Accessibility links

სინოდი - რისთვის და როგორ


პატრიარქის გადაწყვეტილებით, 2019 წელს სინოდის პირველი სხდომა 31 ოქტომბერს, დღის 12 საათზე დაინიშნა.

სინოდის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება კრებამდე 2 დღით ადრე გახდა ცნობილი. ამას წინ უძღოდა ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადება იმის თაობაზე, რომ მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეები პატრიარქის ტახტიდან ჩამოშორებას გეგმავდნენ. ეპისკოპოსმა მედიასთან გაიხსენა, სავარაუდოდ, 2018 წლის შეხვედრა, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში გაიმართა. ეპისკოპოსის თქმით, კვირიკაშილის გარდა შეხვედრას ესწრებოდნენ ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, სადაც მას „ეჩალიჩებოდნენ პარტიარქ ილია მეორის გადაყენებაზე და შიო მუჯირის პატრიარქად არჩევაზე“.

რას განიხილავს სინოდი 31 ოქტომბერს, უცნობია. საპატრიარქო განმარტებებს არ აკეთებს.

სინოდის სხდომის მოწვევის მნიშვნელობაზე უკვე დიდი ხანია საუბრობს მღვდელმთავართა ნაწილი, რომლებიც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების საკითხის განხილვას ითხოვდნენ მღვდელმთავართა კრებაზე.

სინოდის ბოლო სხდომა 2018 წლის დეკემბერში ჩატარდა.

როგორ ფუნქციონირებს სინოდი?

სინოდი ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანოა, რომლის შეკრების გადაწყვეტილებასაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ან მისი თანამოსაყრდე წყვეტს. წმინდა სინოდის კრებაში მონაწილეობს 46 მღვდელმთავარი.

საპატრიარქოს ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, სინოდის სხდომა საჭიროების მიხედვით წელიწადში არანაკლებ ორჯერ უნდა გაიმართოს.

წმინდა სინოდზე გადაწყვეტილებების მიღება ხმების უმრავლესობით ხდება. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში მიღებული იქნება ის გადაწყვეტილება, რომელსაც ემხრობა კრების თავმჯდომარე.

რა საკითხები განიხილება წმინდა სინოდის კრებაზე?

8 მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც სინოდმა 2012 წლიდან დღემდე მიიღო:

  • 2018 წლის 28 დეკემბრის სინოდის სხდომაზე გადაწყდა, რომ 12 მაისი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოცხადდებოდა. ამავე სხდომაზე გადაწყვიტეს, რომ უკრაინის ეკლესიაში მიმდინარე პროცესებზე მომდევნო სხდომაზე იმსჯელებდნენ.
  • 2018 წელის 21 ივნისს კი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს პატრიარქმა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება მიანიჭა.
  • 2017 წლის ოქტომბერში სინოდში დეკანოზ გიორგი მამალაძეზე მსჯელობდნენ და გადაწყვიტეს, რომ სანამ „დეკანოზ გიორგი მამალაძის განაჩენის მიმართ სააპელაციო-საკასაციო პროცედურები არ არის დასრულებული, წმიდა სინოდი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად კანონიკური სამართლის ფორმატში დაიწყოს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის განხილვა, რაც ამ საქმის ირგვლივ არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებდა. შესაბამისად, წმიდა სინოდი თავს იკავებს დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ საბოლოო დასკვნების გაკეთებისგან“.
  • 2017 წლის მარტში სინოდმა ჭყონდიდელი ეპისკოპოსი პეტრე საპარტრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ დირექტორობიდან გაათავისუფლა.
  • 2016 წლის ივნისში სინოდმა გადაწყვიტა, რომ გარკვეულ ცვლილებებს საჭიროებს დოკუმენტი „მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში“.
  • 2015 წლის იანვარში სინოდმა „იმსჯელა ახალი საგნის – „მე და საზოგადოების“ შესახებ და დაადგინა: წარმოდგენილი პროექტი შეიცავს სერიოზულ ხარვეზებს და აუცილებელია მისი საჯარო განხილვა, რათა გათვალისწინებული იყოს საზოგადოების და სხვა ტრადიციული რელიგიური ჯგუფების აზრიც“. ამავე კრებაზე მოისმინეს რუსთაველი მიტროპოლიტის ანგარიში საპატრიარქოს სკოლებში სასწავლო შედეგების შესახებ, სადაც აღნიშნული იყო, რომ გასულ წელს საშუალო სკოლა ოქროს მედალზე 30-მა მოსწავლემ დაამთავრა, ვერცხლის მედალი კი 35-მა მიიღო.
  • 2014 წლის იანვარში სინოდში ანტიდისკრიმინაციულ კანონზე მსჯელობდნენ. ეკლესიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება ამ კანონის მიმართ და აღინიშნა, რომ იგი წარმოდგენილი სახით მიუღებელია როგორც საქართველოს ელესიისთვის, ისე ყველა მორწმუნისათვის. ამავე სხდომაზე გამოითქვა იმედი მომავალში კანონის შეცვლის შესახებ.
  • 2012 წლის ივლისში სინოდმა დაადგინა, რომ „საქართველოს ეკლესიამ შესაძლებლობისამებრ გააკეთოს ყველაფერი, რათა ხელი შეუწყოს ქართველებსა და აფხაზებს და ქართველებსა და ოსებს შორის ძველი ურთიერთობის აღდგენას“.

რა არის წმინდა სინოდის ფუნქცია?

საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, სინოდის ფუნქციები მრავალფეროვანია:

  • იხილავს და წყვეტს კანონიკურ, საღვთისმსახურო, სამოძღვრო და სხვა საკითხებს, რომლებიც ეხება ეკლესიის საშინაო და საგარეო მოღვაწეობას. ადგენს ახალ წმინდანთა აღიარებას (კანონიზირებას) და შესაბამის ღვთისმსახურებას.
  • ზრუნავს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის სამართლებრივ ურთიერთობაზე, ეკლესიის კანონების, საეკლესიო კრებების დადგენილებებზე
  • იღებს გადაწყვეტილებებს სხვა ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიებთან ურთიერთობების შესახებ.
  • გამოხატავს თავის დამოკიდებულებას სახელმწიფოსა და მთელ მსოფლიოში მომხდარი მოვლენებისა და წამოჭრილი პრობლემების შესახებ.
  • ქმნის ან აუქმებს ეპარქიებს, ცვლის მათ ტერიტორიულ საზღვრებსა და სახელწოდებებს.
  • ირჩევს საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრებს და ახდენს მათ ხელდასხმას.
  • კათოლიკოს-პატრიარქის წინადადებით, გადაჰყავს მღვდელმთავრები ერთი ეპარქიიდან მეორეში.
  • იღებს გადაწყვეტილებებს მმართველი მღვდელმთავრების პენსიაში გასვლის შესახებ.
  • ისმენს მმართველი მღვდელმთავრების მოხსენებებს ეპარქიის მდგომარეობის შესახებ.
  • ადგენს პროცედურას ყველა საეკლესიო სასამართლოსათვის.
  • განაწესებს საეკლესიო ჯილდოებს.
  • ამტკიცებს, ცვლის, აუქმებს და განმარტავს თავის დადგენილებებს, რომლებიც შეეხება საეკლესიო ცხოვრებას.
  • სხვადასხვა საკითხის შესასწავლად ქმნის სპეციალურ კომისიებს.

ასევე, სინოდი არის უკანასკნელი ინსტანცია იმ სასულიერო და საერო პირებისათვის, რომლებსაც ეპარქიის მმართველმა მღვდელმთავარმა მიუსაჯა მღვდელმსახურების აკრძალვა, სამღვდელო ხარისხიდან განკვეთა, სიკვდილამდე უზიარებლობა ან ეკლესიიდან განკვეთა (ანათემა).

დაწერეთ კომენტარი

"ისე ვერ წავა პროცესი, როგორც ხელისუფლებას უნდა"
please wait

No media source currently available

0:00 0:50:48 0:00
დილის საუბრები
უკანასკნელი ეპიზოდი
"ისე ვერ წავა პროცესი, როგორც ხელისუფლებას უნდა"
დილის საუბრები
დილის საუბრები

გამოიწერეთ

ITunes Video Podcast
XS
SM
MD
LG