Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელ აძვში საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ


სოფელი აძვი
სოფელი აძვი

საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქეები ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში არიან, ე.წ. სასამართლოს გამართვის მოლოდინში. ამის შესახებ მათი ნათესავები საუბრობენ.

აძვის მცხოვრებლების დაკავების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ხვიჩა და დიმიტრი კორინთელები, თანასოფლელ გიორგი მელაძესთან ერთად, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გიორგობის მეორე დღეს, 24 ნოემბერს, სოფლის ეკლესიიდან გაიტაცეს. წმინდა გიორგის სახელობის აძვის ეკლესია რამდენიმე წელია, საოკუპაციო ხაზს მიღმა მოაქციეს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგაც ადგილობრივები იქ უპრობლემოდ მიდიოდნენ, მაგრამ დაახლოებით 5 წლის წინ ტერიტორია ოკუპირებულად გამოაცხადეს.

დაკავებულთა ნათესავების მონათხრობით, ხვიჩა კორინთელი ძმისშვილთან, დიმიტრი კორინთელთან და თანასოფლელ გიორგი მელაძესთან ერთად სწორედ ამ ეკლესიაში წავიდა, თან მამალიც წაიყვანა, თუმცა ისინი დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს.

"ქათამი დაიჭირა, წმინდა გიორგიში უნდა გაეშვა. სანთლები წაიღო და დასანთებად წავიდა, ეს ქათამიც წაიყვანა. დანარჩენი არაფერი არ ვიცი. ეკლესიიდან წაიყვანეს. ცხინვალში ნათესავები გვყავს და ისინი პატრონობენ. ვიცით, რომ კარგად არიან“, - აცხადებენ დაკავებულთა ნათესავები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აძველების დაკავების შესახებ ინფორმაცია 25 ნოემბერს გაავრცელა. სუსის ცნობით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზი“; უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

„ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, - წერია სუსის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელი აძვი ესაზღვრება ოკუპირებულ სოფელ არცევს, სადაც საოკუპაციო ძალებს სამხედრო ბაზა აქვთ. ამჟამად ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში საქართველოს რვა მოქალაქეა.

XS
SM
MD
LG