Accessibility links

სიბრაზე და პროტესტი: რა იწვევს მღელვარე აქციებს შეერთებულ შტატებში


მინეაპოლისი

აშშ-ში რასობრივი საკითხების გამო ამჟამად მიმდინარე საპროტესტო აქციები ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მწვავე და მასშტაბურია. დემონსტრაციები მოჰყვა მორიგი შეუიარაღებელი აფროამერიკელი კაცის სიკვდილს თეთრკანიანი პოლიციელის ხელში, დაპატიმრების მომენტში.

ჯორჯ ფლოიდი დაიღუპა მას მერე, რაც მინეაპოლისში პოლიციის ოფიცერი მას თითქმის ცხრა წუთის განმავლობაში აჭერდა მუხლს კისერზე და მიწაზე პირქვე ჰყავდა დაგდებული. ფლოიდმა, რომელიც დააპატიმრეს ყალბი ოცდოლარიანის გამოყენების ბრალდებით, იმ წუთების განმავლობაში რამდენჯერმე უთხრა პოლიციელს, ვეღარ ვსუნთქავო.

ფლოიდის ტკივილი და აგონია ვიდეოთი გადაიღო რამდენიმე გამვლელმა და ეს ვიდეოები ვირუსულად მოედო სოციალურ მედიას. მათ მყისიერად მოჰყვა საპროტესტო აქციები ადგილზე, მინეაპოლისში. მაგრამ ბრაზი სწრაფად გავრცელდა და მთელი ქვეყანა მოიცვა - აქციები 140-ზე მეტ ქალაქში გაიმართა. საპროტესტო აქციების ნაწილი ძალადობრივი გახდა და დემონსტრანტების დესტრუქციული ქცევა მოჰყვა, რის გამოც ზოგიერთ შტატს ეროვნული გვარდიის მოხმობა მოუხდა.

რატომაა ეს საკითხი ასეთი მწვავე

აფროამერიკელები, ათწლეულებია, ჩივიან უსამართლო მოპყრობაზე სამართალდამცველთა მხრიდან, მათ შორის რასობრივი პროფილის პრინციპის გამო - პრაქტიკის, როცა მოქალაქეს აჩერებენ მისი კანის ფერის, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიის ან გენდერის საფუძველზე.

შავკანიანები აშშ-ის მოსახლეობის 13 პროცენტს შეადგენენ, თუმცა პატიმრებს შორის მათი რაოდენობა 60 პროცენტია. მათ გაცილებით უფრო ხშირად კლავენ პოლიციელები, ვიდრე თეთრ ამერიკელებს. Washington Post-ში გამოქვეყნებული ანალიზის თანახმად, აშშ-ის პოლიციის მიერ მოკლულთა შორის შავკანიანები 26 პროცენტს წარმოადგენენ, რაც მოსახლეობაში მათი რაოდენობის გაორმაგებული რიცხვია. შავკანიანები შეადგენენ პოლიციელთა მიერ მოკლული შეუიარაღებელი ადამიანების ერთ მესამედს.

რონალდ დევისმა, იუსტიციის დეპარტამენტის თემზე ორიენტირებული პოლიტიკის სამსახურის (COPS) ყოფილმა დირექტორმა, კონგრესს უთხრა, შესაძლოა შემთხვევითი არაა ის, რომ სამართალდამცველები ამდენ შავკანიანს ხოცავენო:

„არ შემიძლია არ დავსვა კითხვა: ეს მკვლელობები, მათი კანონიერების მიუხედავად, ხომ არ მომდინარეობს ირიბი მიკერძოებისგან, ჩვენს საზოგადოებაში არსებული შავკანიანი მამაკაცების შიშისგან, რასიზმისგან ან ამ ფაქტორების კომბინაციისგან?“ - თქვა მან წინასწარ მომზადებულ გამოსვლაში, სექტემბერში გამართული მოსმენის წინ.

რა ბედი ეწიათ მკვლელობებში მონაწილე პოლიციელებს

თეთრკანიან პოლიციელებს ხშირად მიიჩნევენ ხოლმე უდანაშაულოდ შავკანიანთა მკვლელობაში ან მათ მიმართ გადაჭარბებული ძალის გამოყენებაში - მაშინაც კი, თუკი ვიდეომტკიცებულებები საპირისპიროს მოწმობს, რაც განაპირობებს აფროამერიკელებს შორის ფართოდ გავრცელებულ შეხედულებას, რომ ქვეყნის სასამართლო სისტემა მიკერძოებულია.

„ამ მკვლელობების სიხშირე და პასუხისმგებელ პირთა სრული ანგარიშვალდებულების არარსებობა აფროამერიკელი თემის წევრებს უგზავნის მესიჯს, რომ შავკანიანთა სიცოცხლე უმნიშვნელოა“, - თქვა დემოკრატმა კონგრესმენმა, ჯერი ნეიდლერმა, სექტემბერში კონგრესში გამართულ საპოლიციო პოლიტიკის განხილვაზე.

ნეიდლერმა ამ ფორმულირებით მიანიშნა მოძრაობაზე, რომელიც 2013 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ფლორიდაში სასამართლომ უდანაშაულოდ მიიჩნია კერძო საკუთრების მცველი, რომელმაც მამასთან სტუმრად ჩასული 17 წლის შავკანიანი თინეიჯერი მოკლა.

ბიჭი, ტრევონ მარტინი, შეუიარაღებელი იყო, როცა ის 28 წლის ჯორჯ ზიმერმანმა მოკლა, თავის დაცვის საბაბით. სასამართლოს გადაწყვეტილებას, ზიმერმანი უდანაშაულოდ მიეჩნია, მოჰყვა ახალი მოძრაობის გაჩენა, სახელად „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“. ეს მოძრაობა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს პოლიციელთა ძალადობის საწინააღმდეგო გამოსვლებსა და საპოლიციო პოლიტიკის შეცვლის მოთხოვნაში.

რა სიხშირით ხდება გამოსვლები?

2014-2015 წლებში პოლიციის მიერ არაერთი შავკანიანი, ძირითადად შეუიარაღებელი, კაცის მოკვლამ ბიძგი მისცა პოლიციის საწინააღმდეგო გამოსვლებს, რომლებიც ზოგჯერ ძალადობრივ ფორმასაც იღებდა. პროტესტის გამომწვევ მკვლელობათა ნაწილი, ფლოიდის შემთხვევის მსგავსად, ვიდეოზე იქნა გადაღებული და ვირუსულად გავრცელდა.

2014 წლის ივლისში თეთრკანიანმა პოლიციელებმა შავკანიანი კაცი, ერიკ გარნერი, გააჩერეს, სიგარეტის უკანონოდ გაყიდვის ეჭვის საფუძველზე. შეუიარაღებელი გარნერი მიწაზე დააგდეს, ინციდენტს გამვლელები ვიდეოზე იღებდნენ.

ერთ-ერთმა პოლიციელმა 43 წლის გარნერს ყელზე ხელი მოუჭირა. გარნერმა რამდენჯერმე თქვა, ვეღარ ვსუნთქავო, და დაიღუპა. მაგრამ პოლიციელი, რომელმაც მისი სიკვდილი გამოიწვია, უდანაშაულოდ მიიჩნიეს.

გარნერის მკვლელობიდან ერთ თვეში, ფერგიუსონში, მისურიში, პოლიციელმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა მაიკლ ბრაუნი, შავკანიანი თინეიჯერი. ბრაუნი შეუიარაღებელი იყო, თუმცა პოლიციელი აცხადებდა, რომ თავს იცავდა. ეს პოლიციელიც უდანაშაულოდ იქნა მიჩნეული.

„სამწუხაროდ, ეჭვგარეშეა ის, რომ შავკანიანთა თემი სამართალდამცველებს საფრთხედ მიიჩნევს თავისი ყოველდღიური თავისუფლებებისთვის. ამგვარ აღქმას ათწლეულების ისტორია აქვს - ის უფრო ძველია, ვიდრე 1992 წლის არეულობა ლოს-ანჯელესში, 1965 წლის არეულობა უოტსში“, - თქვა ნეიდლერმა.

რამდენი ხანია ამგვარი არეულობა ხდება?

აშშ-ში რამდენიმე ძალადობრივი არეულობა მოხდა 1960-იან წლებში, აფროამერიკელების დაპატიმრებების შემდეგ, რის გამოც შეიქმნა საგანგებო კომისიები, რომლებმაც ამ გამოსვლების მიზეზები შეისწავლეს და გამოსავლის გზებზე იმუშავეს.

1965 წლის აგვისტოში ლოს-ანჯელესში, უოტსის უბანში, 21 წლის შავკანიანი კაცი გააჩერეს მანქანის სახიფათოდ ტარებისთვის.

პოლიციასთან მის შეხლა-შემოხლას მოჰყვა მწვავე სიბრაზე აფროამერიკელთა მიერ დასახლებულ უბნებში, უსამართლობის, მათ შორის, პოლიციის სისასტიკისა და ცხოვრების მძიმე პირობების გამო. გამოსვლები ექვს დღეს გაგრძელდა, რომლის დროსაც დაიღუპა 34 ადამიანი და დაზიანდა ასობით შენობა.

მასშტაბური არეულობა მოხდა ორი წლის შემდეგ შავკანიანთა დასახლებებში ნიუარკში, ნიუ-ჯერსისა და დეტროიტში, მიჩიგანში. არეულობას წინ უსწრებდა შავკანიანთა დაპატიმრებები ძირითადად თეთრკანიანი პოლიციელების მიერ. ნიუარკში მწვავე დაძაბულობა მოჰყვა შავკანიანი მძღოლის ცემასა და დაპატიმრებას.

სამივე შემთხვევაში არეულობის ჩასახშობად ეროვნული გვარდიის მოხმობა გახდა საჭირო.

დეტროიტის არეულობის შესასწავლად შექმნილმა კერნერის კომისიამ დაასკვნა, რომ აშშ მოძრაობდა „ორი საზოგადოების - შავკანიანი და თეთრკანიანი საზოგადოების - მიმართულებით, რომლებიც ერთმანეთისგან განცალკევებული და უთანასწორონი“ იყვნენ.

აფროამერიკელთა დისკრიმინაცია და მათი ღატაკ თემებად სეგრეგაცია ამერიკული ცხოვრების ნაწილია და ის „ყოველი ამერიკელის მომავალს უქმნის საფრთხესო“, განაცხადა კომისიამ.

ლოს-ანჯელესში 1992 წელს მომხდარი არეულობა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იყო აშშ-ის თანამედროვე ისტორიაში და ის, სავარაუდოდ, არც არასდროს მოხდებოდა, ერთ მოქალაქეს რომ არ გადაეღო, როგორ სასტიკად სცემდა ოთხი თეთრკანიანი პოლიციელი აფროამერიკელ როდნი კინგს ხელკეტებით.

პოლიციელებმა კინგი მანქანებით მაღალი სიჩქარით დევნის შემდეგ დააკავეს. არც პოლიციელებს და არც კინგს არ შეუმჩნევიათ ის, რომ მეზობლად მცხოვრები კაცი მათ შეხლა-შემოხლას ვიდეოზე იღებდა. ცემის კადრები მთელი ქვეყნის სკანდალური ახალი ამბავი გახდა და მას შავკანიანთა მიმართ პოლიციის სისასტიკეზე დისკუსიის განახლება მოჰყვა.

როცა ეს პოლიციელები სისასტიკეში უდანაშაულოდ მიიჩნიეს, ლოს-ანჯელესის აფროამერიკელებში ამან მძაფრი სიბრაზე გამოიწვია. დაიწყო მასშტაბური არეულობა, რასაც ათობით ადამიანი შეეწირა.

რით განსხვავდება ამჟამინდელი გამოსვლები 2010-იანი წლების აქციებისგან?

ალექს ვიტეილი, ბრუკლინის კოლეჯის სოციოლოგიის პროფესორი და პოლიტიკისა და სოციალური სამართლიანობის პროექტის კოორდინატორი, ამბობს, რომ დღეს პოლიციასთან ძალადობრივი კონფრონტაციის ხარისხი უფრო მაღალია, ვიდრე 2010-იან წლებში იყო, და ამას ხსნის ხელისუფლების შეუსრულებელი დაპირებით, რომ საპოლიციო პოლიტიკას შეცვლიდა.

აშშ-ის სამართალდამცავი სისტემა აფროამერიკელების მიმართ გადაჭარბებულ სიმკაცრეს ავლენს და მათ წვრილმან დარღვევებზეც აპატიმრებს, „უმრავლეს შემთხვევაში ამის ყოველგვარი საჭიროების გარეშეო“, უთხრა მან რადიო თავისუფლებას.

„ვფიქრობ, ეს სიბრაზე მოდის იქიდან, რომ მათ ხუთი წლის განმავლობაში ეუბნებოდნენ, ‘ნუ ღელავთ, ჩვენ ამას გამოვასწორებთ ტრენინგის პროგრამებით და პოლიციის სათემო შეხვედრებითო’, მაგრამ არაფერი გაუმჯობესებულა. პოლიციის მხრიდან მკვლელობების რაოდენობა არ შემცირებულა, ისევე როგორც წვრილმანი დარღვევების გამო დაპატიმრება“, - ამბობს პროფესორი.

რა როლი შეასრულა COVID-19-ის პანდემიამ ამჟამინდელ გამოსვლებში

COVID-19-მა მძიმედ დააზარალა აფროამერიკელი თემი. სახელმწიფო მონაცემებით, შავკანიანებს შორის კორონავირუსით ინფიცირებისა და სიკვდილის შემთხვევები უფრო მაღალია, ვიდრე თეთრკანიანებში.

ბრუკინგსის ინსტიტუტის მკვლევარმა, რაშონ რეიმ, ანგარიშში თქვა, რომ პრობლემის მიზეზია სტრუქტურული საკითხები - მაგალითად, უფრო მჭიდროდ დასახლებულ უბნებში ცხოვრება და ჯანდაცვის სისტემაზე არასაკმარისი წვდომა.

შავკანიანი ამერიკელები უფრო ხშირად მუშაობენ ადგილებზე, სადაც დისტანციური შრომა შეუძლებელია, რაც მათ კიდევ უფრო დაუცველს ხდის ვირუსის წინაშეო, თქვა რეიმ.

თუმცა ვიტეილი ამბობს, რომ ჯერ მაინც ადრეა იმაზე ლაპარაკი, რამდენად გამოიწვია COVID-19-მა ხალხის ქუჩებში, საპროტესტო აქციებზე გასვლა.

ის ამბობს, რომ პრობლემის საფუძველია სოციალური უთანასწორობა, რომელსაც პოლიტიკური სპექტრის ორივე მხარეს მყოფი პოლიტიკოსები უგულებელყოფენ.

„ციხეებსა და სასამართლოებში ვატარებთ მილიონობით ადამიანს, რომელთა ფუნდამენტური პრობლემა სიღარიბეა, და მათ აშფოთებთ ის, რომ სისტემა მათ კრიმინალიზაციას ახდენს. და შემდეგ ისინი ამას წინააღმდეგობას უწევენ. ამას შეეწინააღმდეგა ერიკ გარნერი, ამას შეეწინააღმდეგა ფლოიდი. ეს არის მოდელი, რომელიც მეორდება, ხოლო როცა პოლიცია წინააღმდეგობას აწყდება, ის ვითარების ესკალაციას ახდენს“, - უთხრა ვიტეილმა რადიო თავისუფლებას.

კიდევ რომელმა რასობრივ საკითხებთან დაკავშირებულმა მოვლენებმა შეუწყო ხელი გამოსვლებს

რასობრივი დაძაბულობა, რომელიც არასოდეს ნელდება, მაისში უკვე გაღრმავებული იყო. ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს წინ უძღოდა ორი მოვლენა, რომელიც ამ დაძაბულობას მტკივნეულად შეეხო. 5 მაისს გავრცელდა ვიდეო, რომელიც ასახავდა ორი შეიარაღებული თეთრკანიანი კაცის მხრიდან შავკანიან კაცზე თავდასხმას მაშინ, როცა ეს უკანასკნელი სირბილით ვარჯიშობდა ჯორჯიის შტატის თეთრკანიანებით დასახლებულ უბანში.

გადამდგარმა პოლიციელმა და ადგილობრივმა გამომძიებელმა, გრეგორი მაკმაიკლმა, და მისმა შვილმა, ტრევის მაკმაიკლმა, 23 თებერვალს სირბილისას გააჩერეს 25 წლის აჰმოდ არბერი. ინციდენტი დღისით მოხდა. მამა-შვილი აცხადებდა, რომ, მათი ეჭვით, არბერი ცოტა ხნით ადრე მომხდარი ძარცვის ორ შემთხვევაში იყო ეჭვმიტანილი. ტრევის მაკმაიკლი და არბერი ერთმანეთს წაეკიდნენ. ტრევისმა იარაღიდან გაისროლა და არბერი სასიკვდილოდ დაჭრა.

სამოქალაქო უფლებების ადვოკატი, ეს ლი მერიტი, რომელიც არბერის ოჯახის ინტერესებს იცავს, აცხადებს, რომ ახალგაზრდა კაცს თეთრკანიანი მამაკაცები „მხოლოდ და მხოლოდ მისი რასის გამო“ დაედევნენ. ვიდეოჩანაწერს ადგილზე საპროტესტო აქციები მოჰყვა და ინციდენტმა მალე მიიქცია მთელი ქვეყნის ყურადღება.

„ჩვენზე ნადირობენ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ყოველდღე და ყოველ ჯერზე, როცა სახლიდან გავდივართ. სირბილით ვარჯიშიც კი არ შეგვიძლია! ეს რა უბედურებაა! მეხუმრებით ?!?!?!?!?!?“ - წერდა კალათბურთის სუპერვარსკვლავი, ლებრონ ჯეიმსი, ტვიტერზე 6 მაისს, ამ მკვლელობაზე რეაქციის სახით.

იმის მიუხედავად, რომ ამ საქმის დეტალები მალევე გახდა ცნობილი, მაკმაიკლები მხოლოდ ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ დააპატიმრეს და აგრესიული თავდასხმა წაუყენეს ბრალად.

იუსტიციის სამინისტრო ახლა იკვლევს, როგორ ჩაატარეს ადგილობრივმა ოფიცრებმა ეს გამოძიება.

შავკანიანი ამერიკელების სიბრაზე ახლახან მომხდარმა სხვა ინციდენტმაც გამოიწვია.

25 მარტს შავკანიანმა კაცმა, კრისტიან კუპერმა, ცენტრალ-პარკში ძაღლით მოსეირნე ქალს სთხოვა, როგორც წესი იყო, ძაღლისთვის საბელი შეება. მათი გასაუბრება დაძაბულობაში გადაიზარდა. ქალმა პოლიცია გამოიძახა და განაცხადა, რომ „აფროამერიკელი“ კაცი მას „ემუქრებოდა“.

კუპერმა, რომელიც პარკში ფრინველებს აკვირდებოდა, ინციდენტი ვიდეოთი გადაიღო, რომელიც შემდეგ სოციალური მედიით მისმა დამ გაავრცელა. აფროამერიკელებისთვის ამ ვიდეომ კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რაოდენ ადვილია მათი კრიმინალიზება მხოლოდ კანის ფერის გამო. ვიდეო სწრაფად გახდა ვირუსული - მას 40 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა.

რას აკეთებს მთავრობა პრობლემასთან საბრძოლველად

კონგრესი ამჟამად განიხილავს აქტს, სათაურით „დასრულდეს რასობრივი პროფილების შედგენა“, რომლითაც უნდა დასრულდეს პრაქტიკა, როცა პოლიცია სამართალდაცვის გადაწყვეტილებების მიღებაში ხელმძღვანელობს რასის, ეთნიკურობის, ეროვნული წარმომავლობის, რელიგიის ან სქესის ფაქტორებით. აქტი ასევე ითვალისწინებს ამ მიზნით ტრენინგების ჩატარებას.

სექტემბერში კონგრესმა მოსმენები გამართა საპოლიციო პოლიტიკის შესახებ და მიიწვია ბევრი ექსპერტი, რათა მოესმინა მათი რჩევები, როგორ შეიძლება ნდობის გაუმჯობესება პოლიციასა და აფროამერიკელებს შორის და როგორ უნდა დასრულდეს სამართალდამცველთა მიერ შეუიარაღებელი შავკანიანი კაცების მკვლელობა.

რონალდ დევისმა, იუსტიციის დეპარტამენტის თემზე ორიენტირებული პოლიტიკის სამსახურის (COPS) ყოფილმა დირექტორმა, კონგრესს უთხრა, რომ რასობრივ მიკერძოებაში ტრენინგების ჩატარება საკმარისი არ იქნება და რომ აუცილებელია სამართალდამცველი სისტემის მუშაობის ფუნდამენტური რეორგანიზაცია.

დევისმა, რომელიც შავკანიანია და პოლიციაში 30 წელი მსახურობდა, თქვა, რომ აშშ-ის საპოლიციო ძალები კვლავაც 1950-იან და 1960-იან წლებში შემოღებულ სისტემებსა და პოლიტიკას იყენებენ, რომელიც არსობრივად რასისტულია. აშშ განაგრძობს არათეთრკანიანთა ზედმეტად მკაცრ დევნას და ნარკოტიკებზე დამოკიდებულების გამო განაჩენად ხანგრძლივი პატიმრობის გამოტანამ შავკანიანთა თემების განადგურება გამოიწვია.

„სამართალდამცავ სისტემაში თუ ნამდვილ და მდგრად რეფორმას უნდა მივაღწიოთ, ჩვენი ყურადღება პოლიციიდან საპოლიციო სისტემებზე უნდა გადავიდეს“. სხვა სიტყვებით, საქმე არ ეხება რამდენიმე ცალკეულ ცუდ შემთხვევას, თავად სისტემას აქვს ძირი მომპალიო, წერდა დევისი წინასწარ მომზადებულ გამოსვლაში.

რას ამბობენ აფროამერიკელი ლიდერები

ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, - პირველმა აფროამერიკელმა, რომელიც თეთრ სახლში აირჩიეს, - 1 ივნისს გამოქვეყნებულ ესეში დაწერა, საპროტესტო აქციები გამოხატავს „ნამდვილ და ლეგიტიმურ იმედგაცრუებას“ იმის გამო, რომ ქვეყანამ ვერ შეძლო პოლიციისა და სისხლის სამართლის სისტემის რეფორმაო.

ბარაკ ობამა
ბარაკ ობამა

თუმცა ობამა ამბობს, რომ ნგრევას და მაროდიორობას გამართლება ან რაციონალიზაცია არ აქვს. „თუ გვინდა, რომ ჩვენმა სისხლის სამართლის სისტემამ და, ზოგადად, ამერიკულმა საზოგადოებამ უფრო მაღალი ეთიკური კოდით იმუშაოს, მაშინ ამ კოდს თავადაც უნდა მივსდიოთო“, - წერს ის. ობამას თქმით, პოლიციის დეპარტამენტებისა და სისხლის სამართლის სისტემის რეფორმაში არჩეულ პოლიტიკოსებს შორის წამყვანი ფუნქცია ენიჭებათ მათ, ვინც შტატებისა და ადგილობრივ დონეებზე მუშაობს - მაგალითად, მერებსა და საოლქო პროკურორებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG