Accessibility links

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მწვავე აქცენტები საქართველოზე


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში თავმოყრილია 2018 წლის განმავლობაში ქვეყანაში განვითარებული მოვლენები და მათი შეფასებები სხვადასხვა ორგანიზაციის მხრიდან.

ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება საპრეზიდენტო არჩევნების დროს, პოლარიზებული პოლიტიკური გარემო, მედიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული პრობლემები, მკვლელობა ჰომოფობიურ ნიადაგზე, ზეწოლა სამოქალაქო სექტორზე, სარალიძე-მაჩალიკაშვილის გამოუძიებელი საქმეები, უკანონო თვალთვალი და სხვა - ეს იმ საკითხების ნაწილია, რომლებზეც ანგარიშის საქართველოს შესახებ მომზადებულ ნაწილშია საუბარი.

სახელმწიფო დეპარტამენტი ეყრდნობა საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციასა და შეფასებებს 2018 წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენების შესახებ.

საპრეზიდენტო არჩევნები

ანგარიშში მოხვდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შეფასებები, რომლებიც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დასკვნებს ეყრდნობა. პირველი ტურის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, რომ, მართალია, კანდიდატები კამპანიას თავისუფლად ატარებდნენ და ამომრჩეველსაც დაუბრკოლებლად შეეძლო არჩევანის დაფიქსირება, მაინც უკანონოდ იყენებდნენ ადმინისტრაციულ რესურსებს. ანგარიშში წერია, რომ იყო არათანაბარი კონკურენცია და “მკვეთრად პოლარიზებული კერძო მაუწყებლობა, ნეგატიური კამპანიითა და უხეში რიტორიკით”.

“საკანონმდებლო ცვლილებებმა, რამაც გაზარდა მმართველი პარტიის წარმომადგენლობა საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონეზე, ასევე დამოუკიდებელი წევრების არჩევის პროცესში გამჭვირვალობის ნაკლებობამ, ძირი გამოუთხარა მიუკერძოებლობის აღქმას”, ნათქვამია ანგარიშში.

რაც შეეხება მეორე ტურს, სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, რომ კამპანიის ნეგატიურმა ხასიათმა ორივე მხრიდან ძირი გამოუთხარა პროცესს.

წლევანდელ ანგარიშში საუბარია ხელისუფლების მხრიდან შეტევაზე სამოქალაქო საზოგადოებაზე, რაც ასევე არჩევნების პერიოდს უკავშირდება.

მედიის დამოუკიდებლობა

ამ კუთხით ანგარიშში მოხვდა ტელეკომპანია “იბერიის” დახურვის, ასევე „მაესტროს“, „იმედისა“ და „ჯი-დი-ეს“-ის გაერთიანების ამბები. “იბერიის დახურვამ და 2017 წლის სამი ტელეარხის შერწყმამ მედიამრავალფეროვნება შეამცირა და გაზარდა მედიაკომპანიების კონცენტრაცია მმართველი პარტიის სასარგებლოდ”.

სახელმწიფო დეპარტამენტი შეეხო ასევე საზოგადოებრივ მაუწყებელს. „არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის და საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიის დირექტორების სიახლოვე მმართველ პარტიასთან“. ანგარიშში ნათქვამია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაც მიკერძოებულია მმართველი პარტიის მიმართ.

თვალთვალი, უკანონო ჩანაწერები და პირადი ცხოვრების ხელყოფა: "იყო ცნობები სუსის წარმომადგენლების პასუხისგებაში არმიცემაზე, როცა საქმე სახელმწიფო რესურსის ბოროტად გამოყენებას, მათ შორის პოლიტიკურად მოტივირებულ თვალთვალს და ჩარევას ეხება“, - ნათქვამია ანგარიშში.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე

“სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა გამჭვირვალე, ობიექტური და დროული გამოძიების მნიშვნელობას; არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს გამოძიება, რადგან მას აკლდა სამართლიანობა”.

ხორავას ქუჩის საქმე

“სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებმა ეჭვქვეშ დააყენეს გამოძიების მიუკერძოებლობა”. აქვე საუბარია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაზე, კომისიისა, რომელმაც ყოფილი გენერალური პროკურორი გულგრილობასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა, თუმცა უარყო, რომ გამოძიების პროცესში იყო ჩარევა, რამაც მის შედეგზე გავლენა მოახდინა.

ვიტალი საფაროვის საქმე

“სექტემბერში მოკლეს უმცირესობების უფლებადამცველი აქტივისტი ვიტალი საფაროვი თბილისის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ პოპულარულ ბართან. ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პიროვნება ნეონაცისტური ჯგუფის წარმომადგენელი იყო. მოწმეების განცხადებით, შელაპარაკება დაიწყო იმის გამო, რომ აქტივისტი ქართულზე უკეთ რუსულად ლაპარაკობდა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოითხოვეს მკვლელობის ბრალდებას ქსენოფობიური კონტექსტი დამატებოდა, რასაც მოჰყვებოდა უფრო მძიმე სასჯელი”. ანგარიშში ნათქვამია, რომ გენერალურმა პროკურატურამ მართლაც დაამატა ბრალდებას მუხლი, რომელიც გულისხმობს განზრახ მკვლელობას რასის, რელიგიის, ეროვნების ან ეთნიკური კუთვნილების საფუძველზე, თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ მედიაში კიდევ გამოჩნდა რამდენიმე შემთხვევა, როცა უმცირესობების მიმართ სიძულვილის ენა გამოიყენეს.

აფგან მუხთარლის საქმე

ანგარიშში რამდენჯერმეა ნახსენები გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, საქმე. ანგარიშის მიხედვით, ეს იყო ხელისუფლების მხრიდან ანგარიშვალდებულების ნაკლებობა. მუხთარლის საქმე, ზედიზედ მეორე წელია, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ფიგურირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG