Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში, რომელშიც ის აფასებს ქვეყნებში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებულ ვითარებას. ანგარიში მოიცავს ბევრ სფეროს, მათ შორის პენიტენციურ სისტემაში არსებულ ვითარებას, პირთა დაკავების პრაქტიკას, წამების დანაშაულს, სამართლიანი მართლმსაჯულების უფლებას; სამოქალაქო უფლებებს - მათ შორის გამოხატვის და პრესის თავისუფლებას, შეკრების თავისუფლებას, რელიგიურ თავისუფლებას, დევნილთა უფლებებს, უმცირესობების მდგომარეობას და სხვა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში მოიცავს:

  • პენიტენციარულ სისტემაში არსებულ ვითარებას, პირთა დაკავების პრაქტიკას, წამების დანაშაულს, სამართლიანი მართლმსაჯულების უფლებას;
  • სამოქალაქო უფლებებს, მათ შორის, გამოხატვის და პრესის თავისუფლებას, შეკრების თავისუფლებას, დევნილთა უფლებებს;
  • ვრცელი მონაკვეთები ეძღვნება უმცირესობების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მდგომარეობას.

საქართველოს შესახებ შემაჯამებელ აბზაცში ვკითხულობთ: „ადამიანის უფლებების თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები მოიცავდა: ვარაუდებს მთავრობის წარმომადგენლების ჩართულობაზე საქმეში, რომელიც ეხება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებას და მისი აზერბაიჯანისთვის ძალადობრივად გადაცემას; ქვეყნის მოქალაქეების განურჩეველ დაკავებას და მათთვის სიცოცხლის წართმევას რუსეთის და დე ფაქტო მთავრობის მიერ ადმინისტრაციულ საზღვრებთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში; მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში ჩარევას და მიუკერძოებლობას; პირად სივრცეში ჩარევას და ძალადობას LGBTI პირების მიმართ. მთავრობამ გადადგა ნაბიჯები ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ზოგიერთი ცნობის გამოსაძიებლად, თუმცა ხარვეზები შენარჩუნდა“.

წამების და სხვა ტიპის სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ სასჯელის თაობაზე ანგარიშში ვკითხულობთ: „მართალია კონსტიტუცია და კანონი კრძალავს მსგავს პრაქტიკებს, იყო ცნობები, რომ მთავრობის ოფიციალური პირები მათ იყენებდნენ. ომბუდსმენის ოფისი იუწყებოდა საჩივრების რაოდენობის გაზრდაზე პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ და ამ საკითხების გამოძიებას მიიჩნევდა არაეფექტურად, არასათანადოდ სწრაფად და მიკერძოებულად. არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველის ოფისი კვლავაც გამოდიოდნენ რეკომენდაციით შეიქმნას დამოუკიდებელი მექანიზმი, რომელიც გამოიძიებს ცნობებს სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე.“

ანგარიშში ნათქვამია, რომ, „მართალია ციხეში და დაკავების ადგილებში ზოგადი მდგომარეობა გაუმჯობესდა, ზოგიერთ ძველ დაწესებულებაში პირობები არაჰუმანურია და გამოირჩევა ვენტილაციის, ბუნებრივი შუქის, მინიმალური საცხოვრებელი სივრცის და ადეკვატური სამედიცინო დახმარების ნაკლებობით“. ანგარიშში მოტანილია ობმუდსმენის შეფასება, რომ პატიმართა საჩივრებზე პასუხის უფლებამოსილება მისი აპარატის მხოლოდ ერთ წარმომადგენელს აქვს და მათ უფლებებზე ინფორმაციის ნაკლებობის, ზეწოლის შიშის, ხელისუფლებისადმი უნდობლობის და კონფიდენციალობის ნაკლებობის გამო პატიმრებმა შესაძლოა თავი შეიკავონ საჩივრების შეტანისგან მართლმსაჯულების უწყებებში. ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ მთავრობამ ციხის მონიტორინგის ორგანიზაციების საერთაშორისო დამკვირვებლებს და ზოგიერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციას უფლება მისცა დამოუკიდებელი დაკვირვება ეწარმოებინათ ციხეებში არსებულ პირობებზე.

ივნისში საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ შეშფოთება გამოთქვა საზოგადოებრივ მაუწყებელზე გარკვეული გადაცემების შეწყვეტის გამო და მაუწყებლის მენეჯმენტს მოუწოდა გადაესინჯა ეს გადაწყვეტილება...
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

მართლმსაჯულების სისტემის შესახებ ანგარიშში ვკითხულობთ: „მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია და კანონი უზრუნველყოფს დამოუკიდებელი მართლმსაჯულების არსებობას, შენარჩუნდა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასა თუ მიუკერძოებლობაში ჩარევის ნიშნები. მოსამართლეები მოწყვლადი იყვნენ პოლიტიკური ზეწოლის წინაშე, როგორც მართლმსაჯულების სისტემის შიგნით, ისე მის გარეთ“.

რაც ეხება გამოხატვის, მათ შორის პრესის თავისუფლებას, სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ 2017 წლის განმავლობაში ჟურნალისტები, არასამთავრობოები და საერთაშორისო თანამეგობრობა შეშფოთებას გამოთქვამდნენ საქართველოში მედიის პლურალიზმის თაობაზე:

„დამოუკიდებელი მედია ძალიან აქტიური იყო და გამოხატავდა შეხედულებების ფართო სპექტრს. თუმცა, მედიის პლურალიზმი შეამცირა და საზოგადოებაში მმართველი პარტიის სასარგებლოდ კონცენტრირებული მედიაგარემოს აღქმა გაზარდა იმედის, მაესტროსა და GDS TV-ს გაერთიანებამ და საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში ხელმძღვანელობის შეცვლამ. 4 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში 29 არასამთავრობო ორგანიზაციამ შეშფოთება გამოთქვა მთავრობასა და ყოფილ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებული პირების მხრიდან მზარდ გავლენაზე საჯაროდ დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტზე“. ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილმა, კამათის საგნად ქცეულმა ცვლილებებმა მაუწყებლობის კანონში გაზარდა შეშფოთება არხის რესტრუქტურიზაციის პროცესში გამჭვირვალობასა და ძალაუფლების მენეჯმენტის ხელში კონცენტრირებაზე.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები კვლავ აწყდებიან წინაღობებს საჯარო ცხოვრებაში სრულად მონაწილეობის თვალსაზრისით. ბევრი ოჯახი, რომლებშიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვია, თავს სტიგმატიზირებულად მიიჩნევს და ბავშვებს საჯარო სივრცეს არიდებს. პრობლემად რჩება დისკრიმინაცია სამუშაო ადგილებზე...
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

„ივნისში საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ შეშფოთება გამოთქვა საზოგადოებრივ მაუწყებელზე გარკვეული გადაცემების შეწყვეტის გამო და მაუწყებლის მენეჯმენტს მოუწოდა გადაესინჯა ეს გადაწყვეტილება“ - ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. 2017 წლის ივნისში საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა მენეჯმენტმა გადაწყვიტა თავისი პროგრამიდან ამოეღო მათ შორის რადიო თავისუფლების გადაცემები „წითელი ზონა“ და „ინტერVIEW“.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ზოგიერთმა მედიასაშუალებამ თუ ორგანიზაციამ შეშფოთება გამოხატა მედიაში პოლიტიკური ჩარევის შესახებ - განსაკუთრებით მათ, ვინც კრიტიკულად იყო განწყობილი მთავრობის მიმართ. მათი შეშფოთება კონკრეტულად ეხებოდა მთავრობის მხრიდან კრიტიკას ოპოზიციის მიმართ მიკერძოების თაობაზე ზოგიერთ მედიასაშუალებაში, განსაკუთრებთ ქვეყნის ყველაზე პოპულარულ ტელეარხ რუსთავი 2-ზე. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებაზე დაყრდნობით, ანგარიშში ნათქვამია, რომ კრიტიკა გაისმა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის მისამართითაც, როცა 2 მარტს უზენაესმა სასამართლომ მიიღო ტელეარხის ყოფილი მფლობელისთვის გადაცემის გადაწყვეტილება. 3 მარტს ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ ეს გადაწყვეტილება შეაჩერა და ახლა თავად განიხილავს ამ საქმეს.

ანგარიშში ვრცელი მონაკვეთები ეძღვნება უმცირესობების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მდგომარეობას. სახალხო დამცველის ოფისზე დაყრდნობით, ანგარიში აღნიშნავს, რომ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები კვლავ აწყდებიან წინაღობებს საჯარო ცხოვრებაში სრულად მონაწილეობის თვალსაზრისით. ბევრი ოჯახი, რომლებშიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვია, თავს სტიგმატიზირებულად მიიჩნევს და ბავშვებს საჯარო სივრცეს არიდებს. პრობლემად რჩება დისკრიმინაცია სამუშაო ადგილებზე“.

ანგარიშში ასევე მოტანილია ომბუდსმენის ოფისის მონაცემები, რომ 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის აგვისტომდე მან ათზე მეტი საჩივარი მიიღო ეროვნული/ეთნიკური წარმომავლობის საფუძველზე დისკრიმინაციის შესახებ. ანგარიში საუბრობს უმცირესობების უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებაზე, რომ ამ ტიპის დისკრიმინაციის მსხვერპლთა იშვიათად შეაქვთ საჩივრები, ვინაიდან განიცდიან მათი უფლებების შესახებ ცოდნის ნაკლებობას.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე ვკითხულობთ - ომბუდსმენის ოფისის ცნობით, სექსუალური უმცირესობები კვლავაც განიცდიან სისტემურ ძალადობას, ჩაგვრას, დამცირებას, შეუწყნარებლობას და დისკრიმინაციას, ცხოვრების ყველა სფეროში. არასამთავრობოთა ცნობით, მთავრობა იშვიათად იცავს კანონს და სამართალდამცველთა რიგებში არის სიძულვილის დანაშაულის შესახებ ძლიერი ცოდნის ნაკლებობა.

  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG