Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოცმუშაკების გაფიცვა - დარღვეული შრომისა და კონსტიტუციური უფლებები


გაფიცული სოციალური მუშაკები ქუთაისში, სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრთან შეიკრიბნენ.
გაფიცული სოციალური მუშაკები ქუთაისში, სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრთან შეიკრიბნენ.

„დაუცველი სოციალური მუშაკი ვერ დაიცავს ბავშვს, მსხვერპლს, ხანდაზმულს“, „მოქნილი და ეფექტური სერვისები ადამიანების გადასარჩენად“, „დაუცველი დამცველები“, „ვითხოვთ ღირსეულ მოპყრობას და შრომის შესაბამის ანაზღაურებას“, „ვიფიცებით ჩვენი პროფესიის გადასარჩენად“ - ამ და სხვა შინაარსის პლაკატები ეჭირათ გაფიცულ სოციალურ მუშაკებს, რომლებიც ქუთაისში სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრთან შეიკრიბნენ. იმერეთის 12 მუნიციპალიტეტში 30 სოციალური მუშაკია. მათ, საქართველოს მასშტაბით გაფიცული სხვა კოლეგების მსგავსად, გააპროტესტეს შრომის მძიმე პირობები და სისტემაში დაგროვილი პრობლემების მოგვარება მოითხოვეს:

სოცმუშაკების გაფიცვა
please wait

No media source currently available

0:00 0:05:21 0:00
გადმოწერა

„ყველამ უნდა გაითავისოს, ჩვენ რა კატორღული შრომა გვიწევს. ეს არის ძალადობა ჩვენზე. იძულებული ვარ ვიმუშაო ზეგანაკვეთურად, ღამით - მაშინ, როცა სახლში უნდა ვიყო - და არასრულწლოვანი შვილები დავტოვო“;

„ჩვენ ხშირად ღამის საათებში გვიძახებენ, სადღესასწაულო დღეებში. არ გვაქვს არც დღესასწაულის და დასვენების უფლება“;

„დაგვემატა დიდი მოცულობის სამუშაო და არ მოჰყვა მას შესაბამისი მეთოდოლოგია, გამართული სისტემა, ინსტრუქტაჟი და ანაზღაურება, რის გამოც ჩვენ სამუშაო დრო აღარ გვყოფნის“;

„ვეღარ ვახერხებთ ბენეფიციარებზე ზრუნვას, რადგან ჩვენც უმძიმეს მდგომარეობაში ვართ. როგორც მათ სჭირდებათ დახმარება, ასევე გვესაჭიროება ჩვენც“, - ამბობენ სოცმუშაკები.

ჭიათურის მუნიციპალიტეტში მომუშავე სოციალური მუშაკის, ვენერა გაჩეჩილაძის, თქმით, მას 20 სოფელში უწევს ბენეფიციარების მომსახურება, ხშირად მუნიციპალური ტრანსპორტით ან ტაქსით სარგებლობს, თუმცა ზოგიერთი სოფლის რთული მდებარეობის გამო დანიშნულების ადგილამდე რამდენიმე კილომეტრს ფეხითაც გადის. ვენერა გაჩეჩილაძე ამბობს, რომ რთული სამუშაო პირობები მომსახურების ხარისხზე აისახება:

„ნორმალურად რომ ვიმუშაო, 20 საქმე უნდა მქონდეს სტანდარტული და ახალი. ყოველთვიურად მაქვს 177 საქმე სტანდარტული, რასაც თვის განმავლობაში კიდევ ემატება რამდენიმე“.

ვენერა გაჩეჩილაძის თქმით, 10 წლის წინ, როცა სოციალური მუშაკები სააგენტოს დაქვემდებარებაში მოექცნენ, მხოლოდ სამი მიმართულებით მუშაობდნენ, ამჟამად კი 32 მიმართულებით უწევთ ბენეფიციართა მომსახურება, რამაც ძალიან გაზარდა სამუშაოს მოცულობა და დატვირთვა, სოციალური მუშაკების რაოდენობა კი არ გაზრდილა. ვენერა გაჩეჩილაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად უწევს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება და ბენეფიციარებს არასამუშაო საათებსა და უქმე დღეებშიც ემსახურება, მისი ხელფასი არ არის გაწეული შრომის შესაბამისი:

„სოფლებიდან დილით მოდის ტრანსპორტი და საღამოს ბრუნდება, ამიტომ ტაქსით მიწევს გადაადგილება, რაშიც ხელფასის დიდი ნაწილი მეხარჯება“.

გაფიცულმა სოციალურმა მუშაკებმა გააპროტესტეს შრომის მძიმე პირობები.
გაფიცულმა სოციალურმა მუშაკებმა გააპროტესტეს შრომის მძიმე პირობები.

უფროსი სოცმუშაკი მზევინარ ღაჭავა, რომელსაც 17-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს,აცხადებს, რომ სახელმწიფო სხვადასხვა მიმართულებით იღებს ვალდებულებებს, რომელთა შესრულებას სოციალურ მუშაკებს აკისრებს, სანაცვლოდ კი არ სთავაზობს არც მატერიალურ და არც ტექნიკურ რესურსს:

„თუ ვინმე თვლის, რომ ქვეყანაში ყველაფერი ისეა რიგზე, რომ მხოლოდ ერთი ბავშვი მოკვდა, ძალიან ცდება. ჩვენ თავი გვაქვს გადადებული, საკუთარ შვილებს ვტოვებთ და გავრბივართ, რომ კიდევ ვინმე არ მოგვიკვდეს. რომ არ არის ბევრი ბავშვი, მოხუცი თუ ძალადობის მსხვერპლი ქალი დაღუპული, სწორედ სოცმუშაკების დამსახურებაა“.

გაფიცვას უშედეგო ბრძოლის შედეგად მიიჩნევს სოციალური მუშაკი ნათია წივწივაძე. მისი თქმით, პროტესტის უკიდურეს ფორმას მას შემდეგ მიმართეს, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მედიაციის პერიოდში, ჯანდაცვის სამინისტროსა და მთავრობასთან ვერ მიაღწიეს ვერანაირ შედეგს. ნათია წივწივაძე 22-პუნქტიანი მოთხოვნიდან რამდენიმეს გამოყოფს, რაც, მისივე თქმით, მოკლე დროში უნდა მოგვარდეს:

„მოვითხოვთ ანაზღაურებას ჩვენი შრომის შესაბამისად, მოხდეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების გადაცემა სხვა უწყებისთვის და მოვითხოვთ სოციალური მუშაკის შრომის ეფექტურ გამოყენებას სახელმწიფოს მხრიდან, შესაბამისი ეფექტურისერვისების არსებობით“.

გაფიცული სოციალური მუშაკების მიერ ქუთაისში გამართულ აქციას სოლიდარობა გამოუცხადეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა. ორგანიზაციის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელის, ზაალ გორგიძის, განცხადებით, სოცმუშაკების მძიმე სამუშაო პირობები უარყოფითად აისახება იმ მოწყვლად ჯგუფებზე, რომლებსაც ისინი ემსახურებიან:

„ეს არის დარღვევა შრომითი პირობების და არა მხოლოდ შრომის კოდექსის დარღევაა, ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა, რაც კონსტიტუციით გარანტირებულია. დარღვეულია სოცმუშაკების და მათთან ერთად იმ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლება, რომლებსაც ემსახურებიან“.

გაფიცულმა სოციალურმა მუშაკებმა სისტემაში დაგროვილი პრობლემების მოგვარება მოითხოვეს
გაფიცულმა სოციალურმა მუშაკებმა სისტემაში დაგროვილი პრობლემების მოგვარება მოითხოვეს

როგორც გაფიცული სოცმუშაკები აცხადებენ, პროტესტის მიუხედავად, მზად არიან მოქალაქეებს მოემსახურონ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში, რადგან აცნობიერებენ საკუთარ უფლება-მოვალეობებს და ფუნქციებს. გაფიცვის მიუხედავად, იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჭიღლაძე ამბობს, რომ სააგენტოს ფუნქციონირება არ შეფერხდება და გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში ბენეფიციარებს მოემსახურებიან სააგენტოს სამსახურების ხელმძღვანელები, ფსიქოლოგები და იურისტები. ნინო ჭიღლაძისავე განცხადებით, „სამხარეო ცენტრი მოკლე დროში უზრუნველყოფს იმ საკითხების მოგვარებას, რომელთა გადაჭრა ცენტრის კომპეტენციაშია“.

სოციალური მომსახურების იმერეთის სამხარეო ცენტრის ხელმძღვანელის, ნინო ჭიღლაძის, ინფორმაციით, რეგიონში კონკურსია გამოცხადებული სოციალური მუშაკის 5 ვაკანტურ ადგილზე, ახლო მომავალში კი მათი რაოდენობა ეტაპობრივად კიდევ გაიზრდება. რაც შეეხება სისტემურ პრობლემებს, ნინო ჭიღლაძეს იმედი აქვს, რომ ამ საკითხებს ჯანდაცვის სამინისტრო დროულად მოაგვარებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG