Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მაინც ველოდი, რომ ვინმეს ხელისუფლებიდან ეყოფოდა ნებისყოფა, უფრო მკაფიოდ და ნათლად ეთქვა ეკლესიასთან დაკავშირებით"


სულხან სალაძე, საია-ს თავმჯდომარე
სულხან სალაძე, საია-ს თავმჯდომარე

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) თავმჯდომარე, სულხან სალაძე რადიო თავისუფლების ეთერში აცხადებს:

„მე არ ვეხები არავის რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებას, მაგრამ როცა საუბარია იმაზე, რომ ადამიანები შეიძლება დაავადნენ და ეს [ვირუსის] მასობრივი გავრცელების წინაპირობა გახდეს, თუ ვლაპარაკობთ შეზღუდვებზე და წესებზე, ეს ეხება ყველას“.

სულხან სალაძე COVID-19-ის გავრცელების საწინააღმდეგოდ შემოღებული წესების საყოველთაოდ შესრულების უზრუნველყოფის უმთავრეს ფაქტორად პოლიტიკურ ნებას განიხილავს:

„როცა ლაპარაკია საგანგებო მდგომარეობის გამოყენებაზე, საქართველოს კონსტიტუციაში ჩამოთვლილია მთელი რიგი უფლებები, რომელთა შეზღუდვაც შეიძლება. ამ ჩამონათვალში არ არის რწმენის, აღმსარებლობის და სინდისის თავისუფლება. არ არის იმიტომ, რომ კონსტიტუციამ და კანონმდებელმა ჩათვალა, რომ ამ უფლების შეზღუდვა უფრო მაღალ სტანდარტს მოითხოვს, ვიდრე საგანგებო მდგომარეობის შემოღება, ოღონდ, იქვე ამბობს, რომ ეს სულაც არ გამორიცხავს იმას, რომ ამ უფლების შეზღუდვა შეიძლება მოხდეს.

უბრალოდ, ამისთვის საჭიროა უფრო მაღალი სტანდარტი და კონსტიტუციის მე-16 მუხლზე ვლაპარაკობ, რომლის მეორე ნაწილში წერია, რომ „ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით“. ანუ, ჯანმრთელობა ცალსახად არის მოყვანილი, როგორც ერთ-ერთი ელემენტი.

თუ საგანგებო მდგომარეობით ვერ შეზღუდავს სახელმწიფო რწმენის, აღმსარებლობის და სინდისის თავისუფლებას, მაშინ რა მექანიზმი რჩება? რჩება კანონი და ასეთი კანონმდებლობა ქვეყანაში არსებობს. თუკი ხელისუფლება თვლის, რომ ამ კანონმდებლობაში არის რიგი ხარვეზები, რომლის გამოც მას დღეს უჭირს ამ შეზღუდვების გატარება, საგანგებო მდგომარეობის დროს პარლამენტი აგრძელებს მუშაობას და ის საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დღეს იკრიბება და მართავს სხდომას. ხელისუფლებას მარტივად შეუძლია მოახდინოს კანონპროექტის ინიცირება და ერთი კვირის განმავლობაში, დაჩქარებული წესით მიიღოს ცვლილება. არავის მოუბრუნდება ენა იმის სათქმელად - რატომ დაჩქარებული წესითო.

მთავარი აქ არის პოლიტიკური ნება. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ათი ადამიანის შეკრების დაუშვებლობაზე, თუ გვეუბნებიან, რომ მოახდინეთ დისტანცირება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს მორიდეთ, ნუ იქნებით 1-2 მეტრზე ახლოს ერთმანეთთან, ეს ვრცელდება აბსოლუტურად ყველაზე. ეს განსაკუთრებით საფრთხილოა დახურულ სივრცეებში და არ აქვს მნიშვნელობა, ეს არის რელიგიური თუ საერო დაწესებულება.

მთავარი პრობლემა არის პოლიტიკურ ნებაში და მგონია, რომ ხელისუფლება „შორს იყურება“ ამ შემთხვევაში, რადგან 2020 მაინც არის საარჩევნო წელი და არ უნდა ურთიერთობის გაფუჭება ეკლესიასთან, მაგრამ აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ამ ურთიერთობის გაფუჭებისგან თავის დაზღვევის მცდელობების მიუხედავად შეიძლება ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდეთ, რომ აღარავის ახსოვდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები რამდენიმე კვირის შემდეგ“.

საია-ს თავმჯდომარე მკაფიოდ განსაზღვრავს მთავრობის პასუხისმგებლობას:

„ჩემთვის სიურპრიზი არ ყოფილა, თუმცა მაინც ველოდი, რომ ვინმეს ხელისუფლებიდან ეყოფოდა ნებისყოფა, უფრო მკაფიოდ და ნათლად ეთქვა ეკლესიასთან დაკავშირებით. მე არ ველოდები ამას ეკლესიის მხრიდან და არც ვითხოვ მათი მხრიდან, რადგან მე არ ვირჩევ რომელიმე მღვდელმთავარს ან რიგით მღვდელს, მაგრამ ჩვენ ნამდვილად ვირჩევთ ხელისუფლებას - პარლამენტს, რომლის შედეგების გათვალისწინებითაც კომპლექტდება მთავრობა და ისინი არიან ვალდებულები უზრუნველყონ ჩვენი უსაფრთხოება და ჯანმრთელობა და არა პირდაპირი მნიშვნელობით - ეკლესია.

... ამას ვამბობ იმიტომ, რომ არ მიგვიყვანოს ამ მოცემულობამ სხვა რეალობამდე“.

სულხან სალაძე ლაპარაკობს აგრეთვე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ეროვნული უმცირესობების ინფორმირებულობის საკითხზეც, რომლის პრობლემურობა COVID-19-ის გავრცელების გამოწვევამ კიდევ უფრო მწვავედ წარმოაჩინა:

„კარგია, თუ ეს ერთგვარი გაკვეთილი იქნება იმისთვის, რომ სამომავლოდ შევძლოთ უფრო ეფექტიანად ინფორმაციის მიწოდება და გავრცელება. არავინ დაობს, რომ დღეს სატელევიზიო მედიას ყველაზე დიდი დაფარვა აქვს, ყველაზე მეტი მომხმარებელი სწორედ სატელევიზიო მედიას ჰყავს. ამიტომ, ის, როგორც ინსტრუმენტი, უფრო აქტიურად უნდა იყოს გამოყენებული ასეთ დროს“.

საუბრის დასასრულს „დილის საუბრების“ სტუმარი, რომლის გუნდიც სამი კვირის წინ გადავიდა დისტანციურ მუშაობაზე, ხაზს უსვამს შექმნილ ვითარებაში მოქალაქეების პასუხისმგებლობის მნიშვნელობას:

„ყველაფერს სახელმწიფო ვერ გააკეთებს და ვერ გაწვდება. ბევრი რამ დამოკიდებულია ჩვენს შეგნებაზე და ჩვენს სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე. როცა გვეუბნებიან, რომ უნდა დარჩე სახლში, უნდა დარჩე სახლში“.


  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG