Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სექსუალური დანაშაული სმენის არმქონე გოგოების მიმართ - რა ხდება გამოძიების დაწყებიდან 10 თვის თავზე?


„ამ ვიდეოებში, მინიმუმ 15 გოგო ფიგურირებს. ორი-სამი გოგო გაუპატიურებაზე ლაპარაკობს. ზოგი ამბობს, შაურმა მიყიდა და სურათების გაგზავნა მთხოვაო"...
„ამ ვიდეოებში, მინიმუმ 15 გოგო ფიგურირებს. ორი-სამი გოგო გაუპატიურებაზე ლაპარაკობს. ზოგი ამბობს, შაურმა მიყიდა და სურათების გაგზავნა მთხოვაო"...

ათი თვე გადის, რაც სმენის არმქონე თემში შესაძლო სექსუალური ძალადობის, მუქარისა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის შემთხვევებზე გამოძიება მიმდინარეობს.

გამოძიება ერთდროულად თბილისის, აჭარის, იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტებმა 2023 წლის ივნისში, რამდენიმე მუხლითა და მიმართულებით დაიწყეს.

2023 წლის ზაფხულში, მუქარისა და შშმ არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით (ორ სხვადასხვა საქმეზე) სამართალდამცავებმა ასევე თემის ორი წევრი, სმენის არმქონე ე.მ და ხ.ზ. დააკავეს.

რაც შეეხება გაუპატიურებისა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის საქმეებს, უფლებადამცველები და ადვოკატები ამბობენ, რომ გამოძიების დაწყებიდან ათი თვის თავზე, გოგოები და მათ შორის, არასრულწლოვნები, მიუხედავად საქმეში არსებული მტკიცებულებებისა, დაზარალებულადაც კი არ არიან ცნობილნი.

რა მოხდა 2023 წლის ზაფხულში აჭარაში?

ათი თვის წინ მომხდარ ამბავს რადიო თავისუფლებასთან იხსენებს დეა ერემაშვილი, „შშმ ქალთა ალიანსის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2023 წლის 5 ივნისს სწორედ მან მიმართა აჭარის პროკურატურას და სმენის არმქონე არასრულწლოვანი გოგოების მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისა და სექსუალური ძალადობის შემთხვევების გამოძიება ითხოვა.

ცნობები, რომ გოგოების მიმართ სოციალური ქსელების საშუალებით, სავარაუდოდ, სექსუალური ხასიათის დანაშაული მოხდა, დეა ერემაშვილს სმენის არმქონე აქტივისტმა მიაწოდა:

დეა ერემაშვილი, „შშმ ქალთა ალიანსის“ აღმასრულებელი დირექტორი
დეა ერემაშვილი, „შშმ ქალთა ალიანსის“ აღმასრულებელი დირექტორი

„ამ ვიდეოებში, მინიმუმ 15 გოგო ფიგურირებს. ორი-სამი გოგო გაუპატიურებაზე ლაპარაკობს. ზოგი ამბობს, შაურმა მიყიდა და სურათების გაგზავნა მთხოვაო. ერთი რომ გააგზავნინებდა ფოტოს ან ვიდეოს, მერე მეორე მიადგებოდა. მეც თუ არ გამომიგზავნი, მამაშენს ვეტყვი, დედაშენს ვეტყვი... როგორც ხდება ხოლმე, კლასიკური სცენარი“, - ამბობს დეა ერემაშვილი, რომელმაც ვიდეოები, სადაც შშმ გოგოების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და ასევე სექსუალური ხასიათის დანაშაულების ნიშნების შემცველი დიალოგები იყო ასახული, პოლიციაში მიიტანა:

„10 საათი ვიჯექი პოლიციაში, სართულ-სართულ მატარეს, უამრავჯერ მოვყევი ერთი და იგივე ამბავი სხვადასხვა რანგის პოლიციელთან და როგორც იქნა, ბათუმის პოლიციამ დაიწყო გამოძიება“.

მალევე, გამოძიება საქართველოს მასშტაბით გავრცელდა:

„როგორც ჩემთვისაა ცნობილი, მარნეულშიც კი იყო დაკითხვები. სმენის არმქონე გოგოები სხვადასხვა ქალაქში ხდებოდნენ ძალადობის მსხვერპლები. რაც შეეხება სავარაუდო მოძალადეებს, მათი ძირითადი ნაწილი ბათუმიდანაა - 10-12-კაციანი ჯგუფი, რომელიც ქალაქ-ქალაქ სწერდა ამ გოგოებს, აიძულებდნენ გადაეღოთ ვიდეოები და შემდეგ უკვე აშანტაჟებდნენ.

350-მდე ვიდეო აქვს გამოძიებას. ძირითადად არის შიშველი ფოტოები და კადრები, ასევე ამ დანაშაულების განხილვა, გოგოები ალაპარაკებენ მოძალადეებს, რომ გამოტეხონ, რომ ეს კადრები მათ ძალით მოიპოვეს. ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, როგორ იხდის გოგო ტანსაცმელს მესენჯერის ვიდეოზარის დროს და კაცი მობილურით იღებს კომპიუტერის მონიტორს“.

დეა ერემაშვილი ამბობს, რომ კაცები, რომლებიც ამ დანაშაულში არიან ჩართულები, თავადაც თემის წევრები, სმენის არმქონე პირები არიან: „მაგალითად, მამის მეგობარი, მეგობრის მამა, ეს ბავშვები ამ ადამიანებს იცნობენ, ენდობიან“.

რატომ შეუმსუბუქა მუხლი ბათუმის სასამართლომ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ კაცს?

2023 წლის ივნისში დაწყებული გამოძიებისას მუქარის ბრალდებით დააკავეს ე.მ., რომელიც თავადაც სმენის არმქონეა.

დეა ერემაშვილი ამბობს, რომ ის ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა ასევე სმენის არმქონე ბიჭს, რომელმაც დანაშაულის ნიშნების შემცველი მიმოწერები და ვიდეოები უფლებადამცველებს და აქტივისტებს გაუგზავნა:

„ემუქრებოდა, რატომ ჩაერთე ამ საქმეში, ყელს გამოგჭრიო. აღკვეთის ღონისძიების სახედ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. თუმცა, მოგვიანებით, ბიჭმა საჩივარი გაიტანა და ეს ადამიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს“.

დეა ერემაშვილის ინფორმაციით, 2023 წლის ზაფხულში, კიდევ ერთი პირი, ასევე სმენის არმქონე ხ.ზ., სამართალდამცავებმა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს.

„ეს პირი ივლისში დააკავეს. მშობელი ფოთიდან დაკარგულ სმენის არმქონე 14 წლის გოგოს ეძებდა. ეს ბავშვი ამ ქსელის ერთ-ერთ ფიგურანტთან, ხ.ზ.-სთან იპოვეს. ეს პირი ბათუმიდანაა. ბავშვი ბათუმში, სანაპიროზე ნახეს, ყელზე ჰქონდა ძალადობის კვალი. ბავშვის მშობელმა და ჩვენ მაშინვე შევიტანეთ პოლიციაში საჩივარი და ეს ადამიანი დაკავებულია. მას არაერთი გოგო ედავება ძალადობის ფაქტს, მაგრამ მტკიცებულება მხოლოდ ამ საქმეზეა“, - გვეუბნება დეა ერემაშვილი.

ბათუმის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული ხ.ზ.-ს განაჩენი სამი დღის წინ, 28 მარტს გამოაცხადა. თუმცა, განაჩენი სულ სხვა და გაცილებით მსუბუქი მუხლის საფუძველზე დადგა.

რადიო თავისუფლებას გენერალურ პროკურატურაში უთხრეს, რომ ბრალდებულ ხ.ზ.-სთვის მათ მიერ წარდგენილი მძიმე ბრალი, შშმ არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედება (სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მეორე ნაწილის ა) ქვეპუნქტი), რომელიც 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ბათუმის რაიონულმა სასამართლომ გაცილებით მსუბუქი, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით ჩაანაცვლა და 28 მარტს, ბრალდებულ ხ.ზ.-ს ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურის ინფორმაციით, ბათუმის რაიონული სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას, ისინი სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებენ.

რას ამბობს ყრუთა კავშირი?

ინფორმაცია, რომ თემის წევრების მიმართ „ინსტაგრამზე“, სავარაუდოდ, დანაშაული ხდებოდა, „საქართველოს ყრუთა კავშირს“ ერთ-ერთმა წევრმა შეატყობინა:

„გვითხრა, რომ „ინსტაგრამზე“ შეესწრო საუბარს, სადაც გაჟღერდა ინფორმაცია სავარაუდო სექსუალური ძალადობების შესახებ თემის წარმომადგენლებს შორის“, - მეუბნება მაია მეტონიძე, „ყრუთა კავშირის“ ვიცე-პრეზიდენტი.

მისი თქმით, სამართალდამცავი უწყებები მაშინვე ჩააყენეს საქმის კურსში და საგამოძიებო პროცესში თარჯიმანი ჩართეს.

მაია მეტონიძე ამბობს, რომ დაზარალებულ გოგოებს „ყრუთა კავშირისთვის“ დასახმარებლად არ მიუმართავთ. ამას კი ასე ხსნის:

„ორივე მხარე, დაზარალებულებიცა და ბრალდებულებიც ჩვენი თემის წარმომადგენლები არიან. არცერთი სავარაუდო დაზარალებული ჩვენთვის არ არის იდენტიფიცირებული, ჩვენთან არ თქვეს ეს ამბავი“.

"ყრუთა კავშირის" ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ დანაშაულის მსხვერპლები, როგორც წესი, თავად ითხოვენ, რომ ეს ამბები არ გასაჯაროვდეს:

მაია მეტონიძე
მაია მეტონიძე

„არადა, თითქოს ისეა გაგებული, რომ ყრუთა კავშირი ფარავს და მალავს ამ ინფორმაციას. მაგალითად, იყო შემთხვევა, მოვიდა არასრულწლოვანი, თქვა, რომ არის ძალადობის მსხვერპლი. პირველ რიგში, დავუკავშირდი მშობელს და უკვე ამის შემდეგ, მშობლებთან ერთად მივმართეთ ძალოვან სტრუქტურებს, მაგრამ თხოვნა იყო, რომ ეს ყველაფერი ყოფილიყო კონფიდენციალური. რადგან თუკი ამ ტიპის ინფორმაცია თემში გავრცელდა, ეს ადამიანი აუცილებლად იქნება ბულინგისა და სტიგმის მსხვერპლი, შეიძლება ოჯახიც კი ვეღარასდროს შექმნას“.

რაც შეეხება გასულ ზაფხულში დაკავებულ ორ ადამიანს, მაია მეტონიძე ადასტურებს, რომ ისინი მათი კავშირის წევრები არიან:

„დიახ, ესენი არიან ჩვენი წევრები, მაგრამ არა თანამშრომლები. ჩვენთან წევრობა ნებაყოფლობითია. რაც შეეხება სხვა სავარაუდო მოძალადეებს, შესაძლოა დღესაც დადიოდნენ ისინი ჩვენთან, მაგრამ ჩვენ არ ვიცოდეთ მათ შესახებ“.

მაია მეტონიძე ამბობს, რომ სოციალური ქსელები, ერთ დროს ფაქტობრივად ჩაკეტილი ჯგუფისთვის ახლა ურთიერთობის ერთ-ერთ მთავარ საშუალებად იქცა, მათ შორის უცხოებთანაც:

„ჩვენ, მაგალითად გავამკაცრეთ ის, რომ კლუბებში დავამონტაჟეთ ვიდეოკამერები... მაგრამ სოციალური ქსელების გაკონტროლება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია“, - ამბობს მაია მეტონიძე.

გამოძიების 10 თვე - რატომ ვერ პოულობენ უფლებადამცველები პასუხებს?

იურისტები და უფლებადამცველები ამბობენ, რომ ისინი, ფაქტობრივად, არ ფლობენ ინფორმაციას სმენის არმქონე არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, ინტიმური შინაარსის ფოტოებისა და ვიდეოების უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების საქმეზე მიმდინარე ათთვიანი გამოძიების შესახებ.

მაგალითად, არ იციან:

  • რა სტადიაზეა გამოძიების პროცესი?
  • გეგმავს თუ არა გენერალური პროკურატურა, ეს საქმე დაუქვემდებაროს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, უწყებას, რომელიც სწორედ ამ ტიპის დანაშაულებებს იძიებს?
  • როდის აპირებს პროკურატურა, დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს არასრულწლოვნებს ან ბრალი წაუყენოს სავარაუდო დამნაშავეებს?
  • როდის გადაინაცვლებს საქმე სასამართლოში?

აი, ამ კითხვებზე პასუხების პოვნას თვეებია ცდილობს თამუნა გაბოძე, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი და ამ საქმეებზე დაზარალებული სმენის არმქონე ორი ადამიანის ინტერესების დამცველი.

გენერალურ პროკურატურას ამ კითხვებით ბოლოს მარტის შუა რიცხვებში მიმართა. თუმცა, ამბობს, რომ უწყებისგან კონკრეტული პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

თამუნა გაბოძის თქმით, შშმ პირების, განსაკუთრებით სმენის არმქონე ადამიანების წინააღმდეგ ჩადენილი კიბერდანაშაულის შემთხვევები საგრძნობლად გაიზარდა, თუმცა, ფიქრობს, რომ როგორც სხვა დროს, როდესაც საქმე სისტემურ დანაშაულებს ეხება, გამოძიება ამ შემთხვევაშიც სისუსტეს ავლენს:

თამუნა გაბოძე, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი
თამუნა გაბოძე, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი

„მაგალითად, როგორც ეს მოხდა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის საქმეზე, სადაც წლების განმავლობაში იმალებოდა მძიმე დანაშაულები, მაგალითად, როგორიც ეს ხდება შოვის ტრაგედიის საქმე, სადაც ჯერაც არ გამოკვეთილან სავარაუდო ბრალდებულები. როდესაც სახეზე გვაქვს ბევრი კომპონენტი და შრე, ამ დროს ალბათ სახელმწიფოს ნებაცაა, რომ გამოძიება არ იყოს გამჭვირვალე“, - ამბობს თამუნა გაბოძე.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სმენის არმქონე არასრულწლოვანი გოგოების საქმეზე მიმდინარე გამოძიების მასალებში დევს ათობით მტკიცებულება, რომელიც დანაშაულის არსებობას ადასტურებს, არასრულწლოვნები დღემდე არ არიან დაზარალებულად ცნობილნი:

„არსებობს ათობით ვიდეოჩანაწერი, სადაც პირდაპირ ჩანს, რომ დანაშაულია ჩადენილი სმენის არმქონე გოგოების წინააღმდეგ. ასევე საქმეში დევს ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ ეს ვიდეოები ფარულადაა მოპოვებული, გავრცელებულია სხვადასხვა ადამიანის მიერ, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული დანაშაულები ნამდვილად ჩადენილია.

დაზარალებულად ცნობისთვის უკვე არსებობდა საფუძველი გამოძიების დაწყებიდან რამდენიმე დღეში, მაგრამ როდესაც დანაშაული სისტემური ხასიათისაა, პროკურატურა და პოლიცია ვერ იღებს სწრაფ გადაწყვეტილებას“.

ადვოკატის თქმით, ამგვარი დამოკიდებულება შშმ პირებს კიდევ უფრო მეტად აფერხებს, მათ წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შემთხვევაში, მიმართონ სამართალდამცავებს:

„ამ ადამიანებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ გამოძიება იქნებოდა სწრაფი, ეფექტიანი. ისინი იქნებოდნენ ინფორმირებულნი. და რა მივიღეთ? 2023 წლის ივნისში დაიწყო გამოძიება, გასულია 10 თვე და არც შემაჯამებელი გადაწყვეტილებაა მიღებული საქმეზე, არც დაზარალებულად ცნობილი არ არის არცერთი შშმ გოგო. საქმეში არსებობს მტკიცებულებები, ჩანაწერები, რომლებიც ჟესტური ენის თარჯიმანთან ერთად გაიშიფრა და დამუშავდა, არსებობს მსხვერპლების ჩვენებები და არათუ რაიმე სახის პროგრესზე საუბარი, ეს ადამიანები დაზარალებულებადაც კი არ არიან ცნობილნი“.

თამუნა გაბოძის თქმით, იმდენად დიდია ჩავარდნა ზოგადად შშმ პირების მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის საქმეების გამოძიებებთან მიმართებით, რომ ქვეყანა ამ ტიპის დანაშაულების სტატისტიკასაც კი ვერ აწარმოებს:

„თუკი სხვა ქვეყნებს შევადარებთ საქართველოში არსებულ სტატისტიკას, ვნახავთ, რომ ეს მონაცემები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია. შშმ პირების მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის დანაშაულები უცხოეთში მაღალია, მაშინ, როდესაც საქართველოში ეს მონაცემი, ფაქტობრივად, არ არსებობს.

რატომ? იმიტომ, რომ ეს დანაშაულები დაფარულია და რჩება გამოუძიებელი. ამ ადამიანებისთვის წარმოუდგენლად რთულია მართლმსაჯულებასთან წვდომა. რაკი სტატისტიკა არ გვაქვს, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ საქართველოში არ გვყავს სექსუალური ძალადობის შშმ პირები, რა თქმა უნდა, გვყავს, მაგრამ ისინი მართლმსაჯულებამდე ვერ მიდიან, - ამბობს თამუნა გაბოძე.

რაკი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის საქმეებს, ანუ ინტიმური შინაარსის ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება-გავრცელების ფაქტებს, სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს, რადიო თავისუფლებამ მათთან მოიკითხა - ხომ არ დაუქვემდებარა გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება სწორედ მათ. უწყებაში გვითხრეს, რომ ამ საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური არ იძიებს.

სმენის არმქონე გოგოების მიმართ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ათთვიანი გამოძიების შესახებ დეტალების გასარკვევად მივმართეთ გენერალურ პროკურატურას. რადიო თავისუფლება მათგან პასუხს ელის.

ჯერ კიდევ 1987 წელს ჩატარებული სამეცნიერო კვლევის ავტორები (Sullivan, Vernon, and Scanlan), რომლებიც სმენის არმქონე მოზარდებში სექსუალური ძალადობის ფაქტებს იკვლევდნენ, წერდნენ, რომ მოზარდები, რომლებსაც სმენის პრობლემები აქვთ, 2-3-ჯერ უფრო ხშირად ხდებიან სექსუალური ძალადობის მსხვერპლები, ვიდრე მათი ასაკის სხვა ბავშვები.
მათი გამოკვლევის თანახმად, გამოკითხული სმენის არმქონე გოგოების 50% ამბობდა, რომ ისინი ერთხელ მაინც ყოფილან სექსუალური შევიწროების მსხვერპლნი.

ჩვენ რამდენიმე კვირის განმავლობაში ვცდილობდით სმენის არმქონე იმ გოგოებთან დალაპარაკებას, რომლებიც სავარაუდო დანაშაულის მსხვერპლები გახდნენ, რომელთა ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეომასალა დიდი ხნის განმავლობაში ვრცელდებოდა ინტერნეტში.

როგორც აქტივისტები და მათი ინტერესების დამცველები გვეუბნებიან, ამ ეტაპზე, გოგოებს ჟურნალისტებთან ურთიერთობა არ სურთ.

თუკი ისინი გადაწყვეტენ ჩვენთან გასაუბრებას, მზად ვართ, ანონიმურობის სრული დაცვით, მოვუსმინოთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG