Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ყოველი გადავადებული დღე არის მეტი შანსი ჩვენთვის, რომ უკეთესად მოვემზადოთ, რომ გარკვეულმა ტექნოლოგიებმა მოგვისწროს, ტესტებმა მოგვისწროს"


სერგო ჩიხლაძე, მედიცინის დოქტორი, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი, GSAC-ის ექსპერტი
სერგო ჩიხლაძე, მედიცინის დოქტორი, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი, GSAC-ის ექსპერტი

ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი, მედიცინის დოქტორი, სერგო ჩიხლაძე რადიო თავისუფლების ეთერში აცხადებს, რომ დროის სვლასთან ერთად საზოგადოება უნდა შეეგუოს იმას, რომ შეიძლება რამდენიმე დღეში აღარ იყოს აქტუალური ინფიცირების პირველწყაროს ძიება. ამასთან, ის ძალიან მაღალ შეფასებას აძლებს ქართველი ეპიდემიოლოგებისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მუშაობას ინფიცირებულთა გამოვლენაში:

„რაღაც პერიოდში ჩვენ იმასაც უნდა შევეგუოთ, რომ ყველა კონტაქტის მიკვლევა პირველწყაროსთან ვეღარ მოხერხდება და ეს ყველა ქვეყანაში, ყველა ეპიდემიის დროს ასეა. შეიძლება მივდიოთ პირველ ათეულ, ასეულ შემთხვევას, მაგრამ, თუ რამდენიმე ასეული შემთხვევა იქნება ან ათასობით შემთხვევა, როგორც ევროპის ქვეყნებშია, რა თქმა უნდა, ყველას მიდევნება - ვის ვისგან გადაედო და ამ კონტაქტების იზოლირება უკვე ვეღარ მოხერხდება და ეს ნორმალურია.

რამდენიმე დღეში მესამე რიგის გადაცემაა თუ მეოთხე რიგის, ამის განხილვას აზრი ეკარგება. მთავრობამაც განაცხადა და სპეციალისტებიც ვამბობთ, რომ მთავარია მზადყოფნის რეჟიმში ვიყოთ. სხვადასხვა ეტაპებს გადის მსგავსი ეპიდემიების დროს ქვეყანა - არის შეკავების ეტაპი, მაგრამ როცა შემთხვევები გამოვლინდება და ვეღარ ხდება პრევენციული ზომებით შეკავება, უკვე არის მზადყოფნის ეტაპი, რომელიც არის და უნდა იყოს საავადმყოფოების მზადყოფნა, სამედიცინო პერსონალის მზადყოფნა, პაციენტთა ნაკადების მართვა, რომ გადავსება და გადატვირთვა არ მოხდეს ჰოსპიტალების და ა.შ.

...სხვათა შორის ძალიან კარგად იმუშავა ჩვენმა ეპიდემიოლოგიურმა სამსახურმა. ძალიან ბევრი შემთხვევა დროულად გამოავლინა. მათი კონტაქტები გამოვლინდა. ბევრი ადამიანია კარანტინში. ეს, რა თქმა უნდა, უდაოდ დიდი დამსახურებაა ჩვენი ეპიდემიოლოგიური სამსახურის და დაავადებათა კონტროლის ცენტრის“.

შეკითხვას, რა ფაქტორებმა განაპირობა ის, რომ ინფიცირების პირველი შემთხვევის გამოვლენიდან სამი კვირის განმავლობაში საქართველოში არ მოხდა სწრაფი ზრდა დადასტურებული შემთხვევების, სერგო ჩიხლაძე პასუხობს, რომ ევროპის ქვეყნებისა და ცნობილი დედაქალაქებისგან განსხვავებით, საქართველო მაინც არ არის ტურისტების ისეთი რაოდენობის მიმოსვლის ადგილი, როგორიც პარიზსა და რომშია. ის აგრეთვე ეფექტიანად თვლის საზღვრების ჩაკეტვას, თუმცა, აღნიშნავს, რომ რუსეთთან საზღვარზე მოქალაქეთა მიმოსვლის შეჩერება დაგვიანებული იყო.

„ძალიან მნიშვნელოვანია და კარგია, რომ ეს ტემპი არ არის სწრაფად მზარდი და დღეში რამდენიმე დადასტურებულ შემთხვევაზე მეტი არ არის. უფრო სწრაფი ზრდის სცენარიც შესაძლებელია, მაგრამ რაც გვაქვს, ეს ტემპი არის ძალიან კარგი, რადგან ყოველი გადავადებული დღე, გადავადებული საათი ეს არის მეტი შანსი ჩვენთვის, რომ უკეთესად მოვემზადოთ, რომ გარკვეულმა ტექნოლოგიებმა მოგვისწროს, ტესტებმა მოგვისწროს, გამოცდილება იზრდება და ა.შ. და, რაც მთავარია, რომ არ მოხდეს ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა. პირობითად რომ ვთქვათ, თუ გვაქვს თავისუფალი 10 ადგილი, ამ ათ ადგილზე არ მოაწყდეს 20-30 ადამიანი, რომელსაც ფიზიკურად ვერ დავატევთ, რაც იტალიის შემთხვევაში მოხდა და ხდება, სამწუხაროდ.

აქ მარტო საწოლ ადგილებზე არ არის ლაპარაკი. ამ საწოლ ადგილებს სჭირდება სერვისი, სწორი აღჭურვა, მოწყობილობები, სამედიცინო პერსონალი არ დაგვავიწყდეს, რაც მთავარია. ძალიან კარგი ინფექციონისტები გვყავს, მაგრამ შეზღუდული რაოდენობით და თუ საჭირო გახდება და ვერ აუვლენ დატვირთვას, საჭირო გახდება სხვა, მომიჯნავე დარგების ექიმების გადამზადება, ასევე რეანიმატოლოგების. ძალიან სერიოზული პრობლემა გვაქვს ექთნებთან დაკავშირებით ზოგადად, კორონას გამოწვევაც რომ დავივიწყოთ“.

სერგო ჩიხლაძე ყურადღებას ამახვილებს მოხალისეთა საქმიანობის კარგად კოორდინირებაზეც, რომ ის სასარგებლოს ნაცვლად საზიანო არ აღმოჩნდეს ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით:

„არაინფორმირებულმა მოხალისემ შეიძლება მეტი რისკი შექმნას, ვიდრე სარგებელი“.

გადმოწერა


  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG