Accessibility links

სტალინის "ზამთრის ომი"


ტყეში ჩასაფრებული ფინელი მეომრები.

2019-20 წლების ზამთარი დაკავშირებულია სამი კონფლიქტის დაწყებასთან: 80 წლის წინ - ფინეთში, 40 წლის წინ - ავღანეთში, 25 წლის წინ - ჩეჩნეთში. სამივე ომი კრემლის პიროსის გამარჯვებით დასრულდება. თუმცა ამ სამ კონფლიქტში განსაკუთრებით ადგილს იკავებს „ზამთრის ომი“ ფინეთის წინააღმდეგ: ერთის მხრივ იყო 4-მილიონიანი ჭეშმარიტი საპარლამენტო დემოკრატია და მეორე მხრივ - 200-მილიონიანი ქვეყანა უსასტიკესი რეპრესიული რეჟიმით.

1939 წლის შემოდგომაზე სტალინს ჰქონდა გეგმა მინიმუმი და გეგმა მაქსიმუმი. გეგმა მინიმუმის მიხედვით, საჭირო იყო, რომ ფინეთის საზღვარი, რომელიც ლენინგრადთან 35 კილომეტრში გადიოდა, უფრო დასავლეთით გადაწეულიყო. გეგმა მაქსიმუმის მიხედვით, სტალინი განიხილავდა ფინეთის სრულ სოვიეტიზაციას. 1939 წლის ნოემბრის მიწურულს, სტალინი საბოლოოდ გეგმა მაქსიმუმს აირჩევს - ფინეთის სრული სოვიეტიზაცია და მის სათავეში კომინტერნის ხელმძღვანელის, ოტო კუუსინენის, ხელდასხმა, ჯუღაშვილის აზრით, სულ რაღაც ორკვირიანი სამხედრო გასეირნების შედეგი უნდა ყოფილიყო...

სსრკ-ფინეთის ომი. გათოშილი წითელარმიელები ფინეთის ტყეში.
სსრკ-ფინეთის ომი. გათოშილი წითელარმიელები ფინეთის ტყეში.


1939 წლის შემოდგომაზე, ფინეთი ორ ცეცხლს შორის აღმოჩნდება. ერთის მხრივ, სტალინ-მოლოტოვის დუეტი, რომელიც დაჟინებით მოითხოვდა ფინეთისგან ტერიტორიების დათმობას და მეორეს მხრივ ჰიტლერ-გერინგის წყვილი, რომელიც „მეგობრულად ურჩევდა“ ჰელსინკის, დაჰყოლოდა კრემლის მოთხოვნებს. ბალტიის სამი პატარა რესპუბლიკისგან განსხვავებით, ოთხმილიონიან დემოკრატიულ ფინეთს ვერ შეაშინებს ვერც კრემლის შანტაჟი, ვერც ბერლინის გაფრთხილება და გადაწყვეტს, სამხედრო წინააღმდეგობა გაუწიოს თითქმის 200-მილიონიანი საბჭოთა კავშირის არმიას, აღჭურვილს იმ პერიოდისთვის საუკეთესო ტანკით (КВ-1) და პირველხარისხოვანი არტილერიით. არადა, როგორც ტიპურ აგრარულ სახელმწიფოს, თავად ფინეთს არ გააჩნდა არც ტანკები და არც არტილერია, ხოლო ლოგისტიკა ცხენებზე იყო დამოკიდებული. რაც შეეხება ჯარისკაცებს, ისინი შეიარაღებული იყვნენ 1881 წლის თოფებით...

ბაქია ვოროშილოვის წითელი არმია ომისთვის მზადებას უცნაურად დაიწყებს. მაგალითად, ფრონტზე გამგზავრებამდე აღმოჩნდება, რომ მე-9 არმიის 44-ე დივიზიას არ გააჩნდა ხელთათმანები, თბილი ჩექმები და... სტალინის ფოტოები. დივიზიის სარდლობა ფინეთის საზღვართან გამგზავრებამდე რესურსების სრულ მობილიზებას გააკეთებს, რათა დივიზიამ ბრძოლის წინ საკმარისი სტალინის პორტრეტი - და არა ხელთათმანი ან ჩექმა - მოიპოვოს... 5 იანვარს სუომუსალმიში ეს დივიზია ფინელების ალყაში მოექცევა და მთლიანად იქნება განადგურებული. ამ ამბავს სტალინი 4 დღის შემდეგ შეიტყობს ფინური პრესიდან. განრისხებული ბელადი ფრონტზე მიავლენს ლევ მეხლისს, საკუთარ კავკასიურ ნაგაზს, რომელიც დივიზიის მეთაურს, შტაბის უფროსს და კომისარს მე-9 არმიის ჯარისკაცების რიგების წინ დახვრეტს. თუმცა მეხლისის მიერ მაღალი რანგის ოფიცრების სახალხო დასჯა არ გამოასწორებს ჯარის მდგომარეობას... 44-ე დივიზიის სარდლობის დახვრეტიდან სამი დღის შემდეგ, მე-9 არმიის ჯარისკაცები წერილს გაუგზავნიან სტალინს: ძვირფასო ამხანაგო სტალინ. (...) ჩვენ ვერ შევძლებთ აღვწეროთ ყველაფერი საშინელება რაც თავს დაგვატყდა... აი, გწერთ და თან ცრემლები ღაპა-ღუპით მოგვდის... (...) აქ ჩვენ ადამიანებად არ გვთვლიან - პირდაპირ გვიშვებენ ტყვიებზე. ბევრმა წითელარმიელმა საშინელ სიცივეს ვერ გაუძლო და გაიყინა და მოკვდა. და ამავდროულად სამხედრო პროკურორები ბეწვის ქურქებში დადიან და ჩვენი გასამართლების გარდა არაფერს აკეთებენ. (...) და, რაც მთავარია, ამხანაგო სტალინ, ჩვენ, ყველა მებრძოლი, აქ ვცოცხლობთ ერთადერთი იმედით, რომ თქვენ რამე ისეთს მოიფიქრებთ, რომ ამ ჩვენ უაზრო ხოცვა-ჟლეტას წერტილი დაუსვათ.“

თუმცა სტალინი ვერაფერს ვერ მოიფიქრებს - რიცხობრივად სამჯერ მეტი, ექვსჯერ მეტი არტილერიის და 50-ჯერ მეტი (sic!) ტანკის მქონე წითელი არმია ვერ შეძლებს ე.წ. მანერჰაიმის საფორტიფიკაციო ხაზის გარღვევას. წითელი არმია იმდენად უძლური იქნება ფინური ფორტიფიკაციის ხაზის წინაშე, რომ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მასობრივად გავრცელდება ჭორები, რომ მანერჰაიმის კედელი რეზინისგან არის გაკეთებული და საბჭოთა ნაღმები კედელზე მოხვედრის შემდეგ ბუმერანგივით უბრუნდება წითელ არმიას... (ამ ჭორებს მრავლად ნახავთ, მაგალითად, მწერალ მიხეილ პრიშვინის პირად დღიურში).

სსრკ-ფინეთის ომი. ფინელმა მებრძოლებმა ალყაში მოაქციეს და გაანადგურეს წითელი არმიის სამხედრო კოლონა.
სსრკ-ფინეთის ომი. ფინელმა მებრძოლებმა ალყაში მოაქციეს და გაანადგურეს წითელი არმიის სამხედრო კოლონა.

სამხედრო კამპანიის კატასტროფულად დაწყების პარალელურად, კრემლი სრულ საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდება: 1939 წლის 14 დეკემბერს საფრანგეთის წინადადებით საბჭოთა კავშირს ერთა ლიგიდან გარიცხავენ. პარიზი სტალინის ელჩს პერსონა ნონ გრატად გამოაცხადებს, ხოლო საფრანგეთის პარლამენტი მთავრობისგან მოითხოვს მოსკოვისთვის ომის გამოცხადებას. 1940 წლის იანვარში საფრანგეთის გენშტაბი შეიმუშავებს სამხედრო ოპერაციის გეგმას, რომელიც მიზნად ისახავდა თურქებთან ერთად კავკასიაში შეჭრას და ბაქოს ნავთობის ხელში ჩაგდებას.

ამის პარალელურად ევროპა აღმოაჩენს, რომ სადღაც კონტინენტის ჩრდილოეთში არის მცირერიცხოვანი ერი, რომელიც გმირულად უმკლავდებოდა სტალინის წითელ კოლოსს. დავითის ეს ომი გოლიათის წინააღმდეგ საოცარ სოლიდარობის გრძნობას გამოიწვევს დასავლეთ ევროპის მოსახლეობაში. ფინეთის საელჩოებს მასობრივად მიაწყდება მოხალისეთა მთელი არმია: დიდი ბრიტანეთიდან 8 900, უნგრეთიდან 2500, იტალიიდან 5000 მოხალისე გაემგზავრება ფინეთში საომრად. იტალიელ მოხალისეთა შორის იქნება კარლო კუნასკა, იტალიის ყველაზე ცნობილი მფრინავი და ალიდა ვალის, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობის ქმარი. ევროპის მოსახლეობა ასევე დაიწყებს ფულის შეგროვებას ფინური არმიისათვის. 35 წლის გრეტა გარბო თუ 5000 დოლარს გაიღებს (დაახლოებით მისი ერთი კვირის ხელფასი), 9 წლის უნგრელი ბიჭუნას, დიორდ შოროშის (მომავალი ჯორჯ სოროსი) გაღებული 9 პენგე - ბევრად უფრო მნიშვნელოვანი შეწირულობა იქნება.

1940 წლის 7 იანვარს ტიმოშენკო, რომელიც ბაქია ვოროშილოვს შეცვლის, არმიას 760 000 კაცამდე გაზრდის. 1940 წლის პირველ თებერვალს დაიწყება ახალი იერიში მანერჰაიმის ხაზზე. 10-დღიანი მძიმე ბრძოლების შედეგად ტიმოშენკო შეძლებს ხაზის გარღვევას. მარტის დასაწყისში, კარელიიდან, მერეცკოვის მე-7 არმია დაიწყებს იერიშს... ამ პერიოდში საბჭოთა კავშირის მხრიდან ერთ მილიონამდე სამხედრო იქნება მობილიზებული ოთხმილიონიანი პატარა ფინეთის წინააღმდეგ! 12 მარტს ჰელსინკი მოითხოვს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას. მოსკოვის შეთანხმების შედეგად, ჰელსინკი დაკარგავს საკუთარი მიწების 10%-ს. 420 000 ადამიანი ლტოლვილი აღმოჩნდება საკუთარ ქვეყანაში. სამხედრო მსხვერპლი კიდევ უფრო მტკივნეული იქნება ფინელი ერისთვის - 25 000 სამხედრო 105-დღიანი ბრძოლების შედეგად. საბჭოთა კავშირის მხრიდან დანაკარგი ბევრად უფრო მაღალი იქნება: 139 000 მოკლული და 228 000 დაჭრილი/მოყინული კიდურებით.

„ზამთრის ომი“ უდიდეს როლს ითამაშებს ფინეთის ნაციონალური იდენტობის ჩამოყალიბებაში. უთანხმოებები შვედურენოვან და ფინურენოვან მოქალაქეებს შორის, პოლიტიკური დაპირისპირება პარტიებს შორის - ყველაფერი ეს დავიწყებას იქნება მიცემული. ამ პერიოდიდან მოყოლებული, ფინურ კოლექტიურ მეხსიერებაში ზამთრის ომი აღიქმება როგორც ნაცინალური ერთსულოვნების აპოგეის პერიოდი, მისი კულმინაციური მომენტი. 2009 წლის ფინანსური კრიზისის დროსაც კი მთავრობა მოუწოდებს ფინელებს, გამოიჩინონ „ზამთრის ომის სულისკვეთება“ და ასე, ერთად, გადალახონ ეკონომიური პრობლემები.

დღეს, „ზამთრის ომის სარკეში“ საკუთარი ანარეკლი შეიძლება დაინახოს როგორც უკრაინამ, ისე საქართველომ. თუმცა, რამდენად ახლოს არის ეს ანარეკლი პირველწყაროსთან - ეს უკვე სულ სხვა დისკუსიის თემაა...

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG