Accessibility links

სისასტიკე და სადიზმი „ვაგნერის“ სახელით


რუსი დაქირავებული მებრძოლები სირიაში

კრემლმა „თავზარდამცემი“ უწოდა „ნოვაია გაზეტას“ მიერ გამოქვეყნებულ მასალას, რომელშიც, სავარაუდოდ, დაფიქსირებულია რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირში მყოფი „კერძო სამხედრო კომპანია (კსკ) „ვაგნერის“ მებრძოლთა მონაწილეობა დატყვევებული სირიელის უსასტიკეს წამებასა და მკვლელობაში.

ვიდოჩანაწერებზე, რომელთა ფრაგმენტები მანამდე ინტერნეტში გავრცელდა, უნიფორმაში შემოსილი და უაქცენტო რუსულით მოსაუბრე რამდენიმე პირი უროს ურტყამს მსხვერპლს, აჭრიან თავსა და ხელს და შემდეგ, მხიარული შეძახილებითა და სიცილით, სხეულს ფეხებით კიდებენ და ცეცხლს უკიდებენ.

ჟურნალისტური ვერსია

2017 წლის ივნისში, (კსკ)„ვაგნერის“ მებრძოლებმა ექსტრემისტული „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფება განდევნეს პროვინცია ჰომსში მდებარე შაირის საბადოდან, რასაც, როგორც „ნოვაია გაზეტამ“ გამოიძია, სირიის სახელმწიფო სანავთობე კორპორაციასა და რუსულ კომპანია „ევროპოლისს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებაც მოწმობს.

არაბულმა წყაროებმა დაადგინეს, რომ წამების კადრებზე ასახული პირი, 1986 წელს დაბადებული მოჰამედ ტახა ისმაილ ალ-აბდულა, მობილიზებული იყო ბაშარ ალ ასადის არმიის რეზერვში, საიდანაც იგი გაიქცა და, სავარაუდოდ, ექსტრემისტების რიგებში იბრძოდა.

წამების ამსახველი ორწუთიანი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა 2017 წლის ივნისში. კომენტატორები მაშინვე გამოთქვამდნენ ვარაუდს, რომ ვიდეოზე, შესაძლოა, გამოსახული ყოფილიყვნენ სირიაში მოქმედი „ვაგნერის“ ჯგუფის მებრძოლები, მაგრამ ამის დამტკიცება მაშინ ვერავინ შეძლო. არ ჩანს სახეები, ამოსაცნობი ნიშნები, არ არის იდენტიფიცირებული ვიდეოჩანაწერის გაკეთების ადგილი და დრო.

მაგრამ 2019 წლის ნოემბერში ინტერნეტში გავრცელდა სამი დანარჩენი ვიდეოჩანაწერი, რომელმაც ყველაფერს ფარდა ახადა.

კერძოდ, კადრში ჩანს სტანისლავ დ. მისი ვინაობა „ნოვაია გაზეტამ“ არ გაამჟღავნა, ოჯახის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ გაზეთის ჟურნალისტებმა მოიპოვეს ინფორმაცია, რომ ადრე სტანისლავ დ. სტავროპოლის პოლიციაში მსახურობდა, „ვაგნერის“ ჯგუფში კი დაქირავებული მებრძოლი დაზვერვის რაზმში იყო.

„ნოვაია გაზეტას“ ხელთ ჩაუვარდა ასევე სტანისლავ დ.-ს პასპორტის ასლი, მისი ხელით შესრულებული ანკეტა, რომელიც თარიღდება 2016 წლის თებერვლით. საზღვარგარეთ „რუსეთის ინტერესების გასატარებლად“ დაქირავებული ს.დ. იღებს ვალდებულებას, რომ არ გათქვამს თავის ვინაობასა და ინფორმაციას.

„ვაგნერი“ და მისი მფარველები

კსკ „ვაგნერი“ - ესაა არაოფიციალური სამხედრო ქვედანაყოფი, რომელიც არ ირიცხება რუსეთის სამხედრო უწყების ბალანსზე და იურიდიული პირების რეესტრში.

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, „ვაგნერის“ მიერ დაქირავებული პირები მონაწილეობას იღებდნენ სირიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში.

„ვაგნერელები“ იცავენ აფრიკის ქვეყნებში სამთავრობო და სამრეწველო ობიექტებს, წვრთნიან და ინსტრუქტაჟს უტარებენ ადგილობრივ სამხედროებს.

„ვაგნერის“ სახელი ფიგურირებდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გასული წლის ივლისში მომხდარ ინციდენტში, როდესაც საფრიდან მოწყობილი თავდასხმისას მოკლეს ჟურნალისტები ორხან ჯემალი, ალექსანდრ რასტორგუევი და კირილ რადჩენკო. ისინი მუშაობდნენ დოკუმენტურ ფილმზე ონლაინსააგენტო „გამოძიებათა მართვის ცენტრის“ დავალებით. სააგენტო, რომელსაც მიხაილ ხოდორკოვსკი აფინანსებს, იტყობინება, რომ სამი ჟურნალისტი აგროვებდა ცნობებს რუსეთში დაფუძნებულ კერძო გასამხედროებულ ორგანიზაცია „ვაგნერზე“.

კსკ „ვაგნერის“ სპონსორად მედია ასახელებს რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებულ ბიზნესმენს, ევგენი პრიგოჟინს, და მის საკუთრებაში არსებულ კომპანია „ევრო პოლისს“.

რუსეთის ხელისუფლებას ოფიციალურად არასოდეს უღიარებია „ვაგნერის“ არსებობა. კერძო სამხედრო კომპანია (კსკ)„ვაგნერზე“ დასმული შეკითხვის პასუხად ვლადიმირ პუტინმა საჯაროდ განაცხადა, რომ სირიაში მყოფი რუსეთის კერძო დაცვის კომპანიების თანამშრომლები საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას არ იღებენ, არამედ დაკავებული არიან „სახალხო-სამეურნეო საკითხებით“.

თუმცა ცნობილია, რომ ვლადიმირ პუტინმა 2016 წლის დეკემბერში ჯილდოები გადასცა კსკ „ვაგნერის“ სავარაუდო დაქირავებულ მებრძოლებს, მათ შორის, დმიტრი უტკინს, რომელიც ქვედანაყოფის მეთაურად სახელდება.

„ვესვრი შვილსა და მერე დედას“

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა გასულ პარასკევს „შოკის მომგვრელი“ უწოდა „ნოვაია გაზეტაში“ გამოქვეყნებულ სირიელის სასტიკი მკვლელობის ამსახველ ვიდეო- და ფოტომასალას.

პესკოვის თქმით, რუსეთის სამართალდამცველი სტრუქტურები გამოიძიებენ „ნოვაია გაზეტას“ პუბლიკაციაში მოტანილ ფაქტებს, თუ „ამას საჭიროდ მიიჩნევენ“, თუმცა მან გაზეთის მისამართითაც გააკეთა გარკვეული მინიშნება, როდესაც აღნიშნა, რომ არ იცის, რამდენად გამართლებულია „ნოვაია გაზეტას“ ვარაუდები დანაშაულის ჩამდენი პირების შესახებ.

„ნოვაია გაზეტას“ გამოძიებამ სტიმული მისცა სხვა გამოცემების ჟურნალისტებს, ეცადათ დაედგინათ „შოკის მომგვრელ“ ვიდეოკადრებზე ასახული დანარჩენი პირების ვინაობა.

გამოცემა „ფანტანკამ“ გამოაქვეყნა დიდი მასალა, რომელშიც ამტკიცებენ, რომ ჟურნალისტებმა მოახერხეს დაედგინათ სირიელ დაქირავებულთან სასტიკი ანაგარიშსწორების ამსახველ ვიდეოზე დაფიქსირებული კიდევ ერთი მწამებლის ვინაობა.

ის უნდა იყოს 39 წლის რუსლანი, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ბრიანსკიდან, რომელიც, თავის მხრივ, ჩეჩნეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა. სირიაში გადაღებულ ჯგუფურ სურათზე იგი ამოიცნო „ბრიანსკელი ნაცნობების ფართო წრემ“.

გამოცემა აღნიშნავს ასევე, რომ მათ მოეპოვებათ ინფორმაცია სავარაუდო დაქირავებულის საზღვარგარეთის პასპორტის შესახებ.

აღმოჩნდა, რომ რუსლანი ამჟამად რუსეთშია და ახალგაზრდების პატრიოტული აღზრდითა და სკოლის მოწაფეებში შეჯიბრებების ჩატარებით არის დაკავებული. „ფონტანკამ“ შეძლო მასთან დაკავშირება. თანამოსაუბრემ განაცხადა, რომ იგი იმყოფებოდა სირიაში, მაგრამ არ არის დაკავშირებული კსკ „ვაგნერთან“.

ამასობაში „რუნეტში“ (რუსულ ინტერნეტში) კვლავ დიდი გამოხმაურება ახლავს რუსულ ენაზე მოსაუბრე დაქირავებულების მიერ სირიელის სასტიკ წამებასა და მკვლელობას.

რუსულ ენაზე მოლაპარაკე ჯალათები ხან მღერიან („ვიხსნი მხრიდან მძიმე ავტომატს, ვესვრი შვილს და შემდეგ დედას“ («снимаю с плеч тяжелый автомат, стреляю в сына, потом стреляю в мать»), როცა უროს უღერებენ მიწაზე წაქცეულ მსხვერპლს. ხან ისმის, თუ როგორ ურჩევს ერთი მეორეს: „მიდი, პირდაპირ ხერხემალი გადაუმსხვრიე! მიდი, დასცხე ნიჩაბი!“

სხვა ხმა კი ურჩევს, არ მოაჭრას ფეხები: „ფეხები დაუტოვე, ფეხებით დავკიდებთ“.

„ყველაფერი, რუსეთში აკრძალული, „ისლამური სახელმწიფოს“ საუკეთესო ტრადიციაშია. ის ფორმალურად არის აკრძალული რუსეთში, მაგრამ არა თავისი არსით“, - წერს ერთ-ერთი კომენტატორი.

და, აი, სხვა კომენტარებიც:

„და ეს არის რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესების დაცვა?

სირცხვილი, რუსეთო!“

„არ გეშინიათ? და მაშინ რას იტყვით, როდესაც ისინი რუსეთში დაბრუნდებიან, თუ უკვე დაბრუნდნენ?“

„ნიურნბერგის პროცესის მასალებშიც ზუსტად ასეთი ისტორიებია. და მათზე პასუხისმგებლობა დადგება, ისევე როგორც დადგა 70 წლის წინ“.

დაწერეთ კომენტარი

მაგდა პოპიაშვილი დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:44:50 0:00
დილის საუბრები
უკანასკნელი ეპიზოდი
მაგდა პოპიაშვილი დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე
დილის საუბრები
დილის საუბრები

გამოიწერეთ

ITunes Video Podcast
XS
SM
MD
LG