Accessibility links

სკოლის ბუფეტები საბჭოთა კავშირში


საბჭოთა კავშირის ყველა სკოლაში არსებობდა ბუფეტი, სადაც ბავშვებს დღეში ერთხელ უმასპინძლდებოდნენ. რას წარმოადგენდა ბუფეტის მენიუ, რომელზედაც თაობები გაიზარდნენ?

ბავშვები სასადილოდ ორიოდე გაკვეთილის შემდეგ, დიდ დასვენებაზე, ჩაჰყავდათ. სამზარეულოს უზარმაზარ ქვაბებში რამდენიმე კერძი იხარშებოდა, ქვაბებშივე კეთდებოდა კომპოტი და კისელი. იქვე, სახლიდან გამოტანებული ფულით, ტკბილეულის ყიდვაც შეიძლებოდა.

ტკბილეული, როგორც წესი, ერთი და იგივე იყო: ფუნთუშა, "ენა", „კორჟიკი“, კექსი, პატარა ხაჭაპური, ჯემიანი ნამცხვარი. სამაგიეროდ, იცვლებოდა სადილი: კატლეტი პიურეთი, ბორშჩი, მაკარონი, წიწიბურა...

კახა ბენდუქიძის კულინარიის აკადემიის ლექტორი, ვახო ბაბუნაშვილი, იხსენებს, რომ საბჭოთა კავშირის მენიუს სიმარტივე ახასიათებდა. ძირითადად იყო სწრაფი კვების საჭმელები: სოსისი პურით ან კატლეტი პურით, დაბალი კლასების ბავშვებისთვის სუპებიც ჰქონდათ. სასადილოები და ბუფეტები საშინლად მოუწესრიგებელი იყო და ვერც სანიტარიით დაიკვეხნიდა.

„დესერტი 2-3 სახეობის ნამცხვარი იყო: "ენა", „კორჟიკი“, ფუნთუშა. "ენასთან" და „კორჟიკთან“ ბავშვობის მოგონებები კარგი მაქვს. გემრიელი იყო ნამდვილად“, - ამბობს ვახო ბაბუნაშვილი.

თუკი საბჭოთა ბავშვების ყოველდღიურ მენიუს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ისინი, ფაქტობრივად, არაქართულ კერძებზე იზრდებოდნენ.

„ნამდვილ ქართულ კერძებს საბჭოთა კავშირის პერიოდში იშვიათად ჭამდნენ, ძირითადად დღესასწაულებზე. ყოველდღიური კვება ერთიან საბჭოთა მოდელზე იყო აწყობილი“, - ამბობს სოციოლოგიის დოქტორი ნინო რჩეულიშვილი.

ასევე საბჭოთა პერიოდში ჩამოყალიბდა საუზმის ის მენიუები, რომლებიც დღემდე აქტუალურია: ჩაი, კარაქიანი პური, არაჟანი... მანამდე საუზმეზე იმას ჭამდნენ, რაც წინა დღის ვახშამზე მორჩებოდათ, თუმცა ეს არ ეხება არისტოკრატიას.

„ქართული იყო შეჭამანდები, მაწვნის სუპი, შინდის შეჭამანდი და ასე შემდეგ. ბავშვებიც იმას ჭამდნენ, რასაც დიდები. ბავშვების განსაკუთრებული კვებაც საბჭოთა კავშირის დროს შემოდის“, - ამბობს ნინო რჩეულიშვილი, - „და კიდევ ფაფა! ფაფებიც საბჭოთა პერიოდისაა“.

„მანის ფაფა იყო ჩემი ჯოჯოხეთი“, - იხსენებს საინფორმაციო პორტალ „მარანის“ ავტორი, მალხაზ ხარბედია. - „ზაფხულის ბანაკებში დილას იძულებით გვაჭმევდნენ. ბურღულეული, სუპები... რაღაც საშინელება იყო, ვერ ვჭამდი. სამ დღეში ერთხელ ხორციანი მაკარონი გვქონდა და ის გვიხაროდა. კვირაში ერთხელ ბანაკში მშობლები ჩამოდიოდნენ, ხილი ჩამოჰქონდათ ხოლმე. მანამდე ხილს ეზოებში ვიპარავდით“.

კატლეტი პურით ეს საბჭოთა კერძია.
ნინო რჩეულიშვილი


იმ კერძების რეცეპტები, რომლებიც სკოლებში მზადდებოდა შესაბამისი კანონმდებლობით იყო დამტკიცებული. თუმცა საჭმელს ყოველთვის რეცეპტის მიხედვით არ ამზადებდნენ.

„მთავარი ფორმალობა იყო. რისი გაყალბებაც შეიძლებოდა, აყალბებდნენ. კატლეტი პურით ეს საბჭოთა კერძია, ასევე "ტყუილი სუპი", წვნიანებში წყლის ჩამატება, მაიონეზის ჩამატება კალორიულობის გასაზრდელად, რომ ადამიანი მალე დანაყრებულიყო“, - ამბობს ნინო რჩეულიშვილი.

მკვლევარი გვეუბნება, რომ საბჭოთა კავშირში ერთიან მენიუს ქმნიდნენ სხვადასხვა რესპუბლიკის სამზარეულოების კომბინირებით და შემდეგ ამ ინტერნაციონალურ მენიუს ამკვიდრებდნენ ყველა ქვეყანაში. ამ მიდგომის გამო საქართველოში ტრადიციული კერძები კი შენარჩუნდა, მაგრამ დაიკარგა მათი პირვანდელი, "ქართული სული", რომლის მახასიათებელი სიახლეების მიმართ ღიაობა იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG