Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების აქტიურობა შეამჩნიეს


ხურვალეთი იყო პირველი სოფელი, სადაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ ბორდერიზაცია დაიწყეს 2011 წელს.
ხურვალეთი იყო პირველი სოფელი, სადაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ ბორდერიზაცია დაიწყეს 2011 წელს.

საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გააქტიურდნენ. ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი ლუდა სალია ავრცელებს.

ლუდა სალიას თქმით, ის დილიდან აკვირდებოდა შეიარაღებული პირების მოქმედებებს სოფლის მიმდებარე ქედზე, სადაც რუსებს საგუშაგოები აქვთ მოწყობილი. სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, რომ, როგორც წესი, საგუშაგოებზე მათი აქტიურობა შაბათ-კვირას არ შეინიშნება ხოლმე:

„რუსების საგუშაგოსთან სამხედრო მანქანა 12 საათისთვის გამოჩნდა. იქიდან 4 სამხედრო პირი გადმოვიდა, ხელში რაღაცები ეჭირათ, თუმცა ეს იარაღი არ იყო, უფრო საინჟინრო მოწყობილობები ჰქონდათ. ეს შეიტანეს თავის საგუშაგოზე. ამის შემდეგ სოფლისკენ იყურებოდნენ და ზვერავდნენ აქაურობას. ამდენი ხანია აქ ვარ და შაბათ-კვირას ესენი აქ არ მინახავს. სხვა დღეებში, კვირაში ორ დღეს სამხედრო წვრთნები აქვთ და სროლის ხმა სოფელში ისმის ხოლმე.“

ამავე ინფორმაციას ადასტურებს ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა, რომელმაც 2 მარტს განაცხადა, რომ რუსებმა საგუშაგოებზე დრონების საწინააღმდეგო იარაღი შეიტანეს. შესაბამისი ვიდეომასალა ქაცარავამ სოციალური ქსელებით გაავრცელა:

„ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს აგრესიულ მოქმედებებს. ეს იქნება სანგრების თხრა, ბლინდაჟების მოწყობა, საგუშაგოებზე ანტიდრონების სპეციალური შეიარაღების დარიგება, რომლებსაც შემდგომში დრონების გასანეიტრალებლად გამოიყენებენ.“

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

სოფელ ხურვალეთის მიმდებარე მცირე მთა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიკავეს. ამ ფერდობზე არის სოფლის სასაფლაო, რომელიც ამჟამად ორ ნაწილადაა გაყოფილი. ფერდობზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერებიც დამონტაჟებულია, იქვე მოწყობილი აქვთ საგუშაგოები, მაგრამ ხურვალეთელების თქმით, ამ ბანერების ქვემოთ, სოფლის სიღრმეში, ეკლესიამდე, შეიარაღებული ჯარისკაცები ხშირად ჩამოდიან.

ხურვალეთი იყო პირველი სოფელი, სადაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ ბორდერიზაცია დაიწყეს 2011 წელს. მაშინ მავთულხლართებით ორ ნაწილად გაყვეს სოფლის მცხოვრებლების, დათა და ვალია ვანიშვილების ნაკვეთი.

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეები ამბობენ, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები განსაკუთრებით აქტიურობენ. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირთან გასულ კვირას მათ ე.წ საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეც დააკავეს და ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

ამჟამად ცხინვალის ციხესა და იზოლატორში საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფება.

XS
SM
MD
LG