Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სპეკულაციები საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ კურსზე


ავტორი: გიორგი გოგუა

XXI საუკუნის საქართველოს, როგორც მისი წინამორბედი, ისტორიული ‘’საქართველოები’’ იყვნენ, რთული გეოპოლიტუკური ვითარება, შიდა სახელმწიფოებრივი პრობლემები და მისით გამოწვეული მუდმივი კრიზისები დაჰყვა ბედად. დღეს, როდესაც საზოგადოებაში გამუდმებული მსჯელობა და დისკუსია მიდის ამ პრობლემათა გამომწვევ მიზეზებზე, ხალხი თითს ყოველთვის ხელისუფლებებისკენ იშვერეს. ხელისუფლება კი ძირითადად, ქვეყნის რთულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობასა და მძიმე ისტორიულ წარსულში პოულობს გამართლებას. ასეთი ვითარება შეიქმნა დამოუკიდბლობის აღდგენის დღიდან. 28 წლის განმავლობაში არსებულმა ვერც ერთმა პოლიტიკურმა გუნდმა, ვერ შეძლო გამხდარიყო სახალხო ხელისუფლება, ვერ შეძლო გადაელახა მასსა და ხალხს შორის დისტანცირებისა და გაუცხოების ზღვარი. აქედან გამომდინარე, მოქალაქეები დღემდე ერთგვარი შინაგანი პროტესტის გრძნობითა და უნდობლობით არიან ხელისუფლებების მიმართ განწყობილნი. ამდაგვარ დამოკიდებულებას ადასტურებს კიდეც სხვადასხვა სახის არჩევნებში მოქალაქეთა უპრეცედენტოდ დაბალი აქტივობა.

ფართო საზოგადოება, დღემდე დისტანცირებულია პოლიტიკური ცხოვრებიდან. ისინი ძალიან პასიურად სარგებლობენ -‘’ხელისუფლების წყაროდ’’ ყოფნის კონსტიტუციური უფლებით. ასეთი გაუცხოება კი ნაყოფიერ დიადაგს ქმნის, თავისი საქმიანობითა და შინაარსით ანტისახელმწიფოებრივი ძალებისთვის, რომლებიც გარკვეული ფინანსური რესურსებით, ქმნიან ორგანიზაციულ სტრუქტურებს და იმ ტიპის სამოქალაქო აზრის ფორმირებას უწყობენ ხელს, რომელიც რეალურად არ გამოხატავს არც ხალხისა და არც სახელმწიფოს სტრატეგიულ ინტერესებს. ამის ერთ-ერთი ნათელი და ყველაზე უფრო მკაფიო მაგალითია ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებული სპეკულაციები. რაც ვლინდება გამძაფრებულ პოლარიზაციაში - პრო რუსული და პრო დასავლური ორიენტაციის მომხრე ჯგუფებს შორის. პირველ რიგში, ამ საკითხთან დაკაშირებით რაც შეიძლება ითქვას, არის ის, რომ ამ ე.წ ‘’ორი მხარიდან’’ არცერთი არ უშვებს კონსტურციული, დაბალანსებული საგარეო პოლიტიკური კურსის გატარების შესაძლებლობას. ორივე მხარისთვის საერთაშორისო ასპარეზზე საქართველო ან შეერთებული შტატებთან ან რუსეთის ფედერაციასთან უნდა იქნას მიკუთვნებული. ასეთი მიდგომები, ცხადია აკნინებს ერვონული სუვერენიტეტის, სახელმწიფოს მიერ დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოების რწმენას. შეიძლება გაზვიადებული წარმოდგენაა, მაგრამ ეს ყველაფერი ჰგავს - ვასალური ცნობიერების წესით აზროვნებას, რომლისთვისაც მფარველის გარეშე არსებობაც კი ეჭვის ქვეშ დგას.

ერთი მხარის ობიექტური აღქმით: რუსეთის ფედერაცია აპრიორი ‘’ბოროტების იმპერია’’ და ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაუძინებელი მტერია, რომელიც ყველა ფორმით (მათ შორის სამხედრო დაპირისპირებით) ცდილობს ეროვნული სუვერენიტეტის შელახვას. - ეს პოზიცია, ცხადია რეალობის ადექვატური აღქმითაა შექმნილი. ქვეყნის ტეირტორიების 20 % ოკუპირება, მათში საჯარისო ნაწილების განლაგება, მუდმივი პროვოკაციები სასაზღვრო ტერიტორებზე - შეუძლებელია კეთილმეზობლობის ნიშნად მივიჩნიოთ. ეს აგრესიული რუსული პოლიტიკის მოკლე კვალია საქართველოზე, რომელიც ამ მხრივ არ წარმოადგენს ერთადერთ გამონაკლისს. დღეს უკრაინაც იგივე ბედშია. ხოლო იქ, სადაც რუსეთი პირდაპირ არ მოქმედებს, ანუ არ ახდენს ფართომასშტაბიან სამხედრო ინტერვენციებს, ადგილი აქვს რბილი ძალის პოლიტიკით მოქმედებას. ამ მხრივ, კრემლის პროპაგანდისტული მანქანა, საქართველოში დასავლეთის დისკრედიტაციას - ღირებულებით სისტემაზე აპელირებით ახდენს. ქრისტიანული აღმსარებლობა - მათთვის ის ძირითადი კოზირია, რომელიც ჩვენი მანიპულირების კარგ საშუალებას წარმოადგენს - ‘’ერთსქესიანთა ქორწინების მომხრე’’, ‘’გარყვნილი’’ დასავლეთის წინააღმდეგ.

მეორე მხრივ, საქართველოში არსებობენ საზოგადოებრივი ჯგუფები, მოძრაობები - რომლებიც ‘’ბნელისა’’ და ‘’ნათელის’’ მკაფიო გამიჯვნას, პოლიტიკური ორიენტაციის ნიშნით ახდენენ. მათთის კრიტიკულად მიუღებელი არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციასთან რაიმე ტიპის პოლიტიკური ასოცირება, არამედ კულტურული, სოციალური და ეკონომიკური კავშირების დამყარებაც კი. საზოგადოების ამ ნაწილისთვის - რუსეთში რომელიმე ქართული ანსამბლის, მომღერლის ან კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლების ვიზიტი - რევერანსია პუტინისთვის.

ამ ე.წ ‘’ორი მხარის’’ შესახებ ზოგადად უნდა ითქვას, რომ პირველი, ანუ პრო რუსულად განწყობილი ელემენტები, იმთავითვე ‘’წამგებიანი პოზიციის’’ გამჟღერებლები არიან. დღეს, ვერც ერთი საღად მოაზროვნე საქართველოს მოქალაქე, სახელმწიფოს საგარეო კურსზე მჯელობისას, გვერდს ვერ აუვლის რუსეთის ექსპანსიონისტური პოლიტიკის დამანგრეველ შედეგებს. და რაც უფრო ნაკლებია ამ პოზიციების დამცველთა რაოდენობა, მით უფრო მეტია მათ აქტივობებში ისტერიული ფონი.

დღეს, პროგრესული დასავლეთის და რეტროგრადული ჩრდილოეთის, ამ ორი პოლუსის დიქოტომია, ქართული საზოგადოების ჭირადაა ქცეული. თითქმის ყველა სოციალური, პოლიტიკურ თუ ეკონომიკური გამოწვევები, იმთავითვე დაკავშირებულია ქვეყნის საგარეოპოლიტიკურ კურსთან. შიდა პოლიტიკური ძალები, ხელისუფლებსითვის ბრძოლის პროცესში - სწორედ ამ ხერხს მიმართავენ და ოპონენტებს დისკრედიტირების მიზნით - რუსეთის აგენტებად ნათლავენ. შეჯიბრში - ‘’ვინ უფრო მედასავლეთეა’’ - თითქმის წაშლილია სახელმწიფოს სუვერენიტეტის, მისი ავტონომიურობისა და თვითმყოფადობის რწმენა.

ამ მოცემულობაში, თითოეული ჩვენგანი კარგად უნდა აცნობიერებდეს პოლიტიკური ცხოვრების დაუწერელ კანონს. - პოლიტიკაში არ არსებობენ მუდმივი მტრები და/ან მეგობრები. ის, თუ როგორ შეიცვლება გეოპოლიტკური სურათი ათი, ან ოცი წლის შემდეგ, ამის ზუსტი პროგნოზი ცხადია არავის შეუძლია. ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც პროცესები იმდენად დინამიურად ვითარდება, რომ გუშინდელი მტერი, ხვალ შეიძლება ჩვენი მოკავშირე გახდეს. რამდენად შეიძლება შეეხოს ეს საქართველოსა და რუსეთის ურთერთობებს რთული სათქმელია, მით უფრო მაშინ, როდესაც ოკუპაცია ჯერ კიდევ გრძელდება.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG