Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახლში დარჩენა, როგორც პრივილეგია


ავტორი: ჟირონ ხუჯაძე

საქართველოს შეიძლება ეწოდოს “კრიზისების ქვეყანა” – ჩვენ სახელმწიფოდ ვყალიბდებით გასაჭირის დროს, მაშინ, როდესაც განცდა ერთიანობისა და სამოქალაქო თვითშეგნებისა ყველაზე მეტადაა საჭირო. ხშირ შემთხვევებში ასეც ხდება, აღმოგაჩნდება სოციალური სოლიდარობის გრძნობა. გავიხსენოთ ახლო წარსული – წყალდიდობა მდინარე ვერეს ხეობაში. ყოველი მომდევნი კრიზისი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ეჯახება, იქნება ეს ლოკალური თუ გლობალური, ჰგავს ახლადფეხადგმული ბავშვის წაქცევას. ზოგჯერ მტკივნეულს, თუმცა მომავალი გავლისათვის აუცილებელს. მართალია, ჩვენ ჯერ ვერ დავდივართ, მაგრამ ვსწავლობთ სიარულს და, ვინ იცის, ეგებ ახლო მომავალში ვირბინოთ კიდეც.

თუმცა, ყოველი კრიზისი ასევე განაპირობებს გარკვეულ ილუზიათა, ანუ არასწორ ხედვათა თუ მოსაზრებათა, მრავლად აღმოცენებას. ქვემოთ, შევეცდები, გამოვააშკარავო რამდენიმე და თავისი სახელი დავარქვა მათ.

ილუზია N1 (მთავარი ილუზია) : დარჩი სახლში – “დარჩი სახლში” არის დღეისათვის ყველაზე მეტად გამოყენებადი წინადადება. იგი საკუთარი თავისგან გამორიცხავს ადამიანებს, რომლებსაც არა აქვთ სახლი. გვავიწყებს მათ და თავისი რიტორიკით, რომელიც მიმართულია ყველასკენ, გვაჯერებს, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც სახლში დარჩენა არ შეეძლოს იმ მიზეზით, რომ იგი უბრალოდ არ აქვს. სახლში დარჩენა არის პრივილეგია!

ილუზია N2 : ვირუსმა ყველა გაგვათანაბრა – სატელევიზიო თუ ინტერნეტ სივრცეებში ხშირად გაიგონებთ სიტყვებს, რომ ვირუსმა გაათანაბრა ღარიბი და მდიდარი, ბანკირი და მეეზოვე, ჭკვიანი და სულელი… სინამდვილეში, ეს სიცრუეა. მდიდრები არიან ისევ მდიდრები და ღარიბები არიან ისევ ღარიბები ან უფრო მეტად. მდიდრებს კვლავ აქვთ დიდი სახლები, აქვთ უკეთესი შესაძლებლობა იზოლაციის, აქვთ უკეთესი გართობისა და დარდის გაქარვების მატერიალური საშუალებანი, აქვთ უკეთესი საკვები.

ილუზია N3 : ვირუსის შემდგომ სხვანაირი ხედვა გვექნება სამყაროზე – ზონგი ამბობენ, რომ კორონავირუსი გამოიწვევს მატერიალისტური ფეტიშიზმის ნგრევას; ჩვენ აღარ ვიფიქრებთ აიფონების ყიდვაზე და ყოველდღიურობიდან გადავერთვებით მეტაფიზიკაზე. სიკვდილის სიახლოვე, დასასრულის განცდა, იმ სიკვდილის, რომელიც დავიწყებული ჰქონდა “დასავლელ” ადამიანს, მასში გააღვიძებს ტრანსცენდენტის საჭიროებას. ვფიქრობ, ამგვარი მორალისტური განწყობა, უადგილოა. მეტიც, იგი გარკვეული “ელიტების” რიტორიკული დღის წესრიგია მხოლოდ. როგორც ნიცშე აღნიშნავს “მორალის გენეალოგიაში” , მორალური აზროვნება აღმოცენდება არა სურვილით იყო კარგი, ბედნიერი ადამიანი, არამედ იგი საშუელებაა “მაღალი კლასის” წარმომადგენელთავთვის, რომ მათ საკუთარი თავი განასხვავონ დაქვემდებარებულებისგან. იგი ამბობს, რომ მრავალ ენაში სიტყვები “კარგი” და “ცუდი” ან “ბოროტი” და “კეთილი” წარმოშობილია სიტყვებისგან “სუფთა” და “ბინძური”. ამ შემთხვევაში, უკანასკნელი ორი აღნიშნავს ფიზიკურ კონდიციას. “ჭუჭყიანი” ადამიანი ვერ იქნება კეთილი. დღესაც, არაჰგიენური ადამიანი, რომელიც არ დაიბანს ხელებს, ვერ იქნება კეთილი … გვმართებს თუ არა ამაზე მეტი ფიქრი, ვიდრე უბრალო და უაპელაციო მარგინალიზება ვიღაცებისა?

ილუზია N4 : ევროპასა თუ ამერიკაში ხარვეზული სისტემის მიზეზი სახელმწიფოს დომინირებაა – მემარჯვენე, ნეოლიბეალური ეკონომიკური მოდელის მომხრე, პოლიტიკოსებისგან გვესმის, რომ იტალიაში, ესპანეთსა თუ ამერიკაში დამდგარი შედეგები დაკავშირებულია სახელმწიფო მმართველობითი სისტემის უუნარობასთან. იგი ხომ ცუდი მმართველია. ეს ასე არ არის. კრიზისმა გამოამჟღავმა, რომ ბიზნეს-სუბიექტების მიერ სამედიცინო სფეროს მონოპოლიზება, კერძო დაზღვევაზე მოტივირება, შეიძლება გახდეს გამოუსწორებელი ზიანის მომტანი ეპიდემიებისა თუ პანდემიების დროს. ადამიანის ჯანმრთელობა არის მისი უფლება, რომელიც დაცულ უნდა იყოს კონსტიტუციურსამართლებრივად. იგი არ უნდა იქნეს დამოკიდებული პიროვნების მიკუთვნებულობაზე კონკრეტულ ეკონომიკურ თუ სოციალურ კლასთან.

არასწორ იდეათა გამოაშკარავების შემდგომ იმაზეც უნდა ვთქვათ ორიოდ სიტყვა, თუ რა გვასწავლა ვირუსმა? პირველი, რაც დავინახეთ და, ცხადად დავინახეთ, არის როლი პროფესიონალიზმისა. ჩვენ საკუთარ ცხოვრებაში, მოვლენათა დაგეგმვაში და საზოგადოებრივ სივრცეში, უნდა შემოვუშვათ მეტი პროფესიონალი – ადამიანები, რომლებსაც დაუმტკიცებიათ საკუთარი სიძლიერე მედიცინაში, ეკონომიკაში, სამართალში, განათლებაში, ტექნიკურ სფეროებში, მსახიობობაში, ჯამბაზობაში, ცხოველთა გაწვრთვნაში, მწერლობაში და ა.შ. უნდა დაიწეროს და ტელევიზიათა კამერები უნდა გადაერთოს მათზე. “უპროფესიო” პოლიტიკოსებისა და, რბილად რომ ვთქვათ, უნიჭო არტისტების სახეები ეკრანებზე უნდა შეიცვალოს მეტი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა თუ ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლებით.

მეორე, რაც დავინახეთ, არის სწორი კომუნიკაციის აუცილებლობა. სწორი ამ შემთხვევაში არ ნიშნავს ტექნოკრატული ენით საუბარს. თუ კვლავ სამედიცინო სფეროს ცნობილ წარმომადგენლებს მივუბრუნდებით, ისინი არ იყენებენ ტექნოკრატების, ბიუროკრატების ენას; მათი საუბარი თავისუფალი დინებაა, მათ აქვთ ემოციები, შეუძლიათ გვიყვირონ და შეგვაქონ. ისინი არ არიან ემოციებდაცლილი სტატისტიკოსები. ისინი საუბრობენ ბუნებრივად და არა პოლიტიკოსების ფრაზებით : “საქართველო ბიზნესის დაწყების სიმარტივით ამა და ამ ადგილზეა, ამა და ამ კოეფიციენტით”.

თუმცა, რა თქმა უნდა, სწორი კომუნიკაცია არ არის მხოლოდ გრძნობითი. ადამიანმა უნდა იცოდეს, თუ რას ელის მისგან საზოგადოება,სახელმწიფო და რა ელის მას ხვალ. ეკონომიკური გეგმები უნდა იყოს ცხადი და გასაგები და ინფორმაცია უნდა გადაეცემოდეს არაორაზროვნად. კანონის მიზნები უნდა იყოს განმარტებული.

კარგად ინფორმირებული ინდივიდი, ნათელი და მკაფიო ხედვით მომავალზე, გაიჭირვებს და დარჩება სახლში. თუმცა, ისიც ხომ ვიცით, რომ სახლში დარჩენა პრივილეგიაა. პრივილეგია, რომლის ფუფუნებაც ბევრს არ აქვს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ შია. და ამ “არაპრივილეგირებული” ადამიანებისთვის “პრივილეგირებულების” რჩევები, რომ ახლა ყველაზე კარგი დროა თომას მანის წასაკითხად, რომ კარგი იქნება თუ უფრო მეტად ჩავუკვირდებით ჰანს კასტორპის ყოფას, სასაცილოდაც კი მოჩანს.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG