Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუსლიაკების საქმე: ბებიები 10 ბავშვის წასაყვანად ჩამოვიდნენ


ირინა ტროფიმჩენკო და ემა სუსლიაკი
ირინა ტროფიმჩენკო და ემა სუსლიაკი

საქართველოში იმყოფებიან იულია სუსლიაკის მიერ საქართველოში ჩამოყვანილი 10 ბავშვის ბებიები, რომლებსაც ბავშვების უკრაინაში წაყვანის იმედი აქვთ.

როგორც იულია სუსლიაკის დედამ, ირინა ტროფიმჩენკომ და იური სუსლიაკის დედამ, ემა სუსლიაკმა უთხრეს რადიო თავისუფლებას, იმის წარმოდგენაც კი არ უნდათ, რომ მათ ბავშვების წაყვანის უფლებას არ მისცემენ.

„არა აქვთ უფლება, რომ ბავშვები აქ დაიტოვონ. ისინი უკრაინელი ბავშვები არიან. ჩვენ უცხოები კი არ ვართ, დნმ-კვლევებმაც დაადასტურა, რომ ყველა ბავშვი ჩვენია“, - ამბობს ემა სუსლიაკი.

ბებიები ამბობენ, რომ იულია და იური ყოველთვის ბევრ ბავშვზე ოცნებობდნენ, მათ დიდი სიხარული მოუტანა ოჯახში დაბადებულმა თითოეულმა პატარამ, ხოლო იულია სუსლიაკი უდანაშაულოა და ოჯახი უნდა გამთლიანდეს.

„ჩამოვედი აქ იმისთვის, რომ ძალიან მინდა - ოჯახის წევრები ერთად იყვნენ. მინდა, რომ იულია და მისი შვილები, ჩემი შვილიშვილები ერთად იყვნენ. მინდა, რომ იური, იულია და ჩემი შვილიშვილები ბედნიერები იყვნენ“, - ამბობს ირინა ტროფიმჩენკო.

უკრაინული მხარის მოთხოვნას ბებიების მიერ ბავშვების მეურვეობასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა 6 ივნისს უპასუხებს, - ეუბნება რადიო თავისუფლებას იულია სუსლიაკის ადვოკატი, ზურაბ თოდუა.

კიევიდან თბილისში ჩამოსული არიან პრეზიდენტ ზელენსკის აპარატთან არსებული ბავშვის უფლებების დამცველის სამსახურის წარმომადგენელი და სოციალური მუშაკი. ისინი შეხვდნენ უკრაინის კონსულს და შეხვედრა გაიმართა ასევე პროკურატურაში.

თოდუას თქმით, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, უკვე ბიოლოგიურმა ექსპერტიზამაც დაადასტურა, რომ იულია სუსლიაკი უდანაშაულოა: ის 10-დან ოთხი ბავშვის ბიოლოგიური დედაა, ხოლო 10-ვე ბავშვის ბიოლოგიური მამაა იური სუსლიაკი. 10-დან 6 ბავშვი სუროგაციის მეთოდით არის დაბადებული. ზურაბ თოდუა იმედოვნებს, რომ გამოძიება მალე შეწყდება, რადგან მტკიცებულებები სწორედ ასეთ საფუძველს ქმნის.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ათი უკრაინელი ბავშვის თანმხლებ ქალს, იულია სუსლიაკს წინასწარი, 55-დღიანი პატიმრობა 27 აპრილს შეუფარდა. იულია სუსლიაკს ბრალი წაყენებული აქვს არასრულწლოვნით ვაჭრობა (ტრეფიკინგის) მუხლით. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამბობს რომ ბავშვები მისი შვილები არიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG