Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სესხების ჩამოწერა: შეფერხებები და პრობლემები


„ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირების მიუხედავად, 3 დეკემბრისთვის არ არის ხელმისაწვდომი ერთიანი სიის ამსახველი ვებსაიტი, რომლის საშუალებითაც ვალების ჩამოწერით დაიმედებული მოვალეები საკუთარ გვარსა და სახელს გადაამოწმებდნენ. როგორც ფონდ „ქართუს“ ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ჩხეტიანმა უთხრა რადიო თავისუფლებას, „თავად ვებსაიტი ტექნიკურად მზად არის“, მაგრამ ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული მონაცემები, რომლებიც ამ საიტზე უნდა განთავსდეს.

„ველოდებით შესაბამის სიებს საკრედიტო დაწესებულებებიდან. როგორც კი დაზუსტდება სიები და გადმოგვეცემა, მაშინვე ავსახავთ საიტზე“, - განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაზუსტდება მონაცემები და როდის იქნება ხელმისაწვდომი ახალი ვებსაიტი. ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მოელის, რომ ვებსაიტის ამოქმედება დაგვიანდება, მაგრამ ეს არ შეეხება საკუთრივ ვალების ჩამოწერის პროცესს.

„ამ ეტაპზე, შესაძლოა, ვებგვერდის გაშვება ოდნავ დაგვიანდეს იმის გამო, რომ დაახლოებით, 10-მდე სესხის გამცემი ორგანიზაცია დამატებით ჩაერთო პროექტში და მათი ბაზებიც შესაჯერებელია ერთიან მონაცემებთან. ტექნიკური სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ის მთავარი პრინციპი, რომ ვალების ჩამოწერა 15 დეკემბრიდან დაიწყება და ე.წ. „შავი სიიდან“ ამოღებული იქნება 600 000 ადამიანი, არ იცვლება. ეს პროცესი წლის ბოლომდე გაგრძელდება. ის ტემპი, რაც საკუთრივ ვალების ჩამოწერას და სიების გასუფთავებას ნიშნავს, დაპირებისამებრ გაცხადებულ ვადებში ჩაეტევა“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა 3 დეკემბერს.

ვიდრე სია არ გამოქვეყნდება, შეუძლებელია იმის თქმა, ვის შეეხება და ვის არ შეეხება ვალების ჩამოწერის გეგმა. თუმცა სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ გაწბილებულიც ბევრი დარჩება.

საქართველოში 60-ზე მეტი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფუნქციონირებს. მაგრამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციაში შემავალი 37 ორგანიზაციიდან ვალების ჩამოწერის სახელისუფლებო ინიციატივასა და ფონდ „ქართუსთან“ თანამშრომლობაზე თანახმაა მხოლოდ 3-4 ორგანიზაცია. რადგან საკითხი ჯერ დაზუსტებული არ არის, კონკრეტულ ორგანიზაციებს არ ასახელებს, მაგრამ როგორც ასოციაციის თავმჯდომარე ბესო შენგელია ეუბნება რადიო თავისუფლებას, შემოთავაზება კომერციულად აბსოლუტურად უინტერესო და წამგებიანი აღმოჩნდა. შესაბამისად, ორგანიზაციების უმრავლესობა უარს ამბობს ვალების ჩამოწერის პროცესში ჩართვაზე,

„მაგალითად, სესხი არის 1000 ლარი, რომელსაც დაერიცხა პროცენტი (ვთქვათ, წლიური 36%), რაც 360 ლარს შეადგენს; ამას კიდევ ემატება ჯარიმა -200 ლარი და ჯამში გამოვიდა 1560 ლარი. 2018 წლის იანვრამდე არსებულ ვადაგადაცილებულ სესხებზე ახალი ინიციატივით არავინ გვინაზღაურებს პროცენტსა და ჯარიმას, ხოლო ძირ თანხაზე (1000 ლარზე) გვთავაზობენ მხოლოდ 90 ლარს (9%-ს). რა ლოგიკით უნდა დათანხმდეს ორგანიზაცია?! მიუღებელია ასევე მიდგომა 2018 წლის 1 იანვრიდან ოქტომბრამდე არსებულ პრობლემურ სესხებთან დაკავშირებით. მართალია, ძირი თანხის 1000 ლარზე ამ შემთხვევაში 140 ლარს (14%-ს) გვთავაზობენ, მაგრამ ეს არ არის ჩამოწერილი სესხი, ეს აქტიური სესხია და შესაბამისად, შემოთავაზებული პროცენტი ძალიან დაბალია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ბესო შენგელიამ.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციაში ამბობენ, რომ მთავრობის მიერ ვალის ჩამოწერასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შემდეგ, საგრძნობლად გაიზარდა იმ მსესხებელთა რიცხვი, რომლებიც აღარ იხდიან ყოველთვიურ გადასახადს - „ასეთი ვადაგადაცილებები არასდროს გვქონია“.

„ხალხი ვალების ჩამოწერას ელოდება... და ახლა ჩვენ უხერხულ მდგომარეობაში ვართ და ამიტომ, ასოციაციაში შემავალმა ორგანიზაციებმა გადავწყვიტეთ, რომ გამოვიჩინოთ კეთილი ნება და სესხები ჩამოვაწეროთ მხოლოდ სოციალურად დაუცველებსა და შშმ პირებს იმ სესხების შემთხვევაში, რომლებიც 2018 წლის იანვრამდე იყო პრობლემური. ამაში ჩვენ კომპენსაციებს არავისგან ვითხოვთ“, - განაცხადა შენგელიამ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG