Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სლოვაკეთი: არჩევნების შედეგი, რომელიც „უკრაინით დაღლამ“ განაპირობა


რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

საპარლამენტო არჩევნების შედეგები სლოვაკეთში „უკრაინით დაღლის“ პირველი რეალური პოლიტიკური მაჩვენებელი აღმოჩნდა. ერთ ეტაპზე ისე ჩანდა, რომ საარჩევნო სიურპრიზი მზადდებოდა - ლიბერალური, ევროკავშირის მომხრე „პროგრესული სლოვაკეთი“ ეგზიტპოლებში 24%-ს აჩვენებდა და მცირედით უსწრებდა ყოფილი პრემიერის, რობერტ ფიცოს მემარცხენე პოპულისტურ „სმერს“. თუმცა, როდესაც უკვე რეალური შედეგები გამოქვეყნდა, გამოჩნდა, რომ ფიცო სავარაუდოდ კვლავ ქვეყნის სადავეებს ჩაიბარებდა. ის ხუთი წლის წინათ გადადგა ახალგაზრდა გამომძიებელი ჟურნალისტის იან კუციაკის მკვლელობასთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ.

„სმერმა“ ხმების 23 პროცენტი აიღო, 5 პროცენტით გაასწრო „პროგრესულ სლოვაკეთს“ და ახლა, სავარაუდოდ, შეძლებს კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას მემარჯვენე „სლოვაკეთის ნაციონალურ პარტიასა“ და „ჰლასთან“ ერთად. „ჰლასი“ („ხმა“), რომელიც „სმერს“ 2018 წლის პოლიტიკური მღელვარებების დროს გამოეყო, ახლა ბევრ რამეს წყვეტს. მის ლიდერს, პეტერ პელეგრინის ყოფილი პროტეჟე ფიცო გულზე არ ეხატება, თუმცა, სხვა მხრივ ეს ორი პარტია პოლიტიკურად ახლოა ერთმანეთთან და პელეგრინიმ არჩევნების დღეს მოქნილობა შეინარჩუნა. ახლა მან არჩევანი უნდა გააკეთოს. შესაძლებელია, რომ მომდევნო მთავრობის გაძღოლა მოითხოვოს, ან პარლამენტის სპიკერი გახდეს. შეიძლება, რომ მომდევნო წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „სმერის“ მხარდაჭერა მოიპოვოს. ან, იქნებ, მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღოს და ფიცოს საწინააღმდეგო მთავრობის შექმნა სცადოს მცირერიცხოვანი პარტიების მხარდაჭერით.

თუ, როგორც მოსალოდნელია, გზას „სმერთან“ ერთად გააგრძელებს, სავარაუდოა, რომ ფიცოს მოსთხოვოს ანტიუკრაინული რიტორიკის შერბილება. „სმერის“ ლიდერი წინასაარჩევნოდ აცხადებდა, რომ უკრაინას იარაღი აღარ უნდა მიაწოდონ, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, აქებდა მოსკოვს და იმეორებდა კრემლის ნარატივს, რომ ომი ნატოს გამო დაიწყო მას შემდეგ, რაც „უკრაინელმა ნაცისტებმა და ფაშისტებმა დონბასსა და ლუგანსკში რუსეთის მოქალაქეები დახოცეს“.

ევროკავშირში მსგავსი რიტორიკა აშფოთებთ, მაგრამ იმასაც აღნიშნავენ, რომ ფიცო ქვეყნის სათავეში ყოფნისას (2006-2010 და 2012-2018 წლებში) ახერხებდა ორსახოვანი ყოფილიყო. ბრიუსელში ის შედარებით პროდასავლურ ხაზს მიჰყვებოდა - მხარი დაუჭირა ევროკავშირის პირველ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ, თუმცა, ამავე დროს, ბრატისლავაში სულ სხვა რამეს ლაპარაკობდა. ასევე, დადის ხმები, რომ ბრიუსელში სანდო პირს, ევროკავშირის ელჩს დასავლეთ ბალკანეთში მიროსლავ ლაიჩაკს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნავენ.

ბრიუსელს კიდევ გააჩნია ბერკეტები, რომლებითაც ფიცოს სავარაუდო მთავრობის ისევ დასავლეთისკენ მობრუნებას ეცდებიან. „სმერი“ ევროპარლამენტის სიდიდით მეორე პოლიტიკური ჯგუფის - „ევროპის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის (S&D)“ წევრია, რომელსაც ბრიუსელის მიღმაც დიდი გავლენა აქვს. ამ პოლიტიკურ ოჯახში უკვე ისმის მოწოდებები, რომ ფიცოს პარტიაც ისევე გარიცხონ პრორუსული განცხადებებისათვის, როგორც „ევროპის სახალხო პარტიამ“ გარიცხა ვიქტორ ორბანის „ფიდესი“ რამდენიმე წლის წინ.

ეკონომიკაც მნიშვნელოვანია. სლოვაკეთის სახელმწიფო ბიუჯეტი მცირდება, ინფლაცია კი იზრდება. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ სლოვაკეთს უფრო სჭირდება ევროკავშირი, ვიდრე ევროკავშირს - სლოვაკეთი. ასე რომ, ეს ქვეყანა არც ამ კავშირის დატოვებას შეეცდება, არც ევროზონისა და არც - ნატოსი.

თუმცა, ეს ეკონომიკური პრობლემები იმასაც ნიშნავს, რომ არჩევნების შემდეგ სლოვაკეთი სახეს იცვლის. ახლა ის ალბათ უფრო დაუახლოვდება უნგრეთს სოციალურ საკითხებთან დამოკიდებულებაში, როგორებიცაა მიგრაცია და ლგბტ+ თემის უფლებები. მოსალოდნელია, რომ ფიცო შეეცდება ქვეყნის სასამართლო სისტემის დასუსტებას. შარშან პროკურატურა შეისწავლიდა ბრალდებებს, რომ ფიცო კონფიდენციალურ საგადასახადო და საპოლიციო ჩანაწერებს იყენებდა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და ბეწვზე გადაურჩა საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნას. ამ არჩევნებში გამარჯვებით კი მან უახლოეს მომავალში თავი აარიდა ციხეს.

ეკონომიკური ვითარება, რომელსაც თან ახლავს საზოგადოების „უკრაინით დაღლა“, იმასაც ნიშნავს, რომ სლოვაკეთის შიდა პოლიტიკა გავლენას იქონიებს დასავლეთის ურთიერთობებზე კიევთან. ფიცომ ეს ეფექტიანად გამოიყენა თავის წინასაარჩევნო კამპანიაში. „სმერის“ წარმატება იმანაც განაპირობა, რომ მათ შეძლეს ორი პრორუსული ულტრამემარჯვენე პარტიის ამომრჩევლების მიმხრობა, რომლებსაც, წესით, 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი უნდა გადაელახათ, თუმცა, საბოლოოდ ამის გაკეთება ვერ მოახერხეს.

ნატოსთვის ეს ბევრს არაფერს ნიშნავს - იარაღის უმეტესობა უკრაინას ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, პოლონეთის გავლით მიეწოდება. თუმცა, სლოვაკეთს ევროკავშირზე გავლენის მოხდენა კი შეუძლია. არ არის გამორიცხული, რომ ბრატისლავა უნგრეთს შეეკრას და ევროკავშირის მიერ უკრაინისათვის ფულის გამოყოფა შეაფერხოს. ვითარება უფრო ცხადი დეკემბერში იქნება, როდესაც ევროკავშირი ამ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებებს ელის. საკითხავია ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების ბედიც - ბრიუსელს ხომ ისედაც უჭირდა შემოდგომისათვის მეთორმეტე პაკეტის მხარდამჭერების შეგროვება, ახლა კი შეიძლება, რომ მორიგი სანქციები სულაც ვეღარ მიიღონ.

სლოვაკეთის არჩევნების შედეგების გამოცხადების პარალელურად ამერიკაში დაამტკიცეს დროებითი ბიუჯეტი, სადაც არ არის გათვალისწინებული უკრაინისთვის დახმარება. პოლონეთში მიმდინარე საარჩევნო კამპანიაში კი მმართველმა პარტიამ, რომელიც აქამდე უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი იყო, მემარჯვენე ხმების მოსაზიდად ეჭვქვეშ დააყენა კიევისათვის იარაღის ახალი პარტიის მიწოდების მართებულობა და წამოჭრა უკრაინის აგროპროდუქციის დაბლოკვის საკითხი. დასავლეთის პირობა, რომ უკრაინას მხარს დაუჭერენ „მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება“, უკვე აღარც ისე მტკიცედ ჟღერს.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG