Accessibility links

„სპორტიი! სპორტიი!“ - როგორია სპორტის გაკვეთილები ონლაინ


დისტანციური განათლება მხოლოდ თეორიულ საგნებს არ მოიცავს, ბევრი სკოლა სპორტის, მუსიკის, ხატვის სწავლებასაც განაგრძობს. როგორია სპორტის გაკვეთილები ონლაინ?

„მასწ, ვასრულებ თქვენს დავალებას!“ - ამბობს პატარა გოგო და ყირაზე გადადის; მეორე კადრში აივანზე ორი ბავშვი ხტუნვით დასდევს ერთმანეთს; საკონცერტოდ გამოწყობილი გოგონა საკუთარი სახლის დერეფანში ვიოლინოზე უკრავს. არაფერი განსაკუთრებული - ასე ტარდება სპორტისა და მუსიკის გაკვეთილები დისტანციურად.

ვიქტორ ჩაჩავა ქუთაისის 45-ე და მე-12 სკოლებში სპორტს ასწავლის. რაც ონლაინ სწავლებაზე გადავიდა, ყველაფერი გართულდა:

„ერთი ბავშვი აკეთებს, მეორე - ვერა და იქვე უნდა იყო, რომ შეუსწორო. ამიტომ ვცდილობ ისეთი დავალება შევარჩიო, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება“, - ამბობს ის.

თავიდან ორი გაკვეთილი ჩაწერა და Youtube-ზე ატვირთა. შემდეგ ინტერნეტში ინგლისურენოვან სპორტულ ვარჯიშებს მიაგნო, ანიმაციას. სახალისოა და ამ ბოლო დროს ბავშვებს მათი მეშვეობით ვართობო, გვეუბნება.

გართობის გარეშე ბავშვებს გაკვეთილზე ვერ გააჩერებ, ყველა პედაგოგი ჩივის, რომ ონლაინ ამის მიღწევა მარტივი არ არის:

„მაგალითად, ხელებშეკრულ მდგომარეობაში ადგომა, ასევე კედელთან ჩაჯდომა ძალიან ძნელია. ვიფიქრე, ამას დავალებად თუ მივცემ ბავშვებს, თუკი ვინმე შეძლებს, აუცილებლად ჩაწერს და გადმომიგზავნის-მეთქი. მართლაც, რამდენიმემ ესეც შეასრულა და რაც არ დამივალებია, ის ვარჯიშებიც ჩაწერა“.

ვიქტორ ჩაჩავას დისტანციის გარდა კიდევ სხვა პრობლემაც აქვს. 45-ე სკოლაში ყრუ-მუნჯი ბავშვები სწავლობენ, ამიტომ ვიდეოჩართვაში თარჯიმანიც მონაწილეობს. საბოლოოდ, გაკვეთილი კი ტარდება, მაგრამ მასწავლებელი მაინც უკმაყოფილოა: „სად, რომ ადგილზე აჩვენებ“, - ამბობს ის.

რაც დისტანციური გაკვეთილები დაიწყო, „ახალი ქართული გიმნაზიის“ პედაგოგი, ვიქტორია მგელაძე, სხვა მასწავლებლებივით იძულებულია სპორტი ბავშვებს ინტერნეტით ასწავლოს. ის კამერასთან დგება და ვარჯიშს მოთელვით იწყებს. შემდეგ ილეთებს აჩვენებს, შემდეგ ზოგი ლეიბზე, ზოგი ხალიჩაზე წვება, შემდეგ ბურთით ან ლახტით თამაშობენ - გააჩნია, მოსწავლეს სახლში რა აღმოაჩნდება - და სულ ბოლოს ცეკვავენ კიდეც.

„უხარიათ ბავშვებს. სპორტი, სპორტიიი! - გაიძახიან. ყველას მოაქვს ბურთი ან რამე. ვეუბნები, რომ გაკვეთილის შემდეგაც შეუძლიათ იხტუნონ და ივარჯიშონ“, - ამბობს ვიქტორია მგელაძე.

ამავე სკოლის პედაგოგს, ინგა ადახს, ოდნავ განსხვავებული ამოცანა აქვს: მან ბავშვებს დისტანციურად მუსიკა უნდა ასწავლოს და ეს მაშინ, როცა გაკვეთილზე რომელიმე მელოდიასთან ერთად, შესაძლოა, ძაღლის ყეფა, პატარა ბავშვების ხმაური, მშობლების საუბარი და ჩაიდნის სტვენა ისმოდეს.

„შეიძლება სიმღერა გაგვიჭირდეს ერთად, რადგან ინტერნეტი ამის საშუალებას არ გვაძლევს, მაგრამ სხვა ბევრი რამის (თეორიული კუთხით) გაკეთება შეიძლება“, - ამბობს მასწავლებელი და ამატებს: „თავიდან იყო ძნელი, ახლა უკვე ალღო ავუღეთ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG