Accessibility links

logo-print logo-print

სოფლის ექიმები: ჩვენი ხელფასიდან ვიხდით კომუნალურ გადასახადებს და შეშა სახლიდან მოგვაქვს


ჯანდაცვის სისტემის პირველადი რგოლის, ამბულატორიების, თანამშრომლები კახეთის სოფლების ნაწილში, როგორც თავად ამბობენ, კორონავირუსის პანდემიას საკუთარი  ხარჯით ებრძვიან.

ამბულატორიების თანამშრომლები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ სამინისტროსგან გასული წლის ზაფხულში მხოლოდ ერთხელ მიიღეს სადეზინფექციო საშუალებები, სამედიცინო პირბადეები, ხელთათმანები და ფარები, რაც 2 კვირის მარაგი იყო, მას შემდეგ კი ამ ყველაფერს საკუთარი ხელფასით ყიდულობენ.

მედპერსონალის თანახმად, ასევე ხელფასიდან იხდიან ამბულატორიებში მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადს და ეწევიან ყველა იმ საჭირო ხარჯს, რომელიც სამედიცინო დაწესებულებების მუშაობისთვის არის აუცილებელი, გარდა მედიკამენტებისა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბნის ამბულატორია 2-სართულიან შენობაშია განთავსებული. იქ 26 ადამიანი მუშაობს. ერთ-ერთი მათგანია რაფაელ ფაშაევი. სოფლის ექიმი გვეუბნება, რომ ამბულატორიას დღემდე არ აქვს დისტანციური მოქმედების თერმომეტრი, რაც მათ საშუალებას მისცემდა შენობაში შესვლამდე პაციენტებისთვის ტემპერატურა შეემოწმებინათ.

ფაშაევმა, როგორც თავად ამბობს, საკუთარი ფულით იყიდა კორონავირუსით ინფიცირებულთა სამკურნალოდ ერთ-ერთი ყველაზე საჭირო მოწყობილობა, პულსოქსიმეტრი. ეს მოწყობილობა ადამიანის ორგანიზმში ჟანგბადის მოცულობას აჩვენებს. ასევე საკუთარი ფულით ყიდულობს საკანცელარიო ნივთებს. ფაშაევის, როგორც სოფლის ექიმის, ხელფასი 750 ლარია.

„გასულ წელს ცენტრალური გათბობა გააკეთეს ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე, თუმცა გაზი არ არის შემოყვანილი და ისევ ღუმელს ვანთებთ, შეშით ვთბებით. არა მარტო გათბობის, ასევე დარაჯის და სანიტრის ფულსაც ჩვენი ხელფასიდან ვიხდით. ზაფხულში უფრო ნაკლები გვაქვს ხარჯი, მაგრამ ზამთარში, დაახლოებით, 50 ლარი თითოეულ თანამშრომელს. პანდემიის მეორე ტალღის დაწყებამდე ლაგოდეხში გვქონდა შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან, ვუთხარით ჩვენი პრობლემები, თუმცა პასუხი არ გაგვცეს“.

სოფელ ბაისუბნის ამბულატორიის ინფრასტრუქტურა მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია. შენობის ორივე სართულზე დამონტაჟებულია ცენტრალური გათბობაც, მაგრამ მას არასდროს უმუშავია, რადგან ამბულატორიას არ მიეწოდება ბუნებრივი აირი, ამიტომ ყველა კაბინეტში შეშის ღუმელი დგას, შეშა კი თანამშრომლებს სახლიდან მიაქვთ. ექთანი ამილ მამედოვა გვეუბნება, რომ ონკანიც რომ გაფუჭდეს, პრობლემა საკუთარი თანხით უნდა მოაგვაროს. უფრო მეტიც, ამბულატორიაში ამბობენ, რომ სახელმწიფო დაფინანსება არ ითვალისწინებს ხელფასის გადახდას დამლაგებლებისთვის, ამიტომ მათი შრომის საზღაურსაც ექიმები და ექთნები იხდიან.

„მე და ჩემი ექმი ვყიდულობთ შეშას, თავად ვჩეხავ და მომაქვს სამსახურში. ასევე ჩვენი ხელფასიდან ვყიდულობთ პირბადეებსა და სადეზინფექციო საშუალებებს. სულ 555 ლარს ვიღებთ ხელფასს და ისევ სამსახურში ვხარჯავთ ნაწილს“.

თითქმის ანალოგიური მდგომარეობაა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფონის ადმინისტრაციული ერთეულის ამბულატორიაში. აქაც თანამშრომლები საკუთარი ხელფასიდან ყიდულობენ საჭირო პირბადეებსა და სადეზინფექციო საშუალებებს. ამავე შენობაშია განთავსებული სოფლის ადმინისტრაციული ორგანო. ამბულატორიას ერთი ოთახი უკავია. აქვეა ტიხრებით გადაღობილი პაციენტების გასასინჯი ოთახი. ინვენტარი საბჭოთადროინდელია. 2019 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან შენობის რეაბილიტაციისთვის თითქმის 9 ათასი ლარი გამოიყო, თუმცა ამბულატორიას შენობაში საპირფარეშო არ აქვს. ის შენობიდან, დაახლოებით, 30 მეტრის მოშორებით არის, თუმცა იმდენად სავალალო მდგომარეობაშია, რომ იქ თითქმის არავინ შედის. ამბულატორიის ექთანი მაია გოგელიძე გვეუბნება, რომ პრობლემების შესახებ იცის ყველა უწყებამ, მაგრამ მდგომარეობა არ იცვლება.

„კომუნალური ხარჯებისთვის არ არის გამოყოფილი თანხა! ექვსი წელია, აქ ვმუშაობ და შეშა მეც სახლიდან მომაქვს, რომ გავთბეთ. პულსოქსიმეტრიც ექიმმა შეიძინა საკუთარი ხელფასიდან. ჯანდაცვის სამინისტროდან შეგვპირდნენ, რომ მოგვიტანდნენ, თუმცა, რომ არ მოიტანეს, ექიმმა თავად იყიდა. პაციენტებთან დღეს მაგის გარეშე ვერ ვმუშაობთ“.

სოფლის ექიმები და ამბულატორიები ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ქოლგის ქვეშ მუშაობენ. რადიო თავისუფლება შეეცადა გაერკვია, თუ რატომ უწევთ სოფლის ექიმებსა და ექთნებს საკუთარი ფინანსების გაღება კომუნალური გადასახადებისთვის, სამედიცინო აპარატურის ნაწილის შეძენისა და სხვა ხარჯებისთვის, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს პრესამსახურის თანამშრომელმა გვითხრა, რომ ამ ეტაპზე მათი მხრიდან კომენტარი არ გაკეთდება და, თუ რამე შეიცვალა, გვაცნობებენ.

აღსანიშნავია, რომ სოფლის ამბულატორიებში არსებულ პრობლემებზე საუბარია სახალხო დამცველის 2020 წლის ზაფხულში გამოქვეყნებულ ანგარიშშიც. თანახმად ანაგარიშისა, რომელიც 70 სოფლის მონიტორინგის შედეგებს ეყრდნობა, მომსახურების ობიექტების ნაწილში არ არის ხელსაბანები, გამდინარე წყალი და დაზიანებულია წყალგაყვანილობის სისტემები. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ თუ პირველადი ჯანდაცვა ეფექტიანად იმუშავებს, დაავადებების თავიდან არიდება იქნება უფრო ადვილი და მკურნალობა უფრო იაფი დაჯდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG