Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუპერ-პოპულიზმი ანუ უპარტიო ქვეყანა, უამრავი პარტიით


ავტორი: ლაშა მერებაშვილი

ბოლო ორი საუკუნეა მსოფლიოში იზრდება პოლიტიკურ პარტიათა როლი, რომელთაც არისტოკრატია და სამეფო დინასტიები ჩაანაცვლეს პოლიტიკურ ასპარეზზე. ქართულ რეალობაშიც პარტიებმა ჩაანაცვლეს ხსენებული ფენები, თუმცა არა პოლიტიკური არამედ პირადი ინტერესებისთვის. დღევანდელი საქართველო, ესაა ქვეყანა რეალური პოლიტიკური პარტიების გარეშე, მიუხედავდა იმისა რომ მსგავსი სტატუსი ათობით ორგანიზაციას აქვს.

ჭეშმარიტი პოლიტიკური პარტია, ესაა ორგანიზაცია რომელიც აერთიანებს ინდივიდებს საერთო იდეოლოგიის და მიზნის ქვეშ, რომელთა მიზანს წარმოადგენს ხელისუფლებაში მოსვლა და საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის განხორციელება. ადგილი, სადაც იქმნება სივრცე აზროვნებისთვისა და მომავალი პოლიტიკოსების გამოზრდისა და ჩამოყალიბებისთვის.

ამის საპირისპიროდ, ქართული ე.წ. პარტიები წარმოადგენენ კარტელის დონემდე დასულ, ინდივიდთა გაერთიანებას, რომელთა მთვარი მიზანიც საკუთარი დღის წესრიგის გატარებაა. თუმცა არა იმდენად სახელმწიფოებირივი, არამედ უფრო მეტად, ვიწრო, პირადული ინტერესისთვის. ქართული პარტიები, უფრო კერძო კომპანიებს შეიძლება შევადაროთ, რომლებიც ცდილობენ რაც შეიძლება მეტი პირადი სარგებელი და მოგება ნახონ სახელმწიფოსგან.

ქართულ პარტიებს არ გააჩნიათ იდეოლოგიები, არ გააჩნიათ ჩამოყალიბებული დღის წესრიგი, არ გააჩნიათ სამოქმედო გეგმა. მათი იდეოლოგია გადის ერთადერთ მიზანზე - მოიპოვონ რაც შეიძლება მეტი ხმა ნებისმიერ ფასად, ნებისიერ დაპირებად (შესრულებად თუ შეუსრულებად).

ყოველივე აქედან გამომდინარე აშკარაა, რომ საქართველოში არათუ არ გვქავს პოლიტიკური კულტურა, არამედ არ გვყავს პოლიტიკური პარტიები. ჩვენ არჩევანს ვაკეთებთ არა პარიტებს შორის, არამედ იმათ შორის თუ ვინ გაგვძარცვავს უფრო ნაზად და გრაციოზულად.

პოლიტიკის გადმოსახედიდან საქართველო არის არასერიოზული ქვეყანა, სადაც ჯერ კიდევ ვერ ტარდება სამართლიანი არჩვენები და არ არსებობს პოლიტიკურად მოტივირებული ჯგუფი, რომლის მიზანიც იქნებოდა ქვეყნის განვითარება.

გაუგებარია რატომ უნდა ესაუბრონ სერიოზულად ჩვენს პარტიებს ბრიუსელიდან, ნატოში ან ევროკავშირში გაწევრიანებაზე, როცა აცნობიერებენ რომ ამ პარტიების ერთადერთ ინტერესს ფინასური მოგების მიღება წარმოადგენს. აქედან შეიძლება მარტივი დასკვინს გაკეთება - არსადაც არ მიგვიღებენ სანამ არ დავსერიოზულდებით.

მართალია, რომ დღესდღეობით დასავლეთის ძლიერ დემოკრატიებში ტრადიციული პოლიტიკური პარტიები კრიზისს განიცდიან, მეტ-ნაკლებად კარგავენ პოზიციებს და ადგილს პოპულისტურ ჯგუფებს უთმობენ, თუმცა ეს არაა მიზეზი იმისა თუ რატომ არ გვყავს ძლიერი პარტიები. საქმე იმაშია, რომ ასეთი პოლიტიკური პარტია პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შემდეგ არ გვყოლია.

ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში პარტიის როლია წარმოადგინოს საზოგადოების ესა თუ ის ჯგუფი და განახორციელოს მათთვის მოსაწონი პოლიტიკა. ამ პარტიებს გააჩნიეთ ნათელი პოლიტიკური იდეოლოგია და მიზნები, რისი მეშვეობითაც ამომრჩეველი ახდენს მათ იდენტიფიცირებას და შემდგომ ამ მონაცემებზე დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებას ხმის მიცემასთან დაკავშირებით. ამის საპირისპიროდ ქართულ რეალობაში გვყავს პარტიები რომლებიც გვიპრდებიან თითქმის ერთი და იმავეს, არჩევნებიდან არჩევნებამდე, უკვე ბოლო 28 წელია - ეკონომიკის განვითარება, პენსიების გაზრდა, ხელფასების მომატება, და ა.შ., და ა.შ. ანუ ყველაფერ იმას რაც მათ საშუალებას მისცემს საზოგადოების ყველა შესაძლო ფენიდან მიიღონ, რაც შეიძლება მეტი ხმა.

დღევანდელი პოლიტიკური ლანდშაფტი და პარტიები მარტივად, ერთი სიტყვით - პოპულიზმით შეიძლება დავახასიათოთ. თუმცა ქართული რეალობა ბევრად სცილდება პოპულიზმის ფარგლებს და წარმოადგენს “სუპერ-პოპულიზმს“, რომლის მიზანიცაა მოიცვას საზოგადოების თითქმის ყველა ჯგუფი, გარდა იმ უმცირესობებისა რომლებიც უმრავლესობისთვის მიუღებელია (LGBT ჯგუფები, მარიხუანს ლეგალიზების მხარდამჭერები და ა.შ.), რათა დააგროვოს ხმების მაქსიმალური რაოდენობა და უზრუნველყოს საკუთარი ხელისუფლების გახანგრძლივება შემდეგ არჩევნებამდე.

თუ დასავლური პოლიტიკური პარტიების მიზანი საკუთარი დღის წესრიგის რეალობად ქცევაა, არჩევნები კი მხოლოდ და მხოლდო მექანიზმია ამ მიზნის განსახროციელებლად, ქართულ რეალობაში, პარტიებისთვის არჩევნებია ერთადერთი მიზანი. სწორედ ამის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ რომ დღეს დღეობით საქართველოში არ არსებობს გავლენის მქონე რეალური პოლიტიკური პარტია. ამას ადასტურებს ის საერთო უნდობლობაც რაც საზოგადოებაში არსებობს ამ პარტიების მიმართ, როცა საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა არ ენდობა მათ და არ თვლის რომ ისინი მათ ხმას წარმოადგენენ.

ამ მდგომარეობიდან გამოსავალი, ანუ რეალური პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნა, ნათელი იდეოლოგიური, პოლიტიკური და ეკონომიკური მიზნებით არც თუ ისე მარტივი, მაგრამ აუცილებელია. თუმცა თუ ასეთი გაერთიანება შეიქმნება საინტერესოა რამდენად მიიღებს ქართული საზოგადოება მას, გამომდინარე იქიდან რომ მსგავსი ორგანიზაცია უცხო, ეგზოტიკური ხილივით გამოჩნდება ქართულ პილიტიკურ სივრცეში.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG