Accessibility links

“სოკარგაზის” წარმომადგენლებს რუსთავის ბაგა-ბაღებში არ უშვებენ


რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ და ადგილობრივმა ხელისუფლებამ “სოკარგაზ - რუსთავის” წარმომადგენლებს 18 ოქტომბერს, დილით, ხელი შეუშალეს რუსთავის პირველ ბაგა-ბაღში შემოწმების ჩატარებასა და ბუნებრივი აირის ჩაჭრაში.
გაზის იმპორტიორ და გამანაწილებელ კომპანიას დაუპირისპირდნენ ბაღის აღმზრდელ-მასწავლებლები და მშობლებიც.

„ამ ბაღში 300 ბავშვი დადის. ჩვენ არავინ გაგვაფრთხილა ახალი რეგულაციების დაუყოვნებლივ ამოქმედების შესახებ. შემოწმებაზეც გაუფრთხილებლად მოვიდნენ. აქ ბავშვები არიან, ჭამა უნდათ, ზამთრის სეზონი დადგება. რაღაც რომ შევცვალოთ, დრო გვინდა“, უთხრა რადიო თავისუფლებას ბაგა-ბაღის გამგემ, ლეილა გორგოძემ.


იქვე მყოფმა „სოკარგაზის“ წარმომადგენელმა, ბესო ზაგოროდინსკიმ, მას შემდეგ, რაც ადგილზე მისული რუსთავის მერისგან საყვედურები მოისმინა, ლეილა გორგოძესა და იქვე მყოფ მშობლებს უთხრა, ჩვენც დაძაბულები ვართო:

„ვალდებულები ვართ გეგმიურად თუ არაგეგმიურად შემოვიდეთ და ბაღში არსებული ვითარება აღვწეროთ. აირის ჩაჭრაზე დღეს, საბედნიეროდ, საუბარი აღარ არის, რადგან ამის საშუალებას არ მაძლევთ. ერთმანეთს გული არ უნდა ვატკინოთ. გვირჩევნია, დღეს მშვიდად დავშორდეთ ერთმანეთს“.

„სოკარგაზის“ წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას აუხსნა, რომ ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის ახალი რეგულაციის მიხედვით, ბაგა-ბაღებსა და სკოლებში, მათ სასადილოებში, საკვებ სივრცეში, საძინებლებში აკრძალულია ბუნებრივ აირზე მომუშავე გაზქურებისა და ლოკალური გამათბობლების არსებობა:

„უნდა გააჩნდეთ ელექტროგამათბობლები, ელექტროენერგიაზე მომუშავე გაზქურები და ცენტრალური გათბობა. ჩვენ ბაგა-ბაღების გარდა სკოლებიც უნდა შევამოწმოთ, მაგრამ, დღევანდელი შემთხვევის გათვალისწინებით და ადგილობრივი ხელისუფლების პოზიციის გამო, რას იზამს „სოკარგაზი“, არ ვიცი“.

რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ, პირველი ბაგა-ბაღის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „სოკარგაზი“ კანონით გაწერილ პროცედურებს არღვევს:

„თავის დროზე, გამათბობლებიც და გაზქურებიც „სოკარგაზის“ ნებართვით და მათივე პროექტით დამონტაჟდა. მონოპოლისტი კომპანია რომ ხარ, კანონის და პროცედურების უგულებელყოფის უფლება არ გაქვს. ბავშვების უსაფრთხოება მაგათზე მეტად ჩვენ გვაღელვებს, სააღმზრდელო დაწესებულებებს და სკოლებს გონივრული ვადა უნდა მიეცეთ, რომ გათბობის სისტემები შეცვალონ“.

ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნვით, „სოკარგაზის“ წარმომადგენლების გარეშე გამათბობლები არასოდეს ჩაგვირთავს. პრობლემა ისე უნდა გადაწყდეს, რომ ბაღების დახურვა არ მოგვიწიოს და ბავშვები გარეთ არ დარჩნენ...
ეკა ხუციშვილი


რუსთავში 21 ბაგა-ბაღია, საიდანაც ცენტრალური გათბობა მხოლოდ ხუთშია. რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორს, ეკა ხუციშვილს, იმ დროს გავესაუბრეთ, როცა ტელეფონით კოლეგებს მითითებას აძლევდა, არ შეეშვათ ბაღებში „სოკარგაზის“ წარმომადგენლები შემოწმებაზე. ეკა ხუციშვილის თქმით, „სოკარგაზს“ ვერ მისცემენ უფლებას, რომ ბავშვები „დატოვონ საკვებისა და გათბობის გარეშე“.

„შემოწმებებს და აირის მიწოდების შეწყვეტას თუ გეგმავდნენ, უნდა გავეფრთხილებინეთ. უნდა გვითხრან, რა დარღვევები გვაქვს. მოგვცენ გონივრული ვადა სისტემის გამოსაცვლელად. ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნვით, „სოკარგაზის“ წარმომადგენლების გარეშე გამათბობლები არასოდეს ჩაგვირთავს. პრობლემა ისე უნდა გადაწყდეს, რომ ბაღების დახურვა არ მოგვიწიოს და ბავშვები გარეთ არ დარჩნენ“, თქვა ეკა ხუციშვილმა, რომელმაც დასძინა, რომ ახალი რეგულაციების შესახებ არ იცოდა.

მისივე თქმით, ბაგა-ბაღებში შესამოწმებლად არავის შეუშვებენ „სოკარგაზის“ ოფიციალური მიმართვის გარეშე. ამის შემდეგ უნდა შეიქმნას ერთობლივი კომისია, თუ სად, როდის და როგორ დააყენონ ბაგა-ბაღებში ელექტროქურები და გაიყვანონ ცენტრალური გათბობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG