Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო 2020: გააღატაკე და იბატონე


ავტორი: არჩილ აბაშიძე

ემოციურ ფონზე წერილების წერა არასწორია, მაგრამ თუ "კოვიდ 19-თან თანაარსებობა" და "სოციალური დისტანცირების დაცვა წლების განმავლობაში მოგვიწევს", როდესმე ხომ უნდა გავბედოთ ხმის ამოღება? ყოველ შემთხვევაში, პანიკა მგონი ჩაცხრა და აზრების დალაგება შეიძლება ვცადოთ. პანიკა ნამდვილად იყო; ხელისუფლებამ მიზანმიმართულად დათესა და აიტაცა საზოგადოების იმ ნაწილმაც, რომელიც წესით, ინფორმაციის წყაროს მაინც უნდა ამოწმებდეს ხოლმე. "იტალია განმეორდება და ყველა დავიხოცებით", "მთავრობას უნდა დავუჯეროთ, მთელ მსოფლიოში დააწესეს შეზღუდვები", "ახლა დაიწყება ევროკავშირის დაშლა", "დასავლეთი ჩაიკეტება და ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ქვეყნები"-დიდი გულმოდგინებით გვიკიჟინებდნენ ყალბი საიტები და მათი მკითხველები.

ოფიციალური მედია გამუდმებით გვიტრიალებს ცხვირწინ სხვადასხვა სტატისტიკას: მსოფლიო მასშტაბით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა, საქართველოში დაფიქსირებული შემთხვევების სტატისტიკა და ა.შ. ამ სტატისტიკას ის ადგენს, ვინც მერე შეზღუდვებს აწესებს და მილიარდებს გამოყოფს (და თვითონვე ზრუნავს ამ თანხების ათვისებაზე) "გლობალური ტრაგედიის" თავიდან ასაცილებლად. უკვე წერენ მომავალი კატასტროფების სცენარებსაც. ჩინოვნიკები ემზადებიან "ბიბლიური მასშტაბის" შიმშილობასთან საბრძოლველად (და კმაყოფილები, ხელებს იფშვნეტენ). ამის ფონზე, ეპიდემიოლოგები მხრებს იჩეჩავენ, ჩვენ ჯერ ვერაფერს გეტყვით კონკრეტულსო.

როგორც ყველა კრიზისულ სიტუაციაში ხდება ხოლმე, ვირუსის გავრცელებისთანავე, პრესამ და ცნობისმოყვარეებმა შექმნეს გმირები და ანტიგმირები. ექიმები და ჯანდაცვის სფეროს მიტმასნილი ჩინოვნიკები- გმირებად მოგვევლინენ; ყველა, ვინც "ზედმეტი" კითხვებით გვაწუხებდა და ეჭვებს გამოთქვამდა- ანტიგმირები, კაცობრიობის დაღუპვის მოსურნეები, ჩასაფრებულები. გმირები მიკროფონებთან გაიპრანჭნენ, როლი მოირგეს, საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების და რელიგიურ გრძნობების დამალვაც აღარ ჩათვალეს საჭიროდ.

პოლიტიკოსები გვარწმუნებენ, რომ სწორედ ამეპიდემიოლოგების რჩევებზე დაყრდნობით შეიმუშავეს "დრაკონული" შეზღუდვები. არადა, ქართველი ეპიდემიოლოგების გამოსვლებში ჩანდა, რომ ისინი ხელისუფლების ნაკარნახევ სცენარებს და პრობლემის გადაჭრის გზებს გვთავაზობდნენ. ალბათ, ამიტომ იყვნენ ხშირად ასე არადამაჯერებლები, როდესაც ტოტალური "ლოქდაუნის" აუცილებლობაზე საუბრობდნენ და ხელს აწერდნენ ეკონომიკის გაჩერების რეკომენდაციას.

მოსალოდნელი "პიკის" და აპოკალიფსის შესახებ დისკუსიისას, ყველაზე უზნეო და სამარცხვინო არგუმენტები, რომლებიც რომელიმე პროპაგანდისტული ვებგვერდზე კი არა, ექიმებისგან მოვისმინეთ, იყო 1. "გარეთ თუ გახვალ კორონას მოიტან და მოხუცებს (მშობლებს) დახოცავ" და 2. "ხანდაზმულებო, გარეთ თუ ივლით (წლის ბოლომდე), ყველა დაიხოცებით". იტალიური ქალაქების მერები, სადაც ასობით ადამიანი დაიღუპა, დრონებით უთვალთვალებდნენ და უყვიროდნენ ურჩ მოქალაქეებს. საქართველოში, სადაც ქალაქის "არჩეული" მერები გადადგომის მიზეზსაც კი არ უხსნიან მოქალაქეებს, ასეთი არგუმენტებით მოქალაქეებთან ურთიერთობა ავტორიტარი მმართველების მიერ ხალხის კისერზე წიხლის დაჭერას უფრო ჰგავს. პანდემია რომ ბევრმა ავტორიტარმა ლიდერმა საკუთარი პოზიციების გასამყარებლად გამოიყენა, საიდუმლო არაა და ამაზე უკვე ბევრი იწერება მსოფლიო პრესაში.

საბოლოო ჯამში, მაინც მივდივართ კითხვამდე ვინ იყენებს შექმნილ ვითარებას თავის სასარგებლოდ. გლობალური მასშტაბის შეთქმულების თეორიებს რომ თავი დავანებოთ (ბილ გეითსი ყველას "დაჩიპავს" და ილონ მასკი კოსმოსიდან დაგვასხივებს), აშკარაა, რომ ადგილობრივი ხელისიფლებები ამ უნიკალურ შანსს (და ადგილობრივ სპეციალისტებს) თავის სასარგებლოდ ყველანაირად იყნებენ. საქართველოში, პოლიტიკური პროცესის გაყინვის გარდა (შეჩერდა დაანონსებული აქციები, მოლაპარაკება საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე), ეს პოლიტიკა, რომელსაც "გააღატაკე და იბატონე" შეიძლება ვუწოდოთ, აშკარად გათვლილია საარჩევნო წელზე. ისედაც დამშეული და უკიდურესობამდე მიყვანილი ხალხის კიდევ უფრო დაზაფრვის და დაშინების გზით, ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ისევ ჩუმად გადააგორებს მორიგ სამარცხვინო არჩევნებს. სამწუხაროდ, იმის იმედი, რომ ხალხი ამ პროცესს შეეწინააღმდეგება, ნაკლებია. სამაგიეროდ, არსებობს იმედი, რომ დასავლური სამყარო, რომელიც რუსული საინფორმაციო წყაროებით გამოკვებილმა ადგილობრივმა ექსპერტებმა უკვე დაასამარეს და დამხობა უწინასწარმეტყველეს, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებისგან მალე გათავისუფლდება და მოიცლის საკუთარი ხალხის მტრად ქცეული რეჟიმებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG