უმეროვი სააგენტოს უფროს მარია ბეზრუკოვას არმიის მომარაგებაში წარმოქმნილი პრობლემების გამო სდებს ბრალს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრმა კი უკრაინის ნაციონალურ ანტიკორუფციულ ბიუროს ქვეყნის თავდაცვის მინისტრის საქმიანობაში თანამდებობის ბოროტად სარგებლობის ნიშნების შესწავლისკენ მოუწოდა.
დაპირისპირებამ უკვე მიიპყრო უკრაინის საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის „დიდი შვიდიანის“ ქვეყნების ელჩების ყურადღება. დიპლომატებმა მოუწოდეს კიევს, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადაჭრას კონფლიქტი უწყებებს შორის, მაშინ, როდესაც ფრონტზე შექმნილია კრიტიკული სიტუაცია, უკრაინის ირგვლივ კი დინამიკური საერთაშორისო პროცესები ვითარდება.
3 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა დუმილი დაარღვია და აშკარად დაუჭირა მხარი რუსტემ უმეროვს. ზელენსკიმ „ასოშიეიტიდ პრესს“ უთხრა, რომ უმეროვს აქვს უფლება და აკეთებს ყველაფერს, რათა არანაირი შეფერხება არ შეექმნას უკრაინის შეიარაღებული ძალების იარაღით მომარაგების პროცესს.
რატომ სჭირდება უკრაინის ფრონტს 1941 წელს გამოშვებული ამერიკული ნაღმები?
უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვითი შესყიდვების სააგენტოს (თშს) შორის წარმოქმნილ დაძაბულობაზე საუბარი უკრაინულ მედიასა და ინტერნეტში 2024 წლის სექტემბრიდან დაიწყო. მაგრამ ამ დაძაბულობამ აპოგეას 2025 წლის იანვრის ბოლოს მიაღწია, მას შემდეგ, რაც სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭომ გადაწყვიტა, რომ კიდევ ერთი წლით გაეგრძელებინა კონტრაქტი თშს-ს ხელმძღვანელ მარინა ბეზრუკოვასთან. ამის პასუხად უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მარინა ბეზრუკოვა თანამდებობიდან გადააყენა და 1 თებერვალს მის ნაცვლად, დროებით არსენ ჟუმადილოვი დანიშნა.
ჟუმადილოვი უკვე იკავებს ანალოგიურ თანამდებობას სხვა სახელმწიფო უწყებაში - ზურგის სახელმწიფო ოპერატორში (ზსო), რომელიც თავდაცვის შესყიდვების სააგენტოს მსგავსად უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარება. მაგრამ რუსტემ უმეროვმა არ გაითვალისწინა სამეთვალყურეო საბჭოს წევრების რეკომენდაცია და ერთპიროვნული გადაწყვეტილებით უპირატესობა მიანიჭა ჟუმადილოვს, რომლის ქვემდებარე უწყების შეფასებას უკრაინელმა მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა.
„მიმდინარე წელს თშს და ზსო თანაბარ პირობებში იმყოფებოდნენ. მაგრამ ერთი ასრულებდა სამუშაოს, მეორე კი მხოლოდ მედიაში ხმაურს ქმნიდა. არმიისათვის იარაღის შესყიდვაზე ლაპარაკი ბევრია, შედეგი კი - არადამაკმაყოფილებელი. ჩვენ ვცვლით სისტემას, რათა შედეგი გამოჩნდეს ფრონტზე და არა ახალ ამბებში“, - დაწერა რუსტემ უმეროვმა შეიარაღების შესყიდვების შესახებ თავის პირველ და ჯერჯერობით ბოლო ფეისბუკის სტატუსში.
თანამდებობიდან მარინა ბეზრუკოვას გადაყენებამდე დაახლოებით 2 კვირით ადრე საჯარო სივრცეში გამოჩნდა სკანდალური ცნობა, რომელიც თავდაცვითი შესყიდვების სააგენტოს მუშაობას უკავშირდება. სააგენტო უკრაინის არმიისათვის მოძველებული, მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ნაღმების შესყიდვაში დაადანაშაულეს. ერთ-ერთმა პირველმა ამის შესახებ გამოცემა Defence Express-ის ანალიტიკოსმა, სერგეი ზგურეცმა საიტ „ესპრესოში“ დაწერა.
საუბარია M6A2 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებზე, რომელთა წარმოებაც აშშ-ში ჯერ კიდევ 1941 წელს დაიწყეს. სააგენტო მაშინვე დაადანაშაულეს საბიუჯეტო თანხების უყაირათო ხარჯვაში, რადგან, როგორც გაირკვა, თითოეული ასეთი ნაღმი ბიუჯეტს დაახლოებით 600 ევრო დაუჯდებოდა.
როგორც რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური წერს, ამ ცნობაზე რეაგირება უმალვე გააკეთა თშს-მ, რომელმაც განაცხადა, რომ კონტრაქტი გაფორმებული იყო ფინანსური ვალდებულებების გარეშე, ხოლო უკრაინა ნაღმებს შეისყიდდა მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი წარმატებით გაივლიდნენ ტექნიკურ ინსპექციას.
იმავდროულად, სააგენტოში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უკრაინას მწვავედ ესაჭიროება ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები ფრონტის მთელ ხაზზე და თუ ტექნიკური გამოცდა დადებითად ჩაივლიდა, კონტრაქტი რამდენიმე თვეში დააკმაყოფილებდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მოთხოვნებს.
"საბოტაჟი" და "პროფესიული შეუფერებლობა"
პუბლიკაციის შემდეგ გამოცემა „ესპრესომ“ განაცხადა, რომ რედაქციამ მიიღო შეთავაზება, რათა გარკვეული თანხის სანაცვლოდ სტატია საიტიდან აეღოთ. იმთავითვე ეჭვი ყველამ თშს-ზე მიიტანა, რადგან მასალა რეპუტაციულ ზიანს სწორედ ამ სააგენტოს აყენებდა. თავდაცვის შესყიდვების სააგენტომ უარყო „ესპრესოს“ სარედაქციო პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენის ყოველგვარი მცდელობა და განაცხადა, რომ თხოვნით მიმართა პოლიციას ამ ინციდენტის გამოძიების თაობაზე.
დაახლოებით ამავე პერიოდში „უკრაინსკა პრავდას“ საიტზე გამოქვეყნდა უკრაინის პარლამენტის დეპუტატ ოლექსანდრა უსტინოვას სვეტი, რომელშიც მან თავდაცვითი შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენლები საბოტაჟსა და პროფესიულ შეუფერებლობაში დაადანაშაულა.
დეპუტატი წერდა, რომ ვითომცდა, რამდენიმე თვის განმავლობაში მილიარდობით ჰრივნა იყო „ჰაერში გამოკიდებული“, კონტრაქტები არ იდება, პოტენციური მომწოდებლების წინადადებებიც სადღაც „იკარგება“, ხოლო ომში ფულის საშოვნელად შესყიდვები ხორციელდება ფიქციური ფირმების („საფენი ფირმების“) საშუალებით.
გამომძიებელმა ჟურნალისტმა, იური ნიკოლოვმა უსტინოვას სტატიას, თანამდებობიდან თავდაცვის შესყიდვების ცენტრის უფროსის, მარინა ბეზრუკოვას გადაყენებისკენ მიმართული მცდელობა უწოდა.
ხოლო უკრაინის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის დირექტორი, დარია კალენიუკი დარწმუნებულია, რომ უსტინოვას თავად აქვს თშც-ის დირექტორის თანამდებობის დაკავების პრეტენზია. კალენიუკი ამტკიცებს, რომ თავად შეესწრო, თუ როგორ შესთავაზა ეს თანამდებობა ჯერ კიდევ გასულ წელს უსტინოვას თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა. უკრაინელი ჟურნალისტები იმასაც იხსენებენ, რომ უსტინოვას და უმეროვს წარსულში ერთი პოლიტიკური ძალა აერთიანებდათ. თავდაცვის მინისტრად დანიშვნამდე რუსტემ უმეროვი, ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი ოპოზიციური პარტია „ჰოლოსის“ დეპუტატი იყო. ოლექსანდრა უსტინოვა კი ახლაც ფრაქცია „ჰოლოსის“ წევრია.
თავად უსტინოვამ რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს უთხრა, რომ აკვირვებს ანტიკორუფციონერი აქტივისტების მხრიდან მასზე განხორციელებული თავდასხმა, მაშინ როცა ისინი თავდაცვის შესყიდვების სააგენტოს საქმიანობას უნდა იძიებდნენ.
"იქნება ბევრი დარტყმა, უფრო გაძლიერდება რუსეთი"
რუსტემ უმეროვის საკადრო გადაწყვეტილების შემდეგ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრმა განცხადებით მიმართა ნაციონალურ ანტიკორუფციულ ბიუროს. ცენტრში მიაჩნიათ, რომ ბეზრუკოვას და ასევე სამეთვალყურეო საბჭოს ორი წევრის თანამდებობიდან გადაყენებით, რუსტემ უმეროვმა ჩაიდინა დანაშაული და პასუხი უნდა აგოს.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის განცხადების პასუხად, ნაბუ-მ დაიწყო სისხლის სამართლის წარმოება თავდაცვის მინისტრის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ან ძალაუფლების შესაძლო ბოროტად გამოყენების თაობაზე.
ანტიკორუფციულ ბიუროში რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს უთხრეს, რომ უმეროვი არ ითვლება დამნაშავედ მანამ, სანამ მის დანაშაულს სასამართლო არ დაამტკიცებს. თუმცა უცნობია, თუ რა სასამართლო პერსპექტივა ექნება ამ საქმეს იმ ფონზე, როდესაც რუსტემ უმეროვს მხარს უჭერს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
„ჩვენ გვყავს თავდაცვის მინისტრი, რომელსაც მკაფიოდ ესმის, რომ ღმერთმა ნუ ქნას, რომ სადმე იყოს პაუზა ან ვინმესგან შეფერხდეს ჩვენი არმიის მხარდაჭერა, დრონებით დაწყებული და საჰაერო თავდაცვით დამთავრებული. იქნება არა მხოლოდ დანაკარგები სამხედროებში, დანაკარგები იქნება სამოქალაქო მოსახლეობაში, დაიღუპებიან ბავშვები, იქნება ბევრი დარტყმა, უფრო გაძლიერდება რუსეთი. ის (უმეროვი) ვერ დაუშვებს ვერცერთ პაუზას შეიარაღების მოწოდებაში. ამიტომ თავდაცვის მინისტრს უფლება აქვს გააკეთოს ყველაფერი, რათა არ არსებობდეს არავითარი შეფერხება (იარაღის) მოწოდებაში“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ასოშიეიტიდ პრესთან“ ინტერვიუში.
ამავე დროს, თავდაცვითი შესყიდვების სააგენტოს მუშაობა ამჟამად პარალიზებულია, - ასე ფიქრობს უკრაინის თავდაცვითი წარმოების ნაციონალური ასოციაცია (NAUDI). „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, ასოციაციამ თხოვნით მიმართა ქვეყნის პრეზიდენტს, შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალ ვოლოდიმირ ზელენსკის, რათა გადაუდებლად ჩაერიოს სიტუაციაში, რომელიც სახელმწიფო საწარმო თშს-ს გარშემო შეიქმნა.
ფორუმი