შეთანხმებას პრემიერ-მინისტრების, დონალდ ტუსკისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრის შემდეგ მოეწერა ხელი.
კერძოდ, დოკუმენტს პრემიერების თანდასწრებით მოაწერეს ხელი:
- სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა და
- პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა.
შეთანხმების ტექსტი ჯერ არ გამოქვეყნებულა.
დონალდ ტუსკმა ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისა და მინისტრების მიერ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ განაცხადა:
„ჩვენ გვჯერა, რომ უსაფრთხოების სფეროში განხორციელებული სამხედრო თანამშრომლობა სასარგებლო იქნება არა მხოლოდ სომხეთისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის“.
პოლონეთს დაძაბული ურთიერთობა აქვს რუსეთის ფედერაციასთან, განსაკუთრებით 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.
ამჟამად დაძაბულია დიპლომატიური ურთიერთობა პოლონეთსა და საქართველოს შორისაც.
„ორივე ქვეყანამ, ორივე პრემიერ-მინისტრმა, ზუსტად ვიცით, რა უნდა გაკეთდეს, როგორ გაკეთდეს, რათა მარტონი არ ვიყოთ, ერთად ვიყოთ და უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნების, ჩვენი ხალხების სტაბილური უსაფრთხოება“, - თქვა მან.
ტუსკის ქება „სომხეთის ევროპული გზას“
ტუსკმა ასევე განაცხადა: „ასევე მინდა ვთქვა, რომ ძალზედ საქებარია სომხეთის მიერ ევროპულ გზაზე შედგომა“.
„ჩვენ ძალიან ფრთხილად, მაგრამ ასევე აშკარად ღია ვართ ევროკავშირის გაფართოებისთვის ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელიც ირჩევს დემოკრატიას, დამოუკიდებლობას, მშვიდობას“, - განაცხადა ტუსკმა და ფაშინიანს მიმართა:
„დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს მიერ გატარებული პოლიტიკა ამ მიმართულებით ვითარდება და კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა მადლიერება თქვენი მიდგომისთვის“.
ფაშინიანმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ „დიდი ხანია“, სომხეთის პრემიერ-მინისტრი არ ყოფილა პოლონეთში და თქვა: „ვფიქრობ, ეს ვიზიტი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში ახალი ეტაპის მანიშნებელია“.
„დემოკრატია სისუსტე არ არის“ - ფაშინიანი
ფაშინიანმა განაცხადა, რომ „დემოკრატიული რეფორმები ძალიან კომპლექსური პროცესი“, რასაც არაერთი გამოწვევა სდევს თან.
„რეფორმებს მოაქვს გამოწვევები, მოაქვს ეჭვები, მოაქვს ბრალდებები. განსაკუთრებით, დღევანდელ სამყაროში ზოგჯერ მიღებულია - ან თუნდაც მცდელობაა - შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ დემოკრატიული ქვეყანა ნიშნავს სუსტ ქვეყანას, დემოკრატიული ქვეყანა ნიშნავს უუნარობას, უზრუნველჰყო საკუთარი უსაფრთხოება და თავდაცვა“, - განაცხადა სომხეთის პრემიერმა და დასძინა:
„ვფიქრობ, პოლონეთი ამ მხრივ ძალიან ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება დემოკრატიის შერწყმა ძლიერ უსაფრთხოების სისტემასთან, ძლიერ ეკონომიკასთან და, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ასპარეზზე ძლიერ პარტნიორობასთან“.
ფორუმი