Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღდგომა ოკუპირებულ საფლავებთან


ფოტოარქივი: ნანა ვანიშვილი, საოკუპაციო-გამყოფი ზოლის მეორე მხარეს
ფოტოარქივი: ნანა ვანიშვილი, საოკუპაციო-გამყოფი ზოლის მეორე მხარეს

აღდგომა ოკუპირებულ საფლავებთან

ნანა ვანიშვილი მშობლიურ სახლში გამთენისას შეიპარა. სახლი ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში, მავთულხლართებს მიღმაა. იქ კი მხოლოდ დედა, ვალია ვანიშვილი ელოდა. შვილი მამის, დათა ვანიშვილის საფლავზე ვერ წავიდა, იქვე ახლოს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები იდგნენ. დათა პაპას საფლავზე, ცოლი ვალია ვანიშვილი დიდხანს, სვენებ-სვენებით მიდიოდა, აღმართზე რუსეთის ე.წ. მესაზღვრეებს შეხვდა, აღდგომა მიულოცა. ქმრის საფლავზე კვერცხი გადააგორა, სანთელი აანთო და მალევე სახლში გამობრუნდა. დიდი ხნის უნახავ შვილთან საუბარი უნდოდა. ნანა ვანიშვილი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს და მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ დედას ხშირად ვერ ნახულობს.

„როგორღაც ჩუმად შემოვიპარე, არ იყვნენ მაგ დროს რუსები სახლთან. მამაჩემის საფლავზე ვერ წავედი. რუსები არიან იქვე და არ დამიჭირონ, მოვერიდე. დედაჩემი მარტო ავიდა. დღეს სახლიდან ცოტა მოშორებით დგანან რუსები. სასაფლაოსკენ არიან გადაწეულები. ბოლო დროს დედაჩემს ისე აღარ აწუხებენ რუსები, მხოლოდ იმას უშლიან, რომ მოსულ სტუმრებთან ღობეებთან არ გამოვიდეს, მაგრამ ვალია მაინც გამოდის ხოლმე, თან მით უმეტეს, თუ ჩვენი პოლიციაც მანდვე დადგება ხოლმე“.

ფოტოარქივი: ვალია ვანიშვილი საოკუპაციო ზოლის მეორე მხარეს
ფოტოარქივი: ვალია ვანიშვილი საოკუპაციო ზოლის მეორე მხარეს

შვილები და შვილიშვილები დათა ვანიშვილის საფლავზე დღეს, მიცვალებულთა ხსოვნის დღეს ვერ გავიდნენ. საოკუპაციო ხაზის მიღმა დარჩენილი, 88 წლის დათა ვანიშვილი 2021 წლის 19 მარტს სოფელ ხურვალეთში გარდაიცვალა.

დათა ვანიშვილი ოკუპაციის შედეგებისა და გამძლეობის სიმბოლოდ იქცა მას შემდეგ, რაც 2011 წელს საოკუპაციო ძალებმა მისი საცხოვრებელი მავთულხლართებით გაჰყვეს. სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა, მიწის ნაკვეთი კი - საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. მასთან ხშირად ჩადიოდნენ საქართველოში ჩამოსული სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები და ადგილზე ხედავდნენ ბორდერიზაციის გამო გაყოფილ ოჯახებს, ნათესავებს და მიტაცებულ ტერიტორიებს. მიუხედავად არაერთი შეთავაზებისა, დათა ვანიშვილი არ დათანხმდა მიეღო სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა და არც საცხოვრებელი ადგილი დაუტოვებია. ახლა იმ სახლში, მისი ცოლი, ვალია ვანიშვილია მხოლოდ დარჩენილი და შვილი, ხანდახან, მალულად ახერხებს ხოლმე დედის მონახულებას.

გაყოფილი სასაფლაო კირბალში

გია პაპიტაშვილი, მიცვალებულთა ხსოვნის დღეს, სოფელ კირბალში, ძმის საფლავზე წავიდა. საფლავზე წითელი კვერცხი გადააგორა და შესანდობარიც თქვა. იქვე ახლოს, სოფლის ეკლესიასთან პოლიციელები შენიშნა. მისი თქმით, საპატრულო ჯგუფები ორი მიმართულებით იყვნენ გადანაწილებულები და სოფლის მცხოვრებლების უსაფრთხოებას იცავდნენ. ე.წ. ახალი სასაზღვრო ნიშნულები ზუსტად პაპიტაშვილის ძმის საფლავთან გადის, თუმცა დღეს იქ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები არ გამოჩენილან.

„პოლიცია სასფლაოს ზემო ნაწილშიც არის და სალოცავთანაც დგანან. როგორც რუსებმა გააკეთეს ნიშნულები, ჩემი ძმის საფლავის გვერდით, დაახლოებით 20 საფლავი მაინც რჩება იქით მხარეს მოყოლილი. დღეს მანდ რუსები არ მოსულან და ხალხიც ჩვეულებრივ გადავიდა. ადრე იყვნენ რუსები მოსულები, რაღაცეები აზომეს და ნიშნულები დატოვეს. ამ ნიშნულებით სასაფლაო ფაქტიურად ორად იყოფა“.

ფოტოარქივი: კირბალის სასაფლაო
ფოტოარქივი: კირბალის სასაფლაო

კირბალის სასაფლაოს ცენტრში ეკლესიაა, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის ზემოთა ნაწილში დარჩენილ საფლავებზე მისვლა საშიშია, იქ შეიძლება ნებისმიერ დროს გამოჩნდნენ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები და ადგილობრივი მოქალაქეები ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავონ, ეკლესიის ქვედა ტერიტორიის ნაწილს საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს, მაგრამ სხვა დღეებში, ადგილობრივები იქ მისვლას მაინც ერიდებიან ხოლმე, რადგან არავინ იცის, ბუჩქებში ჩასაფრებული, შეიარაღებული ე.წ. მესაზღვრე სამალავიდან როდის გამოვა. მიცვალებულთა ხსოვნის დღეს სასაფლაოს პოლიცია იცავს, მაგრამ სამართალდამცავები იქ ყოველდღე არ იმყოფებიან.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები სოფელ კირბალში მიმდინარე წლის 19 იანვარს გამოჩნდნენ და ხეებსა და ბუჩქებზე თეთრი ფერის ლენტების შებმა დაიწყეს. მცირე პაუზის შემდეგ სამუშაოები 1 თებერვალს გააგრძელეს. კირბალის შემდეგ საოკუპაციო ძალები გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მეჯვრისხევსა და ჯარიაშენშიც გადავიდნენ. მეჯვრისხევში ხეებს და ბუჩქებს თეთრი ლენტები შეაბეს, ჯარიაშენში კი ახალი თხრილები გაავლეს. ბორდერიზაციის მოსამზადებელი სამუშაოები მას შემდეგ შენელდა, რაც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები უკრაინაში შეიჭრა. თებერვლის ბოლოდან მცოცავი ოკუპაციის ახალი ტალღის შეწყვეტის შესახებ ადგილობრივი მცხოვრებლებიც საუბრობენ. ცხინვალში განთავსებული მე-4 სამხედრო საოკუპაციო ბაზის და „ეფესბეს“ სასაზღვრო სამსახურის პირადი შემადგენლობის ნაწილი ახლა უკრაინის ფრონტზეა გადასროლილი.

13 წელი პოლიციის მეთვალყურეობით

სოფლების - გუგუტიაანთკარისა და კოშკას სასაფლაო ოკუპირებულ დისევს ესაზღვრება და იქვე ახლოს საპოლიციო საგუშაგოცაა მოწყობილი. ოკუპაციის ხაზი პირდაპირ სასაფლაოზე გადის. საფლავების ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა დარჩენილი და იქ მისვლა სახიფათოა.

ბოლო 13 წელია, აღდგომის დღეებში, ადგილობრივი მოსახლეობა ნათესავების საფლავებზე პოლიციელთა მეთვალყურეობით გადის, რადგან ამ სასაფლაოზე მოქალაქეების დაკავების და ცხინვალში გადაყვანის საფრთხე მუდმივადაა. ოკუპირებულ სოფელ დისევში საოკუპაციო ძალების სამხედრო ბაზაა, იქიდან კი ქართულ სოფლებს მუდმივად აკონტროლებენ.

ფოტოარქივი: კოშკას სასაფლაო
ფოტოარქივი: კოშკას სასაფლაო

ლია მიქელაძე სოფელ კოშკაში ცხოვრობს, სოფლის სასაფლაოზე მისი დედამთილია დაკრძალული. საფლავი სულ ბოლოშია და ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება. ლია მიქელაძე ყოველწლიურად დედამთილის საფლავზე წითელი კვერცხებით და სანთლებით მიდის. იქიდან არაერთხელ შეუმჩნევია საოკუპაციო ძალების პატრული, მაგრამ შორიახლოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც მუდმივად იმყოფებიან.

სოფლიდან და სასაფლაოს ტერიტორიიდან მოქალაქეების გატაცება არაერთხელ ყოფილა. ჩვენი მოსახლეობა ოკუპირებული დისევისკენ არ გადადის. იყო შემთხვევები, როცა იქით შემთხვევით მოხვედრილ ადამიანებს აკავებდნენ. ამიტომ ყველანაირად ვერიდებით, რომ წესები არ დავარღვიოთ. მუდმივად ვიცავთ წესებს და პოლიციელების მითითებას, თუ სადამდე შეიძლება მისვლა. აგერ, ჩვენი სოფლის სასაფლაოზე განისვენებენ როგორც ქართველები, ისე ოსი ეროვნების ადამიანები. აქ სულ იყო და არის ქართველებსა და ოსებს შორის ნათესაური და მეგობრული კავშირები. ქართველებს და ოსებს ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს“.

სამი წლის შემდეგ გახსნილი გზა

ოკუპირებული ახალგორის გზას, თბილისის დროით საღამოს 9 საათზე ისევ დაკეტავენ. მოსაბრუნის ე.წ. გამშვები პუნქტი 4 დღის განმავლობაში იყო გახსნილი. ამ დღეებში, ახალგორელები ოკუპირებული დაბიდან ნათესავების მოსანახულებლად თბილისის მიმართულებით გამოვიდნენ, სააღდგომოდ კი ისევ უკან დაბრუნდნენ. ახალგორის ლეგიტიმური გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ დღეს დილიდან ახალგორში წამსვლელთა რაოდენობა გაიზარდა. გამგებლის აზრით, სამი წლის წინ ჩაკეტილი გზა, როგორც მოლაპარაკებების, ასევე ბიბილოვის ე.წ. არჩევნებში წარუმატებლობის გამო გაიხსნა.

ფოტოარქივი: გზა სოფელ ოძისთან
ფოტოარქივი: გზა სოფელ ოძისთან

„ყოველდღიურად ე.წ. საზღვრის ასზე მეტი გადაკვეთა ხდება, როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით. გუშინ მაგალითად 106 მოქალაქე შევიდა და 32 გამოვიდა. ამას წინათ ერგნეთში ინციდენტების პრევენციის შეხვედრა იყო. ჩვენი მხარე ყოველთვის აყენებდა გზის გახსნის საკითხს. ახლა არ ვიცი, შეიძლება საარჩევნოდაც ეცადნენ ხალხის გულების მოგებას. ამ საკითხს ყოველთვის აყენებდნენ ხოლმე ჩვენები, მაგრამ მეორე მხარეს ანგარიში არასოდეს გაუწევია. ბიბილოვმა ახალგორიდან ხმები საერთოდ ვერ წაიღო და ახლა ალბათ სცადა, რომ იქნებ ხალხს მასზე რამენაირად მოუბრუნდეს გული. ერთი რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მთავარი ისაა, რომ გზა გაიხსნა და ხალხი რაღაცნაირად კმაყოფილია, რომ მოახერხეს გადასვლა-გადმოსვლა და საფლავებზე გასვლა, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ ეს ბარიერები აღარ იყოს საერთოდ და ჩვეულებრივად შევძლოთ იქ სიარულიც და ცხოვრებაც“.

დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა „რაზდახანის“ (ოძისი/მოსაბრუნის) ე.წ. გამშვები პუნქტი 2019 წლის სექტემბერში ჩაკეტა და ახალგორის მოსახლეობა იზოლაციაში მოაქცია. ამის შემდეგ გზა რამდენჯერმე, განსაკუთრებული შემთხვევების გამო გაიხსნა. ბიბილოვი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში განთავსებული საპოლიციო საგუშაგოს აღებას მოითხოვს, რადგან მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს საგუშაგო ოკუპირებულ წნელისში განათავსა. დე ფაქტო პრეზიდენტმა ამ საგუშაგოს აღებამდე, ახალგორი ჩაკეტა. ახალგორის მცხოვრებლებმა კი ბიბილოვის ამ გადაწყვეტილებას 10 აპრილის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში უპასუხეს - დაბაში მისმა კონკურენტმა ალან გაგლოევმა 4-ჯერ მეტი ხმა მიიღო. გაგლოევი წინასაარჩევნო შეხვედრისას ახალგორელებს შეჰპირდა, რომ თანამდებობის დაკავების შემთხვევაში, გზას საბოლოოდ გახსნის.

ახალგორელებისა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებისგან განსხვავებით, 13 წელია დევნილობაში მყოფი მოქალაქეები, ცხინვალში, ლიახვისა და ფრონეს ხეობებში დარჩენილი ნათესავების საფლავებზე გასვლას ვერ ახერხებენ. ყოველწლიურად, აღდგომის დღესასწაულამდე ოსურ და რუსულ მხარეებს საქართველოს ხელისუფლება ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას და იძულებით გადაადგილებული პირების, სასაფლაოებისა და სალოცავებისკენ უსაფრთხოდ გადაადგილებას სთავაზობს, თუმცა 13 წელია ამ წინადადებაზე უარს იღებს. მოტივად უსაფრთხოების გარანტიების არარსებობა სახელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG