Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სტრატეგიული მოთმინება" - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის?


ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. 26 მაისი, 2023 წელი.
ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. 26 მაისი, 2023 წელი.

პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ „სტრატეგიული მოთმინებით“ შეძლო უპრეცედენტო მშვიდობის შენარჩუნება საქართველოში. ხოლო ექსპერტები „ქართული ოცნების“ მიერ არჩეულ გზას „სტრატეგიულ მოთმინებას“ ვერ უწოდებენ.

30 მაისს, ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე (GLOBSEC) გამართული დისკუსიის დროს, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ „სტრატეგიული მოთმინება“ 2012 წელს ხელისუფლებაში მოსული „ქართული ოცნების“ ახალი მიდგომა იყო.

ტერმინი - „სტრატეგიული მოთმინება“ - საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ დისკუსიებში 2009 წლიდან ჩნდება, როდესაც ეს თბილისს თავდაპირველად ვაშინგტონიდან ურჩიეს.

რას გულისხმობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი?

„2012 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით [„ქართული ოცნება“], ჩვენ წარმოვადგინეთ ახალი მიდგომა, რასაც ვუწოდეთ „სტრატეგიული მოთმინება... საქართველოს აქვს თითქმის 600-კილომეტრიანი პირდაპირი საზღვარი რუსეთთან - სადაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის გზაგასაყარია. ეს არის დიდი გამოწვევა ჩვენთვის.

მიუხედავად ამისა... ჩვენ შევძელით უსაფრთხოების, მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვა. თუკი ჩვენს თანამედროვე ისტორიას გადახედავთ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 90-იანი წლებიდან, ეს არის ერთადერთი უწყვეტი მშვიდობის პერიოდი საქართველოში. სხვა ყველა მმართველობის, მთავრობის პირობებში ჩვენ გვქონდა ომი, ვკარგავდით ტერიტორიებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში და ასევე აღნიშნა, რომ 2008 წელს, ხელისუფლების სათავეში „ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო, გააკეთებდა „ყველაფერ შესაძლებელს, ამ ომის თავიდან ასაცილებლად“.

„ჩვენ შევძელით [ევროკავშირთან] ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის, უვიზო მიმოსვლის [შეთანხმებების] ხელმოწერა და მივიღეთ ევროპული პერსპექტივა. ვფიქრობ, ეს სასწაულია; ეს არის კარგი გამოცდილება, კარგი მაგალითი; ჩვენ შევქმენით კარგი პრეცედენტი - თუ როგორ უნდა მოვახდინოთ ნავიგაცია ამ ტურბულენტურ პირობებში - როგორ გადავრჩეთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა 30 მაისს, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გამართული დისკუსიის მსვლელობისას, „სტრატეგიული მოთმინების“ კონტექსტში.

დეოკუპაციასთან კავშირში „სტრატეგიული მოთმინება“ ირაკლი ღარიბაშვილმა 27 მაისსაც ახსენა, ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. მან თქვა, რომ „მოთმინება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, „ჩვენ, ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით მოთმინება“ და „როგორც ბიბლიაში არის დაწერილი, უნდა ვიცოდეთ ქვების შეგროვების და ქვების განბნევის დრო“.

30 მაისს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს - თუ რას ნიშნავს „სტრატეგიული მოთმინება“ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის. მისი პასუხია, რომ „სტრატეგიულმა მოუთმენლობამ“ გამოიწვია „2008 წელს საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მიერ პუტინისთვის საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ჩაბარება“.

„ეს იყო სტრატეგიული მოუთმენლობის პოლიტიკა, რბილად რომ ვთქვათ, აქ მხოლოდ მოუთმენლობა არ იყო პრობლემა, ეს იყო უმძიმესი ავანტიურა, რა დროსაც წინა ხელისუფლებამ, სააკაშვილმა, მისმა რეჟიმმა, „ნაცმოძრაობამ“ ჩააბარა რუსეთის ფედერაციას მისი ტერიტორიების 20%. სწორედ ეს იყო სტრატეგიული მოუთმენლობის პოლიტიკის შედეგი“, - უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს.

2009 წლიდან

ტერმინი - „სტრატეგიული მოთმინება“ საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ დისკუსიებში, ქვეყნის სათავეში „ქართული ოცნების“ მოსვლამდე 3 წლით ადრე გაჩნდა.

2009 წლის სექტემბერში, როდესაც საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს ნიუ-იორკში შეხვდა, მისმა თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ გორდონმა მედიას ამცნო, რომ საუბარი „სტრატეგიული მოთმინების“ რეკომენდაციასაც შეეხებოდა.

ითქვა, რომ ჰილარი კლინტონის შეფასებით, „რამდენადაც უნდა გვინდოდეს, რომ რუსეთის ჯარმა ეს ტერიტორიები შეძლებისდაგვარად მალე დატოვონ“, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის პრობლემის გადაჭრის მოკლევადიანი გზა არ არსებობს და „[საქართველოსთვის] წინსვლის საუკეთესო გზა იქნება სტრატეგიული მოთმინება“, როცა „საქართველომ უნდა წარმოაჩინოს თავი, როგორც უფრო ძლიერმა, მიმზიდველმა, დემოკრატიულმა ქვეყანამ“.

ფილიპ გორდონმა მედიას გააცნო ასევე კლინტონის პოზიცია, რომ „ამერიკას არ უღიარებია სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა“, „ამას არც მომავალში გააკეთებს“ და გაგრძელდება „საერთაშორისო თანამეგობრობის წევრებთან ერთად მუშაობას, რათა არც მათ აღიარონ“.
მანამდე, 2009 წლის აგვისტოში, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, საქართველოს ომის წლისთავთან დაკავშირებულ მოსმენაზე, „სტრატეგიული მოთმინება“ თავად ფილიპ გორდონმა ახსენა და თქვა, რომ უნდა გაკეთდეს ყველაფერი, რუსეთთან მორიგი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად.

„სტრატეგიული მოთმინების“ საკითხი, რომელსაც თბილისს ხშირად შეახსენებდნენ საერთაშორისო პარტნიორები, წლების განმავლობაში, საქართველოში მიმდინარე, ხშირად - მწვავე დისკუსიების საგანი ხდებოდა - ყოველ ჯერზე, როდესაც რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს სიღრმეში სწევდა უკანონო საზღვარს, იტაცებდა ადამიანებს თუ ხოცავდა მათ.

2009 წლის სექტემბერში, გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილმა მიანიშნა, რომ სტრატეგიული მოთმინება გასაგებია მისთვის, მაგრამ ეს მოთმინება არ უნდა იყოს პასიური.

უკვე ახალი ხელისუფლების პირობებში, ამ საკითხზე ხშირად მსჯელობდა საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილიც, როგორც მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების, განვითარების სწორ გზაზე.

„სტრატეგიული მოთმინების“ პრინციპი, ძირითადად რუსეთის თემაზე, სხვადასხვა დროს დასავლეთის ქვეყნების მისამართითაც არაერთხელ გაჟღერდა:

  • 2022 წლის ივლისში, უკრაინაში რუსეთს სასტიკი ომის ფონზე, ბრიუსელიდან სწორედ „სტრატეგიული მოთმინებისკენ“ მოუწოდებდნენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს, როცა რუსეთისთვის დაწესებული სანქციები განიხილებოდა, „გრძელი, ცივი ზამთრისთვის“ მზადების დროს. ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა, ჟოზეპ ბორელმა დაწერა, რომ სანქციებს დრო სჭირდება და, რომ ადრე თუ გვიან რუსეთს მოუწევს არჩევანის გაკეთება „კარაქსა და იარაღს“ შორის.

მოთმინების თუ მიტმასნების?

პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს კარგად ახსოვს „სტრატეგიულ მოთმინებასთან“ დაკავშირებით, 2009 წლიდან დაწყებული დისკუსიები, რომელთა აქტიური მონაწილე თავად იყო.

აზრი არც დღემდე შეუცვლია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა მშვიდობიანი გზებითა და ემოციების გარეშე უნდა გადაწყდეს; მაგრამ როგორც რადიო თავისუფლებას ეუბნება, გზას, რომელზეც „ქართული ოცნება“ დგას, საერთო არაფერი აქვს „სტრატეგიულ მოთმინებასთან“.

„დღეს რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, ეს არა „სტრატეგიული მოთმინების“, არამედ ე.წ. მიტმასნის პოლიტიკაა, რაც საერთაშორისო ურთიერთობებში Bandwagoning-ის სახელით არის ცნობილი და ნიშნავს ვითარებას, როდესაც პატარა და სუსტი ქვეყანა, თავისი სუვერენიტეტის შეზღუდვის ხარჯზე მიდის დათმობებზე პოტენციურ აგრესორთან, რომ ამ აგრესიის პრევენცია მოახდინოს. ეს ხდება ახლა რუსეთთან მიმართებით“, - ეუბნება ნიკა ჩიტაძე რადიო თავისუფლებას და დასძენს, რომ „ოცნების“ წინამორბედი ხელისუფლებები, მისგან განსხვავებით, „ერთგვარი ბალანსირების პოლიტიკის“ წარმოებას ცდილობდნენ, როცა რუსეთის აგრესიის განეიტრალების მიზნით - კავშირს აძლიერებდნენ დასავლეთთან.

პოლიტოლოგისთვის სრულიად გაუგებარია, როგორ უნდა ეწოდოს „ოცნების“ პოლიტიკას „სტრატეგიული მოთმინება“, როდესაც ხელისუფლება მწვავედ უპირისპირდება საერთაშორისო პარტნიორებს; დასავლეთის მიერ რეკომენდებული „სტრატეგიული მოთმინების“ პრინციპი კი, მისი განმარტებით, სწორედ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან აქტიურ დახმარებას საჭიროებს.

„რუსეთის არგაღიზიანება ერთია, მაგრამ რასაც ვუყურებთ - ჩვენ გავაღიზიანეთ დასავლეთი... დღეს ვერ ვხედავთ რეალურ მცდელობას, რომ რუსეთისგან მომავალი საფრთხეების დაბალანსება დასავლეთთან მეტი ინტეგრირებით მოხდეს... ეს არის ჩვენი მთავარი პრობლემა და მე ვიტყოდი - ტრაგედიაც, რადგან ეს მისაღებია საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვისაც“, - გვეუბნება ნიკა ჩიტაძე.

31 მაისს, როცა ბრიუსელში, ევროპარლამენტის წინაშე გამოდიოდა, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მხრიდან აღმოჩენილი მხარდაჭერის ფონზე, „ეკონომიკის განვითარებისთვის“ რუსეთისთვის მადლობის გადახდა „ამორალური“ და „ცალსახად არასწორია“.

„ევროკავშირი უზრუნველყოფს სტაბილურობას. როდესაც რუსული ტანკები შემოვიდა საქართველოში, ჩვენმა პარტნიორებმა ტრაგიკული მოვლენების შემსუბუქება შეძლეს, ევროკავშირში საფრანგეთის პრეზიდენტობის დროს, პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზის შუამავლობით და შეთანხმებით, რამაც შეაჩერა რუსები, მეტად წაწეულიყვნენ წინ. თუმცა ევროპული რეაქცია არ იყო საკმარისი, რადგან რუსეთმა შესაბამისი ფასი არ გადაიხადა. თუმცა ევროპის გარეშე თბილისიც კი ოკუპირებული იქნებოდა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

29 მაისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ თბილისში მყოფ ევროკავშირის ყველა ქვეყნის ელჩებთან ერთად დემარში გადასცა საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო.
10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. ამ გადაწყვეტილებებს მიესალმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ეს არის რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის შემადგენელი ნაწილი.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ევროკავშირსა თუ ნატოსთან მიმართებით ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებები შემაშფოთებლად ეჩვენებათ პოლიტიკურ ოპონენტებსა და კრიტიკულად განწყობილ ანალიტიკოსებს. მათში ისინი ევროკავშირსა და ნატოზე უარის თქმის მინიშნებებსაც კითხულობენ.

მათ შორის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბრატისლავაში გაკეთებული კიდევ ერთი განცხადება, რომ - უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს ნატოს გაფართოება და ალიანსისკენ კიევის სწრაფვა წარმოადგენდა.

„ის, რაც პრემიერმა თქვა ნატოზე და უკრაინაზე, „სტრატეგიული მოთმინების“ ნაცვლად, კარგად ცნობილ რუსულ ნარატივში ჯდება; რომ ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება შორი პერსპექტივაა; რუსეთი კი აქვეა და დათვის თათი მოგხვდება, თუკი - ნატოში გაწევრიანება გინდა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელ დირექტორი, გიორგი მუჩაიძე. რადიო თავისუფლებასთან მას ორი მაგალითი მოჰყავს, რომლებიც „ამტკიცებს, რომ რუსეთს აგრესიისთვის მიზეზები საერთოდ არ სჭირდება“:

  • „მოლდოვას ნეიტრალიტეტი აქვს გამოცხადებული 1994 წლიდან და ეს ჩაწერილია ამ ქვეყნის კონსტიტუციაში - მაგრამ მოაგვარა ამან დნესტრისპირეთის [სეპარატისტული, პრომოსკოვური ანკლავი, სადაც რუსეთის სამშვიდობო ჯარია განთავსებული] საკითხი?! რაიმე შეღავათი აქვს მოლდოვას?! მოლდოვა არ მიისწრაფვის ნატოსკენ, მაგრამ ძალიან სერიოზული საფრთხე ემუქრება რუსეთისგან [მოლდოვა ასევე არის დსთ-ს წევრი - რ.თ.]“;
  • „რუსეთის სამხედრო მოკავშირეებს რომ შევხედოთ [ОДКБ-ში], ბელარუსი [უკრაინასთან] ომში ჩართო ძალით; ხოლო მეორეს - სომხეთს [ყარაბაღის ბოლო ომის დროს] არათუ არ დაეხმარა, არამედ - აზერბაიჯანისთვის იარაღის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი სწორედ რუსეთი იყო“.

გიორგი მუჩაიძე განმარტავს, რომ როდესაც საერთაშორისო პარტნიორებმა საქართველოს „სტრატეგიული მოთმინების“ რეკომენდაცია მისცეს, ის თავის თავში გულისხმობდა აქტიურ დემოკრატიულ განვითარებას და აქტიურ მზადებას იმ ხელსაყრელი მომენტისთვის, როდესაც ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება გახდებოდა შესაძლებელი.

ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ანტიდასავლური შინაარსის განცხადებებს აუცილებელი დემოკრატიული რეფორმებისთვის თავის არიდების მიზანიც განაპირობებს, რაც „საქართველოს კარგს არაფერს მოუტანს“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG