Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი: პრეზიდენტმა სიცოცხლის უფლება დაარღვია


სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის თანახმად, რომელიც ადამიანის უფლებების მდგომარეობას ეხება და სადაც 2019 წლის მოვლენებია გაანალიზებული, პრეზიდენტმა იმ პირების შეწყალებით, რომლებიც სასჯელს განზრახ მკვლელობისთვის იხდიდნენ და მსჯავრის ძირითადი ნაწილი მოუხდელი ჰქონდათ, სიცოცხლის უფლება დაარღვია.

2019 წლის 27 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა 34 პირი შეიწყალა. შეწყალებულ პირთა შორის იყვნენ განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებულებიც და მათ მნიშვნელოვან ნაწილს, მსჯავრის ძირითადი ნაწილი მოუხდელი ჰქონდა. სახალხო დამცველი მიიჩნევს რომ საზოგადოების პროტესტი, რომელიც ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა, სამართლიანი იყო.

"საქართველოს სახალხო დამცველმა მოუწოდა პრეზიდენტს, საზოგადოებისთვის მიეწოდებინა დეტალური ინფორმაცია შეწყალების მოტივაციის შესახებ, თუმცა შესაბამისი დასაბუთება ამ დრომდე არ ყოფილა წარმოდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, შეწყალების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში პრეზიდენტი აბსოლუტური დისკრეციით სარგებლობს, აღსანიშნავია ამ პროცესის მჭიდრო კავშირი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული სიცოცხლის უფლების პროცედურულ ასპექტთან. ევროპული სასამართლოს განმარტებით, სიცოცხლის უფლება დარღვეულად მიიჩნევა, თუ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები არაგონივრულ ლმობიერებას გამოიჩენენ მკვლელობისთვის მსჯავრდებულ პირთა მიმართ, რაც მათ ფაქტობრივ დაუსჯელობაში გამოიხატება. იქიდან გამომდინარე, რომ ზემოხსენებული შეწყალებული პირები საქართველოს პრეზიდენტმა სასჯელის არსებითი ნაწილის მოუხდელად გაათავისუფლა, სახეზეა სიცოცხლის უფლების დარღვევა." - ვკითხულობთ ანგარიშში.

XS
SM
MD
LG