ღოღობერიძის ქუჩაზე, კერძო სახლებსა და დევნილების საერთო საცხოვრებელს შორის მოქცეულ ტერიტორიას ბალახი აქვს მოდებული.
ამ ადგილას მეორე მსოფლიო ომისდროინდელი, თბილისის მე-14 საჯარო სკოლის სამსართულიანი შენობა იდგა. კომპანიამ, რომელმაც სკოლა, მათ შორის, სკოლის ეზოს ქვის კედელიც, ოთხი წლის წინ დაანგრია, აქაურობა სამშენებლო ნარჩენებისგან გაწმინდა. მას შემდეგ ადგილი მიტოვებულია.
„მოშიშვლებული ტერიტორია, სადაც ადრე სკოლა იდგა, ნაგავსაყრელად იქცა. ჩემი ფანჯრიდან ვიღებდი და სოციალურ ქსელში ვდებდი ვიდეოებს, სადაც კარგად ჩანდა ის ანტისანიტარია, რომელიც აქ ადამიანებმა დაატრიალეს“, - ამბობს ნანა ჯანაშია, რომელმაც სამივე შვილი ამ სკოლაში გაზარდა.
მიტოვებულ ტერიტორიას მეზობლების პროტესტის შემდეგ რკინის ღობე შემოარტყეს. მიწა ისევ სახელმწიფოს საკუთრებაა. ადგილობრივები ეჭვობენ, რომ ამ ადგილას სკოლის ნაცვლად კორპუსი აშენდება.
ინფრასტრუქტურის მინისტრმა რეზი სოხაძემ 2025 წლის 30 ოქტომბერს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ მე-14 სკოლის ადგილზე ახლის ასაშენებლად „მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. მათ შორის მიმდინარეობს პროექტირებაც და მისი დასრულების შემდეგ დაიწყება სამშენებლო სამუშაოები“.
მას შემდეგ თითქმის ერთი წელი გავიდა. რკინის ღობის მიღმა ჯერ არაფერი მიანიშნებს მშენებლობის დასაწყებად მზადებაზე.
ამ უბანში, ჯამში, ხუთი საჯარო სკოლა ერთდროულად დაანგრიეს, რომ ახალი აეშენებინათ. ხუთივე ნასკოლარის მონახულებას ფეხით, ერთი საათიც კი არ სჭირდება. ათასობით მოსწავლე დროებით სხვა სკოლებშია შესახლებული. დაპირებული მშენებლობა ზოგან წლები გაიწელა, ზოგ შემთხვევაში კი საერთოდ არ დაწყებულა.
მიწასთანაა გასწორებული 113-ე საჯარო სკოლაც. ისიც ნაძალადევის რაიონში, ზუსტად მეტროს გვერდით იდგა. მიწა სახელმწიფო საკუთრებაა. სკოლის ბედი გაურკვეველი რჩება.
„განათლების სამინისტროს მიერ გათვალისწინებულია, როგორც ახალი ასაშენებელი სკოლა. აქ გვაქვს მიწის პრობლემა. სამინისტროს პოზიციას გავეცნობით, თუ რა ხელშეწყობა დაგვჭირდება ამ მიმართულებით და შემდეგ წარმოგიდგენთ დეტალებს“, - თქვა რეზი სოხაძემ 2025 წლის ოქტომბერში.
ანალოგიური პრობლემა აქვს თბილისის 97-ე საჯარო სკოლას. ისნის რაიონში ბოგდან-ხმელნიცკის ქუჩაზე სკოლის შენობა ჯერ დაანგრიეს და მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვა, რომ ამ ადგილას მძიმე ტექნიკის შემოსვლისა და მშენებლობის წინააღმდეგი სამეზობლო იყო.
სკოლის მიმდებარედ საავიაციო ქარხნის თანამშრომლების საერთო საცხოვრებელია - ორსართულიანი ავარიული სახლები, რომლებსაც ამ უბანში „სევასტოპოლის ბინების“ სახელით იცნობენ.
„როცა სკოლა დაანგრიეს და მშენებლობის დაწყება უნდოდათ, მძიმე ტექნიკამ ჩვენი საცხოვრებლის რყევა და ბიძგები გამოიწვია, შეხედეთ კედლებს, რა დღეშია ყველაფერი. მშენებლობა რომ დაგვეწყო, სახლები თავზე დაგვენგრეოდა“, - ამბობენ რადიო თავისუფლებასთან უბნის ეზოში შეკრებილი ადგილობრივები და ანონიმურობის დაცვას ითხოვენ.
თბილისის მერია ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში მათ იმავე ადგილას ან მიმდებარედ ახალი კორპუსების მშენებლობას შეჰპირდა.
სანამ ეს პირობა არ შესრულდება, მძიმე ტექნიკას სკოლის ტერიტორიაზე, სადაც მათი შვილები და შვილიშვილებიც დადიოდნენ, არ უშვებენ. ლოდინში ექვსი წელი გავიდა.
ანა ჟულინას უფროსი შვილი ახლა მეექვსე კლასშია და მხოლოდ ერთი სემესტრი ისწავლა თბილისის 97-ე საჯარო სკოლაში.
„წარმოიდგინეთ, ისნის რაიონიდან დავდივართ ვარკეთილში, სამგორის რაიონში უკვე მერამდენე წელია, მეორე ცვლაში. წინა წელს სწავლა ორ საათზე იწყებოდა. მანამდე ე.წ. შეჭრილი ცვლები იყო - ერთი ბავშვი, მაგალითად, პირველის ნახევარზე იწყებდა, მეორე - პირველ საათზე და ა.შ. ეს ძალიან რთული რეჟიმი იყო, განსაკუთრებით იმ მშობლებისთვის, რომლებსაც ორი ან მეტი შვილი ჰყავთ, ან პატარა კლასებში სწავლობენ ბავშვები“, - ამბობს ანა ჟულინა და ამატებს:
„ახლა სწავლა 2 საათზე დაიწყება, მაგრამ, მაინც, სრული კოშმარია“.
მშობლების მონაყოლი ამბები მსგავსია, განსხვავდება მხოლოდ სკოლის ნომერი. რესპონდენტების ნაწილმა სკოლის ამბები ანონიმურად მოგვიყვა, „მეშინია ჩემს შვილს სკოლაში პრობლემები არ შეუქმნანო“.
12 წლის მარიამი მე-11 საჯარო სკოლაში ჩაირიცხა, უკვე მეექვსე კლასშია, თუმცა ერთი დღეც კი არ უვლია იქ.
„207-ე სკოლაშია შეკედლებული. ყოველ წელს გვპირდებიან, რომ გაიხსნება, მაგრამ არაფერი იცვლება...მიჰყვებიან დინებას, მე-11 სკოლა ცხვირწინ მაქვს, ხუთ ნაბიჯში...აბრა, სადაც ჩაბარების თარიღი იყო დატანილი, რამდენჯერმე შეცვალეს“, - ამბობს მარიამის ახლობელი, მარიამ თავაძე.
მე-14 სკოლიდან მე-11 სკოლამდე 9 წუთის გზაა. სამშენებლო ღობეზე გამოკრული აბრის მიხედვით, მშენებლობის ვადები 2024-2026 წელია. დამკვეთი მუნიციპალური განვითარების ფონდია, შემსრულებელი შპს „ინსი“.
„ნოემბრის 17 რიცხვამდე უნდა ჩაბარდეს. მეტეოროლოგიური პრობლემებიდან გამომდინარე, გაზაფხულსა და ზაფხულში, გეცოდინებათ, ეს წვიმები რომ არ გაჩერდა, ალბათ, კიდევ გადაიწევა. რამდენს გადაგვიწევენ, არ ვიცი.
... 17 ნოემბერი უკვე შეცვლილი ვადაა და კიდევ გვინდა შევცვალოთ, სახურავზე ბრტყელი გადახურვა უნდა გაგვეკეთებინა აგვისტოში და ისეთი ნალექი იყო, ვერ დავიწყეთ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას კომპანიის წარმომადგენელმა, თორნიკე ხმალაძემ.
სკოლა 650 ბავშვზეა გათვლილი. „ყველაფერს ვიზამთ, რომ მოკლე ვადებში ჩავეტიოთ, უბრალოდ, ახლა ვადებს ვერ გეტყვით, დღეს, მაგალითად, მუშაობს 28 კაცი, გუშინწინ მუშაობდა 50 კაცი, როგორც საქმეს სჭირდება“, - ამბობენ სამშენებლო კომპანიაში.
„2019 წელს სამხარაულის ექსპერტიზამ მე-10 სკოლა მეოთხე კატეგორიის ავარიულ შენობად გამოაცხადა, დღის წესრიგში ჩვენი გასახლების საკითხი დადგა და აქედან დაიწყო მრავალწლიანი წამების პროცესი”, - ასე იწყებს მე-11 კლასელი გიორგი ტომარაძე თავისი სკოლის ისტორიის მოყოლას, მე-10 სკოლაში მან მეხუთე კლასამდე ისწავლა.
გიორგიმ 22-ე საჯარო სკოლის შენობის მეორე ფლიგელში ექვსი წელი გაატარა. აქ გამოუყო მის კლასს განათლების სამინისტრომ სივრცე.
22-ე საჯარო სკოლა დიდუბეშია, შენობის გარეშე დარჩენილი მეათესკოლელები მეორე ფლიგელში ორ ცვლაში გადაანაწილეს. საშუალო საფეხურის მოსწავლეები სკოლაში დილით დადიოდნენ, დაწყებითი კლასის მოსწავლეები - დღის მეორე ნახევარში.
სკოლამდე ბავშვები ავტობუსით მიჰყავდათ. გასულ წელს 22-ე სკოლაც დაიკეტა სარეაბილიტაციოდ - შენობის ჭერი ჩამოინგრა.
მე-10 სკოლის მოსწავლეები კვლავ შენობის გარეშე დარჩნენ. მოსწავლეებმა და მშობლებმა პროტესტის ნიშნად დადიანის ქუჩა გადაკეტეს. სამდღიან აქციებს შედეგი მოჰყვა - განათლების სამინისტრომ ამ სკოლის მოსწავლეები ევროპის უნივერსიტეტის შენობაში შეასახლა, დროებით, მე-10 სკოლის მშენებლობის დასრულებამდე.
მე-10 სკოლა ნაძალადევის რაიონში ერთ-ერთი საუკეთესო იყო ინკლუზიური განათლების პრაქტიკის დანერგვაში. სკოლას 1 200-ზე მეტი მოსწავლე ჰყავს. შენობა რამდენიმე წლის წინ დაანგრიეს და ახლის აშენებას საშველი არ დაადგა.
სამშენებლო ღობეზე საინფორმაციო ბანერების გამოკვრა სავალდებულოა. აქედან ვიგებთ, რომ მე-10 სკოლის მშენებლობა 2025 წელს დაიწყო და 2027 წელს უნდა დასრულდეს. სკოლას კომპანია „დაგი“ აშენებს. ხელშეკრულების საწყისი ღირებულება 500 000 ლარით გაიზარდა და 15 429 932 ლარს მიაღწია.
საპროტესტო აქციები დასჭირდა თბილისი მე-4 საჯარო სკოლის მშენებლობის დაჩქარებასაც. შენობა 2021 წელს დაანგრიეს.
„უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები 2023 წელს დავიწყეთ, თუმცა ქვეკონტრაქტორმა კომპანიამ გვიღალატა.. ვადები დაარღვიეს, შემდეგ ისევ ჩვენ შემოვედით და ჩავუდექით სათავეში“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას Property Development-ის წარმომადგენელი, სამშენებლო ობიექტის მენეჯერი, ნიკოლოზ მჭედლიშვილი.
ძველი სკოლის ადგილას ახლა სამსართულიანი ფერადი შენობა დგას. მუშები შესასვლელსა და ეზოს აწესრიგებენ.
„ჩვენ თითქმის დამთავრებულები ვართ, ახლა დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს, პირველ სართულზე ბოლო ეტაპი დაგვრჩა, თუმცა სწავლა 15-ში ვერ დაიწყება“, - ამბობს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.
სკოლის ადმინისტრაციის გეგმაა, რომ ახალ შენობაში სწავლა პირველი ოქტომბრიდან განახლდეს. სკოლა ადაპტირებულია და 900 მოსწავლეზეა გათვლილი.
იქამდე, სანამ სკოლები ვადების დარღვევით შენდება, საცხოვრებელი ადგილებიდან მოშორებით, მეორე ცვლაში შვილების ტარება ოჯახებისთვის ემოციურ და ლოგისტიკურ ტვირთად იქცა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც სასკოლო ასაკის რამდენიმე შვილი ჰყავს, გადაიტვირთა კლასები, აირია დღის რეჟიმი.
წარმოიდგინეთ, ბავშვი სკოლიდან საღამოს 7 საათზე ან უფრო გვიან რომ მოდის - ამის შემდეგ მან რაღა უნდა მოასწროს?"ანა ჟულინა, მშობელი
„ბავშვის ცხოვრება მხოლოდ სკოლითა და დამატებითი მეცადინეობებით არ შემოიფარგლება. ელემენტარულად, იქნება ეს ოჯახური შეკრებები, მეგობრებთან ურთიერთობა სკოლის მიღმა თუ სხვა აქტივობები, ამის შესაძლებლობა, პრაქტიკულად, აღარ არის. წარმოიდგინეთ, ბავშვი სკოლიდან საღამოს 7 საათზე ან უფრო გვიან რომ მოდის - ამის შემდეგ მან რაღა უნდა მოასწროს?
საერთოდ, სასწავლო სისტემა ასე შემთხვევით არ ჩამოყალიბებულა. ის, რომ ბავშვებმა სწავლა დილით, დაახლოებით 9 საათზე უნდა დაიწყონ, გარკვეულწილად უკავშირდება მათ დისციპლინას, დროის მართვასა და დღის სწორად ორგანიზებას“, - ამბობს ანა ჟულინა.
ისეთ სკოლებს, რომლებიც დანგრეულია ან რეაბილიტაციის გამო დროებითაა დაკეტილი, ტრანსპორტი ემსახურება. შეკრების ადგილი უმეტეს შემთხვევაში სკოლაა, საიდანაც სპეციალურად დაქირავებულ მიკროავტობუსებს მოსწავლეები მასპინძელ სკოლაში გადაჰყავთ. „შესახლებულებს“ გაკვეთილები პირველი საათის შემდეგ, მეორე ცვლაში ეწყებათ. სხვაგვარად, მასპინძელი სკოლის ინფრასტრუქტურა გაზრდილ კონტინგენტს ვერ უმკლავდება.
რამდენი სკოლაა დაცლილი და რამდენი მოსწავლეა სხვა სკოლაში დროებით გადაყვანილი, არ ვიცით. ინფორმაცია განათლების სამინისტროს საიტზე ან მის ოფიციალურ ანგარიშებში არ იძებნება.
რადიო თავისუფლებამ გამოითხოვა უახლესი სტატისტიკური მონაცემები. განათლების სამინისტრომ მონაცემების დასამუშავებლად 10-დღიანი ვადა ითხოვა. პასუხის მიღებისთანავე სტატია განახლდება.
2024 წელს კი იმ სკოლების რაოდენობა, რომლებიც ახალ სასწავლო წელს თავიანთ შენობებში ვერ იწყებდნენ, 174 იყო. ალტერნატიულ ფართებში 21 203 მოსწავლე იყო გადანაწილებული.
ძველი და ავარიული სკოლების მასობრივი ნგრევა დაემთხვა საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის 2022 წლის ინიციატივას 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის შესახებ.
აი, რას ამბობდა მაშინდელი განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, ინიციატივის შესახებ 2022 წელს:
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები 80 ახალი სკოლის მშენებლობასა და 320 სკოლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. დარჩენილი 400 სკოლის რეაბილიტაციის ტენდერი კი 2024 წელს გამოცხადდება და 2026 წლის ბოლოსთვის ყველა პროექტი დასრულდება“.
800 სკოლის ინიციატივას სარეკლამო კამპანიებიც მოჰყვა:
აქედან სამ წელში ირაკლი ღარიბაშვილი დააკავეს და ფულის გათეთრების საქმეზე ბრალი წაუყენეს. მან დანაშაული აღიარა და ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის სასჯელს. ღარიბაშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილებში ყოფილ თანაგუნდელებს პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს, წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს და კორუფციულ სქემებთან კავშირს უარყოფს.
საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ოფიციალური მონაცემებით , საქართველოში 2089 საჯარო სკოლაა. ამ სკოლებში, 2025-2026 წლების მონაცემებით, ნახევარ მილიონზე მეტი - 572 ათასზე მეტი - მოსწავლე ირიცხება.
განათლების კიდევ ერთი ყოფილი მინისტრი, გიორგი ამილახვარი, 2023 წელს ამბობდა, რომ:
„ახლა 250 სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ორ წელიწადში დასრულდება და 2025 წელს გამოცხადდება უკვე მეორე ფაზა. 2027 წელს ჩვენ დაგეგმილი გვაქვს 800 სკოლის პროექტის დასრულება და ამით საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული პრობლემების საბოლოოდ გადაჭრა“.
ორი წელია, განათლების სამინისტროს საჯარო ინფორმაცია არ განუახლებია.
სკოლების რეაბილიტაცია, 2009 წლიდან, განათლების სამინისტროს სსიპ-ის, „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ მოვალეობა იყო. 2025 წლის 1 სექტემბრიდან ეს სსიპ-ი გააუქმეს.
სააგენტოს გაუქმების შემდეგ, სკოლების მშენებლობა ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაექვემდებარა. ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ 2025 წლის 29 ოქტომბერს პარლამენტში თქვა, რომ სამინისტროს სსიპ-იდან 77 სკოლის პროექტი გადაეცათ.
აქედან 53 თავიდან შენდება, 14 რემონტდება, 10 კი პროექტირების ეტაპზეა.
მისივე ცნობით, ამ ეტაპზე პრიორიტეტულად განსაზღვრულია 135 სკოლა. მინისტრი პროგნოზირებდა, რომ 2025 წლის ბოლომდე 32 სკოლის მშენებლობა და ცხრა სკოლის რემონტი დასრულდებოდა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროდან რადიო თავისუფლებისთვის მიწოდებული ინფორმაციის (2026 წლის 10 სექტემბერი) თანახმად, ახალ სასწავლო წელს 17 საჯარო სკოლა ხვდება მზად, 1 ოქტომბრამდე დასრულდება დამატებით სამი, ხოლო 15 ოქტომბრამდე - დამატებით ორი.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი 2026-2027 სასწავლო წელი, ჯამში, 22 საჯარო სკოლისათვის გაუმჯობესებულ, განახლებულ შენობებში დაიწყება“, - აცხადებენ უწყებაში.
პრიორიტეტული სკოლების ჩამონათვალში ვერ მოხვდა სურამის #4 საჯარო სკოლა. სკოლის შენობაში ხანძარი 2025 წლის მარტში გაჩნდა. დაიწვა სახურავი და დაზიანდა შენობის მესამე სართული. სკოლა დაიკეტა. მოსწავლეები სურამის მეორე სკოლის ეზოში ცალკე მდგარ შენობაში შეასახლეს.
გაკვეთილები მეორე ცვლაში და შემცირებული დროით ტარდება.სწავლა სამის 15 წუთზე დაიწყება, პირველი სამი გაკვეთილი 40-წუთიანი იქნება, დანარჩენი - 35-წუთიანი. თუ ჩავთვლით, რომ ბავშვები გაკვეთილებს შორის ხუთ წუთზე მეტს არ ისვენებენ, გამოდის, რომ შვიდი გაკვეთილის შემთხვევაში სკოლის დასრულების ზარი 9-ის წუთებზე დაირეკება.
სურამის მეოთხე სკოლის მსგავსად, ალტერნატიულ ფართებში არიან შესახლებული ხაშურის მეოთხე საჯარო სკოლის, სოფელ ვაყის, ნაბახტევისა და წრომის საჯარო სკოლები.
ხაშურის რესურსცენტრის ინფორმაციით, ჯერჯერობით მხოლოდ ხაშურის #4 საჯარო სკოლის ბედია ცხადი. სამშენებლო კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა, რაც სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას დააჩქარებს.
შიდა ქართლში მდებარე სხვა დაკეტილი სკოლების ბედი ამ დრომდე გაურკვეველი რჩება.
წელსაც მეზობელი სოფლის სკოლაში ისწავლიან მოხისის საჯარო სკოლის მოსწავლეები. სკოლა ქარელის რაიონშია.
ქარელის რესურსცენტრის ცნობით, სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ბაზრის კვლევა მიმდინარეობს. ეძებენ კომპანიას, რომელიც სკოლას გაარემონტებს. სკოლის შენობა მეხუთე წელია დაკეტილია. მოსწავლეები და მასწავლებლები 8 კილომეტრის დაშორებით სოფელ ფცის საჯარო სკოლაში დადიან.
„სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა“ (CCIIR) 2024 წელს კვლევა ჩაატარა და საქართველოს მასშტაბით 1561 სკოლის (საერთო რაოდენობის 75%) შესახებ შეაგროვა მონაცემები.
შედეგებმა აჩვენა, რომ ამ სკოლებიდან 59%-ს თავიდან აშენება, სრული ან ნაწილობრივი რემონტი სჭირდებოდა. ყველაზე მეტი განახლებული და გარემონტებული სკოლა თბილისშია, ყველაზე ცოტა კი სამეგრელო-ზემო სვანეთში.
იმ დროს, როცა თბილისში მაცხოვრებლები დანგრეულ სკოლებზე ჩივიან და ექსპერტიზის დასკვნებს - რომლებმაც ეს სკოლები ავარიულად გამოაცხადა - ეჭვის ქვეშ აყენებენ, თბილისიდან ერთი საათის სავალზე, დუშეთის რაიონის სოფელ ბულაჩაურში დგას ერთადერთი საჯარო სკოლა, რომლის გარემონტებას ან ახლის აშენებას აქაურები წლებია ითხოვენ.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოების თანახმად, სკოლის გარე და შიდა ფასადი მოუწესრიგებელი და დაზიანებულია, ფანჯრების მინები - ჩამტვრეული, აივანზე დაგებული ფიცრები - ამოყრილი, ბათქაში - ჩამოცვენილი.
„წინიდან დიდად არ ეტყობა, მაგრამ როგორც კი შენობის უკან გახვალ, ყველაფერი ნათელი და შესამჩნევია. ამ სკოლაში ჩემი მეუღლეც სწავლობდა, 30 წლისაა და მის დროსაც კედლები აქეთ-იქით ქანაობდა“, - ამბობს ბულაჩაურის მცხოვრები, ანა კაბულაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელსა და მედიაში სკოლის პრობლემებზე ღიად საუბრობს.
მისი შვილი მომავალ წელს უნდა მივიდეს ამ სკოლაში. დედა შიშობს, რომ შვილის უსაფრთხოება დაცული ვერ იქნება. ის ამ სკოლაში შვილის მიყვანას არ აპირებს და თუ პრობლემა არ მოგვარდა, შიშობს, რომ სოფლის დატოვება მოუწევს.
ანა კაბულაშვილმა მიმართა დუშეთის მერიას, შეაგროვა ხელმოწერები და შეიტანა გამგეობაში, თუმცა ამბობს, რომ „ჯერჯერობით მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია“.
„ინფრასტრუქტურის სამინისტროში გვითხრეს, ჩვენთვის სკოლა არ გადმოუციათო. როცა ამ წლების განმავლობაში არაერთხელ მივიღეთ დაპირება - „დღეს“, „ხვალ“ გაკეთდება სკოლაო… რატომ გვესმის ახლა პასუხი, რომ სკოლა არ არის გადაცემული ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის? მე მაინტერესებს - როდის გადაეცემა სკოლა? როდის? როცა ვიღაც დაშავდება? ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ უსაფრთხო გარემოს ჩვენი შვილებისთვის. ვითხოვთ სკოლას, სადაც ბავშვებს საფრთხის გარეშე შეეძლებათ სწავლა“, - ამბობს ანა კაბულაშვილი.
ერთია გარემონტება ან ახლის აშენება და მეორე, რამდენად აბარებენ გარემონტებული და ექსპლუატაციაში შესული შენობები ხარისხის ტესტს.
მაგალითად, აბისის საჯარო სკოლაში, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით 2022 წელს გარემონტდა, ფასადი დაზიანდა. სკოლის რემონტი 2 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა, დაზიანებული ფასადის აღდგენისთვის კი ქარელის მერიამ დამატებით 140 837 ლარი გამოყო.
სკოლის დირექტორს, ლეილა თეთრუაშვილს, იმედი აქვს, რომ სამუშაოები სასწავლო წლის დაწყებამდე მოესწრება.
საქართველოს სახელმწიფო აუდიტის ანგარიშმა, რომელიც 2025 წლის მაისში გამოქვეყნდა და 2019-2022 წლების პერიოდს ეხება, აჩვენა, რომ სკოლების მშენებლობა-რემონტის პერიოდში მთელ რიგ ხარვეზებს ჰქონდა ადგილი.
აუდიტის ცნობით, 2019-2022 წლებში 139 ხელშეკრულება გაფორმდა, რომელთა საფუძველზეც სახელმწიფო ბიუჯეტიდან იმავე პერიოდში გადახდილია 344 768 000 ლარი.
დარღვევებს შორის მოხვდა:
- თანხების გადამეტებული ხარჯვა;
- სკოლების დემონტაჟისას ვარგისიანი მასალების დაკარგვა, რამაც ამ მასალების არამართლზომიერად გამოყენებაზე ეჭვები გააჩინა;
- პროექტის შეუსაბამობა სკოლის რეალურ საჭიროებებთან. შედეგად შეიცვალა ხელშეკრულებები, რამაც მშენებლობის ვადები გაახანგრძლივა.
სკოლების ნაწილში ერთი და იგივე სამუშაოები რამდენჯერმე ტარდებოდა და ზედმეტად იხარჯებოდა ასობით ათასი ლარი. მაგალითად, აუდიტის ცნობით, რუსთავის 25-ე და 26-ე, ასევე, სოფლების: ნორიოს და გამარჯვების სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 89 სახის სამუშაო ჩატარდა ხელმეორედ და ამისთვის დაიხარჯა ერთ მილიონამდე ლარი - 847 187.
2023 წლის ოქტომბერში პროკურატურამ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარის, ნორიოსა და გამარჯვების საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის საქმეზე კომპანია შპს „ალიანსის“ დირექტორი და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი დააკავა.
გამოძიების თანახმად, კომპანიამ სკოლების მშენებლობის პერიოდში ყალბი აქტები დაამზადა, მუნიციპალური განვითარების ფონდის თანამშრომელს 45 000 ლარის ქრთამი გადაუხადა და ბიუჯეტიდან 6 მილიონ ლარზე მეტი მიიღო.
სინამდვილეში, სამუშაოები ჩატარებული არ იყო. რეაბილიტაციის გაჭიანურების გამო სამივე სკოლა უფუნქციო გახდა და მოსწავლეებს სწავლა სხვა სოფლების სკოლებში გადაუტანეს.
დაპატიმრებული არიან კომპანია „ლაგი კაპიტალის“ წევრები 30 ბაღისა და 4 სკოლის ასაშენებელი 9 მილიონი ლარის მითვისების გამო. ეს შპს „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ზარქუას დის კომპანია იყო.
დეპუტატი ზარქუა ირწმუნებოდა, რომ მისი დის ოჯახმა ეს კომპანია გაყიდა, რაც სიმართლეა, მაგრამ მაშინ, როცა კომპანიამ სახელმწიფო ტენდერების მოგება დაიწყო, კომპანია „ლაგი კაპიტალი“ ნამდვილად ზარქუას დის ოჯახს ეკუთვნოდა.
გაფლანგული ბიუჯეტის გარდა, მოსწავლეები და მშობლები გაფლანგულ წლებზე, დროსა და ემოციებზე ჩივიან. გადატვირთული კლასები, რამდენიმე ცვლა, ღამის გაკვეთილები და გადაადგილებაში დაკარგული დრო მხოლოდ იმ სკოლის პრობლემა არაა, რომლის განახლება განიზრახეს და სრულად დაანგრიეს.
თბილისში, დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზეა 221-ე მეგა სკოლა, რომელიც 1 500 მოსწავლისთვის აშენდა, თუმცა ორჯერ მეტი ბავშვი დადის.
„ეს აიხსნება ამ უბანში მოსახლეობის რაოდენობის სწრაფი ზრდით და საჯარო სკოლების ნაკლებობით, მხოლოდ სამი საჯარო სკოლაა“, - ამბობს მშობელი ნუცა ცქიმანაური. მშობლები წლებია დიდ დიღომში საჯარო სკოლების მშენებლობას მოითხოვენ, ხელმოწერებიც შეაგროვეს და მერიაში მიიტანეს.
ნუცა ცქიმანაურის მეორე შვილი წელს პირველ კლასში მივიდა და რიგითობის მიხედვით, „თ“ მოუწია.
„წარმოიდგინეთ, 12 პარალელია ახლანდელ პირველ კლასში. რთულია სკოლისთვისაც და მშობლისთვისაც, მით უმეტეს მეორე ცვლაში როცა სწავლობენ ბავშვები“, - ამბობს ის და ამატებს:
„გვითხრეს, რომ მადლობა გადაიხადეთო, სამ ცვლაში არ უწევთ თქვენს შვილებსო, ანუ წარმოგიდგენიათ? ეგეც მოსალოდნელია, რომ ბავშვებს სამ ცვლაში მოუწიოთ სწავლა. სოციალური ცხოვრება აქვთ ამ ბავშვებს, ამაზე რატომ არავინ ფიქრობს? ბავშვები დაბალი ღობე რატომ ჰგონიათ? ყველაფერში ბავშვები იჩაგრებიან. ეს ბავშვები არიან ბოლო-ბოლო ამომრჩევლები და ამ ბავშვებმა უნდა შექმნან ამ ქვეყნის მომავალი და რომელ მომავალს ვუქმნით ამ ბავშვებს, რა უნდა შექმნან თვითონ, როცა ესეთ გაუბედურებულ დღეში არიან. როგორ შეიძლება რამეზე ატარო, სადმე წაიყვანო, რეჟიმი დაულაგო... თამაშისთვის დრო როგორ უნდა დარჩეს, უბრალოდ წარმოუდგენელია“.
რადიო თავისუფლებამ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გარდა, კითხვა დაუსვა განათლების სამინისტროს: რა არის ის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორები, რის გამოც ქვეყანაში სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობა ფერხდება. პასუხი არ მიგვიღია.
„რვა თვეში უნდა დავასრულოთ.. ერთ თვეში მოდით და შეამოწმეთ, თუ საძირკველი არ მექნება ჩაყრილი“, - გვპირდება შპს “ოსტატის” წარმომადგენელი ბექა ფოფხაძე. ის თბილისის 89-ე სკოლის ტერიტორიაზე დაგვხვდა. დანგრეული სკოლის ტერიტორიას დამცავ ღობეს უკეთებენ. მძიმე ტექნიკა ტერიტორიას მშენებლობისთვის ამზადებს. ამ შენობის მხოლოდ დანგრევას წლები დასჭირდა.
ვარაუდს, რომ მომავალში სხვა სკოლებიც დაინგრევა ან დანგრეულების აშენება დროში გაიწელება, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული 22,5 მლნ ლარის ღირებულების ტენდერიც ადასტურებს, რომლის თანახმადაც, სახელმწიფოს ასაწყობი სკოლების ყიდვა აქვს განზრახული.
იგეგმება რამდენიმე ტიპის, ჯამში, 750-მდე მოდულის შესყიდვა - 600 საკლასო ოთახის, 100 ადმინისტრაციული და 50 სანიტარული კვანძის.
თუ სატენდერო დოკუმენტებს დავეყრდნობით, რომელთა თანახმადაც თითოეულმა საკლასო ოთახმა 10-12 ბავშვი უნდა დაიტიოს, გამოდის, რომ ხელისუფლების გათვლით, ასაწყობი სკოლა მომავალში მინიმუმ 6 000 მოსწავლეს დასჭირდება.