Accessibility links

სომხეთის ელჩი გერმანიაში დადანაშაულებულია მაფიასთან კავშირში


აშოტ სმბატიანი, სომხეთის ელჩი გერმანიაში

სომხეთის ხელისუფლება არ აპირებს თანამდებობას ჩამოაშოროს აშოტ სმბატიანი, ქვეყნის ელჩი ბერლინში, რომელსაც, გერმანიის მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სავარაუდო კავშირი ჰქონდა ქვეყანაში მოქმედ სომხურ მაფიოზურ ჯგუფთან.

როგორც სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კარენ ნაზარიანმა უთხრა რადიო თავისუფლებას, მას კონტაქტი აქვს გერმანიის ხელისუფლებასთან იმის გასარკვევად, „თუ რამდენად სანდოა მედიით გავრცელებული მტკიცებულებები“ სომხეთის ელჩის დანაშაულებრივ ჯგუფთან შესაძლო კავშირის შესახებ.

„მედიაში ლაპარაკია გარკვეულ ფაქტებზე. არ ვფიქრობ, რომ ჩვენ გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ მედიით გავრცელებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით“, - დასძინა მინისტრის მოადგილემ.

სომხური მაფიის საცეცებში

მედიით გავრცელებული ბრალდებები ეყრდნობა გერმანიის ცალკეული სპეცსამსახურების მიერ სამი წლის განმავლობაში მიმდინარე გამოძიებას სომხების ლიდერობით მოქმედი ე.წ. კანონიერი ქურდების დანაშაულებრივი ჯგუფის წინააღმდეგ, რომელიც მთელი ევროპის მასშტაბით მოქმედებს და, ცნობების თანახმად, თავის საცეცებში მოქცეული ჰყავს სპორტსმენები და დიპლომატები.

გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის უსაფრთხოების სამსახურები, რომელთაც კონკრეტული მტკიცებულებები ჯერ არ წარმოუდგენიათ, ეჭვობდნენ, რომ სმბატიანს კავშირები ჰქონდა კრიმინალურ ჯგუფთან.

გაზეთმა ‘შპიგელმა“ და ტელერადიო კამპანია MDR-მა მოიპოვეს ასლები სპეცსამსახურების საბოლოო ანგარიშისა, რომლის თანახმად, 42 პირის მიმართ აღძრულია 14 სისხლის სამართლის საქმე.

გარდა ამისა, ზემოხსნებული მედიასაშუალებების რეპორტიორებმა ხუთი თვე შეალიეს გერმანიაში მოქმედი კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელთა საქმიანობის შესწავლას. ლაპარაკია მსოფლიოს მასშტაბით ცნობილ გავლენიან კანონიერ ქურდებზე, საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემიდან გამოსულ დამნაშავეებზე, რომლებსაც გამოარჩევთ განსაკუთრებული სისასტიკე და თავიანთ მიერ შემუშავებული წესებით ცხოვრება.

ანგარიშის თანახმად, მარტის თვეში სომხეთის ელჩმა აშოტ სმბატიანმა გერმანელ გამომძიებლებს შესთავაზა საელჩოს დახმარება გამოძიებაში, რაზეც უარი თქვა ფედერალური კრიმინალური პოლიციის ოფისმა, რადგან არსებობდა საშიშროება საელჩოდან ინფორმაციას გაეჟონა გერმანიაში მოქმედ კანონიერ ქურდებში.

ამავე მიზეზის გამო, მედიასაშუალებების ცნობით, გერმანელი სამართალდამცველები ფრთხილად ეკიდებოდნენ თანამშრომლობას თავად სომხეთის ხელისუფლებასთან.

გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის უსაფრთხოების სამსახურები, რომელთაც კონკრეტული მტკიცებულებები ჯერ არ წარმოუდგენიათ, ეჭვობდნენ, რომ სმბატიანს, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა სერჟ სარქსიანმა დანიშნა გერმანიაში ელჩად 2015 წელს, კავშირები ჰქონდა კრიმინალურ ჯგუფთან.

რატომ არ უჩვენეს „ნათლია გერმანიაში“

თავად სმბატიანი, რომელი ლიხტენშტეინში ელჩის ფუნქციასაც ითავსებს, მედიით გავრცელებულ ბრალდებებს „აბსურდულად“ და „გამონაგონად“ მიიჩნევს. მისმა ადვოკატმა „ნონსენსი“ უწოდა ელჩის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს.

სომხეთის ელჩმა ბოლო წუთში მიაღწია იმას, რომ ბერლინის სასამართლომ 6 ნოემბერს, ეთერში გაშვებამდე ერთი დღით ადრე, აკრძალა ზემოხსნებული გამოძიების შესახებ „შპიგელისა“ და MDR-ის ერთობლივი დოკუმენტური ფილმი.

ამ ჯგუფებმა გერმანიის სამართალდამცველების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრეს 2014 წელს მტრულად განწყობილ სომხურ დაჯგუფებებს შორის მომხდარი შეიარაღებული შეტაკების შემდეგ აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქ ეფურთში
ამ ჯგუფებმა გერმანიის სამართალდამცველების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრეს 2014 წელს მტრულად განწყობილ სომხურ დაჯგუფებებს შორის მომხდარი შეიარაღებული შეტაკების შემდეგ აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქ ეფურთში

ფილმში, სახელად „ნათლია გერმანიაში“, დეტალურად არის აღწერილი „კანონიერი ქურდების“ სავარაუდო საქმიანობა გერმანიასა და ევროპის სხვა ნაწილებში, თანამშრომლობა რუსულ და იტალიურ მაფიოზურ დაჯგუფებებთან, მათ შორის - ყალბი ფულის მოძრაობაში.

MDR-ში განაცხადეს, რომ სასამართლოს 6 ნოემბრის გადაწყვეტილების შემდეგ ტელერადიოკომპანიას არ ჰქონდა საკმარისი დრო შეეტანა ფილმში სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ცვლილებები, რის გამოც გადადო ფილმის ჩვენება, თუმცა ტელეკომპანია აპირებს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას.

უცნობია, თუ რატომ სურდა 49 წლის სომეხ დიპლომატს ფილმის ჩვენების თავიდან აცილება.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სმბატიანის მიმართ არ იქნება მიღებული არანაირი გადაწყვეტილება, ვიდრე მიმდინარეობს მედიით გავრცელებული ცნობების გადამოწმება.

„ჩვენ გაგზავნილი გვაქვს შეკითხვა. საქმე ეხება ძალიან ფაქიზ თემას, კერძოდ, ჩვენი დიპლომატიური მისიის საქმიანობას და მისი ხელმძღვანელის რეპუტაციას. ამ ეტაპზე მეტის თქმა არ შემიძლია. დაველოდოთ შედეგებს“, - აცხადებს კარენ ნაზარიანი.

სომხური მაფიის ანატომია გერმანიაში

„შპიგელი“ და MDR ამტკიცებენ, რომ კანონიერი ქურდების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ მომზადებული საგამოძიებო ანგარიში ასკვნის, რომ სომხურ მაფიურ ჯგუფს „ღრმად აქვს ფესვი გადგმული“ და „მძლავრი ქსელი“ აქვს გერმანიაში.

„შპიგელის“ თანახმად, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლი გამომძიებლებისა და ჟურნალისტების ერთობლივი დასკვნა ააშკარავებს ძალიან „სამწუხარო“ რეალობას.

კერძოდ, მაფიოზური ჯგუფები მონაწილეობენ გამოძალვაში, ფულის გათეთრებაში, სათამაშო ავტომატებით მანიპულირებასა და ადამიანების გატაცებაშიც კი, ფლობენ მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს და საფრთხეს უქმნიან კანონის უზენაესობას.

მედიის ხელთ არსებულ ანგარიშში ნახსენები არიან მსუბუქ წონით კატეგორიაში კრივში მსოფლიო ჩემპიონი კარო მურატი, მისი ძმა კოკო, სხვადასხვა ვერსიით, კრივში ყოფილი ჩემპიონი არტურ აბრაჰამი. თუმცა ოფიციალურმა გამოძიებამ, „შპიგელის“ თანახმად, ვერ მოიპოვა ხსენებული სპორტსმენების სომხურ მაფიოზურ ჯგუფებთან დამაკავშირებელი მტკიცებულებები. დანაშაულებრივ ჯგუფებთან ყოველგვარი კავშირი უარყვეს თავად სპორტსმენებმა.

კრივში ყოფილი ჩემპიონი არტურ აბრაჰამი
კრივში ყოფილი ჩემპიონი არტურ აბრაჰამი

სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ სომხური მაფიოზური ჯგუფები გერმანიაში გამოჩნდნენ 1991 წელს, როდესაც, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მალევე, ქვეყანაში შემოსვლა დაიწყო სომხეთისა და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან გამოქცეულმა უამრავმა მიგრანტმა.

მაგრამ ამ ჯგუფებმა გერმანიის სამართალდამცველების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრეს 2014 წელს მტრულად განწყობილ სომხურ დაჯგუფებებს შორის მომხდარი შეიარაღებული შეტაკების შემდეგ აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქ ეფურთში, სადაც „კანონიერი ქურდების“ სავარაუდო ბაზა უნდა არსებობდეს.

გასაიდუმლოებული ანგარიშის თანახმად, რომელსაც „შპიგელი“ ეყრდნობა, ლაპარაკია ეჭვზე, რომელიც ჯერ კიდევ 2005 წელს გაუჩნდა ბერლინის პროკურატურას, როდესაც იძიებდნენ სმბატიანის მონაწილეობას ფულის გათეთრების საქმეში.

ვერ წარმომიდგენია, რომ იგი რაიმე ცუდს სჩადიოდეს. ნამდვილად შემეცვლებოდა კაცობრიობაზე წარმოდგენა, თუ ის ასეთ საქმეებში აღმოჩნდებოდა ჩართული...
ალბერტ ვაილერი

2008 წელს, როდესაც სმბატიანი ბერლინში სომხეთის საელჩოს რიგითი თანამშრომელი იყო, გერმანიის ფედერალურმა სადაზვერვო სამსახურმა დაიწყო გამოძიება, დაკავებული იყო თუ არა მომავალი ელჩი კონტრაბანდით. მაგრამ მალე გამოძიება შეწყდა სამხილების არარსებობის გამო.

სმბატიანი აცხადებს, რომ მან არაფერი იცის გერმანიაში მიმდინარე წინა გამოძიებების შესახებ.

ალბერტ ვაილერი, გერმანიის ტიურინგიის მხარის ბუნდესტაგის წევრი, აცხადებს, რომ იგი შოკში ჩააგდო მაფიასთან სმბატიანის შესაძლო კავშირების თაობაზე გავრცელებულმა ინფორმაციებმა.

„ვერ წარმომიდგენია, რომ იგი რაიმე ცუდს სჩადიოდეს. ნამდვილად შემეცვლებოდა კაცობრიობაზე წარმოდგენა, თუ ის ასეთ საქმეებში აღმოჩნდებოდა ჩართული“, - განაცხადა ვაილერმა, რომელიც სათავეში უდგას გერმანულ-სომხურ ფორუმს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG