე, რომ ირაკლი კობახიძე ერთ-ერთი იყო იმ მცირერიცხოვან მსოფლიო ლიდერთა შორის, რომლებიც ირანში ჩავიდნენ პრეზიდენტ რაისის გარდაცვალების შემდეგ, მისასამძიმრებლად. „ქართული ოცნების“ მიმართ ერთ-ერთი მთავარი კრიტიკაც, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკის კუთხით, სწორედ ის იყო, რომ ისინი ირანის რეჟიმს ემეგობრებოდნენ. შესაბამისად, რატომ ამ ფორმით? რატომ არ შეიძლებოდა ამ გზავნილის ადრესატამდე მიტანა კულისებში, დიპლომატიური არხებით?
ჯოზეფ ეპსტინი: ვფიქრობ, ეს ასახავს იმ საომარ განწყობას, იმ აგრესიულობას, რასაც დღეს ირანის რეჟიმში ვხედავთ. ირანი გარკვეულწილად ჰგავს რუსეთს იმ მხრივ, რომ მათ რეალურად არ ჰყავთ მოკავშირეები - მხოლოდ ვასალები და პროქსები. თუმცა ირანს ვასალებიც არ ჰყავს, ის მხოლოდ პროქსებზეა დამოკიდებული.
და ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ-ირანული ურთიერთობები გაუმჯობესდა, მიუხედავად იმისა, რომ ირანის მიერ ერთ ქართულ სოფელში სანქციების გვერდის ავლის მიზნით მთელი რიგი ბიზნესები გაიხსნა, მიუხედავად კობახიძის ვიზიტისა და ზოგადი „მეგობრული“ ფონისა, რეალური ნდობა არ არსებობს.
შესაბამისად, ირანი თვლის, რომ მიზნის მიღწევა - საქართველოს თავისი ადგილი მიუჩინოს - მხოლოდ მუქარით შეუძლია. ეს არ არის დიპლომატიური წკიპურტი - ეს უფრო სილის გაწვნაა.
"ქართული ოცნებისთვის" ცივი შხაპის ტოლფასი იყო ის ფაქტი, რომ ვიცე-პრეზიდენტი ვენსი სამხრეთ კავკასიაში ჩავიდა და საქართველო ვიზიტის მიღმა დარჩა."
რადიო თავისუფლება: თუ ირან-საქართველოს ურთიერთობები თითქოს გაუმჯობესდა, აშშ-სთან ურთიერთობა ბოლო წლების მანძილზე აშკარად მკვეთრად და სწრაფი ტემპებით უარესდებოდა. ისევ ზოგად სურათს რომ შევხედოთ - რამდენად შეუქცევადია ეს დაღმასვლა და რა შედეგები მოჰყვება ამას?
ჯოზეფ ეპსტინი: საიდუმლო არ არის, რომ საქართველო როგორც შეერთებული შტატებისგან, ისე ევროპისგან თანდათან დისტანცირდებოდა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში. და უნდა ითქვას, რომ ზედაპირულ დონეზე, მათ მიერ განცხადებული ლოგიკა გარკვეულწილად არ არის საღ აზრს მოკლებული - ისინი ამბობენ, რომ მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკის გატარება სურთ, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის მსგავსად.
თუმცა მრავალვექტორულობა გულისხმობს ძალთა ცენტრებს შორის ლავირებას და არა რომელიმე მხარის არჩევას და მასზე ჩამოკიდებას. შესაბამისად, მრავალვექტორულობაზე განცხადებების მიღმა, პრაქტიკაში ვხედავთ დასავლეთისადმი ზურგის შექცევასა და მზარდ დამოკიდებულებას რუსეთსა და ჩინეთზე.
ვფიქრობ, "ქართული ოცნებისთვის" ცივი შხაპის ტოლფასი იყო ის ფაქტი, რომ ვიცე-პრეზიდენტი ვენსი სამხრეთ კავკასიაში ჩავიდა და საქართველო, რომელიც ოდესღაც პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე პროამერიკული ქვეყანა იყო, ერთადერთი აღმოჩნდა, რომელიც მისი ვიზიტის მიღმა დარჩა.
საქართველოსთვის აქ საბოლოო ფასი შესაძლოა სუვერენიტეტი იყოს."
რადიო თავისუფლება: და რა ფასი ექნება ამ პოლიტიკას? რად დაუჯდება ეს საქართველოს და ქართველ ხალხს?
ჯოზეფ ეპსტინი: კარგი კითხვაა. თუ დავაკვირდებით რუსეთის, ირანისა და ჩინეთის მოკავშირეებს, ცხადი გახდება, რომ ეს სამეული პარტნიორების გაძლიერებას არ ისახავს მიზნად - მათზე კონტროლი უფრო აინტერესებთ. ამიტომაც მგონია, რომ საქართველოსთვის აქ საბოლოო ფასი შესაძლოა სუვერენიტეტი იყოს.
ვაშინგტონი ამას დასრულებულ ამბად არ აღიქვამს - თითქოს საქართველო უკვე დაკარგა. ჯერ არ არის მზად, ეს სტრატეგიული სატრანზიტო ინფრასტრუქტურა ჩინეთს დაუთმოს."
რადიო თავისუფლება: ირანის ომის დაწყების შემდეგ, ვნახეთ, რომ ვაშინგტონმაც გადადგა გარკვეული ნაბიჯები საქართველოსთან მიმართებაში - მაგალითად, ანაკლიის პორტს ამერიკელი მაღალჩინოსნები ესტუმრნენ. ეს განახლებული ამერიკული ინტერესის სიგნალია?
ჯოზეფ ეპსტინი: ვფიქრობ, ეს მიუთითებს, რომ ვაშინგტონი ამას დასრულებულ ამბად არ აღიქვამს - თითქოს საქართველო უკვე დაკარგა. საქართველო კვლავაც შუა დერეფნის ერთ-ერთი საკვანძო რგოლია, განსაკუთრებით მანამ, სანამ TRIPP ჯერ ამოქმედებული არ არის. ვენსის ვიზიტიც აჩვენებს, რომ ვაშინგტონი ჯერ არ არის მზად, ეს სტრატეგიული სატრანზიტო ინფრასტრუქტურა ჩინეთს დაუთმოს.
თანაც ახლა, როცა TRIPP უკვე დღის წესრიგშია, შუა დერეფანს ალტერნატივა უჩნდება და საქართველოს ამ მიმართულებით მონოპოლიური ფუფუნება აღარ ექნება. ეს კი შეიძლება თავად საქართველოსთვისაც ბიძგი აღმოჩნდეს - თბილისს მოუწევს ან უფრო მეტად ითანამშრომლოს ვაშინგტონთან, ან ნელ-ნელა კიდევ უფრო გაირიყოს და სტრატეგიულად უმნიშვნელო მოთამაშედ იქცეს.
რადიო თავისუფლება: უკვე ვახსენეთ სახელმწიფო მდივან რუბიოს საუბარი კობახიძესთან - რომელიც, როგორც ირანის ელჩის კომენტარი, ცხარე დებატების საგნად იქცა. ერთი მხარე ამბობს, რომ ეს ნიშნავს, თითქოს აშშ მზადაა ამ ხელისუფლებასთან ურთიერთობისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გრძელვადიანი თამაში მოიგო და ქარიშხალს გაუძლო, მეორე მხარე კი ამტკიცებს, რომ ვაშინგტონმა ბოლოს და ბოლოს დაინახა, რას აკეთებდა საქართველო - როგორ შორდებოდა დასავლეთს და უახლოვდებოდა რუსეთსა და ჩინეთს - და ახლა ცდილობს მის უკან დაბრუნებას. თქვენი აზრით, რეალურად რა ხდება?
ჯოზეფ ეპსტინი: ვფიქრობ, სიმართლე სადღაც ამ ორ ინტერპრეტაციას შორისაა. საქართველოს ხელისუფლება აშკარად გააქტიურდა ვაშინგტონისკენ მიმართული გზავნილებით, განსაკუთრებით ვენსის თებერვლის ვიზიტის შემდეგ, რაც, ჩემი აზრით, ერთგვარი განგაშის ზარი იყო თბილისისთვის - საქართველო არა მხოლოდ ვიზიტში არ მოხვდა, არც კი უხსენებიათ.
მას შემდეგ კობახიძე მუდმივად საუბრობს ამ შესაძლო „გადატვირთვაზე“. და ის ფაქტი, რომ რუბიომ დრო გამონახა, თანაც ირანთან აქტიური ომის ფონზე, მიანიშნებს, რომ ვაშინგტონი თბილისთან ურთიერთობას ჯერ კიდევ ანიჭებს მნიშვნელობას.
რადიო თავისუფლება: რუბიომ დრო ირანში ომის გამო გამონახა თუ ამის მიუხედავად?
ჯოზეფ ეპსტინი: ესეც კარგი კითხვაა. სიმართლე გითხრათ, ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ. ამერიკულ მოკლე შეჯამებაში ნახსენები იყო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, ამიტომ შესაძლოა ომზეც ისაუბრეს, თუმცა ზუსტად რა როლი ჰქონდა ამ თემას, უცნობია.
საინტერესო ისაა, რომ ამერიკულმა და ქართულმა შეჯამებებმა საკმაოდ განსხვავებული სურათი დახატა. კობახიძემ, ცხადია, ეს „ოცნების“ გამარჯვებად წარმოაჩინა - თქვა, რომ საუბარი პროდუქტიული იყო, რომ განიხილეს პარტნიორობის გადატვირთვა და საქართველოს რეგიონული როლის გაძლიერება. ამერიკული ვერსია კი ბევრად უფრო თავშეკავებული იყო - იქ საუბარი იყო მხოლოდ საერთო ინტერესის სფეროებზე.
და, რაც მნიშვნელოვანია, იმავე დღეს პრეზიდენტმა ტრამპმა გაახანგრძლივა ბაიდენის დროინდელი სანქციები რუსეთზე, რაც ივანიშვილის სანქციებსაც მოიცავდა. ამიტომ ამას სუფთა „გადატვირთვას“ ვერ დავარქმევთ. ეს უფრო ჰგავს სიგნალს, რომ ჩართულობა იზრდება, მაგრამ პარალელურად ზეწოლაც არ მცირდება.
“[სრულიად შესაძლებელია] ივანიშვილზე სანქციების მოხსნა, როგორც კეთილი ნების ჟესტი, რათა თბილისმა ის გააკეთოს, რაც ვაშინგტონს სურს.”
რადიო თავისუფლება: შეიძლება თუ არა საქართველოშიც ვიხილოთ ერთგვარი „ლუკაშენკას მოდელი“, დაახლოებით ისეთი, როგორიც ტრამპის ადმინისტრაციამ ბელარუსთან მიმართებით სცადა - როდესაც აშშ აშკარად არადემოკრატიულ ხელისუფლებასთან ურთიერთობს, ოღონდ იმ პირობით, რომ ისიც გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს, მაგალითად, პოლიტპატიმრებს გაათავისუფლებს?
ჯოზეფ ეპსტინი: ვფიქრობ, მსგავსი ტიპის შეთანხმება გამორიცხული არ არის. თუმცა მე ამას „ლუკაშენკას მოდელს“ არ დავარქმევდი, რადგან ბელარუსი ამ ეტაპზე ფაქტობრივად რუსეთის ვასალია და მისი სუვერენიტეტი მხოლოდ ფორმალურია. საქართველო ჯერ ბელარუსამდე არ მისულა.
ზოგადად, ტრამპის ადმინისტრაციამ უკან მოიტოვა ცივი ომის შემდგომი პერიოდის მიდგომა, სადაც დემოკრატიის ხელშეწყობა და ადამიანის უფლებები რეგიონთან ამერიკული ურთიერთობის ცენტრალური საყრდენი იყო. დღევანდელ ვაშინგტონს თბილისის საგარეო პოლიტიკა უფრო აინტერესებს, მისი ქცევა საერთაშორისო არენაზე.
თუ არსებობს სფეროები, რომლებშიც „ქართული ოცნება“ მზად იქნება ითანამშრომლოს - ტრანზიტზე, კავშირებზე, შუა დერეფანზე, BTC-ზე - მაშინ ჩართულობის საფუძველი იარსებებს, თუნდაც დემოკრატიული სტანდარტების გარეშე. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, გააგრძელებს თუ არა „ქართული ოცნება“ ამერიკის მოწინააღმდეგეებთან თანამშრომლობას.
რადიო თავისუფლება: ანუ თუ „ქართული ოცნება“ საგარეო პოლიტიკას დააბალანსებს, აშშ მზად იქნება თვალი დახუჭოს იმაზე, რასაც „ოცნება“ სახლში, ქვეყნის შიგნით აკეთებს - სწორად ვიგებ?
ჯოზეფ ეპსტინი: დიახ, ვფიქრობ ასეა. ვხედავთ, როგორ თანამშრომლობს ვაშინგტონი ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთანაც კი. სომხეთში დემოკრატია ჯერ ძალიან საწყის ეტაპზეა და ეს არ აღიქმება დაბრკოლებად ვაშინგტონისთვის.
ამავე დროს, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ახლო პარტნიორები - არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი - დემოკრატიული სისტემებისგან ძალიან შორს არიან.
რადიო თავისუფლება: ანუ დემოკრატია ნელ-ნელა ქრება, როგორც ჩართულობის კრიტერიუმი.
ჯოზეფ ეპსტინი: ასეა.
ტრამპი საქართველოს მიმართ ერთგვარ „ქართლის დედის“ მიდგომას იყენებს - ერთ ხელში ღვინის ფიალა უჭირავს, მეორეში ხმალი. ოღონდ განსხვავება ისაა, რომ ორივეს ერთდროულად უწვდის."
რადიო თავისუფლება: და თუ საქართველო იურჩებს და „თამაშში“ ჩართვას არ დათანხმდება, რა ბერკეტები რჩება რეალურად აშშ-ს თბილისის მიმართ? თქვენ ახსენეთ სანქციები, მათ შორის ივანიშვილზე. შეიძლება თუ არა ვიხილოთ მათი მოხსნაც, როგორც კეთილი ნების ჟესტი, რათა თბილისმა ის გააკეთოს, რაც ვაშინგტონს სურს?
ჯოზეფ ეპსტინი: ვფიქრობ, ეს სრულიად შესაძლებელია. ვაშინგტონს აღარ აქვს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ის ბერკეტი, რაც ადრე ჰქონდა. თუმცა კვლავ რჩება მნიშვნელოვანი ზეწოლის მექანიზმები. მაგალითად, თუ TRIPP-ის დერეფანი აშენდა, ამან შეიძლება საქართველოს სატრანზიტო მნიშვნელობა შეამციროს.
რაც შეეხება ივანიშვილზე ბაიდენის დროინდელ სანქციებს - დიახ, სურათი უფრო კომპლექსურია მას შემდეგ, რაც ტრამპმა მათი გაგრძელება სწორედ იმავე დღეს გადაწყვიტა, როცა რუბიო კობახიძეს ესაუბრა.
ჩემი აზრით, ტრამპი საქართველოს მიმართ ერთგვარ „ქართლის დედის“ მიდგომას იყენებს - ერთ ხელში ღვინის ფიალა უჭირავს, მეორეში ხმალი. ოღონდ განსხვავება ისაა, რომ ორივეს ერთდროულად უწვდის და საქართველოს ხელისუფლებას მუდმივად არჩევანის წინაშე აყენებს.
ფორუმი